Facebook Twitter

3გ/ად-127-კ-01 27 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე)

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

აღწერილობითი ნაწილი:

ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველომ 1998 წლის 21 იანვარს აუქციონზე გამოიტანა გორის ¹1 ... საწარმოს (შემდგომში ...) ქონება, სადაც გაიმარჯვა ¹1 ...-ს შრომითმა კოლექტივმა და იჯარა-გამოსყიდვის ფორმით ობიექტის პრივატიზებაზე მოიპოვა უფლება. ქონების მართვის გორის სამმართველოსა და ¹1 ...-ს შრომით კოლექტივს შორის (წარმომადგენელი დირექტორი ნ. გ-ური) 1998 წლის 18 თებერვალს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოიჯარე (¹1 ...) ვალდებული იყო 1998 წლის 31 დეკემბრამდე გადაეხადა ობიექტის გამოსასყიდი ღირებულების 51% - 49591 დოლარის ექვივალენტი თანხა ლარებში და საიჯარო ქირა ქონების ღირებულების არანაკლებ 10%, 9750 დოლარის ექვივალენტი. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, გორის ¹1 ...-ს შრომითი კოლექტივის 160 წევრის მიერ თანხა შეტანილი იქნა საიჯარო ქონების გამოსასყიდად, მაგრამ მოიჯარემ ვერ შეასრულა ხელშეკრულების პირობები და სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველომ 1999 წლის 28 აპრილს გამოსცა ¹47 ბრძანება გორის ¹1 ...-თან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს 1999 წლის 29 ივნისის ¹ 92 ბრძანებით დაკმაყოფილდა მოიჯარის თხოვნა და საიჯარო დავალიანების გადახდის ვადა შრომით კოლექტივს გაუგრძელდა 3 თვით. მოიჯარემ მაინც ვერ უზრუნველყო საიჯარო ხელშეკრულების შესრულება და 1999 წლის 14 სექტემბერს სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველომ გამოსცა ბრძანება ¹ 131, რომლითაც გაუქმდა 1998 წლის 18 თებერვალს დადებული საიჯარო ხელშეკრულება და იმავდროულად სამმართველომ გადაწყვიტა ¹1 ...-ს ქონების ბაზაზე «მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება. 2000 წლის 19 ივნისს გორის რაიონის სასამართლოში დარეგისტრირდა შპს “გ.-ი”, რომლის დამფუძნებელია სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველო და საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 69 447 აშშ დოლარის ექვივალენტით, ხოლო 1998 წლის 2 აპრილს გორის რაიონის სასამართლოში რეგისტრაცია გაიარა შპს “მ.-მ”, რომლის პარტნიორებსაც წარმოადგენენ გორის ¹1 ...-ს შრომითი კოლექტივის წევრები.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს მიერ 1999 წლის 12 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოში შეტანილი იქნა სარჩელი სამმართველოს 1999 წლის 28 აპრილის ¹47 ბრძანების კანონიერად ცნობისა და მოიჯარისათვის ორი წლის საიჯარო ქირის- 18279 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის დაკისრების შესახებ. პარალელურად, შპს «მ.-ის» მიერ ამავე სასამართლოში აღძრული იქნა სარჩელი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს 1999 წლის 8 სექტემბერის ¹131 ბრძანების გაუქმების შესახებ, მაგრამ სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად 1999 წლის 4 ნოემბრის გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით. 2000 წლის 23 თებერვალს გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველომ საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა. შპს «მ.-მ» 2000 წლის 2 აგვისტოს შეგებებული სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს 1999 წლის 1 სექტემბრის ¹131 ბრძანების გაუქმება, სამმართველოსათვის გორის ¹1 ...-ს ქონებაზე საიჯარო ხელშეკრულების მასთან დადების დავალდებულება და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების დროს საიჯარო ქონების (გორის ¹1 ...-ს ქონების) 69 447 აშშ დოლარად შეფასება.

გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს სარჩელი შპს “მ.-სთან” საიჯარო ხელშეკრულების მოშლის შესახებ, არ დაკმაყოფილდა ასეთი ხელშეკრულების არარსებობის გამო და შპს «მ.-ის» მიერ გადახდილი 18093 აშშ დოლარი მოპასუხეს ჩაეთვალა იჯარის ქირაში. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «მ.-ს» შეგებებული სარჩელი, გაუქმდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს 1999 წლის 1 სექტემბრის ¹131 ბრძანება. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს უფროსს დაევალა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმება შპს «მ.-სთან», ხოლო გორის ¹1 ...-ს ქონების ღირებულება განისაზღვრა 69 447 აშშ დოლარით.

გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველომ და მოითხოვა გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს «გ.-ი».

2001 წლის 2 მარტს, საქმის სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვის დროს, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს წარმომადგენელმა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე და დაეთანხმა გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რაც წერილობით დადასტურდა სამმართველოს 2001 წლის 5 მარტის ¹73 განცხადებით. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას დაეთანხმა როგორც მოწინააღმდეგე მხარე - შპს «მ.-ე”, ასევე მესამე პირი - შპს «გ.-ი”.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს განცხადება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტმა, ადმინისტრაციულმა ორგანომ _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველომ ვერ შეძლო საჩივარზე უარის თქმის ისე დასაბუთება, რომ აპელაციაზე უარის თქმა წინააღმდეგობაში არ მოსულიყო მოქმედ კანონმდებლობასთან;

2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემულ სიტუაციაში გორის რაიონის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაევალდებულებინა ქონების მართვის სამმართველო გაეფორმებინა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება სწორედ შპს «მ.-სთან», ვინაიდან 1998 წლის 21 იანვრის აუქციონში მოიჯარეს წარმოადგენდა ¹1 ... საწარმო, რომლის სამართალმემკვიდრეს, გორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, წარმოადგენდა შპს «გ.-ი» და არა შპს «მ.-ე». სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რითაც დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი და არ დაკმაყოფილდა შპს «მ.-ის» შეგებებული სარჩელი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების სამმართველოსათვის დავალდებულების შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებენ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველო და შპს «მ.-ე». კასატორთა აზრით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ უთხრა უარი აპელანტს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და არ მიუთითა, თუ კანონმდებლობის რომელ ნორმას ეწინააღმდეგებოდა აპელაციაზე უარის თქმა. კასატორები მოითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის ძალაში დატოვებას, რასაც არ ეთანხმება მესამე პირი “გ.-ი”, რომელიც ითხოვს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას უსაფუძვლობის მოტივით და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოსა და შპს «მ.-ს» საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდეს სააპელაციო წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველომ, მაგრამ სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვის დროს სამმართველოს წარმომადგენელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე, რაც წერილობით დადასტურდა აპელანტის – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს უფროსის გ. თ-შვილის 2001 წლის 5 მარტის ¹73 განცხადებით. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე – შპს «მ.-ე» და მესამე პირი – შპს «გ.-ი». სააპელაციო პალატამ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, დაუსაბუთებლობის მოტივით არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული ორგანოს – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს უარი სააპელაციო საჩივარზე. Gგადაწყვეტილებაში მითითებულია, თითქოს აპელანტმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რომ სააპელაციო საჩივარზე უარი არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას. თუმცა, საკასაციო პალატის აზრით, ვერც სააპელაციო პალატამ დაასაბუთა სააპელაციო საჩივარზე უარის არაკანონიერება და ვერ მიუთითა კონკრეტულად რომელ კანონს ეწინააღმდეგებოდა აპელანტის უარი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის დასაშვებობის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. სახელდობრ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც დადგენილია: «ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას». აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ კანონმდებლობას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უარი სარჩელზე, სარჩელის ცნობა ან საქმის მორიგებით დამთავრება, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისაგან განსხვავებულ რაიმე წესს, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის განვრცობითი განმარტება და მისი გავრცელება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააპელაციო ან საკასაციო საჩივარზე უარის თქმაზე დაუშვებელია, ასეთ შემთხვევაში პროცესუალურად ადმინისრაციული ორგანოს დისპოზიციურობა შეუზღუდავია და სააპელაციო-საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს სააპელაციო-საკასაციო საჩივარზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატის აზრით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან ადმინისტრაციული პროცესი არ ადგენს ადმინისტრაციუილი ორგანოს მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის რაიმე სპეციალურ წესს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატას ნაცვლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა, უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი 378-ე მუხლის I ნაწილით: «სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით.»

კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისრაციული ორგანოს – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს ნება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, წერილობით დადასტურებული იყო კომპეტენტური თანამდებობის პირის, სამმართველოს უფროსის გ. თ-შვილის მიერ, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. გორის სამმართველოს მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სიტყვიერად დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე – შპს «მ.-», ხოლო მესამე პირმა - შპს «გ.-ი» სასამართლოში წარმოადგინა წერილობითი თანხმობა. ამიტომ ადმინისრაციული საპროცესო კოდექსის I და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, სააპელაციო სასამართლოს, არ უნდა შეეზღუდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს დისპოზიციურობა და მისი პროცესუალური უფლება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, უნდა მიეღო სააპელაციო საჩივარზე უარი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე, 372-ე, 272-ე მუხლის «გ» პუნქტის საფუძველზე შეეწყვიტა სააპელაციო წარმოება. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად შეიზღუდა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პროცესუალური უფლება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, რაც დაუშვებელია, საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს სააპელაციო წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» პუნქტით, 372-ე, 378-ე, 390-ე, 409-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოსა და შპს «მ.-ს» საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე შეწყვეტილ იქნეს სააპელაციო წარმოება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.