3გ/ად-121-კ.ს.-01 20 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გამოცემით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
კასატორმა მ. ა-იანმა 2001 წლის 28 მარტს მოპასუხეთა მიმართ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე და მოითხოვა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1997წლის 3 დეკემბრის ¹212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. მოსარჩელის მითითებით, მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ...-ს თემის საკრებულოს 1997 წლის 18 აგვისტოს ¹24 გადაწყვეტილებით, ქედის რ-ნის გამგეობის 1997 წლის 21 აგვისტოს ¹71 გადაწყვეტილებითა და აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1997 წლის 3 დეკემბრის ¹212 დადგენილებით. ქედის რაიონის სოფ. ... ე.წ. «...ისა» და «...-ის» ტერიტორიის გარკვეული ნაწილი სარეფორმო ფონდში ჩაირიცხა და ამ მიწების სხვა პირებზე (მოქალაქეებზე) საკუთრებაში გადაცემით დაირღვა მისი, როგორც დაინტერესებული პირისა და ამ მიწების ადრინდელი მესაკუთრის – თ. ა-იანის (პოლიტიკური რესპრესიების მსხვერპლისა და რეალიტირებული პირის) მემკვიდრის ქონებრივი უფლებები. მოსარჩელე ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ითხოვს იმ მოტივითაც, რომ სარეფორმო ფონდში ჩარიცხული მიწები, ზღვრული ნორმის 0,36 ჰა-ს გათვალისწინებით, გაცილებით მეტი ოდენობისაა, ვიდრე საჭიროა სოფლის კომლებისათვის, ამასთან სოფელში არ ჩატარებულა მეკომურთა კრება და არ მომხდარა მიწის ინვენტარიზაცია. მოსარჩელე ითხოვდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1997 წლის ¹212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით, კერძოდ ე.წ. «...-ისა» და «...-ის» მიწის ნაკვეთების მთლიანად სახელმწიფო ფონდში ჩარიცხვას. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს უსაფუძვლობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-იანის სარჩელი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებულია 1997 წელს, სწორედ მათ საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელისათვის და სოფ. ... მკვიდრთათვის მიწების მიზომვა, ამიტომ სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ აქტების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2001 წელს. სარჩელი ხანდაზმულია, რადგან აღძრულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით;
2. კოლეგიამ მიიჩნია, რომ «...-ისა» და «...-ის» სადავო მიწების სარეფორმო ფონდში ჩარიცხვით არ დარღვეულა მოსარჩელის, როგორც რეპრესირებულ და რეაბილიტირებულ თ. ა-იანის მემკვიდრის უფლებები, ვინაიდან სახელმწიფო არქივიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ სადავო მიწის ნაკვეთები არასოდეს ყოფილა თ. ა-იანის საკუთრება.
3. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა სოფ. ... მეკომურთა კრებისა და მიწების ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობის შესახებ, რადგან მეკომურთა კრების გადაწყვეტილება და მიწების ინვენტარიზაცია გახდა თითოეულ კომლზე გასაცემი ნაკვეთების ზღვრული ნორმის დადგენის საფუძველი;
4. კოლეგიამ მიიჩნია, რომ სადავო მიწის, როგორც მასიური ფართობის სარეფორმო ფონდში ჩარიცხვა არ ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1997 წლის 18 ივნისის ¹48 და 10 მარტის ¹290 დადგენილებებს, რომელთა მიხედვით სარეფორმო ფონდში არ გამოიყოფა მხოლოდ მსხვილი სამექანიზაციო ფართობი, როგორსაც არ წარმოადგენს სადავო ფართობები და სასამართლომ გაითვალისწინა აჭარის ა/რ მიწის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტება, რომ სარჩელის დაკმაყოფილება, სადავო მიწის სარეფორმო ფონდიდან ამოღება და სახელმწიფო ფონდში ჩარიცხვა შექმნის გარკვეულ პრობლემებს და ხელს შეუშლის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას მიწის რეფორმის სფეროში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ. ა-იანმა, ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, შემდეგი საფუძვლით:
1. სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგებარია, ვინაიდან ხანდაზმულობის დადგენისას არ არის მითითებული კანონის ნორმაზე, ამასთან სარჩელი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, აღძრულია 6 თვის ვადაში იმ მომენტიდან, რაც კასატორისათვის გახდა ცნობილი ადმინისტრაციული აქტების შესახებ;
2. კასატორის აზრით, მისი ქონებრივი (მემკვიდრეობის) უფლებების აღდგენამდე არ უნდა მომხდარიყო სადავო მიწების სარეფორმო ფონდში ჩარიცხვა, ვინაიდან სახელმწიფო ფონდში დარჩენილია მიწები რომლებზეც დავა არ არის;
3. უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება, რომ სადავო მიწის ნაკვეთების სარეფორმო ფონდში ჩარიცხვით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები, რადგან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა წარმოადგინა 1917 წლის 25 იანვარს გაფორმებული «ყიდვა, შესყიდვის ცნობა», რომლის მიხედვითაც კასატორის მამამ – ნ. ბ-ოღლი თ. ბ-მ (თ. ა-იანმა) მ. მ. ო-ისა და თ-ოღლი ზ-ისაგან 833 მანეთად გ-ოღლების დასახლებაში შეიძინა 35000 მეტრი მიწა და ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთების სარეფორმო ფონდში ჩარიცხვით უშუალოდ ხელყოფილია კასატორის კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეები და მესამე პირები, მიუხედავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მათი გამოძახების და საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში განხილულ იქნა მათ დაუსწრებლად, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I მუხლისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის გაცნობის, კასატორისა და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-იანის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე მ. ა-იანი საკასაციო საჩივრითა და სარჩელით ითხოვს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1997 წლის ¹212 დადგენილებაში ცვლილების შეტანას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მოწმე ნ. ა-იანის ახსნა-განმარტებაზე და აჭარის ა/რ ცენტრალური სახელმწიფო არქივიდან წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებაზე (სოფ. ... მკვიდრი ფ. დ-ძის განცხადება აჭარის მიწათმოქმედების კომისარიატისადმი) დაყრდნობით მიიჩნია, რომ სოფ. ... «...-ისა» და «...-ის» ტერიტორიაზე არსებული სადავო მიწის ფართობების სარეფორმო ფონდში ჩარიცხვით არ დარღვეულა მოსარჩელე მ. ა-იანის, როგორც რეპრესირებულ და შემდეგ რეაბილიტირებულ თ. ა-იანის მემკვიდრის უფლება, რადგან სადავო მიწის ნაკვეთი არასდროს წარმოადგენდა თ. ა-იანის საკუთრებას, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
კასატორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა 1917 წლის 25 იანვარს გაფორმებული «ყიდვა, შესყიდვის ცნობა», რომლის მიხედვითაც, კასატორის განმარტებით, მისმა მამამ – ნ. ბ-ოღლი თ. ბ-მ (იგივე თ. ა-იანმა) მ-ოღლი მ. ო-ისა და თ-ოღლი ზ-ისაგან 833 მანეთად გ-ოღლების დასახლებაში შეიძინა 35000 მეტრი მიწა, მაგრამ წარმოდგენილ შესყიდვის ცნობით არ ირკვევა, რომ თ. ა-იანის მიერ შეძენილი 35000 მეტრი მიწა ნამდვილად წარმოადგენს ე. წ. «...-ისა» და «...-ის»ტერიტორიაზე არსებული სადავო მიწის ნაკვეთს, ამიტომ საკასაციო პალატა უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სადავო მიწის ნაკვეთზე თ. ა-იანის საკუთრების უფლებას. საკასაციო პალატა ეთანხმება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნია, რომ ვერც პირველი ინსტანციისა და ვერც საკასაციო სასამართლოში მოსარჩელე მ. ა-იანის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაადასტურებდა რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1997 წლის ¹212 დადგენილება (მისი ნაწილი) პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მ. ა-იანის კანონიერ (სამემკვიდრეო) უფლებას ან ინტერესებს ან უკანონოდ ზღუდავდა მის უფლებას.
კასატორი, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარჩელის ხანდაზმულობის ნაწილშიც და მიუთითებს, რომ სარჩელი შეტანილია დადგენილ ვადაში, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ეთანხმება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიას, რომელმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მართებულად მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, სარჩელი სასამართლოს წარედგინება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. სადავო ადმინისტრაციული აქტი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულია 1997 წელს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2001 წელს. ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერც აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში და ვერც საკასაციო პალატაში ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები სარჩელის ხანდაზმულობის ვადაში შეტანის შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს I ინსტანციის სასამართლოს არგუმენტს მ. ა-იანის მიერ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით აღძვრის შესახებ.
ამდენად, საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და კასატორის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ დავის განხილვა-გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის II-III ნაწილი) და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის I ნაწილით, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
3. მ. ა-იანი გათავისუფლდეს სახ.ბაჟის 30 ლარის გადახდისაგან.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.