3გ/ად-119-კ-01 16 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 23 აგვისტოს ¹488 გადაწყვეტილების აღსრულება და მიწის სარგებლობის წესის განსაზღვრა.
შეგებებული სარჩელის საგანი: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 23 აგვისტოს ¹488 გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 1 ივნისს ჯ. მ-ძემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, ხელვაჩაურის რაიონის ... მეცხოველეობის სანაშენე სახელმწიფო მეურნეობისა და ზ. შ-ძის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 23 აგვისტოს ¹488 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. მ-ძის თხოვნა და ფ. მ-ძეზე 1960 წელს საერთო წესით 0,6 ჰა-დან 0,5 ჰა-მდე შემცირებული მიწის ხარჯზე საკუთრების უფლებით გამოეყო 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულება დაევალა ხელვაჩაურის რაიონის ... მეცხოველეობის სანაშენე სახელმწიფო მეურნეობის დირექციას.
მიუხედავად ამისა, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 23 აგვისტოს ¹488 გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
ჯ. მ-ძემ სარჩელში ითხოვა ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება და მისთვის მიკუთვნებული 0,1 ჰა მიწის სარგებლობის წესის განსაზღვრა.
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას, 1999 წლის 17 დეკემბერს, შეგებებული სარჩელი აღძრეს ზ., ი. და ნ. შ-ძეებმა მოპასუხეების: ჯ. მ-ძის, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და ... მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობის მიმართ, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 23 აგვისტოს ¹488 გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. შეგებებულ სარჩელში მითითებული იყო, რომ ზ., ნ. და ი. შ-ძეებს სადავო მიწის ნაკვეთზე მიღებული ჰქონდათ მიწის სარეგისტრაციო მოწმობები და აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მათ საკუთრებას.
საქმე რამდენჯერმე განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა.
ბოლოს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულოს დაევალა ჯ. მ-ძისათვის ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... სადავო 882 კვ.მ. მიწის ფართობის საკარმიდამოდ გამოყოფა და ამ მიწის ფართობის სარგებლობის წესის განსაზღვრა. ზ., ი. და ნ. შ-ძეებს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო საჩივარში ზ., ი. და ნ. შ-ძეებმა ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების გამოტანით ჯ. მ-ძის სარჩელზე უარის თქმა და მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:
კასატორების განმარტებით, ჯ. მ-ძემ თავდაპირველ სარჩელში ითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გაგმეობის 1995 წლის 23 აგვისტოს ¹488 გადაწყვეტილების აღსრულება, დამატებით სააპელაციო საჩივარში კი ითხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე უპირატესი უფლების დადასტურება და ხელვაჩაურის ჯიშსაშენი მეურნეობა «...-ის» დავალდებულება 0,1 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე, რითაც ფაქტობრივად მთლიანად შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლომ კი კანონის დარღვევით ცნო დამატებითი სააპელაციო საჩივარი მისაღებად.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო განხილვის დროს ჯ. მ-ძემ ნაწილობრივ შეცვალა სააპელაციო საჩივარი და ითხოვა ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალებოდა ჯ. მ-ძეზე სადავო 882 კვ.მ. მიწის ფართობის გამოყოფა. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14, მე-15, მე-16 მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, ჯ. მ-ძე დამატებითი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ადმინისტრაციული ორგანოს სოფ. ... სასოფლო საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის მიერ. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო განხილვის დროს ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულო არ იქნა ჩაბმული მოპასუხედ. ამდენად, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა იმ ადმინისტრაციული ორგანოს დაუსწრებლად, რომელსაც დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოყენებინა, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-2 პუნქტი. სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა აჭარის ა\რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000 წლის 27 მარტის ¹0615 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2000 წლის 14 მარტის ¹01-11-9 დასკვნა და მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტით აჭარის ა\რ მიწის მართვის დეპარტამენტმა კანონის უხეში დარღვევით გააუქმა კასატორებისათვის ანამეტი ფართობის (15%) საკუთრებაში გაცემის ორმხრივი აქტი მაშინ, როცა ჯ. მ-ძეს სადავოდ არ გაუხდია და არ დაუყენებია მოთხოვნა რეესტრის ჩანაწერის გაუქმებაზე და არ არსებობდა «მიწის რეგსიტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი.
კასატორებმა საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეცვალეს თხოვნა და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულო მოცემულ საქმეში ჩაბმული არ ყოფილა არც მხარედ და არც მესამე პირად. აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით კი სწორედ ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულოს დაევალა აპელანტ ჯ. მ-ძისათვის სადავო 882 კვ.მ. მიწის ფართობის გამოყოფა სოფ. ... და ამ ფართობის სარგებლობის წესის განსაზღვრა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა იმ ადმინისტრაციული ორგანოს საქმეში ჩართვის გარეშე, რომელსაც დაევალა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს მოპასუხის საქმის განხილვაში ჩაბმას სასამართლოს ინიციატივით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. ამდენად, აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა საქმის განხილვისას თუ მივიდა დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულო იყო სათანადო მოპასუხე, მას შეეძლო მოსარჩელის თანხმობით შეეცვალა არასათანადო მოპასუხეები სათანადო მოპასუხით, ხოლო, თუ მოსარჩელე უარს განაცხადებდა თავდაპირველი მოპასუხეების სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სააპელაციო სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებით უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თუ სააპელაციო სასამართლო არ გამოიყენებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლს, მაშინ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო ეცნობებინა ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულოსათვის და ჩაება იგი საქმეში მესამე პირად, რადგანაც მის ინტერესებს ეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი და იგი სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით, აგრეთვე, ეკისრება მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა მოვალეობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თუ სააპელაციო სასამართლო ... თემის საკრებულოს არ მიიჩნევდა სათანადო მოპასუხედ, მაშინ იგი საქმეში უნდა ჩაება მესამე პირად მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლება-მოვალეობებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნები.
ვინაიდან კასატორმა თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნა ის ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევას და კასატორებმა თავიანთი საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად სწორედ სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევა მიუთითეს, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კასატორთა მიერ მითითებული საპროცესო დარღვევები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებულმა სამოქალაქო საპროცესო ნორმების სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვევამ გამოიწვია მოცემულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა და იგი უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი., ნ. და ზ. შ-ძეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.