Facebook Twitter

3გ/ად-124-კ-01 20 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართი.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 12 ივლისს შპს «ქ.-მ» სარჩელით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსთან 1997 წლის 14 ივლისს დადებული ¹35-სგ კონტრაქტის გაუქმება და მხარეებს შორის ახალი, სრული მოცულობის ხელშეკრულების გაფორმება; აგრეთვე მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და ინდივიდუალურ მეწარმე მ. ა-შვილს შორის 1999 წლის 25 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების გაუქმება და ამ უკანასკნელის მიერ სადავო ფართის გათავისუფლება, შემდეგი საფუძვლით:

ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1973 წლის 10 იანვრის ¹17 გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის ...-ის სახელობის ...-ის სახლს იჯარით გადაეცა 449 კვ.მ., რაც იმავე წლის 30 მაისის ¹336 გადაწყვეტილებით შემცირდა 47 კვ. მეტრამდე. მოსარჩელის აზრით, ეს ფართი იყო ...-ის სახლის საკუთრება და არავის ჩამოურთმევია. ...-ის სახელობის ...-ის სახლის დირექტორმა პ. ბ-ძემ 1996 წლის 23 ივლისს აღნიშნული ფართიდან 22,50 კვ.მ-ზე ინდივიდუალურ მეწარმე მ. ა-შვილთან გააფორმა ხელშეკრულება აფთიაქის განთავსების თაობაზე. ქუთაისის მერიის 1997 წლის 2 იანვრის ¹1 განკარგულების შესაბამისად, 1997 წლის 24 იანვარს ჩატარდა ტენდერი ...-ის სახლის სარგებლობაზე უფლების მოსაპოვებლად, სადაც გაიმარჯვა საინიციატივო ჯგუფმა ი. ს-ია-მ-ძისა და პ. გ-ძის შემადგენლობით. ქ. ქუთაისის მერიის 1997 წლის 31 იანვრის ¹59 განკარგულებით შეიქმნა შპს «ქ.-ი» და ტენდერში გამარჯვების შედეგად მასვე, სამეურნეო გამგებლობის უფლებით, გადაეცა ყოფილი ...-ის სახლი, სადაც შედიოდა ზემოაღნიშნული 47 კვ.მ. ფართი. მოსარჩელის მტკიცებით, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ, 1997 წლის 14 ივლისს დაითანხმა იგი ¹35-სგ ხელშეკრულების დადებაზე, რომლის მიხედვით, 22,50 კვ.მ. ფართი დროებით ჩამოერთვა იმ პირობით, რომ 1996 წლის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, დაუბრუნდებოდა დაკლებული ფართი. მაგრამ 1999 წლის 25 ოქტომბერს, აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ მ. ა-შვილთან კვლავ დადო ახალი ხელშეკრულება, რითიც ნათელი გახდა მოსარჩელისათვის, რომ დაკარგა კუთვნილი ფართი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მოპასუხეთა თანხმობით, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. მან მოითხოვა 1997 წლის 14 ივლისის ¹35-სგ კონტრაქტში ცვლილებების შეტანა, გადაცემულ 938,06 კვ.მ. ფართზე სადავო 22,50 კვ.მ. ფართის დამატება და ამგვარად, სრული მოცულობით ხელშეკრულების დადება, ასევე დამატებითი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ხოლო მ. ა-შვილის გამოსახლების ნაწილში სარჩელი შემცირდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «ქ.-ს» უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს «ქ.-ის» წარმომადგენლებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი შემდეგი მოტივით:

1. აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება შედიოდა თუ არა სადავო 22,50 კვ.მ. ფართი ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1973 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით იჯარით გადაცემულ 47 კვ. მეტრ ფართში და მხარემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს უტყუარი მტკიცებულება სადავო ფართის ...-ის სახლისათვის გადაცემის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ტასისის ბიზნეს-გეგმაში 951 კვ. მ. ფართის აღნიშვნა არ არის საკმარისი საფუძველი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად;

2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ სადავო შენობაში იყო როგორც ...-ის სახლზე, ასევე წმინდა ნინოს მუნიციპალიტეტზე რიცხული ფართიც, სადავო 22,50 კვ.მ. ...-ის სახლის ერთიან შენობაში იყო ყოველთვის, მაგრამ სადავო ფართი არასდროს ყოფილა ...-ის სახლი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მ. ა-შვილსა და ...-ის სახლის დირექტორს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება კანონშეუსაბამო იყო. 1999 წლის 25 ოქტომბერს მ. ა-შვილსა და სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს შორის დადებული ხელშეკრულება კი აკმაყოფილებდა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან სადავო ფართი სახელმწიფო საკუთრება იყო და მისი განკარგვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციაში შედიოდა.

3. პალატა დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარეთა მოსაზრებას შპს «ქ.-ის» სარჩელის ხანდაზმულის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტისათვის 1997 წლის კონტრაქტის დადებისთანავე ცნობილი იყო სადავო ფართის მისთვის გადაუცემლობის შესახებ, ამდენად სასარჩელო ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის ათვლა, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 75-ე, 80-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან – 1997 წლის 14 ივლისიდან დაიწყო. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება, ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმის საფუძველია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები და სარჩელი უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად მიიჩნია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს «ქ.-ის» წარმომადგენლებმა, რომლებიც ითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახლი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას. Kკასატორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის დარღვევაზე. კერძოდ, აღნიშნავს საოლქო სასამართლოს მიერ განჩინება სამართლებრივად არ არის დასაბუთებული, არ არის მითითება სამართლის ნორმებზე, საკანონმდებლო ბაზაზე, თუ რას დაეყრდნო სასამართლო მიღებული განჩინების დასასაბუთებლად. საკასაციო საჩივრის მეორე საფუძვლად კასატორი მიუთითებს, თითქოს საოლქო სასამართლომ იმ მოტივით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, რომ ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1973 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება არა იყო ნორმატიული აქტი. Kკასატორი, ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას ქუთაისის ...-ის სახელობის ...-ის სახლის დირექტორსა და ინდივიდუალურ მეწარმე მ. ა-შვილს შორის 1996 წელს გაფორმებული ხელშეკრულების კანონშეუსაბამობის თაობაზე.

მოწინააღმდეგე მხარეებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობის მოტივით ითხოვენ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.

საკასაციო საჩივრის განხილვის თარიღი მხარეებს ეცნობათ და გამოძახებული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მაგრამ კასატორის მეორედ გამოუცხადებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა კასატორის დაუსწრებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა მოწინააღმდეგე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ქ.-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საოლქო სასამართლოს განჩინების არასაკმარისად დასაბუთებულობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო პალატამ იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის საფუძველზე, მართებულად მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. სახელდობრ, ¹35-სგ კონტრაქტი კასატორსა და სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს შორის დაიდო 1997 წლის 14 ივლისს, რომლის 1.1. პუნქტი ნათლად მიუთითებდა, რომ შპს «ქ.-ს” სამეურნეო გამგებლობის უფლებით გადაეცემოდა უძრავი ქონება 938,06 კვ.მ. საერთო ფართით და სადავო 22,50 კვ.მ. ფართის გადაუცემლობა მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი, ამ ფართის გადაცემის შესახებ სარჩელი კი კასატორმა აღძრა 2000 წლის 13 ივლისს. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი (1964 წლის) სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ამგვარ შემთხვევებში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იყო ერთი წელი, ხოლო მე-80 მუხლის შესაბამისად, სარჩელის უფლება პირს წარმოეშობოდა იმ დღეს, როცა მას უნდა შეეტყო ან შეიტყობდა თავისი უფლებების დარღვევის შესახებ. რადგან 1997 წლის 14 ივლისს ¹35 სგ კონტრაქტის გაფორმების დროს კასატორისათვის იმთავითვე ცნობილი გახდა, რომ გადაეცემოდა მხოლოდ 938,06 კვ.მ. ფართი, სადავო 22,50 კვ.მ. ფართის გადაუცემლობის გამო დარღვეული უფლების აღსადგენად შპს «ქ.-ს» სარჩელი უნდა აღეძრა ერთი წლის ვადაში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს განჩინებას სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით აღძვრასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად კანონიერად მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

ამრიგად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს განჩინების დაუსაბუთებლობის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის დარღვევას ადგილი არა აქვს, განჩინება იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებულია, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი და ასევე მართებული სამართლებრივი შეაფასება მისცა საქმის მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ¹3გ/ად-93-კ-01 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 5 ოქტომბერის გადაწყვეტილებით, ტენდერის პირობებისა და კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ვადამდე მოიშალა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და შპს «ქ.-ს» შორის 1997 წლის 14 ივლისს დადებული ¹35-სგ კონტრაქტის მოქმედება. ამდენად, შპს «ქ.-ის» სარჩელი დღეისათვის უსაფუძვლოა, რადგან კასატორს სადავო ფართის მოთხოვის სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნია. ამიტომ, შპს «ქ.-ს» უსაფუძვლობის მოტივით უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მაისის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროვესო კოდექსის პირველი, 26-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე და 410 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ქ.-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მაისის განჩინება.

3. შპს «ქ.-ს” საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.