Facebook Twitter

¹ 3გ/ად-130-კ-01 13 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: პენსიის ოდენობის გადაანგარიშება და პენსიის მიღების ვადის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

კასატორმა ნ. ს-ძემ 1998 წლის 23 ივლისს სარჩელი აღძრა ისნის რაიონის სასამართლოში მოპასუხეთა საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს საპენსიო სამმართველოსა და საქართველოს სამხედრო კომისარიატის მიმართ და «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 61-ე მუხლის საფუძველზე (მარჩენალის დაკარგვის გამო), მოითხოვა პენსიის ოდენობის გადაანგარიშება და პენსიის მიღების ვადის დადგენა. ისნის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო-საკასაციო წესით. 2000 წლის 21 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ს-ძეს უარი ეთქვა მარჩენალის დაკარგვის გამო, ზემოაღნიშნული კანონის 61-ე მუხლის საფუძველზე, ორი სახის პენსიის დანიშვნის თაობაზე. M

კასატორმა ნ. ს-ძემ 2000 წლის 28 მარტს სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში და «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის მე-15, 34-36-ე, 48-ე, 60-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვა პენსიის ოდენობის გადაანგარიშება და პენსიის მიღების ვადის დადგენა. E2000 წლის 14 აგვისტოს სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. კასატორმა 2000 წლის 30 აგვისტოს ხელმეორედ მიმართა სასამართლოს იგივე მოთხოვნით.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 23 თებერვალს ნ. ს-ძეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლით:

1. სახელმწიფო პენსიების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ დებულების მე-5 მუხლის თანახმად: «მოქალაქეებს, რომლებსაც ერთსა და იმავე დროს აქვთ სხვადასხვა პენსიის (მაგ. მოხუცებულობისა და ინვალიდობის პენსიის) ან პენსიების სხვადასხვა ორგანოებიდან მიღების უფლება დაენიშნებათ ერთ-ერთი პენსია თავიანთი არჩევით;

2. «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 32-ე მუხლი ორი სახის პენსიის დანიშვნას ითვალისწინებს მხოლოდ სხვადასხვა ორგანოებიდან, რის გამოც ამ მუხლის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ს-ძემ გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში. სააპელაციო პალატამ 2001 წლის 18 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა შემდეგი მოტივით:

1. პალატამ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მთავარი საარქივო სამმართველოს ზესტაფონის არქივიდან წარმოდგენილი ცნობის მიხედვით დადგენილად ცნო, რომ ნ. ს-ძე 1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის 1948 წელს დაჯილდოებული იყო «სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მედლით». «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით ნ. ს-ძე, როგორც შრომის მედალოსანი, მიეკუთვნება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირს და «1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-19 მუხლის თანახმად, იღებს პენსიას 35 ლარის ოდენობით;

2. «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ორი სახის პენსიის – ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო პენსიის- დანიშვნაზე ნ. ს-ძის მოთხოვნა პალატამ არ დააკმაყოფილა «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მე-11 მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ინვალიდობის განსაზღვრისათვის ძირითადი კრიტერიუმია დაინვალიდება მეორე მსოფლიო ომში ან მის შემდეგ, რასაც ნ. ს-ძე ვერ აკმაყოფილებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ნ. ს-ძე. იგი ეყრდნობა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 47-ე, 48-ე, მე-60, მე-4, 32-ე მუხლებს და ითხოვს: თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმებას; საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკის რაიონული განყოფილებისათვის პენსიის დანიშვნის დაკისრებას 1999 წლის თებერვლიდან; ასევე მიღებული და მისაღებელი საპენსიო თანხის სხვაობის _ 1885 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. კასატორის მითითებით, მისი პენსია თვეში უნდა იყოს:

ა) ომის ინვალიდობის მიხედვით 45 ლარი;

ბ) მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) 14 ლარი;

გ) დანამატი _ მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობა _ 28 ლარი;

დ) პენსიის დანამატი კანონის მე-15 მუხლის «ა» პუნქტის საფუძველზე 9,30 ლარი, სულ 96,30 ლარი.

მოწინააღმდეგე მხარე კასაციას არ ეთანხმება უსაფუძვლობის გამო, ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის შესწავლისა და საოლქო სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმწბის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი ნ. ს-ძე «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ითხოვს მისი კუთვნილი პენსიის გადაანგარიშებას. აღნიშნული ნორმის თანახმად: ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

მითითებული მე-60 მუხლის მიხედვით, ორი სახეობის პენსიის მიღების უფლება აქვს დიდი სამამულო ომის მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს. «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს «მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც მიეკუთვნებიან: ... ზურგის მუშაკები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ომის წლებში მამაცური შრომისათვის». სააპელაციო პალატამ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მთავარი საარქივო სამმართველოს ზესტაფონის არქივიდან 1999 წლის 15 თებერვალს გაცემული ¹28-17/3-ს ცნობის მიხედვით დადგენილად ცნო, რომ ნ. ს-ძე დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის 1948 წელს დაჯილდოვდა «სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მედლით ¹300420» და ამდენად, ნ. ს-ძე დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირია, რომელსაც “საქართველოს 1999 წლის სახელმწოფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-19 მუხლით განესაზღვრა პენსია 35 ლარის ოდენობით.

კასატორი ნ. ს-ძე დაბადებულია 1910 წელს, დღეისათვის 75 წელს გადაცილებულია და ამრიგად აკმაყოფილებს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის მეორე კრიტერიუმსაც, მაგრამ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვითა და მოხუცებულობის გამო პენსიის დანიშვნისათვის აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მესამე არსებით პირობასაც – I და II ჯგუფის ინვალიდობას.

«ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონოს მე-11 მუხლის I პუნქტის მიხედვით: მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებს მიეკუთვნებიან ... საპენსიო უზრუნველყოფის მხრივ სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებული კატეგორიის მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე, სამხედრო მოქმედების რაიონში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებში, თავდაცვითი ზღუდეების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და აეროდრომების მშენებლობის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრებისა და დაავადებების შედეგად.

1988 წლის დეკემბრის სამედიცინო დასკვნით, ნ. ს-ძეს საერთო დაავადებათა აგამო, მართალია, უვადოდ დაუდგინდა I ჯგუფის ინვალიდობა, მაგრამ ორი სახეობის პენსიის (ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო) დანიშვნის უფლების მოსაპოვებლად «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლი აუცილებელ პირობად ითვალისწინებს I და II ჯგუფის ომის ინვალიდობას. კასატორი ნ. ს-ძე კი ომის ინვალიდი არ არის, არამედ იგი I ჯგუფის შრომის ინვალიდია. ამრიგად, კასატორი ვერ აკმაყოფილებს კანონის მე-60 მუხლის არსებით კრიტერიუმს ომის ინვალიდობის შესახებ, ამიტომ ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათი მასზე ვერ გავრცელდება და იგი ვერ მოიპოვებს ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივნისის განჩინება, ვინაიდან სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები მართებულად შეაფასა და განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით, 46-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივნისის განჩინება.

3. ნ. ს-ძე გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.