Facebook Twitter

3გ/ად-102-კ-01 17 აგვისტო, 2001 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, ნ. სხირტლაძე

სარჩელის საგანი: საქართველოს ეროვნული ბანკის 2001 წლის 7 თებერვლის ¹ 8 განკარგულების ნაწილის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 17 თებერვალს სს საკონტინენტთაშორისო კომერციულმა ბანკმა «ლ.-მ» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹ 310 ბრძანების საფუძველზე ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივნისის ¹ 61 ბრძანებაში «საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის გრაფიკის შესახებ», რომლითაც დადგინდა მოქმედი კომერციული ბანკებისათვის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგი. აღნიშნულის თანახმად, სს სკბ «ლ.-ს» დაეკისრა ვალდებულება, 2000 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საწესდებო კაპიტალი შეევსო 5000000 (ხუთი მილიონი) ლარით. ამ ვადაში აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 30 დღის გასვლისთანავე, 2000 წლის 13 ნოემბრის ¹ 310 ბრძანებით ეროვნული ბანკი ითვალისწინებდა საბანკო ლიცენზიის გაუქმებას.

სს სკბ «ლ.-მ» საწესდებო კაპიტალი შეავსო 2001 წლის 31 იანვარს, როდესაც საწესდებო კაპიტალის შევსებისათვის გათვალისწინებული თანხა აშშ დოლარებში, კონვერტაციის შემდეგ ჩაირიცხა სს სკბ «ლ.-ის» საკორესპონდენტო ანგარიშზე აჭარის ა/რ ცენტრალურ ბანკში. აღნიშნული თანხა აისახა საქართველოს ეროვნულ ბანკში სს სკბ «ლ.-ის» მიერ 2001 წლის იანვრის თვის ბალანსის საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე.

მოსარჩელის განმარტებით, საწესდებო კაპიტალის სრულად შევსების ვადა ეროვნულმა ბანკმა განსაზღვრა 2000 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერი კი იყო კვირა - არასამუშაო დღე. რადგანაც საწესდებო კაპიტალის შევსებასთან დაკავშირებული ურთიერთობები განეკუთვნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობების კატეგორიას, ამიტომ ამ ურთიერთობათა რეალიზაციის პროცესში გამოყენებულ ვადებსა და მათ გამოთვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლი.

მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹310 ბრძანების მე-5 მუხლით დაწესებული ვადის დენა იწყებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის ¹ 61 ბრძანების 1-ლი მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ – 2000 წლის 31 დეკემბერს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. ვადის ბოლო დღედ მიჩნეულია ის უკანასკნელი დღე, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია მოქმედების შესრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი დღე იყო 2001 წლის 3 იანვარი, რადგანაც 2000 წლის 31 დეკემბერი იყო კვირა, ხოლო 2001 წლის 1 და 2 იანვარი – სადღესასწაულო, უქმე დღეები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ოცდაათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2001 წლის 3 იანვარს და სს სკბ «ლ.-ის» მიერ საწესდებო კაპიტალის შევსებისათვის განკუთვნილი თანხის ჩარიცხვა განხორციელდა 2001 წლის 31 იანვარს, ანუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 30 დღის ვადაში.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 7 თებერვლის ¹ 8 განკარგულებით სს სკბ «ლ.-ს» საბანკო ლიცენზია გაუუქმდა უკანონოდ, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ზემოთ აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე დადგენილი ვადა არ იყო ამოწურული სს სკბ «ლ.-ის» მიერ ვალდებულების შესრულების მომენტისათვის.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 7 თებერვლის ¹ 8 განკარგულების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც სს სკბ «ლ.-ს» გაუუქმდა საბანკო ლიცენზია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს სკბ «ლ.-ის» სარჩელი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 7 თებერვლის ¹ 8 განკარგულება, შპს კბ «მ.-ისათვის», სს კბ «ე.-ისათვის», სს კბ «ლ.-ისა» და შპს კბ «ქ.-ისათვის» საბანკო ლიცენზიის გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც სს კბ «ლ.-ს» გაუუქმდა საბანკო ლიცენზია, ცნობილ იქნა ბათილად (არაკანონიერად) მისი მიღების მომენტიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის ¹ 61 ბრძანების შესაბამისად, კომერციულ ბანკებს მინიმალური საწესდებო კაპიტალი 5 მლნ. ლარამდე უნდა შეევსოთ 2000 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ანალოგიური მოთხოვნა დაფიქსირდა საქართველოს ეროვნული ბანკის იმავე დღის ¹ 62 ბრძანებით. კერძოდ, მისი მე-2 მუხლის თანახმად, მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობა ფულად ფორმაში განისაზღვრა 5 მლნ. ლარით 2001 წლის 1-ლი იანვრისათვის. საწესდებო კაპიტალის შეუვსებლობის გამო, კომერციულ ბანკებს დაერიცხებოდათ საჯარიმო სანქციები 30 დღის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლისთანავე, მათ უუქმდებოდათ საბანკო ლიცენზია, ე.ი. ნორმატიული აქტით ბანკს კიდევ 30 დღით გაუგრძელდა ვადა, ხოლო ვადის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ახალი ვადა გამოითვლება გასული ვადის დამთავრებიდან, ე.ი. კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ვადა დამთავრდა 2000 წლის 31 დეკემბერს, ხოლო ახალმა გაგრძელებულმა ვადამ დინება დაიწყო 2001 წლის 1 იანვარს. ამდენად, თუ საწესდებო კაპიტალის შევსების ზღვრული ვადა განისაზღვრა 30 იანვრის ჩათვლით, გაგრძელებული ვადის ათვლა ხდება ძირითადი (გასული) ვადის დამთავრებიდან და არა აქვს მნიშვნელობა იმას, ვადის გასვლის ბოლო დღე ემთხვეოდა თუ არა უქმე დღეს. ამასთან, ამავე ბრძანების მე-4 მუხლით ეროვნულ ბანკს იმპერატიულად დაევალა საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევა დამატებითი გაფრთხილების გარეშე, ე.ი. ვადის დარღვევით საწესდებო კაპიტალის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ვალდებული იყო და არა უფლებამოსილი, ჩამოერთმია საბანკო ლიცენზია კომერციული ბანკისათვის.

კასატორის განმარტებით, საწესდებო კაპიტალის შევსების ბოლო დღედ უნდა განსაზღვრულიყო 30 იანვარი, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 27 დეკემბრის ¹ 165 ბრძანებით, საბანკო სისტემაში დამკვიდრებული მრავალწლიანი პრაქტიკის შესაბამისად, 30 და 31 დეკემბერი როგორც წლის ბოლო, ეროვნული ბანკისათვის გამოცხადებულ იქნა სამუშაო დღეებად, რის თაობაზეც კომერციულ ბანკებს ეცნობათ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2001 წლის 27 დეკემბრის ¹ 60/26 წერილით.

საქართველოს ეროვნული ბანკი საკასაციო საჩივარში ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სს სკბ «ლ.-ის» სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

«საქართველოს მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ» საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლისის ¹ 61 ბრძანების 1-ლი მუხლის თანახმად, დადგინდა, რომ მოქმედი კომერციული ბანკებისათვის საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში განაღდებული მინიმალური ოდენობა 2000 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უნდა ყოფილიყო 5 მილიონი ლარი.

აღნიშნულ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები და დამატებები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹ 310 ბრძანებით და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის ¹ 61 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაწესებულ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომერციული ბანკები უნდა დაჯარიმებულიყვნენ საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის შესავსები თანხის 0,5%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა, ხოლო ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, ამ ბრძანებით დაწესებული ვადებიდან 30 დღის გასვლისთანავე, კომერციულ ბანკებს, რომლებიც ვერ უზრუნველყოფდნენ ფულად ფორმაში მინიმალური საწესდებო კაპაიტალის შევსებას დადგენილი ოდენობით, დამატებითი გაფრთხილების გარეშე, გაუუქმდებოდათ საბანკო ლიცენზია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹310 ბრძანებით, კონკრეტულ შემთხვევაში სს სკბ «ლ.-ს» კიდევ 30 დღით გაუგრძელდა ვადა და, ამრიგად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 125-ე მუხლი, რომლის თანახმად, ვადის გაგრძელების შემთხვევაში ახალი ვადა გამოითვლება გასული ვადის დამთავრებიდან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹ 310 ბრძანებით სს სკბ «ლ.-ს» 30 დღით არ გაგრძელებია ფულად ფორმაში მინიმალური საწესდებო კაპიტალის შევსების ვადა. ვადის გაგრძელება ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბრძანება არ გაითვალისწინებდა 30 დღის განმავლობაში ჯარიმას ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ, რადგანაც სს სკბ «ლ.-ს» 31 დეკემბერს დაუმთავრდა ვალდებულების შესრულების ვადა, ახალმა, გაგრძელებულმა ვადამ დინება დაიწყო 2001 წლის 1 იანვარს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, რადგანაც სს სკბ «ლ.-ისათვის» ვალდებულების შესრულების ბოლო დღე – 2000 წლის 31 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე – კვირა, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, 2000 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო მომდევნო სამუშაო დღე. ასეთი დღე იყო 2001 წლის 3 იანვარი, რადგანაც «საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2000 წლის 29 დეკემბრის კანონით საქართველოს შრომის კანონთა კოდექსს დაემატა 2472-ე მუხლი, რომლის თანახმად, 2001 წლის 2 იანვარი გამოცხადდა უქმე დღედ.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ, რადგანაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 27 დეკემბრის ¹ 165 ბრძანებით 30 და 31 დეკემბერი ეროვნული ბანკისათვის გამოცხადდა სამუშაო დღეებად, რის თაობაზეც კომერციულ ბანკებს ეცნობათ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2001 წლის 27 დეკემბრის ¹ 60/26 წერილით, ამიტომ სს სკბ «ლ.-ისათვის» ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა უნდა ყოფილიყო 2000 წლის 31 დეკემბერი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 27 დეკემბრის ¹ 165 ბრძანება ეხებოდა მხოლოდ ეროვნულ ბანკს და კომერციული ბანკი «ლ.-ი» არ იყო ვალდებული, გაეთვალისწინებინა აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნა, მაშინ,Mროდესაც მასზე იერარქიულად მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის – საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის თანახმად, 2000 წლის 31 დეკემბერი – კვირა დარჩა უქმე დღედ.

რადგანაც საქმის მასალებით დასტურდება და არც საქართველოს ეროვნული ბანკი უარყოფს, რომ სს სკბ «ლ.-ის» საწესდებო კაპიტალი 2001 წლის 31 იანვრისთვის შეადგენდა 5 მილიონ ლარს, ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს სკბ «ლ.-ს» არ გაუშვია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹ 310 ბრძანებით განსაზღვრული ვადა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 7 თებერვლის ¹8 განკარგულებით სს სკბ «ლ.-ისათვის» საბანკო ლიცენზიის გაუქმება უკანონოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.