Facebook Twitter

3/ად-109-კ-01 30 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სოფ. ... საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ძალადაკარგულად ცნობა; პირველი კატეგორიის კომლის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 25 ოქტომბერს კასატორმა ა. ჩ-ავამ სარჩელი აღძრა ზუგდიდის სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მ. ხ-უას მიმართ და 200 კგ. თხილის ნატურით ანაზღაურება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სადავო თხილი მოკრეფილია მისი კუთვნილი ნაკვეთიდან. მოპასუხე მ. ხ-უამ აღიარა, რომ გაიტანა 60 კგ თხილი სადავო ნაკვეთიდან.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1991 წლიდან სოფ. ... აყვანილი იყო კომლად, განესაზღვრა მეორე კატეგორია და ეკუთვნოდა 0,6 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. 1991 წელს კანონიერად მიეზომა 0,25 ჰა მიწა, აქედან 850 მ2 სადავო თხილნარი და 0.6ჰა-მდე შესავსებად მოსარჩელეზე 1996 წლის 20 მარტიდან შედგენილია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც სოფლის გამგებლის მიერ ხელმოუწერელია (არ არის დადასტურებული), ვინაიდან სადავო ნაკვეთს უსაფუძვლოდ არ თმობდა მოპასუხე ვ. ხ-უა. ... თემის საკრებულოს 2000 წლის 23 მაისის სხდომამ მიიღო გადაწყვეტილების სამეგრელოს ცნობილი მოვლენების დროს განადგურებული ... თემის საკრებულოს 1991 წლის სხდომის გადაწყვეტილება აღდგენისა და კანონიერად ცნობის შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. ზუგდიდის მცხოვრები მოსარჩელის – ა. ჩ-ავას განცხადება სოფ. ... კომლად აყვანის თაობაზე. სასამართლომ, ასევე, დადგენილად ცნო, რომ მოპასუხის მამის ვ. ხ-უას კომლს მიკუთვნებული აქვს პირველი კატეგორია, გამოეყო 1 ჰა მიწის ნაკვეთი, ფაქტობრივად კი ფლობს 1,9 ჰა, ხოლო მოპასუხე მ. ხ-უა გამოყოფილია მამის კომლიდან, როგორც პედაგოგის კომლს მიეკუთვნა I კატეგორია და მიეზომა 1 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ჩ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ხ-უას დაეკისრა მოსარჩელეს სასარგებლოდ 60კგ. თხილის ნატურით გადახდა, ხოლო სოფ. ... გამგეობას (გამგებელ ა. დ-იანს) დაევალა ა. ჩ-ავაზე შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-უამ და მისი მთლიანად გაუქმება მოითხოვა უკანონობის მოტივით, ხოლო შეგებებული სარჩელით მოითხოვა ა. ჩ-ავას კომლად აყვანაზე, 1991 წლის სხდომის ოქმის აღდგენილად და კანონიერად ჩათვლის თაობაზე სოფ. ... თემის საკრებულოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. ხ-უას სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სარჩელი, გააუქმა ზუგდიდის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი სოფ. ... თემის საკრებულოს 2000 წლის 23 მაისის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ა. ჩ-ავას კომლად აყვანის შესახებ სოფ. ... საკრებულოს 1991 წლის ოქმის აღდგენისა და კანონიერად ჩათვლის თაობაზე; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ა. ჩ-ავაზე 1996 წლის 20 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო ა. ჩ-ავას შეგებებული სააპელაციო საჩივარი მ. ხ-უას პირველი კატეგორიის კომლის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ავამ, რომელიც მის გაუქმებას ითხოვს და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო სასამართლომ მ. ხ-უას სააპელაციო საჩივარი მიიღო და განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის დარღვევით, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივარი დასაშვებია თუ საჩივრის თანხაა 500 ლარი, კონკრეტულ შემთხვევაში კი დავის საგანია 60 კგ. თხილი, რომლის საბაზრო ღირებულებაც არ აღემატება 150 ლარს;

2. სასამართლოს სხდომებს თავმჯდომარეობდა რ.ს.-ე, რომელიც არის საგამოძიებო კოლეგიის წევრი;

3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით მ. ხ-უას შეგებებული სარჩელი დაუშვებელი იყო, ვინაიდან სოფ. ... საკრებულოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება ა. ჩ-ავას კომლად აყვანის შესახებ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მ. ხ-უას კანონიერ უფლებებს და არ ზღუდავს მის ინტერესებს; ამასთან აღნიშნული შეგებებული სარჩელი მ. ხ-უამ დააყენა საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის მიღებაზეც სასამართლომ თ.ს.-ის თავმჯდომარეობით უარი უთხრა, მაგრამ ამ სასამართლოს შემადგენლობას საქმე ჩამოერთვა და გადაეცა სხვა შემადგენლობას, რომელმაც მიიღო მ. ხ-უას შეგებებული სარჩელი ა. ჩ-ავას კომლის გაუქმების შესახებ. შეგებებულ სარჩელში მ. ხ-უა უთითებდა ახალ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე, რომლის მოყვანა მას პირველი ინსტანციის სასამართლოშიც შეეძლო, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი;

4. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის უხეში დარღვევით. რ. ს.-ის თავმჯდომარეობით ჩატარდა ხუთი სხდომა, 30-40 წუთიანი ხანგრძლივობით, საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მ.ს.-ე, მ.ი.-ი, ო.შ.-ა, მ.მ.-ე, ა.შ.-ა, ფ.ბ.-ა, დ.თ.-ე, ა.გ.-ა. სასამართლო შემადგენლობის ხშირი ცვლილების გამო, ვერც ერთი შემადგენლობა ბოლომდე ვერ გაეცნო საქმეს, ვერ ჩაწვდა დავის არსს, ობიექტურად ვერ გაერკვა საქმის ფაქტობრივ გარემოებებში, რის შედეგადაც სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი იქნა ტენდენციური და არაობიექტური გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო პალატის ბოლო სასამართლო სხდომა ჩატარდა 2001 წლის 8 მაისს, ვინაიდან კოლეგიის წევრები არ იყვნენ საქმეს გაცნობილნი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც კი არ გამოქვეყნებულა იმავე დღეს. საქმეში არსებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კი დათარიღებულია 2001 წლის 10 მაისს, მხარეთათვის მისი გამოცხადება არ მომხდარა, გადაწყვეტილების შესახებ კასატორისათვის ცნობილი გახდა 12 მაისს.

მოწინააღმდეგე მხარე მ. ხ-უას წარმომადგენელი საკასაციო საჩივარს არ ცნობს, მიუთითებს რომ სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, გადაწყვეტილება კანონიერია, ითხოვს მის უცვლელად დატოვებას და უსაფუძვლობის მოტივით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ხოლო ზუგდიდის მიწის მართვის სასამართლომ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელი, მიუხედავად საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სასამართლო პროცესზე მოწვევისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა, თუმცა მათ მიერ გამოგზავნილ იქნა ა. ჩ-ავას საკასაციო საჩივართან დაკავშირებული მათი პოზიცია და სასამართლომ საკასაციო საჩივარი განიხილა ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელთა გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ავას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქმეში არსებული სასამართლო აქტებისა (განჩინებების) და სხდომის ოქმების მიხედვით უტყუარად დასტურდება საკასაციო საჩივარში მითითებული, სასამართლოს შემადგენლობის სისტემატური ცვლა. სახელდობრ, მ. ხ-უას სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარმოებაში იქნა მიღებული სააპელაციო პალატის შემდეგი შემადგენლობის მიერ: თავმჯდორმარე თ.ს.-ე (მომხსენებელი), წევრები ფ.ბ.-ა, ა.შ.; პირველი მთავარი სხდომა მოწვეული იქნა 2000 წლის 8 დეკემბერს, რომელსაც თავმჯდომარეობდა თ.ს.-ე, წევრები; ფ.ბ.-ა, მ.ს.-ი, კოლეგიამ მხარეთა და აპელანტის ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ გადაწყვეტა ადგილის დათვალიერება, რის დროსაც, 2000 წლის 20 დეკემბერს მოსამართლე მ.ს.-ი შეიცვალა ა.შ.-თი, ხოლო სასამართლო სხდომა სხვა დროისათვის გადაიდო საქმეში მოპასუხედ სოფ. ... გამგებლის ჩართვასთან დაკავშირებით. 2001 წლის 5 იანვარს საქმე განსახილველად გადაეწერა მოსამართლე ფ.ბ.-ას, წევრები მ.მ.-ე, ა.შ.-, ხოლო 2001 წლის 7 თებერვალს, მოსამართლე ფ.ბ.-ას მივლინებაში წასვლის გამო, საქმე განსახილველად გადაეწერა რ.ს.-ეს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის 2001 წლის 27 თებერვლის განკარგულებით მ. ხ-უას სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებარა სააპელაციო პალატას შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდორმარე რ.ს.-ე (მომხსენებელი), წევრები: მ.ი.-ი, მ.ს.-ე, სააპელაციო პალატამ აღნიშნული შემადგენლობით საქმის განხილვა დაიწყო 2001 წლის 27 თებერვალს მთავარ სხდომაზე, რომელიც მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმე ჯ. ე-იას მოსმენის შემდეგ გადაიდო 9 მარტს. საქმის განხილვა განახლდა 9 მარტს და სასამართლო შემადგენლობაში მოხდა ცვლილება, მ.ი.-ისა და მ.ს.-ის ნაცვლად რ.ს.-ესთან ერთად პროცესში მონაწილეობდა ო.შ.-ა და მ.მ.-ე, ხოლო სააპელაციო საჩივრის განხილვა გადაიდო საქმეში მასამე პირად ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოს ჩაბმასთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომა განახლდა 23 მარტს, ასევე განახლებული სასამართლო შემადგენლობით, ო.შ.-სა და მ.მ.-ის ნაცვლად საქმეში ჩაერთო ა.შ.-ა და ფ.ბ.-ა. მესამე პირისა და სპეციალისტის, ასევე მოპასუხე სოფ. ... საკრებულოს თავმჯდომარისა და მესამე პირის – ზუგდიდის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლის საპაექრო სიტყვის მოსმენის შემდეგ 23 მარტის სასამართლო სხდომა გადაიდო. სასამართლოს მთავარი სხდომა განახლდა 8 მაისს და მოსამართლენი ა.შ.-ა და ფ.ბ.-ა კვლავ შეიცვალნენ სხვა მოსამართლეებით – ლ.თ.-ითა და ა.გ.-ათი, რომლებმაც მ. ხ-უასა და ა. ჩ-ავას საპაექრო სიტყვის მოსმენის შემდეგ დაასრულეს საქმის განხილვა და გამოიტანეს გადაწყვეტილება.

სხდომის ოქმების მიხედვით ირკვევა, რომ სასამართლოს თავმჯდომარე რ.ს.-ე აცნობდა მხარეებს სასამართლო შემადგენლობაში მომხდარი ცვლილების შესახებ და სასამართლო შემადგენლობის აცილების უფლებასაც განუმარტავდა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლისა, მაგრამ საქმის განხილვა სასამართლოს შეცვლილი შემადგენლობის მიერ თავიდან არ იწყებოდა და პროცესი გრძელდებოდა. ვინაიდან ყოველ სასამართლო სხდომაზე კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობიდან სამი მოსამართლიდან თავმჯდომარის რ.ს.-ის გარდა, ორ-ორი მოსამართლე სისტემატურად იცვლებოდა და საქმის განხილვა გრძელდებოდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოში ფაქტობრივად საქმის განხილვა არ მომხდარა კანონით გათვალისწინებული კოლეგიური სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ, რითაც დაირღვა «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული წესი საოლქო სასამართლოს კოლეგიების მიერ საქმის კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით განხილვის შესახებ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კოლეგიური სასამართლოს მიერ ფაქტობრივად ერთი მოსამართლის შემადგენლობით საქმის განხილვა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, ვინაიდან საქმე განხილულია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის, ნაცვლად სამი მოსამართლისა, ერთი მოსამართლის მიერ.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის უგულვებელყოფით, რომლის თანახმადაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამიტომ იგი აფასებს მტკიცებულებას შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ 105-ე მუხლის მოთხოვნებს და მათ მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებანი და გამოკვლეული მტკიცებულებები არ შეიძლება, ჩაითვალოს კანონიერად, რადგან თავმჯდომარის რ.ს.-ის გარდა სასამართლოს შემადგენლობიდან ორ-ორი მოსამართლე ყოველ პროცესზე იცვლებოდა, ხოლო გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეები ლ.თ.-ე და ა.გ.-ა პროცესში ჩაერთვნენ საქმის განხილვის ბოლო სტადიაზე, აპელანტ მ. ხ-უასა და მოწინააღმდეგე მხარის ა. ჩ-ავას პაექრობისას (მხარეებს რეპლიკით არ უსარგებლიათ), თავიდანვე ისინი არ მონაწილეობდნენ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვაში, სრულად არ მოუსმენიათ მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოწმეთა ჩვენებანი, არ გამოუკვლევიათ მტკიცებულებანი, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, ვინაიდან რეალურად არც მომხდარა საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე, 105-ე და 394-ე მუხლის «ა» პუნქტის დარღვევით გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და არსებითად განსახილველად საქმე უნდა დაუბრუნდეს იგივე სასამართლოს.

2. საკასაციო საჩივრის დანარჩენ მოტივებს, საკასაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო. კერძოდ, მ. ხ-უას სააპელაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის დარღვევით წარმოებაში მიღებაზე კასატორის მითითება უმართებულოა, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულად წარმოებაში არ გამოიყენა მითითებული 365-ე მუხლი და სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მიუხედავად სარჩელის ფასისა.

3. ქუთაისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის წევრის რ.ს.-ის თავმჯდომარეობით აღნიშნული ადმინისტრაციული დავის განხილვა კანონის დარღვევას არ წარმოადგენს და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: «აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელებაში შეფერხების თავიდან ასაცილებლად, საოლქო სასამართლოს მოსამართლეს შეიძლება დაევალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში». კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლე რ.ს.-ე საქმის განხილვაში მონაწილეობდა და სასამართლო სხდომებს თავმჯდომარეობდა «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-20 მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე და რაიმე პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია:

4. გადაწყვეტილების კანონის დარღვევით გამოცხადების შესახებ კასატორის მოსაზრებას, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ვინაიდან 2001 წლის 8 მაისს სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, გადაწყვეტილების გამოცხადება სასამართლოს მიერ გადაიდო 10 მაისს და გადაწყვეტილებაც სწორედ 10 მაისს გამოცხადდა, რასაც კასატორი არ დასწრებია, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, მითითებული საპროცესო დარღვევას ადგილი არ ჰქონია და კასაცია ამ ნაწილში უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჩ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.