3გ/ად-110-კ 16 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: სახელმწიფო ქონების მართვის ქ. რუსთავის სამმართველოს 1999 წლის 17 დეკემბრის ¹204 ბრძანების, ქალაქ რუსთავის პროკურორის პროტესტის და საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა; დოკუმენტების სიყალბის დადგენა; შპს «ნ.-ს» ცნობა ¹110 მაღაზიის უკანონო მფლობელად; ¹110 მაღაზიაზე საკუთრების უფლების აღდგენა; 5200 აშშ დოლარის შპს «ნ.-ზე» დაკისრება; ქ. რუსთავის სასამართლოს მიერ სამეწარმეო რეესტრში 1999 წლის აგვისტოში განხორციელებული შპს «ნ.-ს» ცვლილების რეგისტრაციის უკანონოდ ცნობა; ნ. მ-ძეს, ასევე, შპს «ნ.-ს» და შპს «ს.-ს» შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და თანამდებობის პირთა ბრალეული ქმედების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის _ 73500 აშშ დოლარის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ფ-იამ 1999 წლის 29 ივლისს სასარჩელო განცხადებით ხელმეორედ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც მოპასუხეებად დასახელებულ იქნენ ქ. რუსთავის ქონების მართვის სამმართველო, შპს «ნ.-ა», ქ. რუსთავის პროკურატურა, ყოფილი საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი გ. ფ-ძე და ქვემო ქართლის მაშველთა რაზმის ყოფილი იურისტი თ. პ-შვილი.
მოსარჩელე სახელმწიფო ქონების მართვის ქ. რუსთავის სამმართველოს 1995 წლის 17 დეკემბრის ¹204 ბრძანების, ქ. რუსთავის პროკურორის პროტესტის და საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას, დოკუმენტების სიყალბის დადგენას; შპს «ნ.-ს» ¹... მაღაზიის უკანონო მფლობელად ცნობას; ქ. რუსთავში, ... მდებარე ვაჭრობის სამმართველოს ყოფილ ¹... მაღაზიაზე საკუთრების უფლების აღდგენას; 5200 აშშ დოლარის შპს «ნ.-ზე» დაკისრებას და თანამდებობის პირთა ბრალეული ქმედების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის _ 73500 აშშ დოლარის ანაზღაურებას მოითხოვდა.
ქ. რუსთავის პროკურატურის პროტესტის საფუძველზე, ქ. რუსთავის ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 1995 წლის 17 დეკემბრის ¹204 ბრძანებით გაუქმდა ამავე სამმართველოს ¹129 ბრძანება, რომელიც უფლებას აძლევდა ამხანაგობას შეესყიდა ვაჭრობის სამმართველოს ¹... მაღაზია. ამავე პერიოდში, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პროკურატურის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 1995 წლის 23 აგვისტოს ¹97-ე ხელშეკრულება ქ. რუსთავის ქონების მართვის სამმართველოს მიერ ქ. რუსთავის ვაჭრობის სამმართველოს ¹...-ე მაღაზიის შრომითი კოლექტივისათვის პირდაპირი წესით მიყიდვის თაობაზე, რომელშიც 32% ფლობდა მოსარჩელე.
მოსარჩელის განმარტებით, პროკურორის პროტესტი, ამ პროტესტის საფუძველზე ქონების მართვის სამმართველოს მიერ მიღებული 1995 წლის 17 დეკემბრის ¹204 ბრძანება, პროკურატურის სარჩელი, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, ქ. რუსთავის ქონების მართვის სამმართველოს ბრძანება ¹... მაღაზიის ხელმეორედ გაყიდვის შესახებ, არის კანონსაწინააღმდეგო, რითაც მას მიადგა ზიანი 73500 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან მას ზიანი თანამდებობის პირთა ბრალეული მოქმედებით მიადგა, იგი სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს.
მოსარჩელე, ასევე, მიუთითებდა, რომ 1996 წლის თებერვალში შპს «ნ.-მ» მიითვისა ქ. რუსთავში ¹... მაღაზიაში განთავსებული მისი ქონება, სულ 5200 აშშ დოლარის ღირებულების, რის გამოც, აღნიშნული თანხის შპს «ნ.-სათვის» დაკისრებას მოითხოვდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ფ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს «ნ.-ს», მოსარჩელის სასარგებლოდ, 5200 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; ხოლო რ. ფ-იას სარჩელი _ საკუთრების უფლების აღდგენისა და სახელმწიფოს მიერ მის სასარგებლოდ 73500 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 3 675 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ ყადაღა მოეხსნა სადავო ¹110 მაღაზიას.
მოსარჩელე რ. ფ-იამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუგებარია, თუ რა ბედი ეწია მის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დავის საგანი გაზარდა და ქ. რუსთავის სასამართლოს მიერ სამეწარმეო რეესტრში 1999 წლის აგვისტოში განხორციელებული შპს «ნ.-ს» ცვლილებების რეგისტრაციის უკანონოდ ცნობა, აგრეთვე, ნ. მ-ძეს, ასევე, შპს «ნ.-სა»და შპს «ს.-ს» შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იყო შესული, ამდენად, ყადაღა სადავო ქონებაზე მოხსნილად ვერ ჩაითვლებოდა, რის გამოც არც სასამართლოს შეეძლო მიეღო შპს «ნ.-ს» ცვლილებების რეგისტრაციის დადგენილება სადავო ქონებაზე და არც ყადაღადადებული ქონების გასხვისება დაიშვებოდა, მითუმეტეს, რომ აღნიშნული დავის შესახებ, რომან ფულარიას განმარტებით, მის მიერ დროულად ეცნობა შპს «ს.-ს». თავის დაცვის მიზნით მან სადავო ობიექტზე ყადაღის ხელმეორედ დადება მოითხოვა, თუმცა უკანონობა მანამდე განხორციელდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 13 აპრილის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცა, რომელმაც 2000 წლის 17 აგვისტოს განჩინებით დააკმაყოფილა რ. ფ-იას განცხადება და განმეორებით ყადაღა დაადო ქ. რუსთავში, ... მდებარე ¹110 მაღაზიას. ამავე პალატამ 2001 წლის 23 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად შპს «ს.-ა» ჩააბა. საბოლოოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 11 მაისის გაჩინებით რ. ფ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე რ. ფ-იამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების დარღვევით მიიღო, რადგან სასამართლომ სრულად არ განიხილა მისი სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც ჰქონდა მითითებული. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ იმსჯელა სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველოს მიერ 1995 წელში მიღებულ ¹204 ბრძანების კანონიერებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო ყველა შემდგომ მიღებულ ადმინისტრაციულ ორგანოთა უკანონო გადაწყვეტილებას. ასევე, არ იმსჯელა შპს «ნ.-ს», ასევე, ნ. მ-ძესა და შპს «ს.-ს» შორის ყადაღადადებულ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების კანონიერებაზე.
კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ რ. ფ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 11 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ რ. ფ-იას სააპელაციო საჩივარი განიხილა საპროცესო ნორმების დარღვევით, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები. სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლომ არ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით, არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ განიხილა რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ჩანს, თუ როგორ გადაწყვიტა სასამართლომ სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველოს 1995 წლის 17 დეკემბრის ¹204 ბრძანების უკანონოდ ცნობის; ქ. რუსთავში, ... მდებარე სადავო ¹110 მაღაზიის შპს «ნ.-ს» მიერ უკანონოდ ფლობის; შპს «ნ.-ს» კანონდარღვევით შექმნილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნები, რომელთა შესახებ მოსარჩელე სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ გაზარდა დავის საგანი. მან ქ. რუსთავის სასამართლოს მიერ სამეწარმეო რეესტრში 1999 წლის აგვისტოში განხორციელებული შპს «ნ.-ს» ცვლილებების რეგისტრაციის უკანონოდ ცნობა და შპს «ნ.-ს», ასევე, ნ. მ-ძესა და შპს «ს.-ს» შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვა. საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ყადაღადადებული სადავო ქონების გასხვისება არ შეიძლება მომხდარიყო, მითუმეტეს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იყო შესული, ხოლო სასამართლოს ყადაღის მოხსნის ნაწილში დაუყოვნებლივი აღსრულება არ დაუდგენია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რადგან საქმეში არ არის სასამართლოს მიერ მიღებული არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს დავის საგნის გაზრდაზე, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის ეს მოთხოვნებიც უნდა განეხილა, ვინაიდან სასამართლომ ფაქტიურად დასაშვები გახადა მოსარჩელის მიერ დავის საგნის გაზრდა სააპელაციო სასამართლოში. საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნები უნდა განიხილოს.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, თვლის, რომ უნდა დაკმაყოფილდეს რ. ფ-იას შუამდგომლობა და მისი მძიმე ოჯახური ყოფისა და შეჭირვებული ქონებრივი მდგომარეობის გამო, იგი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ რ. ფ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 11 მაისის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კასატორი რ. ფ-ია გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.