3გ/ად-99-კ-01 30 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: იძულებით გაცდენილი ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ჩ-იანმა და ვ. კ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს, რომელშიც უთითებდნენ, რომ 1996 წლის 24 აპრილს საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის ქუთაისის საგამოძიებო ქვეგანყოფილებაში, სსკ-ის 961 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რ. ჩ-იანი და ვ. კ-შვილი 1996 წლის 24 აპრილიდან 1997 წლის 08 მაისამდე იმყოფებოდნენ პატიმრობაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიის 08.05.97 წ. განაჩენით და ამავე თარიღის განჩინებით რ. ჩ-იანი და ვ. კ-შვილი გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, ხოლო ქ. თბილისის პროკურატურის 25.11.97წ. დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყდა საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე – ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის 26.11.97წ., საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 12.12.97წ. ¹188, ქუთაისის აეროპორტის გენერალური დირექტორის 12.12.97წ. ¹136 ბრძანებების საფუძველზე, რ. ჩ-იანი და ვ. კ-შვილი აღდგენილ იქნენ დაკავებულ თანამდებობებზე. სსკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე რ. ჩ-იანმა მოითხოვა 5511, 26 ლარის, ხოლო ვ. კ-შვილმა – 3150, 84 ლარის ანაზღაურება. მოგვიანებით რ. ჩ-იანმა და ვ. კ-შვილმა სასამართლოს მიმართეს დამატებითი სასარჩელო განცხადებით, რომლითაც, სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით მოითხოვეს ეროვნული ვალუტის კურსთა შორის სხვაობის, შესაბამისად 2900, 38 ლარის და 1656, 85 ლარის ანაზღაურება, რადგანაც გადახდის ვადის დადგომისას ეროვნული ვალუტა უფრო მყარი იყო. საბოლოოდ რ. ჩ-იანმა მოითხოვა მისთვის 8411, 64 ლარის, ხოლო ვ. კ-შვილმა – 4807, 69 ლარის გადახდა.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 01.03.2000წ. გადაწყვეტილებით რ. ჩ-იანის და ვ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 12.03.01წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, უცვლელად დარჩა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 01.03.2000წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით გათვალისწინებული ზიანი უნდა დაეკისროს ფინანსთა სამინისტროს. ვინაიდან მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია კონკრეტული თანამდებობის პირის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, სააპელაციო პალატის აზრით, ერთადერთ მოპასუხედ დავაში წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც უნდა დაეკისროს სადავო თანხის გადახდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი, ვინაიდან ამავე კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს, კოდექსით არ წესრიგდება შრომით დავასთან დაკავშირებული ურთიერთობები. საქმის განხილვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა უმართებულოდ მიიჩნია მოსარჩელეებისათვის კურსთა შორის სხვაობის თანხის მიკუთვნება, რის გამო მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. მოწინააღმდეგე მხარემ რ. ჩ-იანმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება. ვ. კ-შვილი, მიუხედავად არაერთი შეტყობინებისა, სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, რის გამო, საკასაციო პალატა ასკ-ის 261 მუხლის საფუძველზე, მის დაუსწრებლად განიხილა საქმე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა, საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, «ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.» სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, «რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოების და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად». ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა კანონიერად თვლის მოსარჩელეთა თავდაპირველ მოთხოვნას იძულებითი განაცდურის პერიოდში კუთვნილი ხელფასის თანხის ანაზღაურების ნაწილში. ამდენად, რ. ჩ-იანს და ვ. კ-შვილს უნდა აუნაზღაურდეთ 1996 წლის 24 აპრილიდან 1997 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში კუთვნილი ხელფასის თანხა, რომელიც შეადგენს შესაბამისად, რ. ჩ-იანისათვის 5511, 26 ლარს, ხოლო ვ. კ-შვილისათვის 3150, 84 ლარს.
ამასთანავე, უმართებულოა სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება ეროვნული ვალუტის უცხო ქვეყნის ვალუტის კურსთან სხვაობის თანხის მინიჭებას. ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს მოქმედებს ე.წ. ნომინალიზმის პრინციპი, რომლის თანახმად ვალდებულება ნაკისრ თანხაში უნდა დაიფაროს. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს ვალდებულების საგანია ფულადი ერთეულის ესა თუ ის რაოდენობა. ფულადი ვალდებულების გარკვეულ ფულად ერთეულებში გამოხატვა ფულად ვალდებულებას აძლევს აბსტრაქტულ ხასიათს, მიმართულს აბსტრაქტული ქონოების ღირებულების წარმოდგენაზე. მიუხედავად ამისა, უმართებულოა ფულადი ვალის შინაარსის გაიგივება გარკვეულ მსყიდველობითუნარიანობასთან, ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული თანხა. ფულის მსყიდველობით-უნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას, არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად ფულის მსყიდველობუთუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება. იურიდიული ნომინალიზმის პრინციპი წარმოადგენს ფულადი გაანგარიშებების და გადახდების საფუძველს, რომელსაც შეაქვს საჭირო ფორმალური სიცხადე ურთიერთობებში. ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს დენომინაციას ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას (ასეთს ადგილი ჰქონდა მაგ. სსრ კავშირის არსებობის პერიოდში, როდესაც 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით), ასევე ვალუტის შეცვლას (აღნიშნულს ადგილი ჰქონდა, როდესაც რუსული რუბლი შეიცვალა კუპონით, ხოლო უკანასკნელი ლარით). ეროვნული ვალუტის _ ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ამდენად ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება. ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია აგრეთვე ფულის კურსის ნორმის ფარგლებში ცვალებადობის, კერძოდ მისი გაუარესების დროს, ამგვარი პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება, იგი თანაბარზომიერად მოქმედებს ურთიერთობის ორივე მხარეზე. ამასთანავე, ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რომელიმე უცხოურ ვალუტასთან მისი შეფარდება, ვინაიდან რ. ჩ-იანს და ვ. კ-შვილს ხელფასის თანხის გადახდა დანიშნული ჰქონდათ ეროვნულ ვალუტაში და არა აშშ დოლარით ან რუსული რუბლით, ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყევია, ზოგი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით იგი მცირდება, ხოლო ზოგიერთი ქვეყნის ვალუტის მიმართ იზრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმართებულოა ხელფასის ძირითად თანხასთან ერთად, სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის საფუძველზე, რ. ჩ-იანისათვის დამატებით 2900, 38 ლარის, ხოლო ვ. კ-შვილისათვის დამატებით 1656, 85 ლარის მინიჭება. ამასთანავე, აღნიშნული არ წარმოადგენს საქმის დაბრუნების საფუძველს, კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, იგი ვერ უთითებს, თუ რა გარემოებები ქმნის შეუძლებელს სსსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას, რის გამო კასატორის მოთხოვნას ამ ნაწილში უარი უნდა ეთქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 372-ე, 399-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 12.03.01 წ. განჩინების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. რ. ჩ-იანის და ვ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური სახაზინო სამსახურს ბიუჯეტის ხარჯზე აუნაზღაუროს რ. ჩ-იანს 5511, 26 ლ., ვ. კ-შვილს 3150, 84 ლ. რ. ჩ-იანის და ვ. კ-შვილის სასარჩელო განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.