3გ/ად-100-კ 5 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: თიანეთის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 26 ივნისს მოსარჩელეებმა: ს. ჭ-ულმა და სხვებმა სარჩელი აღძრეს თიანეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ა. ა-ულის მიმართ, სადაც მიუთითეს, რომ 1996 წლის 2 სექტემბერს, მათ, ხუთი სოფლის მოსახლეობამ, ერთობლივი განცხადებით მიმართეს თიანეთის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს, აღნიშნული სოფლების მიმდებარე ტერიტორიულ ფარგლებში მდებარე 102 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მათთვის იჯარით გადაცემის შესახებ. მოსახლეობამ უფლებამოსილება მიანიჭა ე. ა-ულს, ო. ბ-ულს, შ. გ-შვილს და უ. წ-ურს. საიჯარო ქირის გადასახდელად და სამუშაოების ჩასატარებლად შეგროვილ იქნა თანხა. 1997 წლის 7 ივლისს მიწის მართვის სამმართველომ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს «ჯ.-სთან», რომლის დამფუძნებლები არიან ე. ა-ული, უ. წ-ური და სხვები.
მოსარჩელეებმა თიანეთის მიწის მართვის სამმართველოსა და შპს «ჯ.-ს» შორის 1997 წლის 7 ივლისს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს.
თიანეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ივნისის განჩინებით სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული და მოსარჩელეებს მიეთითათ, რომ შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაებათ თიანეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო, ხოლო მესამე პირად ე. ა-ული. აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელეებმა შეასრულეს და ახალი სარჩელით მიმართეს სასამართლოს, სადაც დამატებით განმარტეს, რომ განიცდიდნენ დიდ ეკონომიურ გაჭირვებას, არ გააჩნდათ მიწის ნაკვეთი, ხოლო შპს «ჯ.-ა», რომელსაც იჯარით გადაეცა 165 ჰა მიწის ნაკვეთი, არ ასრულებდა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და არ ამუშავებდა სადავო მიწის ნაკვეთს, რის გამოც მოსარჩელეებმა შპს «ჯ.-სა» და თიანეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს შორის 1997 წლის 7 ივლისს დადებული სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თიანეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 აგვისტოს განჩინებით შპს «ჯ.-ა» საქმეში თანამოპასუხედ იქნა ჩაბმული. მოსარჩელეებმა გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და თიანეთის რაიონის გამგეობის 1997 წლის 27 თებერვლის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს «ჯ.-ს» დირექტორის ე. ა-ულის განცხადება და მას, საიჯარო ურთიერთობის წესით 151 ჰა სახნავი და 14 ჰა სათიბი მიწის ნაკვეთი 10 წლის ვადით გადაეცა. მოსარჩელეთა მიერ სარჩელის გაზრდის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან, რაიონული სასამართლოს აზრით, აღნიშნულზე არ არსებობდა მოპასუხეების წინასწარი თანხმობა.
მოპასუხე, თიანეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მიწის მართვის სამმართველოსათვის უმჯობესი იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება გაეფორმებინა იურიდიულ პირთან, კერძოდ, შპს «ჯ.-სთან», ვიდრე მრავალრიცხოვან მოსახლეობასთან, რადგან, მოპასუხის აზრით, მათგან უფრო გაჭირდებოდა საიჯარო პირობების შესრულება. თიანეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ სადავო საიჯარო ხელშეკრულების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
თანამოპასუხე – შპს «ჯ.-ს» წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე დავა წარმოადგენდა ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა კომპეტენციას და მხოლოდ მათ შეეძლოთ მოეთხოვათ მისი გაუქმება. ამავე დროს, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეები ვერ ასაბუთებდნენ, თუ რით შეილახა მათი ინტერესები. ამდენად, შპს «ჯ.-ს» წარმომადგენლის აზრით, ისინი არ იყვნენ სათანადო მოსარჩელეები.
თიანეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა 1997 წლის 7 ივლისის სადავო საიჯარო ხელშეკრულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომელთა განმარტებით, საქმის განხილვისას რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა იმჟამად მოქმედი «საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომლის თანახმად მეიჯარედ ითვლებოდა თიანეთის რაიონის გამგეობა და არა თიანეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო, სასამართლომ კი საქმე განიხილა არასათანადო მოპასუხის – მიწის მართვის სამმართველოს მონაწილეობით. ამასთან, მ. თ-შვილს თიანეთის რაიონის გამგეობის 1996 წლის 31 ოქტომბრის ¹172 გადაწყვეტილებით უფლება მიეცა ხელი მოეწერა იჯარის ხელშეკრულებისათვის, როგორც მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის რაიონული განყოფილების უფროსს, რომელიც ექვემდებარებოდა რაიონის გამგეობას, ხოლო საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერისას, იგი წარმოადგენდა მიწის მართვის სამმართველოს უფროსს, რომელიც ექვემდებარებოდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს. მათი აზრით, დარღვეული იქნა, ასევე, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი, კერძოდ, მიწის იჯარით გამცემმა მუდმივმოქმედმა კომისიამ თავის სხდომაზე არ განიხილა მოსახლეობის 1996 წლის 2 სექტემბრით დათარიღებული განცხადება და განიხილა მხოლოდ შპს «ჯ.-ს» 1996 წლის 24 დეკემბრის განცხადება, მაშინ როცა, განცხადებები შეეხებოდა ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთს, რითაც სადავო მიწის ნაკვეთი გასცა კონკურსის გარეშე და შელახა მოსარჩელეთა ინტერესები.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორთა შუამდგომლობა და საქმეში მოპასუხედ თიანეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ნაცვლად თიანეთის რაიონის გამგეობა ჩააბა, მიწის მართვის სამმართველო კი მესამე პირად.
მოპასუხე – თიანეთის რაიონის გამგეობამ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ შპს «ჯ.-სა» და თიანეთის რაიონის გამგეობას შორის 1997 წლის 7 ივლისს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი იმ მოტივით, რომ მიწის იჯარით გაცემა მოხდა კანონის დარღვევით, რა დროსაც არ იყო გათვალისწინებული სოფლის მოსახლეობის ინტერესები, ასევე, ხელშეკრულება დაიდო იმ დროს უკვე არარსებული სამსახურის უფროსის მიერ.
სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის ავტორებმა გაზარდეს დავის საგანი და თიანეთის რაიონის გამგეობის 1997 წლის 27 თებერვლის ¹19 გადაწყვეტილების იმ ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვეს, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს «ჯ.-ს» განცხადება და საიჯარო ურთიერთობის წესით სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად მიზანშეწონილად ჩათვალა აპელანტის მხრიდან დავის საგნის გაზრდა, ვინაიდან მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველს სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ნ-შვილის, გ. ჭ-ულის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის რაიონის გამგეობის 1997 წლის 27 თებერვლის ¹19 გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც შპს «ჯ.-ზე» სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გადაცემას ეხება და ბათილად იქნა ცნობილი, ასევე, თიანეთის რაიონის გამგეობასა და შპს «ჯ.-ს» შორის 1997 წლის 7 ივლისს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თიანეთის რაიონის გამგეობის მიერ სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისას დაირღვა «სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის გაცემისას უნდა ჩატარებულიყო კონკურსი, რაც არ ჩატარებულა, რის გამოც მოსარჩელეებს მოესპოთ მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილად ცნო, რომ საიჯარო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა არაუფლებამოსილმა პირმა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ჯ.-ს» დირექტორმა ე. ა-ულმა, რომლის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს არ შეეძლო შეეცვალა სარჩელის საფუძველი სააპელაციო სასამართლოში, რადგან აღნიშნული გარემოება კანონით არ არის გათვალისწინებული. ამასთან, კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ძველი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომლის თანახმადაც სარჩელი ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს «ჯ.-ს» დირექტორის ე. ა-ულის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. სასამართლომ სწორად გამოიყენა სპეციალური კანონი «სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ», რომელიც მოცემულ პერიოდში სადავო ურთიერთობებს აწესრიგებდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო ნორმების დაცვით, კერძოდ, სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა მიზანშეწონილად აპელანტის მხრიდან დავის საგნის გაზრდა, ვინაიდან მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველს თიანეთის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენდა, რომლის კანონიერების შემოწმებაც უშუალოდ იყო დაკავშირებული სააპელაციო საჩივრის ძირითად მოთხოვნებთან. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში, თუ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, დასაშვებია დავის საგნის გაზრდა და სარჩელის საფუძვლების შეცვლაც, რაც სააპელაციო სასამართლომ კანონის შესაბამისად განახორციელა კიდეც.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან სადავო საიჯარო ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა 1997 წლის 7 ივნისს, ხოლო სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2000 წლის 26 ივლისს, საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილ 3 წლიან ვადაში. რაც შეეხება თიანეთის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებას, იგი მოსარჩელეთათვის რაიონულ სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას გახდა ცნობილი. ამდენად, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ამ უფლების დარღვევა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი არ არის ხანდაზმული.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ განცხადება თიანეთის რაიონის გამგეობაში სადავო მიწის იჯარით გადაცემის შესახებ შეტანილ იქნა არა მარტო შპს «ჯ.-ს», არამედ მოსარჩელეთა მიერაც, რის გამოც მიწის იჯარით გაცემა უნდა მომხდარიყო კონკურსის წესით, რაც არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და სწორად განმარტა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც უნდა ჩატარებულიყო კონკურსი, რაც არ ჩატარდა, რის გამოც შეილახა მოსარჩელეთა უფლებები და კანონიერი ინტერესები და დაირღვა კანონი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ცნო ბათილად თიანეთის რაიონის გამგეობის 1997 წლის 27 თებერვლის ¹19 გადაწყვეტილება, შპს «ჯ.-სათვის» სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გადაცემის თაობაზე, თანმდევი შედეგებით. თავისთავად, ბათილად იქნა ცნობილი 1997 წლის 7 ივლისს შპს «ჯ.-სა» და თიანეთის რაიონის გამგეობას შორის დადებული სადავო 165 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, როგორც კანონდარღვევით დადებული გარიგება. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული დარღვევა დაადასტურა და სარჩელი ცნო ხელშეკრულების ერთ-ერთმა მონაწილემ _ თიანეთის რაიონის გამგეობამ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «ჯ.-ს» საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ჯ.-ს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.