3გ/ად-91-კ-01 10 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. სხირტლაძე
საკასაციო საჩივრის თხოვნა: სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება, სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც აპელანტ რ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება.
აღწერილობითი ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სახაზინო საწარმო «ქ.-ის» შრომითი კოლექტივის სარჩელი მოპასუხე ყვარლის რაიონის გამგეობისა და მესამე პირი «გ.-ის» მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
სასარჩელო მოთხოვნები იყო:
1. სახაზინო საწარმო «ქ.-ის» შრომითი კოლექტივისათვის ამავე საწარმოს ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემა.
2. ყვარლის რაიონის გამგეობის 1997 წლის 4 სექტემბრის ¹169 დადგენილების ბათილად ცნობა.
აღნიშნული დადგენილების თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სახაზინო საწარმო «ქ.-ის» ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მთლიანი ღირებულების სახაზინო საწარმო «გ.-ისათვის» გადაცემა არსებული ვალის ანგარიშში; სახაზინო საწარმო «ქ.-ის» რეგისტრაციის გაუქმება; სახაზინო საწარმოების: «ქ.-ისა» და «გ.-ის» გაერთიანება და ერთ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა.
3. ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 იანვრის ¹7 დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების ბათილად ცნობა.
მითითებული დადგენილების აღნიშნული მუხლების თანახმად, დადგინდა ყვარლის რაიონის გამგეობის 1997 წლის 4 სექტემბრის ¹169 დადგენილების ამოქმედება სახაზინო საწარმო «გ.-ისა» და სახაზინო საწარმოების: «ქ.-სა» და «ე.-ს» შორის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების თაობაზე; ყვარლის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს დაევალა სახაზინო საწარმო «ქ.-ის» სალიკვიდაციო კომისიის შექმნა; სახაზინო საწარმო «გ.-ი» ჩაითვალა ლიკვიდირებული სახაზინო საწარმო «ქ.-ის» სამართალმემკვიდრედ, სავალდებულო საბიუჯეტო დავალიანების მიმართ.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით მოსარჩელის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ, მოცემულ საქმეზე, 2000 წლის 29 მაისს გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ყოფილი სახაზინო საწარმო «ქ.-ის» შრომითი კოლექტივის ნაწილის წარმომადგენელ რ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ყოფილი სახაზინო საწარმო «ქ.-ის» შრომითი კოლექტივის ნაწილის წარმომადგენელ რ. ბ-შვილის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ყვარლის რაიონის გამგეობის 1997 წლის 4 სექტემბრის ¹169 დადგენილება და 1998 წლის 20 იანვრის ¹7 დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ყვარლის რაიონის გამგებლის დ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
2001 წლის 9 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა ყვარლის რაიონის გამგეობამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში აღმოჩნდა ახალი გარემოება, კერძოდ, მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, ე.ი. 2000 წლის 29 მაისისათვის, უკვე მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე.
განმცხადებლის განმარტებით, საქმის განხილვის დროს მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო აღნიშნული გარემოება, გამოიწვევდა მოპასუხისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, რადგანაც ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 იანვრის ¹7 დადგენილება წარმოადგენდა აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი აღსრულდა 1998 წლის 30 მარტს, ე.ი. მანამდე, ვიდრე სააპელაციო სასამართლო გამოიტანდა გადაწყვეტილებას. ამდენად, ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 იანვრის ¹ 7 დადგენილების საფუძველზე, გამგეობამ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, რის შედეგადაც დაინტერესებულმა მხარემ – შპს «გ.-მ» (ყოფილი სახაზინო საწარმო «გ.-ი») მიიღო სარგებელი, როგორც კრედიტორმა ვალის ანგარიშში, მოვალის ქონების გადაცემის გზით.
განცხადებაში განმცხადებელმა ითხოვა განცხადების მიჩნევა დასაშვებად, მისი დაკმაყოფილება, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის განახლება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 მარტის განჩინებით ყვარლის რაიონის გამგეობის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო ამავე პალატის 2001 წლის 20 აპრილის განჩინებით განცხადებას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადებაში მითითებული გარემოება, საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რომ მოპასუხე მხარისათვის ცნობილი არ იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედება, არ შეიძლება განხილულიყო როგორც გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც მხარისათვის ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი და მას წარედგინა იგი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოტანილი იქნებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივარში ყვარლის რაიონის გამგებელმა დ. ლ-შვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების თანახმად, ეს ნორმები სასამართლოს ანიჭებს დამატებით უფლებამოსილებას, საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, თუ ამის გარეშე შეუძლებელია საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სააპელაციო სასამართლომ კი არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და საკუთარი ინიციატივით არ შეაგროვა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რითაც უგულებელყო კანონის მოთხოვნა და მოცემულ საქმეზე გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლი იმპერატიული ნორმაა და სააპელაციო სასამართლოს რომ თავისი ინიციატივით ეხელმძღვანელა ამ ნორმით, გამოიწვევდა კასატორისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების გამოტანა, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განახლდება საქმის წარმოება. კასატორმა, აგრეთვე, ითხოვა საქმის არსებითად განხილვა, სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და აპელანტ რ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ყვარლის რაიონის გამგეობის განცხადებაში მითითებული გარემოება, საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ განმცხადებლისათვის ცნობილი არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედება, არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ვ» პუნქტით გათვალისწინებულ იმ გარემოებად ან მტკიცებულებად, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო ყვარლის რაიონის გამგეობისათვის ცნობილი და წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს მიერ რომელიმე ნორმის გამოუყენებლობა, არ შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი განჩინება გამოიტანა და მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ყვარლის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 აპრილის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.