Facebook Twitter

3გ/ად-128-კ-01 16 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

თავდაპირველი სარჩელის საგანი: ბინის პრივატიზაციის ნებართვის მიცემა, ბინაზე კანონიერი მფლობელის უფლების აღდგენა, ბინიდან გამოსახლება.

მესამე პირის დამოუკიდებელი სარჩელის საგანი: კეთილსინდისიერ მფლობელად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 1 ნოემბერს ტ. მ-ოვამ სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საბინაო-საექსპლუატაციო სამსახურის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 10 მაისის ¹1281 გადაწყვეტილების საფუძველზე პ. მ-ოვის სახელზე 1977 წლის 15 ივნისს გამოწერილი ¹... ორდერის თანახმად, პ. მ-ოვის ორსულიანმა ოჯახმა დაიკავა ქ. თბილისში, ... მდებარე 41,97 კვ.მ. ფართის ოროთახიანი ბინა.

1993 წლის 24 ნოემბერს პ. მ-ოვი და მისი მეუღლე ტ. მ-ოვა განქორწინდნენ.

განქორწინების შემდეგ ტ. მ-ოვამ გააგრძელა ცხოვრება ზემოთ აღნიშნულ ბინაში, ხოლო რუსეთის ფედერაციის ჯარების საქართველოდან გასვლის შემდეგ მისი მეუღლე პ. მ-ოვი ჯარის ნაწილთან ერთად გადავიდა ქ. სტავროპოლში.

1994 წელს მოსარჩელემ მოინდომა აღნიშნული ბინის პრივატიზაცია, მაგრამ მოპასუხეებმა ამის ნებართვა არ მისცეს.

ტ. მ-ოვამ სარჩელში ითხოვა, რომ მოპასუხეებს მიეცათ მისთვის ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის პრივატიზაციის ნებართვა.

1999 წლის 13 ნოემბერს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოპასუხე ტ. მ-ოვას მიმართ და ითხოვა მოპასუხის გამოსახლება სადავო ბინიდან იმ საფუძვლით, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე ტ. მ-ოვას მეუღლე რუსეთის ფედერაციის ჯარის ნაწილთან ერთად წავიდა საქართველოდან, იგი ვალდებული იყო ჩაებარებინა ბინა შესაბამისი უწყებისათვის.

შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ უსაფუძვლოა ტ. მ-ოვას თხოვნა ბინის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, რადგანაც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი დანიშნულების ბინა არ ექვემდებარება პრივატიზაციას.

2000 წლის 12 მაისს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ე. გ-შვილმა მოპასუხეების: ტ. მ-ოვას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ე. გ-შვილი და მისი ოჯახის წევრები იყვნენ აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირები და 1998 წლის 26 დეკემბრიდან ცხოვრობდნენ სადავო ბინაში, რომელზედაც მოიპოვეს კეთილსინდისიერი მფლობელის უფლება.

სარჩელში ე. გ-შვილმა ითხოვა, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები სასამართლოს ეცნო სადავო ბინის კეთილსინდისიერ მფლობელებად სამოქალაქო კოდექსის 147-ე, 148-ე, 149-ე მუხლებისა და 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.

2000 წლის 12 მაისს ტ. მ-ოვამ სარჩელით დამატებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა კანონიერი მფლობელის უფლების აღდგენა, ე. გ-შვილისა და მასთან ერთად მცხოვრებ პირთა გამოსახლება სადავო ბინიდან იმ მოტივით, რომ ისინი ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ ტ. მ-ოვას ბინაში იმ დროს, როდესაც იგი იქ არ იმყოფებოდა და აგრძელებდნენ იქ ცხოვრებას.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის მთავარ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა ითხოვა მოპასუხის საპროცესო მოვალეობისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა არ იმყოფებოდა მის ბალანსზე. ამასთან, ითხოვა შეგებებული სარჩელის მოხსნის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა. მხარეებმა შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შეგებებული სარჩელის გამო საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო დეპარტამენტი გათავისუფლდა მხარის მოვალეობისაგან.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ტ. მ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა და მას ნება დაერთო, მოეხდინა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის პრივტიზაცია. ე. გ-შვილი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან და მის სასარჩელო მოთხოვნას, ბინაზე კეთილსინდისიერ მფლობელად ცნობის შესახებ, უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ე. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ტ. მ-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აგრეთვე, არ დაკმაყოფილდა ე. გ-შვილის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა.

საკასაციო საჩივარში ტ. მ-ოვამ აღნიშნა, რომ სააპელციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლი, რომლის თანახმად თავდაპირველი მოსარჩელეს ჰქონდა უკანონო მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვის უფლება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტი, ვინაიდან სადავო ბინა არ არის სამსახურებრივი დანიშნულებისა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-18 პუნქტის თანახმად, ტ. მ-ოვას ენიჭებოდა უფლება, მოეხდინა სადავო ბინის პრივატიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა სარგებლობის უფლებით, ორდერის საფუძველზე, 1977 წლიდან გადაცემული ჰქონდა სსრკ სასაზღვრო ჯარების ამიერკავკასიის ოლქის სამხედრო-მოსამსახურე პ. მ-ოვს, რომლის ოჯახიც შედგებოდა ოთხი სულისაგან.

პ. მ-ოვის განქორწინებულმა მეუღლემ ტ. მ-ოვამ, რომელიც აგრძელებდა ცხოვრებას ზემოთ აღნიშნულ ბინაში, 1994 წლის 21 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ. ნ-იასაგან შეიძინა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1998 წლის 26 დეკემბერს, როდესაც ე. გ-შვილი და მისი ოჯახის წევრები საცხოვრებლად შევიდნენ სადავო ბინაში, ტ. მ-ოვა იქ აღარ ცხოვრობდა გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების გამო და საცხოვრებლად გადასული იყო ქ. თბილისში, ... მდებარე, მოსარჩელეზე რიცხულ ბინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად, ტ. მ-ოვას მფლობელობა სადავო ბინაზე შეწყვეტილი იყო. ამდენად, ტ. მ-ოვას სასარჩელო მოთხოვნას, სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად ბინის უკანონო მფლობელისაგან გამოთხოვის თაობაზე, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ» დროებითი დებულების მე-18 პუნქტის თანახმად, ტ. მ-ოვას უფლება ჰქონდა მოეხდინა მის მიერ დაკავებული ბინის პრივატიზაცია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა ზემოთ აღნიშნული დროებითი დებულების მე-18 პუნქტი, როცა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მხოლოდ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფსა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა კუთვნილ საბინაო ფონდში და აღარ მსახურობენ ამ სამხედრო შენაერთებში და არა მათი ოჯახის წევრებს, ჰქონდათ უფლება მოეხდინათ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია დადგენილი წესის დაცვით, მითუმეტეს, რომ იმ დროს როდესაც ტ. მ-ოვამ მოინდომა სადავო ბინის პრივატიზაცია, იგი როგორც განქორწინებული მეუღლე, პ. მ-ოვის ოჯახის წევრი აღარ იყო.

ამდენად, ტ. მ-ოვას სასარჩელო მოთხოვნა, მისთვის სადავო ბინის პრივატიზაციის უფლების მინიჭების შესახებ, უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. მ-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.