Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-129-კ 8 ნოემბერი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. სხირტლაძე

განიხილა ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ხელახლა განსახილველად საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე.

საკასაციო პალატამ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად დადგენილად ცნო შემდეგი:

ქ. ტყიბულის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1953 წლის 3 თებერვლის ¹432 გადაწყვეტილებით, ახალი ბაზრის მშენებლობისათვის მაღაროების ცენტრალურ უბანში გამოიყო 7400 მ2 მიწის ნაკვეთი. ამავე აღმასკომის 1954 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ¹465 1954 წლის 28 აგვისტოდან ახალი ბაზარი ჩაითვალა ექსპლუატაციაში გაშვებულად, ქალაქის ხელმძღვანელობის განკარგულებით ბაზარს სხვადასხვა დროს ჩამოეჭრა 3900 მ2 მიწა და 1995 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის მონაცემებით ბაზრის ტერიტორიამ შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული ფართის ჩათვლით შეადგინა 3483 მ2. 1953 წელს ბაზრის სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე ნახშირის მუშათა მომარაგების განყოფილებამ მშენებლობის ნებართვისა და მიწის გამოყოფის გარეშე ხის მასალისა-გან ააშენა სავაჭრო და საზკვების ობიექტები, ხოლო მათი დანგრევის შემდეგ, 1975-80 წლებში მათ ადგილზე ე.წ. «ო-ს” მაღაზიებისათვის აშენდა კაპიტალური შენობები; 1994-95 წლებში სახელმწიფო ქონების მართვის ტყიბულის სამმართვე-ლომ, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 7 ივნისს ¹445 დადგე-ნილების შესაბამისად, მოახდინა საკოლმეურნეო ბაზრისა და მის ტერიტორიაზე განლაგებულ მუშაკთა მომარაგების განყოფილების ობიექტების (მაღაზიების) პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის წესით, რაზეც გაფორმდა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებები და გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებში ხაგზასმულია, რომ პირდაპირი მიყიდვის წესით მოხდა მუშაკთა მომარაგების განყოფილების მაღაზიების პრივატიზება, ხოლო ყველა ხელშეკრულების მე-9 პუნქტში არის სპეციალური მითითება, რომ მიწის ნაკვეთით სარგებლობის პირობები, საქართველოს საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, დადგინდება დამატებით. პრივატიზებული მაღაზიების მესაკუთრენი ამჟამად წარმოადგენენ «მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად ტყიბულის სასამართლოში რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებს.

1995 წლის 14 ივნისს ქ. ტყიბულის სახელმწიფო ქონების მართვის სამ-მართველომ ასევე მოახდინია ტყიბულის საკოლმეურნეო ბაზრის პრივატიზება და ბაზარი პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინა ამხანაგობამ, რაზეც 1996 წლის 27 თებერვალს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹45/70-პ, რომლის მიხედვითაც ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა ტყიბულში, ..... ქ. ¹3ა-ში მდებარე საკოლმეურნეო ბაზარი 2448,6 მ2, მათ შორის შენობის ფართი _ 878,6 მ2, მოასფალტებული გზები და მოედნები _ 1570 მ2 ტყიბულის ბაზარი «.....” 1996 წლის 6 მარტს სასამართლოში რეგისტრაციაში გატარდა შეზღუ-დული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შპს ბაზარ «......-მ” სათანადო საბუთებით მიმართა ტყიბულის მიწის მართვის სამმართველოს, რომელმაც ¹45/70-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, სასამართლოს რეგისტრაციისა და ტყიბულის აღმასკომის ¹432 გადაწყვეტილების საფუძველზე, 1998 წლის 29 დეკემბერს შპს ბაზარ «.....-ს” საკუთრებაში გადასცა 2448,6 მ2 მიწა, რაც შესაბამისად დარეგისტრირდა საქართველოს საჯარო რეესტრში ¹..... .

1999 წლის 28 აპრილს შპს ტყიბულის ბაზარ «......-ს” ადმინისტრაციამ ქ. ტყიბულის მიწის მართვის სამმართველოს, ქ. ტყიბულის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ აღძრა სარჩელი საჯარო რეესტრში ¹...... რეგისტრაციის გაუქმებაზე და ტყიბულის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1953 წლის ¹432 გადაწყვეტილებისა და 1995 წლის 16 მაისის ინვენტარიზაციის აღწერის საფუძველზე, მოითხოვა მისთვის 3200 მ2 მიწის ნაკვეთის საკუთრებაშიOდაკანონება, ნაცვლად გადაცემული 2448,6 მ2 მიწისა და სასაზღვრო მიჯნის აღმართვა. მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებულ მუშათა მომარაგების განყოფილების მაღაზიების პრივატიზების ბათილად ცნობა, ტყიბულის სასამართლოში მათი სამეწარმეო რეგისტრაციის ბათილობა და მათთვის «......-ს” ადმინისტრაციის სასარგებლოდ კომუნალური გადასახადის სახით 4268,16 ლარის დაკისრება.

ტყიბულის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ტყიბულის ბაზარ «......-ს” ადმინისტრაციას მთლიანად უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, ნაცვლად 2448,6 მ2 მიწის ნაკვეთისა, 3483 მ2 ფართობის შპს ბაზარ «.....-ასათვის” საკუთრებაში გადაცემის ნაწილში. შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში ნაწარმოები ¹..... რეგისტრაცია და დაევალა ხელახალი რეგისტრაცია. ასევე, დაკმაყოფილდა «.....-ს” მოთხოვნა ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული ინდივიდუალური მეწარმეებისათვის 4268 ლარის ოდენობის კომუნალური მომსახურების ხარჯების, ასევე, სასამართლო ხარჯის _ 100 ლარი და სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის სოლიდარულად მოწინააღმდეგე მხარეთათვის დაკისრების ნაწილში, ხოლო ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული ე. წ. «ო-ს” მაღაზიების პრივატიზების ხელშეკრულებისა და იქ მომუშავე ინდივიდუალურ მეწარმეთა სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციის გაუქმებაზე შპს «.....-ს” ეთქვა უარი.

სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილია შემდეგი საფუძვლით:

1. ტყიბულის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1953 წლის ¹432 გადაწყვეტილებით ახალი ბაზრის მშენებლობისათვის გამოიყო 7400 მ2 მიწის ფართი, რასაც წლების მანძილზე ქალაქის ხელმძღვანელობის განკარგულებით სხვადასხვა საჭიროებისათვის ჩამოეჭრა მიწის ნაკვეთი და 1995 წლის ინვენტარიზაციის მონაცემებით ბაზრის ტერიტორიამ შენობა ნაგებობების ჩათვლით შეადგინა 3483 მ2. 1954 წელს ბაზრის ტერიტორიაზე საქნახშირის მუშათა მომარაგების განყოფილებამ, სათანადო ნებართვების გარეშე ააშენა ხის სავაჭრო ობიექტები, ხოლო 1975-80 წწ. კაპიტალური შენობები, რომელთა პრივატიზებაც მოხდა 1994-1995 წლებში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1994 წლის 5 მაისის ¹ 44-3/15 ბრძანებას.

2. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა” და «ბ” პუნქტების, პირველი მუხლის «გ”, «დ”, «ე”, «ვ” და «ზ” ქვეპუნქტების მიხედვით, შპს ბაზარ «.....-ს” ადმინისტარციას სრული უფლება აქვს საკუთრებაში მიიღოს მიწის ის ფართობი, რაც საკოლმეურნეო ბაზრის სარგებლობისათვის 1953 წლის 3 თებერვლის ტყიბულის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გამოიყო იმ დროისათვის დადგენილი წესით.

3. ვინაიდან ბაზრის ტერიტორიაზე საქნახშირის მუშაკთა მომარაგების განყოფილების მიერ მაღაზიები აშენებულია სათანადო ნებართვებისა და მიწის გამოყოფის გარეშე და მათ მესაკუთრეებს (ინდივიდუალურ მეწარმეებს) არ გააჩნიათ ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, ბაზარ «......-ს” საკუთრებაში უნდა გადაეცეს და შესაბამისად საჯარო რეესტრშიც გაუტარდეს 3483 მ2 მიწა, ნაცვლად 2448,6 მ2, ხოლო ბაზრის ადმინისტრციასა და ინდივიდუალურ მეწარმეებს შორის ურთიერთობა მიწათსარგებლობაზე უნდა მოწესრიგდეს ურთიერთშეთანხმებით, საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლისა (1997 წლის) და საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, 79-ე, 84-ე მუხლების (1964 წლის) თანახმად, სასარჩელო ხადაზმულობის ვადის გასვლის გამო, აპელანტს უარი ეთქვა ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული მაღაზიების პრივატიზებისა და მათ მესაკუთრეთა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებაზე.

სააპელაციო პალატამ ხაზგასმით მიუთითა, რომ ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ვრცელდება იმ მოპასუხეთა მიმართაც, რომელთა საკუთრებაში მყოფი ობიექტები განლაგებულია ბაზარ «......-ს” ტერიტორიაზე და რომელთა გამოძახება და საქმეში ჩართვა ვერ მოხერხდა მათი ადგილსამყოფელის (მისამართის) დაუდგენლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 ივნისის გადაწყვეტიოლებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ინდივიდუალურ მეწარმეთა ადვოკატი მ. დ-ე, ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ხელახლა განსახილველად საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას შემდეგი მოტივებით:

1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, პალატამ გადაწყვეტილება დააფუძნა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრების გამოცხადების შესახებ” კანონის პირველ, მე-5 მუხლებსა და შპს ბაზარ «.....-ს” მიწის ნაკვეთის სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად უმართებულოდ ჩათვალა ტყიბულის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1953 წლის 3 თებერვლის ¹437 და 1954 წლის 5 სექტემბერის გადაწყვეტილება, რაც უსწოროა და ეწინააღმდეგება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიწის კოდექსის (ძალაში შევიდა 1924 წლის 15 მაისიდან) 115-ე, 124-ე, 126-ე, 137-ე მუხლებს. ამდენად, არც «.....-ს” წარმოუდგენია დადგენილი წესით მისთვის გამოყოფილი ნაკვეთით სარგებლობის დოკუმენტი.

2. რეალურად გამოუკვლეველია საქმის ფაქტობრივი გარემოებებიც. მოსარჩელე რ. ბ-მა შეიძინა 1954 წელს ექსპლუატაციაში გაშვებული ბაზარი, რომლის შენობაში სპორტმაღაზიაა განთავსებული, თუ ე. წ. ახალი ბაზარი, აშენებული 1966 წელს. დავის პროცესში ტყიბულის ტექაღრიცხვის ბიურომ მოახდინა სადავო მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმის გაორება.

3. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ტყიბულის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო, ხოლო ტყიბულის მიწის მართვის სამმართველო სარჩელს აღიარებს, რადგან სამმართველოს უფროსი კ. ბ-ი არის შპს ბაზარ «.....-ს” დირექტორის შვილი.

4. შპს ბაზარ «......-ზე” 1995 წლის 15 მაისს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც საზოგადოებას საკუთრებაში გადაეცა 2448,6 მ2 მიწის ფართი, რაც დღემდე არავის გაუხდია სადავოდ.

5. უსწოროა სასამართლო სხდომის ოქმი მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე ნ. ჩ-ის ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მხარედ არ ჩაურთავს ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სპორტვაჭრობის მაღაზია. სასამართლომ, ასევე არ გაითვალისწინა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ საქმეზე გაცემული დასკვნა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს საკუთარი ინიციატივით არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არც მტკიცებულებები შეუგროვებია. დაუდგენელია როდის და რამდენი მ2 მიწის ფართობი ჩამოეჭრა ტყიბულის ბაზარს 1953 წლიდან დღემდე და პრივატიზების პერიოდისათვის რამდენ მიწის ფართს ფლობდა.

კასატორმა საკასაციო საჩივართან ერთად დამატებით წარმოადგინა წერილო-ბითი მტკიცებულებები: ქ. ტყიბულის ბაზრის სიტუაციური გეგმა 2 სახის: ბაზრის მთლიან ფართზე _ 3486,6 მ2 და შპს «......-ს” საკუთრებაში გადაცემულ 2448,64 მ2 მიწის ნაკვეთზე. მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალურ საწარმო «ჯ-ზე” 1999წ. 18 მარტს გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ¹...... , რომლითაც «ჯ-ს” საკუთრებაში გადაეცა 40,58 მ2 მიწის ნაკვეთი, რაც სააპე-ლაციო პალატამ შპს ბაზარ «.....-ს” მიაკუთვნა, ასევე, წარმოადგინა ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე «ს-ის” ¹..... მაღაზიის შესახებ მონაცემები.

მოწინააღმდეგე მხარემ _ შპს ბაზარ «......-ს” წარმომადგენლებმა სა-კასაციო საჩივარი არ ცნეს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად ძალაში დატოვებას ითხოვენ იმ მოტივით, რომ ტყიბულის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1953 წლის ¹432 გადაწყვეტილებით ბაზრის მშენებლობისათვის გამოიყო 7400 მ2, რომელიც სხვადასხვა დროს შემცირდა საზოგადოებრივი სა-ჭიროებისათვის და 1995 წლის ინვენტარიზაციითა და საქარათველოს ტყიბულის მიწის მართვის სამმართველოს 2000 წლის 17 მაისის ¹21 წერილის მიხედვით, ბაზრის ბალანსზე პრივატიზების პერიოდისათვის ირიცხებოდა 3486 მ2 მიწა. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის თანახმად ბალანსზე რიცხული მიწა ბაზარ «......-ს” საკუთრებაა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, კასატორებს კი მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნიათ, ამიტომ მათი მოთხოვნა უკანონოა.

საქართველოს მიწის მართვის ტყიბულის სამმართველოს წარმომადგენელმაც არ ცნო საკასაციო საჩივარი, თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან შპს ბაზარ «......-ს” საკუთრებაში გადაეცა დადგენილი წესით მისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, ხოლო კასატორები-სათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა არ მომხდარა, მათ არა აქვთ მიწათსარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამიტომ მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სახელმწიფო ქონების მართვის ტყიბულის სამმართველოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დაკმაყოფილდა შპს ბაზარ «......-ს” სასარჩელო მოთხოვნა ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული ე.წ. «ო-ს” მაღაზიების პრივატიზების ბათილობის შესახებ, რაც არავის გაუსაჩივრებია საკასაციო წესით და ძალაში შევიდა, ხოლო მიწის საკუთრებაში გადაცემის საკითხი მისი უწყების ქვემდებარე არ არის, ამიტომ საკასაციო საჩივრის ნაწილში იგი არაკომპეტენტურია.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განამრტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის, ასევე, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო სასამართლომ, დავის განხილვის დროს სწორად გამოიყენა 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონი «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ”. სააპელაციო პალატამ, ასევე, მართებულად მიუთითა კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” პუნქტზე, რომლის მიხედვითაც: «ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგ მიწებზე: ბ) ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე”. მაგრამ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ დავის განხილვის დროს ზემოაღნიშნულ «ბ” პუნქტთან დაკავშირებით არ გამოარკვია შემდეგი უმთავრესი ფაქტობრივი გარემოება:

1. ქ. ტყიბულის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1953 წლის ¹432 გადაწყვეტილებით ბაზრის მშენებლობისათვის გამოყოფილი 7400 მ2 მიწის ნაკვეთიდან როდის, რა ოდენობისა და რომელი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ჩამოეჭრა მიწის ფართობი ტყიბულის ბაზარს.

2. ტყიბულის ბაზრის პრივატიზების დროისათვის რამდენ მ2 მიწის ფართობს ფლობდა ბაზარი და რამდენი მ2 ირიცხებოდა მის ბალანსზე. ამასთან, საყურადღებოა შემდეგი გარემოება: ბაზრის საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებულია, რომ პრივატიზაციის შედეგად ამხანაგობას სულ გადაეცა 2448,6 მ2 მიწის ნაკვეთი, აქედან შენობის ფართი _ 878,6 მ2. მოასფალტებული გზები და მოედნები _ 1570 მ2. ბაზრის პრივატიზება განხორციელდა 1995 წლის 14 ივნისს, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაცემულია 1996 წლის 27 თებერვალს, იმხანად მოქმედი პრივატიზების კანონმდებლობით კი ხდებოდა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება მიწის გარეშე, «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონი მიღებულ იქნა მოგვინაბით, 1996 წლის 22 მარტს, ხოლო «არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი კი მიღებულია 1998 წლის 28 ოქტომბერს.

3. ასევე, გასარკვევია მოსარჩელემ პრივატიზებით შეიძინა 1954 წელს ექსპლუატაციაში გადაცემული ბაზარი, რომელშიც შემდგომში სპორტმაღაზია იყო განთავსებული თუ ე.წ. «ახალი ბაზარი”, აშენებული 1966 წელს.

საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირე-ბით და თვლის, რომ ადმინისტრაციულ პროცესში დაშვებული ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით გამოეკვლია ზემოაღნიშული ფაქტობრივი გარემოებები და შეეგროვებინა მტკიცებულე-ბები, რომელთა გამოკვლევის გარეშეც შეუძლებელია საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ამიტომ საკასაციო სასამართლო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იზიარებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილ დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას.

2. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნა-წილის «ბ” პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, დააკმაყოფილა აპელანტის შპს ბაზარ «......-ს” მოთხოვნა მისთვის 3483 მ2 მიწის ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ მარტოოდენ იმ მოტივით, რომ მას არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში დადგენილი წესით ჰქონდა გამოყოფილი ტყიბულის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1953 წლის 3 თებერვლის ¹432 გადაწყვეტილებით. შპს «......-ასა” და ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებულ ინდივიდუალურ საწარმოებს შორის დავის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული კანონის იგივე მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ა” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გარდა კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებათ, ასევე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს პრივატიზებული (კერძო) საწარმოთა სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზეც. მართალია, ე.წ. «ო-ს” მაღაზიების მშენებლობისათვის მიწა დადგენილი წესით არ ყოფილა გამოყოფილი ტყიბულის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგრამ საქართველოს მიწის კოდექსის (დღესაც ძალაშია) 96-ე მუხლის მიხედვით: «ქალაქის მიწაზე არსებული ნაგებობის საკუთრების უფლების გადასვლისას გადადის, აგრეთვე, მიწის ნაკვეთით ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლებაც”. აქედან გამომდინარე, მაღაზიების პრივატიზების შემდეგ მათ მესაკუთრეებზე (ინდივიდუალურ მეწარმეებზე) გადავიდა შესაბამისი (მიმდებარე) მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებაც და ისინი მიწის კანონიერი მოსარგებლენი არიან. ამასთან, ზემოაღნიშული კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე შეიძლება უარი ეთქვას ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სათანადო დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, ან «თუ არსებულ დოკუმენტში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი, ან მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები სხვა ფიზიკური, ან იურიდიული პირის საკუთრებაა”. ასევე, საყურადღებოა კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ქონების პრივატიზება «სახელმწიფო ქონების პრივატიზების” კანონის შესაბამისად, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოებთან შეთანხმებით მოხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული.

საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს ბაზარ «......-ასა” და ინდივიდუალურ მეწარმეებს შორის დავა სასამართლომ არ უნდა გადაწყვიტოს ცალსახად, მარტო-ოდენ მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” პუნქტზე დაყრდნობით, არამედ მიწის საკუთრების საკითხი უნდა გადაწყდეს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ა” ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სინთეზური ანალიზის საფუძველზე. ვინაიდან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შპს «......-ს” უარი ეთქვა ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული საქნახშირის მუშათა მომარაგების განყოფილების (ე.წ. «ო-ის”) ობიექტების პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე, რაც საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონიერი ძალაშია, შესაბამისად მაღაზიების პრივატიზების კა-ნონიერებაც დადგენილია (უდავოა). ამიტომ დავის გადაწყვეტილებისას სასამართ-ლომ, უნდა იხელმძღვანელოს კანონის ზემოაღნიშნული მუხლებით და მხედველობაში მიიღოს კანონის მიერ უკვე გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმეების უფლებები, რომლებსაც როგორც სადავო მიწაზე განლაგებულ პრივატიზებულ ობიექტების მესაკუთრეებს, ასევე გააჩნიათ კანონიერი ინტერესი სადავო მიწის საკუთრებაში გადაცემაზე. აღნიშნულს ადასტურებს ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ინდივიდუალურ საწარმო «ჯ-ს” პრეცედენტი: მეწარმე ნ. ჩ-ემ, რომელმაც სხვა ინდივიდუალურ მეწარმეთა მსგავსად მოახდინა ბაზრის ტერიტორიაზე გან-ლაგებული ე.წ. «ო-ს” ¹2 მაღაზიის პრივატიზება (1996 წლის 5 იანვარი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹45/68-პ) და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე კერძო საკუთრებაში მიიღო 40 მ2 მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ამონაწერი ¹...... . საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს საოლქო სასამართ-ლოს, რომ კონკრეტული დავის გადაწყვეტისას შპს ბაზარ «.....-ასთან” ერთად გაითვალისწინოს ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული პრივატიზებული ობიექტების მესაკუთრეთა კანონიერი უფლებებიც და ამასთან დაკავშირებით, ბაზარ «......-ასათვის” საკუთრებაში გადასაცემი მიწის ფართობის დადგენის დროს, ასევე, გამოიკვლიოს და დააჯამოს მოწინააღმდეგე მხარის _ ინდივიდუალურ მეწარმეთა მაღაზიების მიერ დაკავებული მიწის ფართობებიც.

საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის განხილვის დროს სააპელაციო პალატამ დაარღვია საპროცესო ნორმაც. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, გადაწყვეტილებაში საგანგებოდ აღნიშნა, რომ გარდა საქმეში მოპასუხეებად ჩართული ინდივიდუალური მეწარმეებისა, გადაწყვეტილება, ასევე, გავრცელდება ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებულ იმ ინდივიდუალურ მეწარმეებზეც, რომელთა პროცესში ჩაბმა და სასამართლოზე გამოძახება ვერ მოხერხდა მათი მისამართის (ადგილსამყოფელის) დაუდგენლობის გამო, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმეები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენენ აუცილებელი წესით საქმეში ჩასართავ მესამე პირებს, ვინაიდან ისინი ამ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი არიან და საქმეზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა ადმინისტრაციულ დავებზე არ გავრცელდება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, საქმეში სავალდებულო წესით ჩასაბმელი მესამე პირები სასამართლოს უნდა გამოეძახა წერილობით, ადგილობრივი გაზეთის მეშვეობით. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული პროცესუალური დარღვევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უმნიშვნელო დარღვევა კი არ არის, არამედ კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» პუნქტთან ერთად _ საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძვლები _ წარმოადგენს კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველსაც, ამიტომ სააპელაციო პალატის გადაწვეტილება უნდა გაუქმდეს და ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების დაცვით, ინდივიდუალურ მეწარმეთა მესამე პირად საქმეზე ჩართვის შემდეგ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული დავის განხილვა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული ნაწილში (3448 მ2 მიწის მიკუთვნება) და ზემოაღნიშნული მითითებებით განსახილველად და საქმისათვის უმთავრესი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. გ-ის, ნ. ჩ-ის, ნ. ფ-ის, მ. კ-ის, გ. ა-ის, ზ. ც-ის, ვ. ხ-ის წარმომადგენლის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება შპს ბაზარ «.......-ასათვის” 3448 მ2 მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში.

3. გაუქმებულ ნაწილში საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

4. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.