Facebook Twitter

3გ/ად-87-კ-01 17 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. სხირტლაძე

სარჩელის საგანი: საგარანტიო ხელშეკრულების გაუქმება, საცხოვრებელი სადგომის ორდერისა და ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის პრეფექტის 1991 წლის 10 მაისის ¹80 ბრძანებით საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ინსტიტუტთან არსებულ სამეცნიერო, საპროექტო, სამშენებლო, სარემონტო კოოპერატივ «ჰ.-სა» და სრულიად საქართველოს ...-ის საქველმოქმედო საზოგადოების რსგ «ს.-ის» საწარმოო-კომერციულ ფირმა «ო.-ს» საწარმოო-საბინაო კომპლექსის ასაშენებლად გადაეცათ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹40 მდებარე, ხანძრის შედეგად დამწვარი და აღსადგენად უვარგისი, დრომოჭმული სახლი მიმდებარე ტერიტორიით იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა ამ სახლის მობინადრეთა დაკმაყოფილება საცხოვრებელი ბინებით სანიტარული ნორმის ფარგლებში. ამავე ბრძანებით სამშენებლო კოოპერატივ «ჰ.-სა» და საწარმოო-კომერციულ ფირმა «ო.-ს» ნება დაერთოთ, ჩუღურეთის რაიონის საკრებულოსთან ერთად, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების მიზნით, გაეცათ საგარანტიო ხელშეკრულებები და არსებული წესის მიხედვით ჩაებარებინათ მოქალაქეთა ბინები.

ზემოთ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 1991 წ. 29 ივლისს დაიდო საგარანტიო ხელშეკრულება ერთი მხრივ სამშენებლო კოოპერატივ «ჰ.-ს», საწარმოო-კომერციული ფირმა «ო.-სა» და მეორე მხრივ მოქალაქე პ. შ-ძეს შორის, რომელმაც აიღო ვალდებულება, მათთვის ჩაებარებინა მასზე რიცხული ერთოთახიანი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ..., რომელშიც უნდა შესახლებულიყო ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹40 მდებარე დამწვარ სახლში მცხოვრები ე. პ-იანი. საგარანტიო ხელშეკრულებით სამშენებლო კოოპერატივი «ჰ.-ი» და ფირმა «ო.-ი» იღებდნენ ვალდებულებას, პ. შ-ძისათვის მიეცათ ოთხოთახიანი ბინა განსხვავებულ ფართობზე ღირებულების გადახდით, აშენებული სახლის ექსპლოატაციაში შესვლისთანავე. აღნიშნულ საგარანტიო ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ კოოპერატივ «ჰ.-ის» თავმჯდომარე მ. ზ-შვილი, ფირმა «ო.-ის» პრეზიდენტი თ. ზ-შვილი, პ. შ-ძე და ჩუღურეთის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე ვ. ჭ-ია.

თბილისის ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 30 აგვისტოს ¹304 განკარგულებით დადგინდა, რომ პ. შ-ძის ოთხსულიან ოჯახზე გაცემულიყო ოთხოთახიანი ბინის საგარანტიო ხელშეკრულება, ხოლო მის ბინაში შესახლებულიყო ე. პ-იანის ერთსულიანი ოჯახი.

იმავე დღეს, ზემოთ აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, გაიცა ორდერი, რომილითაც ე. პ-იანის ერთსულიან ოჯახს მიეცა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლში, პ. შ-ძის ყოფილი საცხოვრებელი ბინა.

1998 წ. 15 აპრილს პ. შ-ძემ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში მოპასუხეების: ე. პ-იანის, სამშენებლო კოოპერატივ «ჰ.-ის», საბურთალოს რაიონის გამგეობის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და სანოტარო კანტორის ნოტარიუს ე. მ-ძის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1991 წ. 29 ივლისს გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულებიდან გავიდა ექვს წელზე მეტი, მაგრამ სამშენებლო კოოპერატივ «ჰ.-ს» არ შეუსრულებია საგარანტიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ აუშენებია სახლი, რომელშიც პ. შ-ძეს მისცემდა ოთხოთახიან ბინას განსხვავებულ ფართზე ღირებულების გადახდით, რის გამოც მოსარჩელე ოჯახთან ერთად დარჩა უბინაოდ, ღია ცის ქვეშ.

პ. შ-ძის განმარტებით, ის და მისი ოჯახის წევრები კვლავ ჩაწერილები იყვნენ ... მდებარე ბინაში, თუმცა მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მის ბინაში შესახლებულ ე. პ-იანს მოუხდენია აღნიშნული ბინის პრივატიზაცია ისე, რომ მოსარჩელემ და მისმა ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ.

პ. შ-ძემ სარჩელში ითხოვა 1991 წლის 29 ივლისს გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულების გაუქმება, ე. პ-იანის სახელზე გაცემული საცხოვრებელი სადგომის ორდერისა და მის მიერ გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. აგრეთვე, ე. პ-იანის გამოსახლება ... მდებარე ბინიდან.

პ. შ-ძემ დამატებითი სასარჩელო განცხადება შეიტანა სასამართლოში იმავე მოპასუხეების მიმართ და ითხოვა სამშენებლო კოოპერატივ «ჰ.-სა» და ჩუღურეთის რაიონის გამგეობას სოლიდარულად დაკისრებოდათ მოსარჩელის სასარგებლოდ ბინის ქირის სახით 6880 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით – 7000 ლარის გადახდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეების მიზეზით უბინაოდ დარჩენილი პ. შ-ძე შვიდი წლის განმავლობაში იხდიდა ბინის ქირას. აგრეთვე, მძიმე ეკონომიური და ყოფითი მდგომარეობის გამო განიცადა მორალური ზიანიც, რაც მატერიალურ ზიანთან ერთად შეფასებულ იქნა 13880 ლარად.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სამშენებლო კოოპერატივ «ჰ.-ის» შუამდგომლობა და საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ქ. თბილისის მერია.

ამავე სასამართლოს 2000 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით პ. შ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პ. შ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება და პ. შ-ძის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

პ. შ-ძე საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 48-ე, 179-ე, 212-ე, 224-ე მუხლები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, რადგანაც იგი სამართლის ნორმების დარღვევით იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1991 წ. 29 ივლისს საგარანტიო ხელშეკრულება გაფორმდა ერთი მხრივ სამშენებლო კოოპერატივ «ჰ.-ს», საწარმოო კომერციულ ფირმა «ო.-სა» და მეორე მხრივ, პ. შ-ძეს შორის. აღნიშნული საგარანტიო ხელშეკრულება შეთანხმებული იყო ჩუღურეთის რაიონის საკრებულოსთან.

ამდენად, პ. შ-ძის წინაშე ვალდებულება აიღეს სამშენებლო კოოპერატივმა «ჰ.-მა» და საწარმოო კომერციულმა ფირმა «ო.-მა». პ. შ-ძემ კი სარჩელში ფირმა «ო.-ი» არც მოპასუხედ და არც მესამე პირად არ მიუთითა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხოლოდ თავდაპირველი არასათანადო მოპასუხის შეცვლას სათანადო მოპასუხით მოსარჩელის თანხმობით. რადგანაც არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებენ სათანადო თანამოპასუხის სასამართლოს ინიციატივით საქმეში ჩაბმას, ამიტომ ფირმა «ო.-ი», როგორც ხელშეკრულების მხარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს ან სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა ჩაება მესამე პირად ადმინისტრაციულ პროცესში, რადგანაც ფირმა «ო.-ი» იყო იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი.

გარდა ამისა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პარველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში გარდაიცვალა მოპასუხე, სამშენებლო კოოპერატივ (იმჟამად უკვე სააქციო საზოგადოება) «ჰ.-ის» დირექტორი მ. ზ-შვილი, ხოლო საწარმოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, რეესტრში არავითარი ცვლილება არ იყო შესული და არც მისი ლიკვიდაცია მომხდარა.

სააპელაციო სასამართლომ საქმე ისე განიხილა, რომ არ ჰქონდა მიღებული დადასტურება სს «ჰ.-ისაგან» სასამართლო შეტყობინების ჩაბარების შესახებ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ მისამართზე სს «ჰ.-ისათვის» გაგზავნილი დეპეშის პასუხად მოვიდა ცნობა, რომ დეპეშა ადრესატს არ ჩაბარებია, რადგანაც სს «ჰ.-ის» დირექტორი მ. ზ-შვილი გარდაცვლილი იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პ. შ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.