Facebook Twitter

3გ/ად-108-კ 30 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსათვის ე. ჩ-ძის სასარგებლოდ 58372 აშშ დოლარის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 23 ივლისს მოსარჩელე ე. ჩ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ, მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მაღაზია «...-ი», მდებარე ... ქ. თბილისში, საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხებოდა. 1996 წლის აგვისტოში მოსარჩელემ, კონკურსის წესით, აღნიშნული მაღაზიის ძირითადი საშუალებების (აქტიური ნაწილის) პრივატიზაცია მოახდინა, ხოლო არასაცხოვრებელ 164 კვ.მ. ფართზე 10 წლით იჯარის უფლება მიიღო ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსაგან. 1998 წლის 26 ნოემბერს თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლომ განიხილა შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის სარჩელი მის მიმართ და სასამართლოს გადაწყვეტილებით ინდივიდუალური მეწარმე «ე. ჩ-ძე» გამოსახლებული იქნა სადავო ფართიდან.

მოსარჩელის გამარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოთა უკანონო მოქმედებით შეილახა მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები. მან განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ მაღაზიის აღდგენაზე გაწეული ხარჯების გაწევასა და მიუღებულ მოგებაში, რისთვისაც ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსაგან 58372 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.

მოპასუხე ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ფართზე მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მოსარჩელემ თვითნებურად აღადგინა აღნიშნული მაღაზია და მოპასუხე არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ განიხილა ე. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი და დადგენილად ცნო, რომ ქ. თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 1996 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აპელანტ ე. ჩ-ძეზე გაფორმდა ქ. თბილისში, ... მდებარე მაღაზიის ძირითად საშუალებებზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹.... აღნიშნული ხელშეკრულებით აპელანტმა შეიძინა მხოლოდ მაღაზიის ძირითადი საშუალებები, კერძოდ, 107 აშშ დოლარად შეფასებული კარადა-მაცივრები და სალაროს აპარატი, რაც შეეხება მაღაზიის ფართს, იგი წარმოადგენდა სამოქალაქო თავდაცვის ობიექტს, რომლის პრივატიზებაც არ ყოფილა გათვალისწინებული პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით. ის, რომ აპელანტ ე. ჩ-ძესთან არასაცხოვრებელ ფართზე დადებული არ ყოფილა საიჯარო ხელშეკრულება, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია იმითაც, რომ შესრულებული არ ყოფილა იმჟამად მოქმედი «ქ. თბილისში მუნიციპალური საკუთრების შენობა-ნაგებობებში არასაცხოვრებელი ფართობის იჯარით და იჯარის უფლებით აუქციონის (კონკურსის) წესით გაცემის შესახებ» დებულების დამტკიცების თაობაზე» ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993 წლის 27 მარტის ¹01.03.03 გადაწყვეტილებით დადგენილი პროცედურები, კერძოდ, არ მომხდარა ფართზე იჯარის უფლების ყიდვა, გადახდილი არ ყოფილა თანხა და სხვ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ე. ჩ-ძე და საკასაციო წესით გაასაჩივრა იგი. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ე. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 16 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ე. ჩ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ცალმხრივად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს საკონკურსო კომისიის 1996 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ჩ-ძეზე გაფორმდა ქ. თბილისში, ... მდებარე ¹... მაღაზიის ძირითად საშუალებებზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რაზეც გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹.... ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია, ე. ჩ-ძემ, აღნიშნული ხელშეკრულებით, მხოლოდ მაღაზიის ძირითადი საშუალებები შეიძინა და მაღაზიის ფართზე იჯარის უფლება იმ წესით, რასაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, არ შეუძენია, მაგრამ ე. ჩ-ძეს ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს ნებართვის გარეშე სადავო ფართი არ დაუკავებია და იგი არაკეთილსინდისიერ მფლობელად ვერ ჩაითვლება, მითუმეტეს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, (ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები), ე. ჩ-ძეს «ორი წლით უნდა შეენარჩუნებინა პროფილი, უზრუნველეყო მოსახლეობა ნორმირებული პროდუქტების განაწილებით, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია და უზრუნველეყო ეკოლოგიური გარემოს დაცვა», რაც მხოლოდ აღნიშნული ობიექტის გაუმჯობესებით შეიძლებოდა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას, სადავო ობიექტი ნახევრად დანგრეული იყო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადება და 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც «არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს, რაც მან ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს გაიღო და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით». ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელმეორედ განხილვისას უნდა იმსჯელოს თუ ვინ არის უფლებამოსილი პირი, ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველო თუ საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი, რომელიც ყველა შემთხვევაში მესამე პირად უნდ იქნეს ჩაბმული საქმეში.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიიჩნევს, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე კარის მესამე თავის წესები უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 16 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე პალატას დაუბრუნდეს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.