Facebook Twitter

3გ/ად-106-კ-01 9 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 22 აგვისტოს შპს-ის «შ-2» დირექტორმა ბ. კ-ოვმა სარჩელი აღძრა დმანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე დმანისის რაიონის გამგეობის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1997 წლის 13 იანვარს მოიჯარე შპს «შ-2»-სა და მეიჯარე დმანისის რაიონის გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება 115 ჰა მიწის ნაკვეთის 10 წლის ვადით იჯარით გადაცემის შესახებ. 2000 წლის 20 აპრილს დმანისის რაიონის მიწების იჯარით გამცემი კომისიის სხდომის ¹35 ოქმით გადაწყდა, რომ შპს-ს «შ-2» 10 წლის ვადით დამატებით გადასცემოდა იჯარით 128 ჰა სათიბი, რაც, მოსარჩელის განმარტებით, დამტკიცდა დმანისის რაიონის გამგეობის ¹61 დადგენილებით და შესწორება შევიდა 1997 წლის 13 იანვრის იჯარის ხელშეკრულებაში.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იჯარის ხელშეკრულებით სულ გადაეცა 423 ჰა სათიბი.

საიჯარო ხელშეკრულებაში შესწორების შეტანიდან ორი თვის შემდეგ, 2000 წლის 4 ივლისს დმანისის რაიონის გამგეობამ გამოიტანა ¹98 დადგენილება, რომლითაც შპს-ს «შ-2» ჩამოერთვა დამატებით გამოყოფილი 128 ჰა მიწის ნაკვეთი იმ საფუძვლით, რომ მოიჯარე არ აწარმოებდა მეცხოველეობის პროდუქციას.

მოსარჩელე სარჩელში განმარტავდა, რომ დმანისის რაიონის გამგეობას უფლება არ ჰქონდა, მიეღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საიჯარო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შესახებ, რადგანაც აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიწის იჯარით გამცემი კომისიის პრეროგატივა იყო. გარდა ამისა, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მას არ დაურღვევია სამოქალაქო კოდექსის 557-ე და 558-ე მუხლების მოთხოვნები.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა დმანისის რაიონის გამგეობის 2000 წლის 4 ივლისის ¹98 დადგენილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის დაკისრება 2500 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელისათვის 25 ტონა თივის დაკარგვით მიყენებული ზარალის ღირებულება იყო.

დმანისის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დმანისის რაიონის გამგეობამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მესამე პირებად ჩაებნენ დმანისის რაიონის მიწის იჯარით გამცემი კომისია და ფიზიკური პირი ჯ. მ-ოვი.

სააპელაციო პალატამ 2001 წლის 24 აპრილს განიხილა დმანისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა დმანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება. შპს-ის «შ-2» დირექტორ ბ. კ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი დმანისის რაიონის გამგეობის 2000 წლის 4 ივლისის ¹98 დადგენილება. დმანისის რაიონის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ 2500 ლარის ნაცვლად დაეკისრა 2380 ლარი.

საკასაციო საჩივარში დმანისის რაიონის გამგეობა აღნიშნავს, რომ საიჯარო ხელშეკრულება 128 ჰა მიწის ნაკვეთზე დმანისის რაიონის გამგეობასა და შპს-ს «შ-2» შორის არ დადებულა. რამედ 1997 წლის 13 იანვარს დადებულ საიჯარო ხელშეკრულებაში არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა შესწორება, კერძოდ, საიჯარო ხელშეკრულებაში ციფრი «115» მექანიკურად ამოიშალა და მის ნაცვლად ჩაიწერა ციფრი «243», რაზეც ხელი მოაწერა და ბეჭედი დაუსვა პირმა, რომელსაც ამის უფლებამოსილება დმანისის რაიონის გამგეობის მიერ მინიჭებული არ ჰქონდა.

გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, ჩასწორება შეტანილია 1997 წლის 13 იანვარს გაფორმებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებაში, რომლის ფორმაც დამტკიცებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1996 წლის 6 აგვისტოს ¹2-202 ბრძანებით. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 20 აგვისტოს ¹2-372 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების ახალი ფორმა, ვინაიდან ამოქმედდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997წ.). თუ დმანისის რაიონის გამგეობასა და შპს-ს «შ-2» შორის დაიდებოდა ახალი ხელშეკრულება 128 ჰა სათიბის დამატებით იჯარით გადაცემაზე შპს «შ-2»-თვის, იგი უნდა გაფორმებულიყო ახალი ფორმის შესაბამისად.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმაზე, რომ სადავო 128 ჰა სათიბი კონკურსის წესით, იჯარით გადაეცა ახალ მოიჯარე ჯ. მ-ოვს, რომელიც არის კეთილსინდისიერი მოიჯარე. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა შპს «შ-2»-საც, მაგრამ მას კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილშიც არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო 128 ჰა სათიბი შპს-ის «შ-2» მფლობელობაში არასოდეს ყოფილა და მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები არ განსაზღვრულა. ამდენად, მეიჯარის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია, რადგანაც სადავო 128 ჰა მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულება სათანადო წესით არ გაფორმებულა.

კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა სარჩელზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა და მესამე პირის განმარტებებს, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1997 წლის 13 იანვარს დმანისის რაიონის გამგეობასა და შპს-ს «შ-2» შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ათწლიანი ხელეკრულება 115 ჰა სათიბ მიწის ნაკვეთზე.

დმანისის რაიონის გამგეობის 2000 წლის 25 აპრილის ¹61 დადგენილებით დამტკიცდა სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარის შესახებ განცხადებების განმხილველი რაიონული კომისიის სხდომის 2000 წლის 20 აპრილის ¹35 ოქმი და შპს-ს «შ-2» დამატებით, იჯარით, 10 წლის ვადით გამოეყო 128 ჰა სათიბი მიწის ნაკვეთი, მაგრამ მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. 1997 წლის 13 იანვარს დადებული იჯარის ხელშეკრულებაში საიჯარო მიწის ფართობის აღმნიშვნელი ციფრი «115» ამოიშალა და მის ნაცვლად ჩაიწერა ციფრი «243», რაც დადასტურდა იმ პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, რომელსაც არ ჰქონდა მეიჯარის _ დმანისის რაიონის გამგეობის _ უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ დმანისის რაიონის გამგეობის 2000 წლის 25 აპრილის ¹61 დადგენილების მიუხედავად, დმანისის რაიონის გამგეობასა და შპს-ს «შ-2» შორის იჯარის ხელშეკრულება 128 ჰა სათიბ მიწის ნაკვეთზე არ დადებულა. ის ფაქტი, რომ 1997 წლის 13 იანვრის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებაში დმანისის რაიონის გამგეობისაგან არაუფლებამოსილი პირის მიერ 115 ჰა-ის ნაცვლად ჩაიწერა 243 ჰა, არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება.

საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან ირკვევა, რომ 128 ჰა სადავო მიწის ნაკვეთი შპს-ის «შ-2» მფლობელობაში არასოდეს ყოფილა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულება სადავო მიწის ნაკვეთზე არც წერილობითი ფორმით და არც ზეპირად არ დადებულა.

სამოქალაქო კოდექსის 593-ე მუხლის თანახმად კი, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, ხოლო თუ ეს ფორმა არ არის დაცული, მაშინ ივარაუდება, რომ ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. ე.ი. სამოქალაქო კოდექსი უშვებს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების როგორც წერილობით ისე ზეპირ ფორმას, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში დმანისის რაიონის გამგეობასა და შპს-ს «შ-2» შორის არც წერილობითი და არც ზეპირი ფორმით სადავო მიწის ნაკვეთხზე იჯარის ხელშეკრულება საბოლოოდ არ დადებულა. ამდენად, მოსარჩელის მიერ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაც საფუძველს მოკლებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჭირო არ იყო დმანისის რაიონის გამგეობას 2000 წლის 4 ივლისს გამოეტანა ¹90 დადგენილება, რომლითაც შპს-ს «შ-2» გაუუქმდებოდა მიწის იჯარის არდადებული ხელშეკრულება სადავო 128 ჰა მიწის ნაკვეთზე. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოთ აღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

გარდა ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მესამე პირმა ჯ. მ-ოვმა სადავო 128 ჰა მიწის ნაკვეთი კანონის სრული დაცვით, იჯარით მიიღო კონკურსში გამარჯვების შემდეგ და იგი არის კეთილსინდისიერი მოიჯარე.

ვინაიდან საქმის გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თავად უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

დაკმაყოფილდეს დმანისის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის გადლაწყვეტილება და გამოტანილი იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

შპს-ის «შ-2» სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

შპს-ს «შ-2» დაეკისროს სხელმწიფო ბაჟი 95 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.