Facebook Twitter

¹ 3გ/ად-113-კ-01 20 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: აქტის ბათილად ცნობა; მშენებლობის მოშლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 9 აგვისტოს ქ. თბილისში, ... მცხოვრებმა რ. გ-იამ, ნ. ჭ-იამ, თ. ბ-ძემ, მ. გ-ავამ და კიდევ შვიდმა მობინადრემ სარჩელი აღძრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობისა და მესამე პირის _ ინდივიდუალური მეწარმე «რ. შ.-ს» _ მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სადარბაზოში განთავსებულ ბინებზე ლოჯიების მიშენების შედეგად წარმოქმნილი ფართი, საიდანაც სარდაფში ჩასასვლელი კარი და კიბეა, უკანონოდ მიითვისა ინდივიდუალურმა მეწარმე «რ. შ.-მ». მოსარჩელეთა განმარტებით მან შპს «ყ»-ისგან შეისყიდა აღნიშნული ფართი. შემდგომში მობინადრეთა თანხმობის გარეშე აწარმოა მშენებლობა, გამოანგრია სახლის საყრდენი კედელი და კუსტარულად დააგო ხის იატაკი, რამაც გამოიწვია სარდაფში ჩასასვლელი კიბის ჩაბნელება, აგრეთვე, ვენტილაციის მოშლა. სარჩელში მითითებულია, რომ ინდ. მეწარმე «რ. შ.-მ» მობინადრეებს წარუდგინა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1999 წლის 6 ივლისის ¹272 განკარგულება, რომლის თანახმად ინდ. მეწარმე «რ. შ.-ს» ნება დაერთო ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის მესამე სადარბაზოს პირველ სართულზე განთავსებული, მის მიერ პრივატიზებული ფართის გაგრძელებაზე, ეზოს მხრიდან ლოჯიების მიშენების შედეგად წარმოქმნილი ფართის (18,5 კვ.მ.) დამხმარე სათავსად გამოყენებასა და სადარბაზოს მხრიდან კარის მოწყობაზე.

მობინადრეებმა აღნიშნული განკარგულება მიიჩნიეს უკანონოდ და სარჩელში ითხოვეს მისი გაუქმება, ინდ. მეწარმე «რ. შ.-ს» მიერ მისივე ხარჯით საყრდენი კედლების აღდგენა და სარდაფში ჩასასვლელი კიბის ზემოთ მდებარე კუსტარული ხის იატაკის მოშლა.

მოპასუხე ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობამ და მესამე პირმა ინდ. მეწარმე «რ. შ.-მ» სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ სადავო განკარგულება გამოიცა აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად და მესამე პირს სრულიად კანონიერად დაერთო ნება მის მიერ პრივატიზებული ფართის გაგრძელებაზე წარმოქმნილი სივრცის დამხმარე სათავსად გამოყენებისა და სადარბაზოს მხრიდან კარის მოწყობაზე.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: რ. გ-იას, ნ. ჭ-იას, თ. ბ-ძის, მ. გ-ავას და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-იამ.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა ნ. ჭ-იამ და მისმა წარმომადგენელმა დ. გ-ავამ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს საბურთალოს რაიონის გამგეობის 1999 წლის 6 ივლისის ¹272 განკარგულების ბათილად ცნობა, მესამე პირის მიერ წარმოებული მშენებლობის მოშლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ამ უკანასკნელი მოთხოვნის გამო, მესამე პირი ინდ. მეწარმე «რ. შ.-» სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში ჩაება მოპასუხედ, ხოლო აპელანტის პირველ მოთხოვნასთან მიმართებაში, კერძოდ, საბურთალოს რაიონის გამგეობის 1999 წლის 6 ივლისის ¹272 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში ინდ. მეწარმე «რ. შ.-» საქმეში დარჩა მესამე პირად.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ და ინდ. მეწარმე «რ. შ.-მ» სააპელაციო საჩივარი მიიჩნიეს უსაფუძვლოდ, რადგანაც ინდ. მეწარმეს გააჩნდა იგივე უფლებები მომატებულ ფართზე, რაც აღნიშნული სახლის მე-3 სადარბაზოს სხვა მობინადრეებს. ამასთან, წარმოებული მშენებლობით არ დარღვეულა მობინადრეთა უფლებები და კანონით განსაზღვრული სამშენებლო წესები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1999 წლის 6 ივლისის ¹272 განკარგულება სადარბაზოს მხრიდან კარის მოწყობის ნაწილში. სარჩელის დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივარში ნ. ჭ-იამ ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «გ» პუნქტები, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რაც სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 208-214-ე მუხლები, რომლებიც არეგულირებენ მრავალბინიან სახლებში ინდივიდუალური და საერთო საკუთრების საკითხებს.

კასატორი მიუთითებს, რომ საააპელაციო სასამართლომ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იურიდიულად ვერ დაასაბუთა, ამიტომ მისი საფუძვლიანობის შემოწმებაც შეუძლებელია. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საკასაცო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს მორიგება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კასატორმა შეამცირა თავისი სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის იმ ნაწილში, სადაც ითხოვდა ინდ. მეწარმე «რ. შ.-ს» მიერ წარმოებული მშენებლობის მოშლასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. კერძოდ, კასატორმა წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნა, რომ აღარ ითხოვს ინდ. მეწარმე «რ. შ.-ს» მიერ უკანონოდ წარმოებული მშენებლობის მთლიანად მოშლას, არამედ ითხოვს მშენებლობის მოშლას მიწის პირიდან 2,75 მეტრ სიმაღლეზე, რაც მობინადრეებს მისცემს საშუალებას დაუბრკოლებლად ისარგებლონ სარდაფით, აგრეთვე, შესაძლებელი იქნება სარდაფის ფანჯრის აღდგენა, სარდაფის ვენტილაცია და სახლის წინ არსებული ეზოს კეთილმოწყობა. რაც მთავარია, ამით არ შეილახება ინდ. მეწარმე «რ. შ.-ს» ინტერესები, რადგანაც მას დარჩება საბურთალოს რაიონის გამგეობის სადავო განკარგულებით სათავსად გამოყოფილი 18,5 კვ.მ. ფართი და იგი გაუთანაბრდება დანარჩენ მობინადრეებს.

მოწინააღმდეგე მხარემ არ დაუჭირა მხარი კასატორის აღნიშნულ მოთხოვნას და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია დავის საგნის შეცვალა ან გადიდება, მაგრამ კოდექსი არ კრძალავს დავის საგნის შემცირებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორ ნ. ჭ-იას მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირება კანონს არ ეწინააღმდეგება.

მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რადგანაც საკასაციო ინსტანციაში ექსპერტიზის დანიშვნას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ხოლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე საკასაციო სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია ინდ. მეწარმე «რ. შ.-ს» მიერ აშენებული მთლიანი ფართიდან დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში მითითებული ფართის გამოყოფაზე მსჯელობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.