გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-127-კ 9 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. მეტრეველი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
განიხილა შპს «ი-ის” დირექტორის გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.06.2000 წ. განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ლ-ემ, თ. ლ-ემ, ი. ს-ამ და რ. ყ-მა 06.11.98 წ. სარჩელით მიმართეს ქ. ქუთაისის სასამართლოს. სარჩელის განხილვის შედეგად დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი: ქ. ქუთაისის მერიის 21.11.94 წ. ¹947 განკარგულებით საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხაში შეტანილ იქნა მუნიციპალური საწარმო «¹34 მაღაზია”. 29.11.94 წ. ჩატარდა მაღაზიის მუშაკთა კოლექტივის კრება, არჩეულ იქნა საპრივატიზებო კომისია, რომელმაც მოახდინა მაღაზიის ინვენტარიზაცია, ქონების შეფასება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში 27.12.94 წ. წარადგინა შესაბამისი საბუთები. სამმართველოს 24.05.95 წ. კოლეგიის სხდომაზე დაფიქსირდა ობიექტის გასაყიდი ფასი, ქონების ღირებულებამ შეადგინა 898,20 აშშ დოლარი, ხოლო იჯარის უფლების ერთჯერადმა გადასახადმა 2402,80 აშშ დოლარი, სულ 3301 აშშ დოლარი. 07.06.95 წ. გაიმართა მაღაზიის მუშაკთა კრება, დაფუძნდა ამხანაგობა, სადამფუძნებლო ხელშეკრულება 09.06.95 წ. დამოწმდა სანოტარო წესით. შედგენილი დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა სამმართველოში, რომლის გადაწყვეტილების თანახმად ამხანაგობას გაეგზავნა შეტყობინება ობიექტის პირდაპირი შესყიდვის მიზნით თანხის დაფარვის შესახებ. ზ. ლ-ის მიერ თანხის გადახდის შემდეგ, მაღაზიის მუშაკთა კოლექტივმა მიმართა სამმართველოს განცხადებით სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში წილების შეცდომით განაწილების შესახებ. 17.08.95 წ. ჩატარდა შრომითი კოლექტივის კრება, რომელმაც შესწორებები შეიტანა სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში, მოხდა წილების ხელახალი გადანაწილება, ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწდა 09.06.95 წ. თარიღით. ნ. ლ-ეს ამხანაგობის წევრთა წილობრივი განაწილების მიხედვით დაუბრუნდა გადახდილი თანხა. 14.12.95 წ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს კოლეგიამ დაამტკიცა სამმართველოსა და ¹34 მაღაზიის მუშაკთა ამხანაგობის სამართალმემკვიდრის _ ქ. ქუთაისის სასამართლოში 28.02.96 წ. რეგისტრირებულ, შპს «ც-ას” შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და გასცა საკუთრების მოწმობა ¹...... . ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების უკანა რიცხვით გაფორმების გამო, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დავალებით ს.ქ.მ. სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ სარჩელით მიმართა უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს, რომლის 10.07.96 წ. გადაწყვეტილებით სამმართველოს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა, გაუქმდა 17.08.95 წ. დამფუძნებელი ხელშეკრულება, ბათილად იქნა ცნობილი 22.12.95 წ. გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, სამმართველოს მიერ 25.12.95 წ. გაცემული საკუთრების მოწმობა, სამმართველოს დაევალა მ.ს. ¹.... მაღაზიის პრივატიზების განხორციელება 17.08.95 წ. ახალი სადამფუძნებლო ხელშეკრულების შექმნამდე არსებული მასალების მიხედვით. აღნიშული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ძალაში უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზედამხედველობის კოლეგიის 19.08.96 წ. დადგენილებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქ. ქუთაისის სასამართლოს 06.11.97 წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს «ც-ას” რეგისტრაცია. 24.01.98 წ. შედგა მ.ს. ¹.... მაღაზიის ამხანაგობის კრება. ამხანაგობის 13 წევრიდან კრებას დაესწრო 9 წევრი, კრებას არ ესწრებოდნენ ამხანაგობის 4 წევრი: ზ. ლ-ე, თ. ლ-ე, ხ. ყ-ი, ი. ს-ა. კრებამ განიხილა და გადაწყვიტა ამხანაგობის წევრების ამხანაგობიდან გასვლისა და ამხანაგობაში ახალი წევრების მიღების საკითხი, მოხდა ამხანაგობის წევრებზე წილების ხელახალი გადანაწილება. ამხანაგობის წევრებზე (გარდა ზ. ლ-ისა და თ. ლ-ისა) ამხანაგობის წილები გადანიწლდა თანაბრად, ამასთანავე ახლად შემოყვანილ ოთხ წევრს განესაზღვრა და გადაუნაწილდა ამხანაგობიდან გასული ორი წევრის კუთვნილი წილები. რაც შეეხება ამხანაგობის წევრებს ზ. ლ-ეს და თ. ლ-ეს, მათი წილები შესაბამისად განისაზღვრა 2%-ით და 1%-ით.
მ.ს. ¹..... მაღაზიის ამხანაგობის ბაზაზე შეიქმნა და ქ. ქუთაისის სასამართლოს რეგისტრაციაში გატარდა შპს «ი-ი” და შპს «ნ-ა”. ს.ქ.მ. სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ იჯარის ხელშეკრულება დადო შპს «ი-თან”. ზ. ლ-ემ, თ. ლ-ემ, ხ. ყ-მა, ი. ს-ამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს 95წ. 17 აგვისტოდან, მუნიციპალური საწარმო ¹ 34 მაღაზიის თანამშრომელთა ამხანაგობის ყველა კრების დადგენილების ძალადაკარგულად ცნობა, მაღაზიის ქონების ¹367 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების და ს.ქ.მ. სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და შპს «ი-ს” შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამმართველოსათვის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 10.07.96 წ. გადაწყვეტილების აღსრულების დაკისრება. საბოლოოდ მოსარჩელეებმა ითხოვეს 07.06.95 წ. კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მთლიანი ფართის 83% მათთვის, ხოლო დანარჩენი ფართის 17% შპს «ი-ისათვის” იჯარით გადაცემა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 02.03.2000 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა 21.04.98 წ. სამმართველოს და მ.ს. ¹..... მაღაზიის ამხანაგობას შორის დადებული ქონების ყიდვა-გაყიდვის ¹367 ხელშეკრულება; 21.04.98 წ. მიღება-ჩაბარების აქტი; 22.04.98 წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹..... _ «პ”; სამმართველოს და მ.ს. ¹.... მაღაზიის ამხანაგობას შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება; 24.01.98 წ. მ.ს. ¹34 მაღაზიის ამხანაგობის კრების ოქმი; სამმართველოს დაევალა უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზედამხედველობის კოლეგიის დადგენილების აღსრულება, კერძოდ, მ.ს. ¹..... მაღაზიის პრივატიზების განხორციელება 17.08.95 წ. ახალი დამფუძნებელი ხელშეკრულების შექმნამდე არსებული მასალების მიხედვით; უარი ეთქვა სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილებას, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ შპს «ნ-აზე” 10-წლიანი იჯარა-გამოსყიდვის გაფორმებას მ.ს. ¹.... მაღაზიის ფართის 83%-ზე. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე დართული შეტყობინებებისა და ქვითრების ქსეროასლებით არ დგინდება, რომ მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო 24.01.98 წ. კრების მოწვევის დღე, რის გამოც, მ.ს. ¹..... მაღაზიის ამხანაგობის წევრებს აღეკვეთათ უფლება მიეღოთ მონაწილეობა ამხანაგობის კრებაზე და განეხორციელებინათ მათთვის მინიჭებული უფლებები და ვალდებულებები. 24.01.98 წ. კრებაზე მოსარჩელეებისათვის კუთვნილი წილი, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლის დარღვევით, შემცირებულ იქნა ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე. ვინაიდან, 09.06.95 წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში შეტანილი ყველა ცვლილება და დამატება წერილობითი ფორმით უნდა შედგეს და ყველა ამხანაგობის წევრის მიერ უნდა იქნეს ხელმოწერილი და ნოტარიულად დამოწმებული, ხოლო მოსარჩელეებს არ აქვთ დოკუმენტზე ხელი მოწერილი, არ არსებობს 24.01.98 წ. კრების დადგენილების სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში ასახვის საფუძველი.
მიუხედავათ იმისა, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული ძალაში უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზედამხედველობის კოლეგიის მიერ, სსკ მე-10 მუხლის შესაბამისად, სავალდებულოა შესასრულებლად, სამმართველომ გადაწყვეტილება არ აღასრულა, ვინაიდან ¹367 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულ იქნა 24.01.98 წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების საფუძველზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს «ი-ის” წარმომადგენლის მიერ შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომელიც 02.06.2000 წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობს პრივატიზაციის პროცესში 09.06.95 წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების გამოყენებას, რომლის მიხედვითაც ამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ზ. ლ-ე და არა 24.01.98 წ. ამახანაგობის კრებაზე წარმომადგენლად არჩეული დ. გ-ე. მართალია, საკუთრების მოწმობაში ¹...... «პ” არ არის მითითებული წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მაგრამ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში, რომელიც საკუთრების მოწმობის გაცემის საფუძველს წარმოადგენს, ¹..... მაღაზიის ამხანაგობის წარმომადგენლად დ. გ-ეა დასახელებული.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სადავო ურთიერთობების მიმართ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი ნორმების გამოყენების საჭიროების შესახებ და მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო ურთიერთობების კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობის მიუხედავად, აპელანტს, შპს «ი-ს” კონკრეტული უფლება-მოვალეობანი წარმოეშვა კოდექსის ამოქმედების შემდეგ გაფორმებული გარიგებების შედეგად. სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია 24.01.98 წ. კრების კანონიერებაზე მსჯელობა, ვინაიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში კრების შედეგები ვერ იქნება გამოყენებული. კოლეგიამ მართებულად მიიჩნია აგრეთვე შპს «ნ-აზე” იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.06.2000 წ. განჩინებაზე შპს «ი-ის” მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი უთითებს, რომ ობიექტის პრივატიზაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები 1995 წელს წარმოიშვა. შპს «ი-ი”, სასამართლო რეგისტრაციის მონაცემების თანახმად, წარმოადგენს მ.ს. ¹..... მაღაზიის სამართალმემკვიდრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 29.05.94წ. ¹178 ბრძანებულება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 20.07.93 წ. ¹171 დადგენილებით დამტკიცებული რეკომენდაციები ამხანაგობის შექმნის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს დავის გადასაწყვეტად უნდა გამოყენებინა სპეციალური ნორმატიული აქტები და არა სადღეისოდ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 581-ე და 957-ე მუხლები. კასატორი უთითებს, რომ უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება 1995 წლის 17 აგვისტომდე არსებულ მასალებზე დაყრდნობით პრივატიზაციის განხორციელების შესახებ არ ნიშნავს, რომ პრივატიზაცია უნდა მომხდარიყო 07.07.95 წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების საფუძველზე, ვინაიდან ამხანაგობის წევრებს, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე, ნებისმიერ დროს აქვთ სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის უფლება, რის გამოც, კასატორის აზრით, სამმართველოს აღსრულებული აქვს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. 24.01.98წ. და 28.04.98 წ. კრებებზე მოსარჩელეები არ გამოცხადნენ მიუხედავათ გაფრთხილებისა, ამდენად, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროს ამხანაგობას მათი უფლებები არ დაურღვევია. კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები, რომლებიც ოჯახის წევრებს წარმოადგენენ, ცდილობენ მიითვისონ ამხანაგობის კუთვნილი 80 პროცენტი. კასატორი არ ეთანხმება განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ამხანაგობის წარმომადგენლობის უფლება მინიჭებული აქვს მხოლოდ ზ. ლ-ეს და უთითებს, რომ ამხანაგობა უფლებამოსილი იყო 24.01.98წ. კრებაზე თავისი წარმომადგენლობის უფლება გადაეცა დ. გ-ისათვის. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ამხანაგობის წევრებს წაერთვათ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვენ თავიანთი წილის გაზრდა ან შემცირება. საბოლოოდ კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 02.06.2000 წ. განჩინების ნაწილობრივი გაუქმება, კერძოდ, სარჩელის არდაკმაყოფილების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 02.03.2000 წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ხოლო სხვა ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, მოსარჩელეებისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარი არ ცნო და შესაგებლში მიუთითა, რომ სარჩელი ეხებოდა ამხანაგობის მიერ 1998 წელს ჩატარებული კრებების და ამავე წელს სამმართველოს მიერ გაცემული აქტების გაუქმებას, რომელთა საფუძველზეც შპს «ი-ს” უფლება-მოვალეობები წარმოეშვა. ამდენად, კოდექსის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა ყოფილიყო ახალი სამოქალაქო კოდექსი, კასატორის მიერ მითითებული აქტების გამოყენება 1998 წელს ამხანაგობას არ შეეძლო. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია 07.06.95 წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მუნიციპალური საწარმო «მაღაზია ¹......”-ის ამხანაგობის 28.04.98 წ. კრებაზე განხილულ იქნა შპს «ი-ის” დაფუძნების, საზოგადოების წესდების დამტკიცების, საზოგადოების დირექტორების დანიშვნის, ობიექტის ორ (¹1 და ¹2) მაღაზიებად გაყოფის, ამხანაგობის წევრებზე წილების განაწილების საკითხები. მიუხედავად იმისა, რომმოსარჩელეები ითხოვდნენ 17.08.95 წ. შემდგომ ჩატარებული მუნიციპალური საწარმო «¹.... მაღაზიის” ამხანაგობის ყველა კრების დადგენილების გაუქმებას, არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლო არ შეხებია 28.04.98 წ. ჩატარებული ამხანაგობის კრების სამართლებრივ მნიშვნელობის, მისი მართლზომიერების საკითხს.
სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს და მაშასადამე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებისათვის არ იყო ცნობილი 24.01.98 წ. კრების ჩატარების შესახებ, მაშინ, როდესაც საქმეში დაცულია მასალები ერთი კვირით ადრე კრების ჩატარების შესახებ შეტყობინების მოსარჩელეებისათვის გაგზავნის თაობაზე, ინფორმაცია კრების ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა გაზეთში, მოსარჩელეების მიერ შეტყობინების ჩაუბარებლობის შესახებ არსებობს ნოტარიულად დამოწმებული აქტი, საქმეში დაცულია საფოსტო გზავნილები შეტყობინების ჩაბარებაზე უარის თქმაზე.
პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს 02.06.2000 წ. განჩინება წინააღმდეგობრივია და არ არის საკმაოდ დასაბუთებული, სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა ამხანაგობის 24.01.98 წ. კრების ოქმის გაუქმება, რომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მის კანონიერებაზე მსჯელობა. სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში აღნიშნული კრების სამართლებრივი შედეგები ვერ იქნება გამოყენებული, არ წარმოადგენს სრულყოფილ სამართლებრივ დასაბუთებას, ვინაიდან ამხანაგობა არ არის კაპიტალური საზოგადოება, გადაწყვეტილების მიღებისას ამხანაგობის ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება საერთო საკუთრების უფლებაზე მისი წილის ოდენობის მიუხედავად, გადაწყვეტილება ამხანაგობის მიერ მიიღება მის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით მიუხედავად წილისა ამხანაგობის ქონებაში ან ამხანაგობის საქმიანობაში მონაწილეობის ხარისხისა, ამხანაგობის წევრისათვის ხმის უფლების ჩამორთმევა არ დაიშვება. აღნიშნულის გათვალისწინებით არ არის საკმარისი ამხანაგობის 24.01.98 წ. კრების ოქმის მნიშვნელობის უარყოფა უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით, ამ მიმართებით უპრიანი იქნებოდა ამხანაგობის, როგორც წევრობაზე დაფუძნებული გაერთიანების ბუნების, ამხანაგობის პარტნიორებს შორის საქმიანი ურთიერთობების განსაკუთრებული ნდობის საფუძველზე აგების გამო პარტნიორთა საერთო თანხმობაზე აგებული მართვის თავისებური წესის და საერთო საკუთრების შესახებ ნორმების მოშველიება, რომელთა მიხედვითაც ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ დაიშვებოდა სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება. შესატანი წარმოადგენს საერთო საკუთრებას, მისი მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება ყველა მონაწილის თანხმობით, უთანხმოების შემთხვევაში სარჩელის საფუძველზე საკითხს წყვეტს სასამართლო. 07.06.95 წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების თანხმად მასში შესატანი ცვლილება-დამატება ხელმოწერილ უნდა იქნეს ამხანაგობის ყველა წევრის მიერ. 24.01.98 წ. კრება¦ღმიღებული გადაწყვეტილება აყენებდა ამხანაგობის წევრებს ზ. ლ-ეს, თ. ლ-ეს არათანაბარ მდგომარეობაში და ეხებოდა მათ არსებით ინტერესებს, რის გამოც გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიღებულიყო. სადავო ურთიერთობების მიმართ ნორმატიული აქტების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა იქონიოს ის, რომ, როგორც ახალი, ასევე ძველი სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმები ითვალისწინებდნენ ხმათა თანასწორობის და საერთო თანხმობის პრინციპის გამოყენებას. აღნიშნულს არ ცვლიდა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 29.05.94 წ. ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული «პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ” დებულება და ს.ქ.მ. სამინისტროს კოლეგიის 30.07.93 წ. ¹ 171 დადგენილებით დამტკიცებული რეკომენდაციები «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო საწარმოს (ობიექტის) მუშაკთა ამხანაგობის შექმნის წესის შესახებ”. სასამართლო შეფასებას საჭიროებდა 24.01.98 წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების მუხლები, რომელთა თანახმად, ხმის უფლება აქვს მხოლოდ 10 აშშ დოლარის წილის მქონე პირს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის ყველა წევრს აქვს ხმის უფლება, 28.01.98 წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების თანახმად, ასეთი უფლება, ფაქტობრივად, ჩამოერთვა ამხანაგობის წევრს თ. ლ-ეს, რომლის წილი ამხანაგობაში განისაზღვრა 1%, ანუ 8.9 აშშ დოლარის ოდენობით. 24.01.98 წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის წევრები მოქმედებენ «სამეწარმეო საქმიანობის შესახებ” კანონის და «საქართველოს რესპუბლიკაში სამეწარმეო ამხანაგობათა შესახებ” დებულებით, მაშინ, როდესაც უკანასკნელი საქართველოს პარლამენტის 28.10.94 წ. დადგენილების მე-6 პუნქტის ,თანახმად, გაუქმებულ იქნა «მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედების დღიდან. ამასთანავე, აღნიშნული დებულების თანხმად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების გაბათილება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს წესით.
სასარჩელო განცხადებისა და საქმის მასალების მიხედვით ცხადია, რომ დავა არსებითად მიმდინარეობს მხოლოდ ფართის იჯარის უფლებაზე. პირველი და სააპელაციო სასამართლოს ინსტანციებმა ძირითადი ყურადღება გაამახვილეს მ.ს. ¹..... მაღაზიის ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილის პრივატიზებაზე. ამასთან, არ იქნა ახსნილი თუ როგორ უკავშირდება ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილის პრივატიზება დავის უმთავრეს საკითხს _ არასაცხოვრებელი ფართის იჯარის უფლებას, სასამართლოს არ გამოუთხოვია და შეფასება არ მიუცია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს აქტისათვის, რომლიდანაც გამომდინარეობს ეს უფლება, ამრიგად, გაურკვეველი დარჩა თუ რამდენადაა დაკავშირებული პრივატიზების საკითხი იჯარის უფლებასთან (ყურადღებას იქცევს, რომ სასამართლომ უარი თქვა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაშინ როდესაც სარჩელი ეხებოდა იჯარის უფლებას). საკასაციო პალატა დასაშვებად თვლის მ.ს. ¹..... მაღაზიის კოლექტივის ამხანაგობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტის კონკურსისა და აუქციონის გარეშე იჯარის უფლების მინიჭებას საქართველოს პარლამენტის 20.09.94 წ. დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულების” მე-8 მუხლის მე-17 პუნქტიდან გამომდინარე. ამასთანავე, ბუნდოვანია შპს «ნ-ასთან” იჯარის ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის მოტივები, ამ მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა უსაფუძვლობის გამო ს.ქ.მ. სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მაღაზიის მიერ დაკავებულ ფართზე საიჯარო ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო იურიდიულ პირზე და მიუთითა, რომ ამხანაგობაზე საიჯარო ხელშეკრულების დადების აკრძალვას მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს. სასამართლომ არ გაიზიარა აგრეთვე სამმართველოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს «ნ-ასთან” იჯარის ხელშეკრულება არ დაიდო, რადგანაც მისი დამფუძნებლების უმრავლესობას წარმოადგენენ გარეშე პირები. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ შპს «ნ-ასთან” იჯარის ხელშკერულების გაფორმებაზე უარი მართებულად მიიჩნია, ვინაიდან პრივატიზაციის ეტაპზე ამხანაგობა არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ სტატუსს, საწარმო პრივატიზების პროცესის დასრულების შემდეგ უნდა გატარდეს რეგისტრაციაში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 02.03.2000 წ. გადაწყვეტილებიდან და საოლქო სასამართლოს 02.06.2000 წ. განჩინების ტექსტიდან გაურკვეველი რჩება, უნდა დაიდოს თუ არა საიჯარო ხელშეკრულება ამხანაგობასთან, მომდინარეობს თუ არა პრეიუდიციული ძალის მქონე უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის თანახმად სამმართველოს დაეკისრა მ.ს. ¹..... მაღაზიის პრივატიზება 17.08.95 წ., ახალი დამფუძნებელი ხელშეკრულების შექმნამდე არსებული მასალების მიხედვით, აგრეთვე უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზედამხედველობის კოლეგიის დადგენილებიდან ამხანაგობასთან იჯარის ხელშეკრულების დადების ვალდებულება. სასამართლო არ შეხებია აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნას იჯარით გასაცემი ფართის წილებისდამიხედვით გამოყოფის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მკვეთრი პოზიციის გარეშე შესაძლებელია წარმოიქმნას გაურკვევლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორის, შპს «ი-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.06.2000 წ. განჩინება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
2. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.