Facebook Twitter

3გ/ად-86-კ-01 30 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ს.ს. «ფ.-ს» სასარგებლოდ კასატორისათვის 190434 ლარის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1997 წლის 25 ივნისს თერჯოლის რაიონის კომერციულმა ფირმა «მ.-მ» (ამჟამად შპს «მ.-ე») სარჩელით მიმართა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს და ზესტაფონის ... ქარხანასთან (ამჟამად სს «ფ.-ო) 1994 წლის 18 იანვარს დადებული ¹44-03 ხელშეკრულების, 1995 წლის მარტის ¹1 აქტისა და 1995 წლის 23 მარტის ¹7 შემოსავლის ორდერის საფუძველზე მოითხოვა ქარხნისათვის ჩაბარებული 300, 323 ტ. სილიკომანგანუმის ღირებულების 190434 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიერ ქარხანაში შეტანილი სილიკომანგანუმის ღირებულებით გადაიფარა საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს მიერ ქარხნიდან გატანილი 203 ტ. საშუალო ნახშირბადიანი ფერომანგანუმის ღირებულება, რაზედაც თანხმობა არ მიუცია.

საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 190434 ლარის გადახდა კოოპერატივ «მ.-ს» სასარგებლოდ დაეკისრა სს «ფ.-ს», რაც გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 30 ივლისის განჩინებით და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

ხონის რაიონულმა სასამართლომ საქმეში თანამოპასუხედ ჩართო საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს სავაჭრო სახლ «...-ის» სამართალმემკვიდრე სავაჭრო სახლი «...-ი». დამატებითი სარჩელით შპს «მ.-მ» გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და ძირითად ვალთან _ 190434 ლართან ერთად, ასევე მოითხოვა მიყენებული მატერიალური ზიანის 431683 ლარის, სულ 622117 ლარის მოპასუხეებზე დაკისრება. ხონის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაამტკიცა შპს «მ.-სა» და სს «ფ.-ს» შორის შეთანხმება 332 801 ლარის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნული თანხით დაიფარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონის სპს «ფ-ძე_ა-ძის» ხელმძღვანელზე ი. ფ-ძეზე სს «ფ.-ს» სასარგებლოდ დაკისრებული 332 801 ლარი, ხოლო 190434 ლარის სს «ფ.-ს» სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა მეორე თანამოპასუხეს – საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრომ სავაჭრო სახლ «...-ს», რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «...-მ” და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქმე ორგზის იქნა განხილული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ. ბოლოს, 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა სს «...-ის» სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ხონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება და სს «ფ.-ს» სასარგებლოდ 190434 ლარის გადახდა დააკისრა საქმეში თანამოპასუხედ ჩართულ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, შემდეგი საფუძვლით:

1. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ კოოპერატივ «მ.-სა» ზესტაფონის ... ქარხანას შორის 1994 წლის 18 იანვარს დაიდო ხელშეკრულება ¹44-08 სილიკომანგანუმის მიწოდებაზე, 1994 წლის 12 აგვისტოს კოოპერატივ «მ.-სა» და საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს სავაჭრო სახლ «...-ს» შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს «მ.-ე» ვალდებულებას კისრულობდა ... ქარხანაში 400 ტ. სილიკომანგანუმის შეტანაზე, ხოლო საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს სავაჭრო სახლი «...-ი» ვალდებული იყო სს «ე.-ის» მიერ პროდუქციის ღირებულების წინასწარ გადახდაზე.

2. სასამართლომ, ასევე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის ¹963 დადგენილებით, რუსეთსა და საქართველოს სამთავრობათაშორისო 1994 წლის 23 მარტის ¹001-040-347 შეთანხმებით გათვალისწინებული კვოტების შესაბამისად, საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო მისი ქვემდებარე საწარმოების «...-ისა» და «ს.-ის» მეშვეობით ახორციელებდა რუსეთში სილიკომანგანუმის მიწოდებას.

3. სასამართლომ დადგენილად ცნო, საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების მინისტრის მოადგილის ვ. ა.-ის 1994 წლის 26 ივლისის ¹3-01/1937 წერილის საფუძველზე, ... ქარხანასა და სავაჭრო სახლ «...-ს» შორის 1994 წლის 25 ივლისს ¹44-88 ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლის თანახმადაც «...-მა» 1994 წლის 29 ივლისს ქარხნიდან გაიტანა 203 ტ. საშუალო ნახშირბადიანი ფეროშენადნობი და გადაგზავნა ნოვოლიპეცკის ... ქარხანაში, რაც სასამართლოს აზრით, უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ¹62062569; ¹65776320 და ¹60961602 ვაგონზე გამოწერილი სერტიფიკატით ¹2/146; ¹2/41 და ¹2/69, ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აღებული წარმოშობის სერტიფიკატით ¹259.

4. საქმის მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 220 ტ. საშუალო ნახშირბადიანი ფეროშენადნობი «...-ის» ბუღალტრულ საბუთებში არ ასახულა და აღნიშნული გადაზიდვით «...-ს» შემოსავალი არ მიუღია საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების მინისტრის მოადგილის ვ. ა.-ის 1994 წლის 26 ივლისის წერილიდან გამომდინარე, სასამართლოს შეექმნა რწმენა, რომ ¹44-88 ხელშეკრულების მონაწილე და ... ქარხნიდან ნოვოლიპეცკში გადატვირთული საშუალონახშირბადიანი ფეროშენადნობის ღირებულების გადახდაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს ვაჭრობის და მატერიალური მომარაგების სამინისტრო, ვინაიდან მითითებული წერილით მინისტრის მოადგილე ვა.-ე ზესტაფონის ... ქარხანას სთხოვდა განრიგის მიხედვით გადაეტვირთა 210 ტ. საშუალონახშირბადიანი ფეროშენადნობი, რომლის ღირებულებასაც გადაიხდიდა სამინისტროს საწარმო «ს.-ი». ზესტაფონის ... ქარხანამ ვალდებულების შესრულების შემდეგ სამინისტროს და «ს.-ს», ¹44-88 ხელშეკრულების საფუძველზე, წაუყენა ¹46 საგადასახადო მოთხოვნა და ნოვოლიპეცკში გადატვირთული 203 ტ. საშუალონახშირბადიანი ფეროშენადნობის ღირებულება, სამინისტროს წარმომადგენლის გ. ნ.-ის 1994 წლის 31 ოქტომბრის ¹31 წერილის თანახმად, ქარხანამ გადაფარა კოოპერატივ «მ.-ს» მიერ ქარხანაში ამ სამინისტროს სახელზე შეტანილი 300 ტ. სილიკომარგანეცის ღირებულებით.

5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 154-ე, 159-ე, 219-ე, 623-ე მუხლებით და საქართველოს ვაჭრობისა და მატერიაულური მომარაგების სამინისტროს 1994 წლის 26 ივლისის და 31 ოქტომბრის წერილების საფუძველზე სამინისტრო, ცნო ¹44-88 ხელშეკრულების მონაწილე მხარედ და ნოვოლიპეცკში გადატვირთული 203 ტ. საშუალონახშირბადიანი ფეროშენადნობის ღირებულების 190434 ლარის ანაზღაურება სს «ფ.-ს» სასარგებლოდ დააკისრა სამინისტროს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და მის გაუქმებას ითხოვს შემდეგი საფუძვლებით:

1. 1994 წლის 25 ივლისის ¹44-88 ხელშეკრულება 210 ტ. საშუალონახშირბადიანი ფეროშენადნობის მიწოდებაზე გაფორმებულია ზესტაფონის ... ქარხანასა და სავაჭრო სახლ «...-ს» შორის, თავად სამინისტრო ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენდა, ხელშეკრულება არ არის დამოწმებული სამინისტროს ბეჭდითა და ხელმოწერით, ამიტომ ხელშეკრულების ბოლო გვერდზე მინაწერს, რომ გადამხდელია ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო, იურიდიულად ძალა არ აქვს;

2. მინისტრის მოადგილის ვ. ა.-ის 1994 წლის 26 ივლისის წერილი არ შეიძლება გამხდარიყო ¹44-88 ხელშეკრულების საფუძველი, რომელიც წინა დღეს დაიდო, 1994 წლის 25 ივლისს, ამიტომ დაუდგენელია ვ. ა.-ის წერილსა და ¹44-88 ხელშეკრულებას შორის კავშირი;

3. კასატორი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის საფუძველზე დაუსაბუთებლობის მოტივით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას, ვინაიდან სასამართლოს არ დაუდგენია ¹46 საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის სინამდვილე, რომელშიც გადამხდელად მითითებულია «ს.-ი» და არა ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო. ასევე, კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოითხოვა პროდუქციის ნოვოლიპეცკში გადატვირთის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რკინიგზისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ზედდებულები, გასავლის ორდერები.

მოწინაამდეგე მხარე _ სს «ფ.-ს» წარმომადგენელი საკასაციო საჩივარს არ ცნობს, როგორც აშკარად უსაფუძვლოს და მას დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს შემდეგი მოტივით:

1. რუსეთსა და საქართველოს სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროზე გამოყოფილი იყო კვოტები სილიკომანგანუმის რუსეთში მიწოდებაზე, რასაც სამინისტრო ახორციელებდა მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების _ «...-ისა» და «ს.-ის» მეშვეობით, რის საფუძველზეც მინისტრის მოადგილე ვ. ა.-ის 1994 წლის 26 ივლისის წერილის შესაბამისად, სს «ფ.-სა» და სამინისტროს «...-ს» შორის გაფორმდა ¹44-88 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მიმწოდებელი იყო სს «ფ.-ო», მყიდველი - «...-ი», ხოლო გადამხდელი – საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ «ფ.-ს» მიერ შედგენილი იყო ტიპიური ხელშეკრულების ფორმები, რომლებიც შემდგომ ხელით ივსებოდა. ¹44-88 ხელშეკრულებაც ასევეა გაფორმებული, მთლიანად ერთი ხელითა და მელნითაა შევსებული და ბოლოშიც იგივე მელნითა და ხელით მითითებულია, რომ გადამხელია სამინისტრო. მინისტრის მოადგილე ვ. ა.-ის წერილსა და ¹44-88 ხელშეკრულებას შორის პირდაპირი კავშირი იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ 1994-96 წლებში მხოლოდ ერთხელ იქნა გადატვირთული საშუალო ნახშირბადიანი ფერომანგანუმი 203 ტ-ის ოდენობით. ¹44-88 ხელშეკრულებაში ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს მონაწილეობა დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ ¹46 საგადასახადო მოთხოვნაზე საპასუხო წერილით სს «ფ.-ს» უპასუხა სამინისტრომ და არა «ს.-მა».

2. უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია პროდუქციის გადატვირთვის თაობაზე სს «ფ.-სათვის» სათანადო მტკიცებულებების მოთხოვნის შესახებ, ვინაიდან რკინიგზის ზესტაფონის სადგურის 2000 წლის 30 მარტის ¹16 წერილის მიხედვით, რკინიგზის ზედდებულების რეგისტრაციის ჟურნალი, რკინიგზის წესდების თანახმად, განადგურებულია და ამიტომ სასამართლოში მისი წარმოდგენა შეუძლებელია, ამასთან საქმის მასალები და საქართველოს კონტროლის პალატის 1997 წლის 25 იანვრის აქტი უტყუარად ადასტურებს, რომ სს «ფ.-ს» მიერ პროდუქცია მიწოდებულია საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სავაჭრო სახლ «...-ისათვის».

მოწინააღმდეგე მხარე – სს სავაჭრო სახლი «...-ის» წარმომადგენელი არ ცნობს საკასაციო საჩივარს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას ითხოვს იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც სადავო თანხის გადახდა არ ეკუთვნის «...-ს», ვინაიდან საქმეში არ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომ «...-ი» იყო რომელიმე მხარის დებიტორი და ეკუთვნოდა 190 434 ლარის გადახდა, რასაც ადასტურებს სავაჭრო სახლის იმ პერიოდის ბალანსები, კონტროლის პალატის შემოწმების აქტი, სააქციო საზოგადოების პრივატიზების მასალები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არც კოოპერატივ «მ.-ს» და არც სს «ფ.-ს» არასდროს მოუმართავს მათთვის პრეტენზიით სადავო თანხის გადახდაზე. რაც შეეხება 1994 წლის 25 ივლისის ¹44/88 ხელშეკრულებას, მართალია, მასში მოხსენიებულია სავაჭრო სახლი «...-ი», მაგრამ გადამხდელად ნათლადაა მითითებული ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო, ხოლო 1994 წლის 27 ივლისის დამატებითი ხელშეკრულების შესაბამისად, გადატვირთული ნახშირბადიანი ფერომარგანეცის ანგარიშსწორება, სავაჭრო სახლის ნაცვლად, «ე.-ს» უნდა მოეხდინა თავად ... ქარხანასთან, სავაჭრო სახლს კი ლიცენზიის გამოყენებისათვის «ე.-ი» გადაუხდიდა მხოლოდ პროდუქციის საფასურის 1%.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი, 1964 წელს მიღებული საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი და ამ კოდექსის 154-ე მუხლი, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი დავაც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან _ ¹44-88 ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავაა. ხელშეკრულება, როგორც გარიგების ყველაზე გავრცელებული ფორმა, არის ორი ან რამდენიმე პირის შეთანხმება, რომლითაც ისინი (კონტრაჰენტები) მიზნად ისახავენ რაიმე სამართლებრივი შედეგის მიღწევას სამოქალაქო სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება ხელშეკრულების ყველა არსებითი პუნქტის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, 1994 წლის 25 ივლისის ¹44-88 ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებულია 200 ტ. «ფერომანგანუმის» მიწოდებაზე და იგი არის ორმხრივი გარიგება, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელია (ერთი მხარე), ზესტაფონის ... ქარხანა, მისი დირექტორის ც-შვილის სახით, ხოლო მყიდველია (მეორე მხარე) – საქართველოს მატერიალური რესურსებისა და ვაჭრობის სამინისტროს სამეურნეო სახლი «...-ი» ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, სწორედ მიმწოდებელი – ზესტაფონის ფეროშენადგობთა ქარხანა (სს «ფ.-ო») და მყიდველი _ მატერიალური რესურსებისა და ვაჭრობის სამინისტროს სამეურნეო სახლი «...-ი» შეთანხმდნენ 200 ტ. ფერომანგანუმის მიწოდებაზე შემდეგი პირობებით: «ფასი 1 ტ – 1400 ათასი მანეთი, 2.1 პუნქტის თანახმად საქონლის ჩატვირთვა მოხდებოდა მხოლოდ წინასწარი გადახდის შემთხვევაში, ხოლო მყიდველის მიერ პროდუქციის ღირებულების წინასწარ გადაუხდელობისას, პროდუქცია მიწოდებას არ დაექვემდებარებოდა. ხელშეკრულების 6.1 პუნქტი ნათლად მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების დადებიდან 60 დღის განმავლობაში პროდუქციის ღირებულების წინასწარი გადაუხდელობის შემთხვევაში, ხელშეკრულება ავტომატურად დაკარგავდა იურიდიულ ძალას. ¹44-88 ხელშეკრულების დადება, ანუ შეთანხმება ამგვარი გარიგების დადებაზე დადასტურებულია მხარეთა მიერ ხელმოწერებითა და ბეჭდით, რაც იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით დოკუმენტის აუცილებელ რეკვიზიტს წარმოადგენდა. კერძოდ, ¹44-88 ხელშეკრულება ხელმოწერილია მიმწოდებლის _ ზესტაფონის ... ქარხნის დირექტორის ც-შვილის მიერ და დადასტურებულია ქარხნის შესაბამისი ბეჭდით, ხოლო მყიდველად მითითებულია მატერიალური რესურსებისა და ვაჭრობის სამინისტროს სამეურნეო სახლი «...-ი» და შესაბამისი ბეჭედიცაა დასმული, მაგრამ გაურკვეველია «...-ის» სახელით ხელშეკრულების დამდების (ხელმომწერის) ვინაობა. თავად საქართველოს მატერიალური რესურსებისა და ვაჭრობის სამინისტრო ამ ხელშეკრულებაში, როგორც მხარე, მითითებული არ არის და არც ადასტურებს ამ გარიგების დადებას. ამიტომ ¹44-88 ხელშეკრულების შესწავლისა და სამოქალაქო სამართლის კოდექსის 154-156-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ¹44-88 ხელშეკრულება სამართლებრივად არის ორმხრივი გარიგება, რომლის კონტრაჰენტები იყვნენ ერთი მხრივ ზესტაფონის ... ქარხანა (მომწოდებელი) და მეორე მხრივ – მატერიალური მომარაგებისა და ვაჭრობის სამინისტროს სამეურნეო სახლი «...-ი» (მყიდველის), ხოლო მატერიალური მომარაგებისა და ვაჭრობის სამინისტრო ამ გარიგების მხარე არ ყოფილა, ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობა არ მიუღია, არც მისი ნებაა გამოხატული ხელშეკრულებაში (გარიგებაში) მონაწილეობაზე, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მითითება სამოქალაქო სამართლის კოდექსის 159-ე მუხლზე და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებაში სამინისტროს მხარედ მიჩნევა უსწოროა.

საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის დადგენილებით, «რუსეთსა და საქართველოს სამთავრობათაშორისო 1994 წლის 23 მარტის ¹001-040-347 შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროზე გამოყოფილი იყო კვოტები სილიკომანგანუმის რუსეთში მიწოდების თაობაზე, რასაც სამინისტრო ახორციელებდა მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების «...-ისა» და «ს.-ის» მეშვეობით. ზემოაღნიშნული სამთავრობათა-შორისო შეთანხმებისა და ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს დებულების (დამტკიცებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹150 დადგენილებით) 2.1 და 2.3 პუნქტების საფუძველზე, მართალია, მინისტრის მოადგილე ვ. ა.-ემ 1994 წლის 26 ივლისს ¹3-01/1937 წერილით მიმართა ზესტაფონის ... ქარხანას, რომლითაც თხოვდა განრიგის მიხედვით 210ტ. საშუალონახშირბადიანი ფეროშენადნობის გადატვირთვას, მაგრამ წერილში ხაზგასმითაა მითითებული, რომ 210 ტ. საშუალონახშირბადიანი ფეროშენადნობის ღირებულებას, ანგარიშის წარდგენისთანავე, გაანაღდებდა ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს სახელმწიფო საწარმო «რესურსკონტრაქტცენტრი». სადავო ¹44-88 ხელშეკრულება კი ზესტაფონის ... ქარხნის მიერ გაფორმებულია არა წერილში მითითებულ «ს.-თან», არამედ სამეურნეო სახლ «...-თან» და ამასთან, ხელშეკრულება დადებულია ვ. ა.-ის წერილამდე ერთი დღით ადრე, 1994 წლის 25 ივლისს. ამიტომ საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მინისტრის მოადგილე ვ. ა.-ის წერილის საფუძველზე სადავო ¹44-88 ხელშეკრულების ელვისებურად გაფორმებისა და ამ ხელშეკრულებაში სამინისტროს მხარედ მონაწილეობის თაობაზე, რაც ასევე უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებით. სახელდობრ, გარდა ¹44-88 ხელშეკრულებისა, თვით ზესტაფონის ... ქარხნის ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებში (ჟურნალი, ბარათი) ნათლადაა დაფიქსირებული 203 ტ. საშუალო ნახშირბადიანი ფეროშენადნობის სავაჭრო სახლ «...-ზე» გადაცემა; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის ¹259 სერთიფიკატშიც, საქონლის მიმწოდებლად მითითებულია სავაჭრო სახლი «...-ი», მიმღებად _ ნოვოლოპეცკის ... კომბინატი.

ამრიგად, საკასაციო პალატას საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებისა და საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 154-ე, 156-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო არ იყო სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე, იგი არ წარმოადგენედა ¹44-88 ხელშეკრულების კონტრაჰენტს და ამიტომ მას არც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები წარმოშობია. მართალია, ¹44-88 ხელშეკრულებაში ბოლოს ხელით არის მინაწერი, რომ «გადამხდელია» საქართველოს მატერიალური რესურსებისა და ვაჭრობის სამინისტრო, მაგრამ აღნიშნული მინაწერი სამინისტროს მიმართ რაიმე სამართლებრივ ვალდებულებას არ წარმოშობს და სამინისტროს ზესტაფონის ... ქარხნის მიმართ რაიმე ქონებრივ-ფინანსური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით ერთი პირი (მოვალე) ვალდებულია შეასრულოს მეორე პირის (კრედიტორის) სასარგებლოდ რაიმე მოქმედება, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მისი მოვალეობის შესრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტრო არანაირ ვალდებულებით (სახელშეკრულებო) ურთიერთობაში არ იმყოფებოდა ზესტაფონის ... ქარხანასთან და შესაბამისად, არც რაიმე მოვალეობა წარმოშობია ქარხნის მიმართ;

ბ) ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, მხარეებმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად,M დროულად, კანონისა თუ ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად. კოდექსის 254-ე მუხლი კი კონკრეტულად განსაზღვრავს მიწოდების ხელშეკრულების მხარეთა ვალდებულებებს და იმპერატიულად ადგენს: «მყიდველი ორგანიზაცია კისრულობს მიიღოს პროდუქცია და გადაიხადოს მასში დადგენილი ფასი». ვინაიდან ¹44-88 ხელშეკრულებაში მყიდველად ნათლადაა მითითებული სამეურნეო სახლი «...-ი», კოდექსის 165-ე, 254-ე მუხლების თანახმად, ზესტაფონის ... ქარხნიდან მოწოდებული 203 ტ. საშუალონახშირბადიანი ფეროშენადნობის ღირებულების ანაზღაურება საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტროს ვერ დაეკისრება;

გ) როგორც აღინიშნა, კოდექსის 254-ე მუხლით რეგლამენტირებულია მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მყიდველის ვალდებულება მიწოდებულ პროდუქციაში გადაიხადოს დადგენილი ფასი, თუმცა ¹44-88 ხელშეკრულების 2.1 პუნქტი ითვალისწინებდა მყიდველის მიერ მისაწოდებელი პროდუქციის ფასის წინასწარ გადახდას. ვინაიდან ხელშეკრულებაში მითითებულია მყიდველი ორგანიზაცია – სამეურნეო სახლი «...-ი», ამიტომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტროს მიმართ უკანონოა;

დ) როგორც აღინიშნა, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 165-ე მუხლი ადგენდა, რომ ყოფილი მხარე ვალდებული იყო თავისი მოვალეობა შეესრულებინა ჯეროვნად, ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად და ერთადერთი გამონაკლისი ამ ზოგადი წესიდან გათვალისწინებული იყო 168-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულება მესამე პირს მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება დაკისრებოდა თუ ეს გათვალისწინებული იყო დადგენილი წესებით, თუ მესამე პირი დაკავშირებული იყო ერთ-ერთ მხარესთან ადმინისტრაციული დაქვემდებარებულობით და შესაბამისი ხელშეკრულებით. განსახილველ შემთხვევაში, 168-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი პირობა არ არის სახეზე, საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტროსათვის ¹44-88 ხელშეკრულებით რაიმე ანაზღაურების დასაკისრებლად, რადგან ამგვარი წესი არ იყო ზოგადად დადგენილად, არც შესაბამისი ხელშეკრულება არსებობდა სამინისტროსა და ზესტაფონის ... ქარხანას შორის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ დაქვემდებარებას, აღნიშნული ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა მოვალეს, ვისი ვალდებულების შესრულებაც შეიძლება დაკისრებოდა სრულად ან ნაწილობრივ, სადავო შემთხვევაში – საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტრო კი არ იყო ადმინისტრაციულად დაქვემდებარებული მყიდველზე – სავაჭრო სახლ «...-ზე», არამედ პირიქით, «...-ი» იყო სამინისტროს დაქვემდებარებული საწარმო, ამიტომ 168-ე მუხლიც გამორიცხავს «...-ის» ნაცვლად ზესტაფონის ... ქარხნის მიმართ საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტროს პასუხისმგებლობას.

ამდენად, საქმის მასალებიდან (¹44-88 ხელშეკრულება, ზესტაფონის ... ქარხნის ბუღალტრული აღრიცხვის ჟურნალი, ბარათი, საქონლის წარმოშობის სერთიფიკაცატი) და საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153, 154, 156-ე, 165-ე, 168-ე, 254-ე მუხლებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, როგორც საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტროს სამართალმემკვირისათვის ¹44-88 ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 190 434 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რადგან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 159-ე, 219-ე მუხლი). და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (ამავე კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლები). ამიტომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება კასატორის მიმართ სს «ფ.-ს» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 393-ე, 399-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს «ფ.-ს» სარჩელი საქართველოს ეკონომიკის, მრეველობისა და ვაჭრობის სამინისტროსათვის 190 434 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. სს «ფ.-ს» საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.