3გ/ად-123-კ-01 26 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საბაჟო «...-ის» მიერ 4800 ლიტრი ა-76 მარკის ბენზინის მ. მ-შვილისათვის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 21 იანვარს მ. მ-შვილმა საბაჟო «...-ის» მიმართ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამამრთლოში და საბაჟო «...-ის» უფროსის მიერ მიღებული ადმინსტრაციული აქტის გაუქმება, 4800 ლიტრი ა-76 მარკის ბენზინის დაბრუნება და ადვოკატის ხარჯების 200 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით 1999 წლის 29 დეკემბერს ა. ნ-ოვს მისი კუთვნილი 4800 ლიტრი ა-76 მარკის ბენზინი გადაჰქონდა გაზ-66 მარკის ავტომანქანით. ...-ის «საბაჟოს» თანამშრომლების მიერ განბაჟების მოტივით ტვირთი დაკავებული იქნა და მოთავსდა შპს «ტ.-ის» ტერიტორიაზე. აღნშნული ტვირთი შეძენილ იქნა 1999 წლის 28 დეკემბერს ქ. ცხინვალში შპს «დ.-ის» კუთვნილ ავტოგასამართ სადგურში.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მ. მ-შვილმა იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად განბაჟებას ექვემდებარებოდა მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილი და საქართველოში შემოტანილი საქონელი და არა საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი საქონელი, რომ საქართველოს კონსტიტუციის I-ლი მუხლის თანახმად საქართველო არის ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რომელშიც შედის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიც. მოსარჩელის განმარტებით საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 5 მაისის ¹234 ბრძანებულების თანახმად საბაჟო «...-ის» მიერ განბაჟებას ექვემდებარება «...-ის» რეგიონის გავლით რუსეთის ფედერაციიდან შემოსული საქონელი და არა ცხინვალის რეგიონში შეძენილი საქონელი.
საბაჟო «...-ის» წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის ¹434 ბრძანებულების შესაბამისად, 1999 წლის 29 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების მძიმე და მსუბუქი დისტილიტების ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია სპეციალური დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების გარეშე. აღნიშნული ავტოგასამართი სადგურის მიერ გაცემული ზედდებული კი არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გამო ცხინვალის რეგიონში დროებით არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 5 მაისის ¹234 ბრძანებულების შესაბამისად მ. მ-შვილის მიერ ცხინვალში შეძენილი ბენზინის საწვავი განბაჟებას ექვემდებარება.
გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმნისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ შპს «ტ.-ი» და ა. ნ-ოვი მთავარ სხდომაზე აპელანტმა შეამცირა დავის საგანი და მხოლოდ 4800 ლიტრი ა-76 მარკის ბენზინის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საბაჟო «...-მა», რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ¹234 და ¹434 ბრძანებულებები, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაიცო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საბაჟო «...-ის» საკასაიცო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-შვილის სარჩელი არ უნდა აკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამარლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 5 მაისის ¹234 ბრძანებულება «კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და ბიუჯეტში დამატებითი გემოსავლების მოზიდვის შესახებ» და არ გამოიძენა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის ¹434 ბრძანებულება «ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილაციების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ». ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ.ცხინვალში საქართველოს არც ერთი მხრიდან ნავთობპროდუქტები არ შედის. ქ.ცხინვალში ნათვობპროდუქტები შედის რუსეთის ფედერაციიდან ჩრდილო ოსეთის გავლით. საკასაციო სასამართლო იზიარებს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა შპს «დ.-მ» საქართველოს სხვა ტერიტორიაზე იყიდა განბაჟებული საწვავი და სარეალიზაციოდ ქ.ცხინვალში წაიღო, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე საწვავი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ქ.ცხინვალში, ხოლო შპს, რომლის მიზანია მოგება ნაკლებ სავარაუდოა ყიდულობდეს საწვავს მაღალ ფასში და მის რეალიზაციას ახდენდეს დაბალ ფასში. მოსარჩელის მიერ ქ. ცხინვალში შეძენილი ბენზინი რუსეთის ფედერაციიდან რომ არის შემოტანილი, იმითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის ¹434 ბრძანებულების შესაბამისად ქ. ცხინვალში მის მიერ შეძენილ ბენზინზე სპეციალური დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა არ გამოწერილა და ამდენად საბაჟო გადასახდელები სახელმწიო ბიუჯეტში არ შესულა.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹234 ბრძანებულება არის დროებით ღონისძიება ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ვერ ხორციელდება საქართველოს იურისდიქცია და საბაჟო გადასახდელების ამოღება, რის გამოც ამ ბრძანებულების თანახმად განუბაჟებელი ტვირთების განბაჟების ადგილად დროებით დაფიქსირდა ქ.გორი და შეიქმნა საბაჟო «...-ი».
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილ საწვავზე არ გაცემულა სპეციალური ფორმის, მკაცრი აღრიცხვის, საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დღგ-ს ანგარიშფაქტურა, რასაც საქართველოს პრეზიდენტის ¹434 ბრძანებულება ითვალისწინებს და რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მოსარჩელის მიერ გადასახდელი დღგ-ს თანხაც არ შესულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საბაჟო «...-ის» საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კასატორ საბაჟო «...-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მოსარჩელე მ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.