Facebook Twitter

3გ/ად-85-კ-01 12 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ობიექტის პირდაპირი მიყიდვის უფლების აღდგენა, არასაცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლება, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 4 ნოემბერს დ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ 1997 წლის 14 მარტს დაფუძნდა ახალციხის კომუნალური მეურნეობის, ყოფილი ...-ის მაღაზიის ¹... ამხანაგობა, რომლის მიზანი იყო ობიექტის (არასაცხოვრებელი 82 კვ.მ. ფართის) პრივატიზაცია. ამხანაგობის წევრი და მაღაზიის დირექტორი იყო მისი მეუღლე ნ. მ-ძე. მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაღაზიის შრომითმა კოლექტივმა 1995 წელს ვერ შეძლო ობიექტის პირდაპირი მიყიდვის წესით შეძენა, რის გამოც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ახალციხის რაიონის სამმართველოს თანხმობით იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცათ აღნიშნული ობიექტი, რაზედაც გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ფართში ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე შეჭრილი არიან მოპასუხე ს. მ-ძე და მისი მეუღლე, რომლებიც ეწევიან კომერციულ საქმიანობას და არ ათავისუფლებენ ფართს. მოსარჩელემ სადავო ფართის გამოთავისუფლება და მოპასუხეებზე ყოველთვიური ქირის 200 ლარის დაკისრება მოითხოვა.

რაიონულ სასამართლოში საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელე დ. მ-ძემ გაზარდა დავის საგანი, კერძოდ, 1999 წლის 7 ივლისით დათარიღებული სარჩელით მან სადავო ობიექტის (არასაცხოვრებელი 82 კვ.მ. ფართის) პირდაპირი მიყიდვის უფლების აღდგენა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 12 დეკემბრის ¹854 დადგენილებით ახალციხის რაიონის ...-ის ¹... მაღაზია ჩასმული იყო საპრივატიზაციო ობიექტების დამატებით ნუსხაში. 1995 წლის მაისის თვიდან დაიწყო პირდაპირი მიყიდვის პროცესი. 1995 წლის 11 მაისს შრომით კოლექტივს, კერძოდ, ნ. მ-ძეს გამოთქმული ჰქონდა აღნიშნული ობიექტის პირდაპირ შესყიდვის სურვილი, მაგრამ მისი ეს მოთხოვნა სათანადო ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ დააკმაყოფილეს, რის გამოც მიიჩნევს, რომ უხეშად დაირღვა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 19 მაისის ¹178 ბრძანებულება და შესაბამისად, მისი უფლებები.

1999 წლის 26 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ნ. მ-ძემ და საბოლოოდ მოითხოვა: 1. 1997 წლის 14 მარტს გაფორმებული ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 3. სადავო ობიექტის პირდაპირი მიყიდვის უფლების აღდგენა: 4. ამხანაგობის დანარჩენი წევრების: ქ. გ-შვილისა და გ. ბ-ძის მიერ ი. კ-ძეზე უკანონოდ გასხვისებული 13,7 კვ.მ. მაღაზიის კუთვნილი ფართის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება. საფუძვლად მიუთითა, რომ ამხანაგობის შექმნა მოხდა იძულებით, ასევე, არ შესრულდა სადამფუძნებლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებულია კანონის დარღვევით და ამასთან, მისი ნებართვის გარეშე მაღაზიის კუთვნილი ფართის გასხვისებით მან ზიანი განიცადა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, რასაც არ დაეთანხმნენ მოპასუხეები: ქ. გ-შვილი და გ. ბ-ძე, მესამე პირი ი. კ-ძე და სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აღნიშნული გადაწყვეტილება. მათი განმარტებით, ქ. ახალციხეში, ... მდებარე, ყოფილი ...-ის ¹... მაღაზიის ბაზაზე შექმნილი ამხანაგობა დაფუძნდა კანონის შესაბამისად და სამივე დამფუძნებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ასევე, კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა გაფორმებული 1997 წლის 26 მარტის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სამივე დამფუძნებლის მიერ. დღეისათვის გამოსყიდულია სადავო ობიექტი 1/3 წილის უფლებით. ამასთან, ქ. გ-შვილი და გ. ბ-ძე ცნობენ მესამე პირის ი. კ-ძის უფლებებს 13,7 კვ.მ-ზე და თანახმანი არიან დაუთმონ ფართი მათი კუთვნილი წილიდან.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში, გარდაცვლილი ნ. მ-ძის უფლებამონაცვლედ, ჩაბმულ იქნა მისი მეუღლე დ. მ-ძე. სააპელაციო სასამართლოში, მიუხედავად მრავალჯერ გამოძახებისა, ახალციხის რაიონის ქონების მართვის სამმართველო არ გამოცხადდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სადავო ობიექტის პირდაპირი მიყიდვის უფლების აღდგენის შესახებ არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის გამო, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1997 წლის 14 მარტს სრული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ახალციხის კომუნალური მეურნეობის ...-ის მაღაზია ¹... ამხანაგობის წევრებმა: ნ. მ-ძემ, ქ. გ-შვილმა და გ. ბ-ძემ ობიექტის პრივატიზების მიზნით შექმნეს დროებითი ამხანაგობა, რაც გააფორმეს სადამფუძნებლო ხელშეკრულების სახით და დაამოწმეს ნოტარიალურად. ამასთან, სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1993 წლის 30 ივლისის ¹17/1 დადგენილებით დამტკიცებული რეკომენდაციები, რომლებიც განსაზღვრავენ «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო საწარმოს მუშაკთა ამხანაგობის შექმნის წესს და მიუთითა, რომ აღნიშნული დროებითი ამხანაგობა შექმნილია კანონით დადგენილი წესით, ნებაყოფლობისა და თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, რასაც ამხანაგობის წევრთა ხელმოწერების ნოტარიალური დამოწმებაც ადასტურებს.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ «იჯარის შესახებ» საქართველოს 1999 წლის 24 მაისის კანონის მე-17 მუხლის თანახმად, არ არსებობდა იჯარის ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ძემ, რომელიც თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელი პირდაპირი მიყიდვის უფლების აღდგენის ნაწილში ხანდაზმულია. კასატორის მოსაზრებით, ნ. მ-ძე იძულებული გახდა შესულიყო ამხანაგობაში, რადგან დროებითი ამხანაგობის შექმნა იყო თავსმოხვეული და მოსარჩელის ნებისაგან არ მომდინარეობდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს. შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს ქ. ახალციხეში, ... მდებარე სადავო ობიექტზე დ. მ-ძის პირდაპირი მიყიდვის უფლების აღდგენასა და 1997 წლის 14 მარტის დროებითი ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს 1997 წლის 26 მარტის იჯარის ხელშეკრულების გაუქმებაზე, უკანონოდ გასხვისებული ფართის დაბრუნებასა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლი და სწორად განმარტა, რომ სარჩელი სადავო ობიექტზე მოსარჩელის პირდაპირი მიყიდვის უფლების აღდგენის ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელემ ამ უფლების განსახორციელებლად 1995 წელს მიმართა ახალციხის ქონების მართვის სამმართველოს და იმავე წელსვე სამმართველოსაგან უარი მიიღო. კანონის არ ცოდნა მხარეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან და მას, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით, 1995 წლიდან 3 წელიწადში უნდა მიემართა სასამართლოსათვის, რაც არ განახორციელა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია, თუმცა იზიარებს კასატორის მოსაზრებას და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამა თუ იმ ქონების პირდაპირი მიყიდვის უფლება არ წარმოადგენს პირად არაქონებრივ უფლებას, რადგან დაკავშირებულია ქონებასთან და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ეს უფლება მემკვიდრეობით გადადის.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დროებითი ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტების, მათ შორის სადამფუძნებლო ხელშეკრულებისა და წესდების შემუშავებისას ამხანაგობის წევრები ურთიერთშეთანხმებითა და ნებაყოფლობით მოქმედებდნენ, რადგან მათი ხელმოწერა დადასტურებულია სანოტარო წესით და დამოწმებულია ახალციხის ქონების მართვის სამმართველოს მიერ. ამასთან, საკასაციო სასამართლო, კასატორის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, რადგან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ერთსა და იმავე სადავო ობიექტზე საქმეშია ორი საიჯარო ხელშეკრულება, ერთი გაფორმებული 1997 წლის 26 მარტს ახალციხის რაიონის გამგეობასა და დროებითი ამხანაგობის თავმჯდომარე ნ. მ-ძეს შორის, ხოლო მეორე გაფორმებული 1998 წლის 26 ივნისს ახალციხის რაიონის ქონების მართვის სამმართველოსა და იგივე, ამხანაგობის თავმჯდომარე ნ. მ-ძეს შორის. საყურადღებოა ისიც, რომ ორივე ხელშეკრულება ერთი და იგივე შინაარსისაა და ეფუძნება საქართველოს კანონს «იჯარის შესახებ», რომელიც 1997 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან რომელია ნამდვილი. ამის შემდეგ, სასამართლო გამოიყენებს იმ კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ხელშეკრულების დადების დროს მოქმედებდნენ, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს: მოქმედი კანონის მოთხოვნათა დაცვითაა თუ არა დადებული სადავო საიჯარო ხელშეკრულება; ხომ არ არის დარღვეული სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვით გაცემის წესები და ხელშეკრულება დადებულია თუ არა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს ქ. ახალციხეში, ... მდებარე სადავო ობიექტზე დ. მ-ძის პირდაპირი მიყიდვის უფლების აღდგენასა და 1997 წლის 14 მარტის დროებითი ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება 1997 წლის 26 მარტის იჯარის ხელშეკრულების გაუქმებაზე, უკანონოდ გასხვისებული ფართის დაბრუნებასა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

4. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.