¹ 3გ/ად-129-კ-01 2 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საკრედიტო ვალდებულებით ნაკისრი თანხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 27 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს «ს.-მა» და მის სასარგებლოდ მოპასუხეების: ქ. ქუთაისის მერიისაგან 37000 ლარის, ხოლო სს «ბ.-ისაგან 66000 ლარის გადახდევინება მოითხოვა.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1999 წლის 30 სექტემბერს სს «ს.-ის» ქუთაისის ფილიალმა სს «ბ.-ზე» გასცა სესხი 150000 ლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, წლიურად სარგებლის 60% გადახდევინებით. სესხის უზრუნველსაყოფად ქ. ქუთაისის მერიის მიერ 1996 წლის 24 სექტემბერს გაცემულ იქნა საგარანტიო წერილი ¹1356. აღნიშულ საგარანტიო წერილს საფუძვლად დაედო ქ. ქუთაისის მერის 1996 წლის 3 სექტემბრის ¹603 განკარგულება. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვის ვადად გათვალისწინებული იყო 1997 წლის 30 მარტი. აღნიშნული ვადა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა 1997 წლის 1 ოქტომბრამდე. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს «ს.-ის» ქუთაისის ფილიალმა ქუთაისის მერიის ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის გზით დაფარა სს «ბ.-ის» დავალიანება 228000 ლარის ოდენობით. ამ თანხიდან 133000 ლარი ქუთაისის მერიის ანგარიშზე საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის მიერ ტრანსფერის სახით ჩარიცხულ თანხას წარმოადგენდა, რომელიც ქ. ქუთაისის სასამართლოს 1997 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით უკან დაუბრუნდა ქ. ქუთაისის მერიას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1998 წლის 26 მარტის ¹141 განჩინებით ბანკის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა და უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება. სს «ს.-ის» მიერ ქუთაისის მერიისათვის უკან დაბრუნებული თანხის 133000 ლარის დავალიანება, ბანკის განმარტებით, აღუდგა სს «ბ.-ს», საიდანაც 126000 ლარი შეადგენდა ძირითად თანხას, ხოლო 7000 ლარი საპროცენტო სარგებელს. საბოლოოდ, მოსარჩელემ სს «ს.-ის» სასარგებლოდ ქ. ქუთაისის მერიისაგან 37000 ლარის, ხოლო სს «ბ.-ისაგან» 67000 ლარის გადახდა მოითხოვა, ვინაიდან ნაკისრი 66000 ლარიდან მერიამ 29000 ლარი გადაიხადა.
მოპასუხეებმა: ქ. ქუთაისის მერიამ და სს «ბ.-მ» სარჩელი არ ცნეს. ქ. ქუთაისის მერიის წარმომდაგენლის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მორეგულირდა მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები და დადგინდა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული 150000 ლარის ნაცვლად სს «ბ.-ა» ვალდებული იყო გარანტის ქ. ქუთაისის მერიისათვის დაებრუნებინა 161105 ლარი. ამ გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზე ქ. ქუთაისის მერიამ იკისრა ვალდებულება გრაფიკის საფუძველზე დაეფარა 66000 ლარი, რაც დღეის მდგომარეობით შესრულებულია და სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა. სს «ბ.-ის» წარმომადგენლის განმარტებით, ფაბრიკა საჯარო ფაჭრობის წესით გადაცემული აქვს ქ. ქუთაისის მერიას და მას დავალიანება არ ერიცხება.
ქუთაისის საქალქო სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს «ს.-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მისი მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, რადგან გადაწყვეტილებაში მოყვანილი ციფრი 161105 ლარი არ შეიძლება გაიგივებული ყოფილიყო «ბ.-ის» საკრედიტო ვალდებულების ოდენობასთან ბანკის მიმართ, ვინაიდან იგი 228000 ლარს შეადგენდა და სწორად აღნიშნული თანხა ჩამოეწერა თავდაპირველად ქ. ქუთაისის მერიას. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული ფაბრიკა საჯარო ვაჭრობის წესით ქ. ქუთაისის მერიას გადაეცა, სს «ს.-მ» სააპელაციო საჩივრით დარჩენილი დავალიანების 67000 ლარის გადახდა სოლიდარულად მოითხოვა სს «ბ.-ისა» და ქალაქ ქუთაისის მერიისაგან. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 28 მაისის განჩინებით სს «ს.-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თუმცა თავისი განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ მხოლოდ სარჩელის ხანდაზმულობაზე იმსჯელა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს «ს.-ისათვის» სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების შესრულებისათვის გათვალისწინებული დროიდან, კერძოდ, 1997 წლის 30 მარტიდან. თუ მხედველობაში იქნება მიღებული მხარეთა შორის 1997 წლის 5 ივნისს დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სესხის გადახდის ვადა გაგრძელდა 1997 წლის 1 ოქტომბრამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადის ათვლა 1997 წლის 1 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს. ორივე შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სს «ს.-ს» სარჩელისათვის დაწესებული ერთწლიანი ვადა გაშვებული აქვს.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ს.-მ». კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სს «ს.-ის» საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართილსა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 28 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განსაზღვრა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ სს «ს.-ს» მას შემდეგ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება სს «ბ.-ისა» და ქ. ქუთაისის მერიისადმი, როცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 1998 წლის 26 მარტს, იგი იძულებული გახდა ქ. ქუთაისის მერიისათვის დაებრუნებინა ტრანსფერის თანხა 133000 ლარის ოდენობით. მანამდე სს «ს.-მ» თავისი უფლება «საბანკო დაწესებულებების მიერ სესხებთან დაკავშირებული გარანტიების გაცემისა და რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი დებულების შესაბამისად განახორციელა და კრედიტის დაფარვის ვადის დადგომისას გარანტის ქ. ქუთაისის მერიის ნებართვის გარეშე მოახდინა მისი ანგარიშიდან 228000 ლარის ჩამოჭრა. თუ აღნიშნული თანხიდან 133000 ლარი არ იქნებოდა ტრანსფერის თანხა და შესაბამისად არ იქნებოდა მიღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სს «ს.-ს» არც მოთხოვნა წარმოეშობოდა მოპასუხების მიმართ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის წარმოშობის დღიდან, 1998 წლის 26 მარტიდან მოქმედებდა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომლის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, «ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ».
საკასაციო სასამართლო, ამასთან, ვერ იმსჯელებს სს «ს.-ის» სარჩელის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში საუბარია მხოლოდ სარჩელის ხანდაზმულობაზე, რის გამოც სს «ს.-ის» საკასაციო საჩივარიც მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხებს ეხება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ს.-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 28 მაისის განჩინება და საქმეხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.