Facebook Twitter

3გ/ად-122-კ-01 9 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

განიხილა კასატორის _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, საქმეზე _ შპს «...-ის» სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, ამავე სამინისტროს 2001 წლის 29 იანვრის ¹1-3\57 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 17 აპრილს შპს «...-მ» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2001 წლის 29 იანვრის ¹1-3\57 ბრძანებით ცალმხრივად გააუქმა შპს «...-სა» და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის 1998 წლის 15 ივნისს დადებული ხელშეკრულება რუსთავის ... კომბინატის აქციათა საკონტროლო პაკეტის (51%) მართვის უფლებით გადაცემის შესახებ. ამავე ბრძანებით სამინისტრომ დაადგინა, რომ შპს «...-ს» არ უნდა ანაზღაურებოდა გაწეული დანახარჯები 1998 წლის 15 ივნისის ხელშეკრულების 9.2.1 პუნქტის შესაბამისად. ამასთან, სამინიტრომ ბრძანებით საგანგებოდ შექმნილ კომისიას, რომელშიც შედიოდნენ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. რუსთავის მერიისა და რუსთავის ... კომბინატის წარმომადგენლები, დაავალა შპს «...-ის» მიმართ საჯარიმო სანქციების მოცულების განსაზღვრა.

მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 29 იანვრის ¹1-3\57 ბრძანება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას და იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სამინისტროსა და საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა კერძო სამართლებრივ გარიგებას და მხარება უფლება-მოვალეობები განისაზღვრებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და სხვა კერძო სამართლებრივი აქტებით. მოსარჩელის განმარტებით, სამინისტრო და საწარმო უნდა განხილულიყვნენ, როგორც კერძო სამართლებრივი ურთიერთობის თანასწორუფლებიანი სუბიექტები, რაც გამორიცხავდა სამინისტროს უფლებამოსილებას, ცალმხრივად, ზემდგომი წესით დაედგინა რაიმე მოქმედების სავალდებულობა საწარმოს მიმართ. სამინისტრომ კი ფაქტობრივად, ცალმხრივად, ადმინისტრაციული აქტით შეწყვიტა ხელშეკრულება და საწარმოს მიერ რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში განხორციელებული ინვესტიციები გამოაცხადა გაუქმებულად. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სამინისტროს, როგორც კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილესა და საწარმოს თანასწორუფლებიან კონტრაჰენტს, არ გააჩნდა აღნიშნული უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ მოქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და იგი ბათილად უნდა გამოცხადდეს.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სამინისტროს მიერ, აგრეთვე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლი ადმინისტრაციული აქტის ფორმის შესახებ. კერძოდ, გასაჩივრებულ ბრძანებაში უნდა ყოფილიყო მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლებოდა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადა.

გარდა ამისა, ბრძანება არ ყოფილა გამოქვეყნებული და დადგენილი წესით არ გაუცვნიათ იგი საწარმოსათვის, რომელიც განიხილებოდა დაინტერესებულ მხარედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ძალაში შედის მხარისათვის დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანებით დაირღვა «საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ» საქართველოს კანონი. სამინისტრომ ადმინისტრაციული აქტით ცალმხრივად გააუქმა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია საქართველოში, რაც ფაქტობრივად წარმოადგენდა უცხოური ინვესტიციის კონფისკაცია-ექსპროპრიაციას. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ინვესტიციის ჩამორთმევა დაიშვება მხოლოდ სასამართლოს გადწყვეტილებით ან საქართველოს ორგანული კანონით შესაბამისი და სათანადო კომპენსაციის გადახდის პირობით.

სამინისტრომ სადავო ბრძანების გამოცემით დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მოსარჩელის მითითებით, ის ფაქტი, რომ სამინისტროს არ შეუსწავლია, არ გამოუკვლევია ხელშეკრულების შესრულებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებული გარემოებები, ფაქტები, არგუმენტები, მტკიცებულებები, ჩანს იმ გარემოებებიდან, რომ შეუსრულებელი დარჩა მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საწარმომ დროულად მიმართა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას. 1999 წლის თებერვალში ინვესტორთა ჯგუფმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა ანგარიშ-მოხსენება, რომელშიც აღწერილ იქნა ინვესტორისაგან დამოუკიდებელი ხელისშემშლელი გარემოებები, რამაც შეუძლებელი გახადა საინვესტიციო პროგრამის გაგრძელება ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად. ინვესტორთა ჯგუფმა წარადგინა წინადადებები შექმნილი მდგომარეობიდან საერთო სასარგებლო გამოსავლის მოძებნის მიზნით. კერძოდ, სრულად უნდა შეცვლილიყო თანამშრომლობის ფორმები და პირობები, აგრეთვე, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით უნდა განხორციელებულიყო შემდეგი ღონისძიებები:

_ სამინისტროსა და შპს «...-ს» შორის ხელშეკრულების გაუქმება;

_ განხორციელებული ინვესტიციების სანაცვლოდ ინვესტორთა ჯგუფისათვის ... წარმოების ასაღორძინებლად საჭირო ძირითადი საშუალებების საკუთრებაში გადაცემა, რაც უნდა განხორციელებულიყო რუსთავის ... კომბინატის რესტრუქტურიზაციის შედეგად.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 1999 წლის 16 მარტს გამოსცა ¹187 განკარგულება «რუსთავის ... კომბინატის რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის გადაუდებელი ღონისძიებათა შესახებ».

ამ განკარგულებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის, მრეწველობისა და იუსტიციის სამინისტროებს ერთობლივად დაევალათ ერთი თვის ვადაში რუსთავის ... კომბინატის რესრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის განხორციელება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო რუსთავის ... კომბინატის ძირითადი საშუალებების გადასვლა ინვესტორთა საკუთრებაში განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით, იმ პირობით, რომ შესრულდებოდა ამავე განკარგულებით განსაზღვრული საინვესტიციო პროგრამა. ამასთანავე, რესტრუქტურიზაციის დამთავრებისთანავე ურთიერთშეთანხმებით უნდა შეწყვეტილიყო ხელშეკრულება.

მოსარჩელის განმარტებით, ითვლება, რომ სახელმწიფომ საპატიოდ მიიჩნია შპს «...-ის» მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობა; აღიარა და დაადასტურა საწარმოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები; დაადგინა აღნიშნული ინვესტიციების სანაცვლოდ რუსთავის ... კომბინტის ქონების ნაწილის ინვესტორთა საკუთრებაში გადაცემა და ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით.

საწარმომ და განახლებულ ინვესტორთა ჯგუფის კომპანია «კილიგარდ ინვესტმენტ ლიმიტედმა» სამინისტროს მიმართეს წერილობით, რომელშიც აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მრატის ¹187 განკარგულების შეუსრულებლობის მიუხედავად, ინვესტორთა ჯგუფმა განახორციელა ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა მნიშვნელოვანი ნაწილი.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანების გამოცემისას სამინისტრომ აბსოლუტური იგნორირება გაუკეთა ზემოთ აღნიშნულ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენდა ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 29 იანვრის ¹1-3\57 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 29 იანვრის ¹1-3\57 ბრძანება, «სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «...-ს» შორის 1998 წლის 15 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების _ სს «რუსთავის ... კომბინატის» აქციათა საკონტროლო პაკეტის (51%) მართვის უფლებით გადაცემის შესახებ _ გაუქმების თაობაზე, ბათილად (ანუ არაკანონიერად) იქნა ცნობილი მისი მიღების მომენტიდან.

საკასაციო საჩივარში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 29 იანვრის ¹1-3\57 ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 იანვრის ¹22 განკარგულება, რომლითაც სამინისტროს დაევალა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაეტარებინა ღონისძიებები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «...-ს» შორის 1998 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების გასაუქმებლად.

კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების მოტივაცია იმის თაობაზე, რომ სამინისტრომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი. გარდა ამისა, სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიუთითა, რომ სამინისტრომ დაარღვია «საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ» კანონის მე-7 მუხლი. სამინისტროს მიერ 2001 წლის 29 იანვარს გამოცემული ბრძანებით არ მომხდარა შპს «...-ის» მიერ განხორციელებული ინვესტიციების ხელყოფა ან ჩამორთმევა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. სამინისტრომ ზუსტად დაიცვა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ» დებულებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიას, რომ სამინისტროს მიერ სადავო ბრძანების გამოცემით დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლი და 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ არასწორია სასამართლო კოლეგიის მტკიცება, რომ სამინისტროს მიერ დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი. კასატორის განმარტებით, სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას წინ უსწრებდა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საწარმო ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სამინისტრომ არაერთხელ გააფრთხილა საწარმო, რომ თუ არ შეასრულებდა ხელშეკრულების პირობებს, სამინისტრო მიიღებდა აღნიშნული ხელშეკრულების 9.2.1 პუნქტით გათვალისწინებულ ზომებს.

ამდენად, კასატორი თვლის, რომ სამინისტროს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას წინ უსწრებდა ხანგრძლივი მუშაობა, რის საფუძველზეც შეიქმნა არაერთი დოკუმენტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვამდე კასატორმა _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიმართა განცხადებით, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და ითხოვა საქმის განუხილველად დატოვება.

საქმის ზეპირ განხილვაზე კასატორმა კვლავ დაადასტურა თავისი შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც მხარი დაუჭირა მოწინააღმდეგე მხარემაც.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და თვლის, რომ კასატორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მხარეთა განმარტებით, მათ შორის მიმდინარეობს შეთანხმებაზე მუშაობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო საკასაციო საჩივარზე უარის თქმით არ ამეტებს უფლებამოსილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით, 272-ე მუხლის «გ» პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.