¹ 3გ/ად-131-კ-01 30 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: მიწის მიმღებ მოქალაქეთა კატეგორიის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 10 ნოემბერს სასამართლოში სარჩელი აღძრა გ. თ-ძემ მოპასუხეების: ბაღდათის რაიონის სოფ. ... საკრებულოსა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული განყოფილების მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1993 წელს სოფ. ... ყრილობამ მოსარჩელე აირჩია მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარედ. მუშაობის პერიოდში მას უთანხმოება მოუვიდა სოფლის საკრებულოს გამგებლის მოადგილესთან, რის გამოც დატოვა სამუშაო ადგილი.
1994 წლის 6 ივლისს გ. თ-ძემ ბაღდათის რაიონის საკრებულოს გამგებელს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ განეკუთვნებოდა მიწის მიმღებ მოქალაქეთა პირველ კატეგორიას და ითხოვა მიწის ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე შევსება კოლმეურნეობის პერიოდში იჯარით გაპიროვნებული მიწის ნაკვეთებიდან.
მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლის 30 აპრილს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული განყოფილების გამგემ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება და გ. თ-ძის კომლი პირველი კატეგორიიდან გადაყვანილ იქნა მეორე კატეგორიაში, რითაც შეეზღუდა მიწის მოთხოვნის უფლება.
... სოფლის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 28 დეკემბრის ¹116 გადაწყვეტილებით ... მიწის რეფორმის სასოფლო კომისიის გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება და გ. თ-ძის კომლი მიეკუთვნა ისევ პირველ კატეგორიას. მიუხედავად ამისა, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული განყოფილების გამგემ არ შეცვალა და ძალაში დატოვა წინანდელი გადაწყვეტილება.
სარჩელში გ. თ-ძემ ითხოვა მიწის მიმღებ მოქალაქეთა პირველი კატეგორიის მინიჭება.
ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა: საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაღდათის რაიონულმა განყოფილებამ და ბაღდათის რაიონის ... თემის საკრებულომ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება. გ. თ-ძის სარჩელი, მიწის მიმღებ მოქალაქეთა პირველი კატეგორიის მინიჭების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
გ. თ-ძემ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. კერძოდ, მისი განმარტებით, იგი იყო სოფლის მეურნეობის სპეციალისტი _ სოფლის მეურნეობის ინჟინერ-მექანიზატორი, რომელსაც ჰქონდა სოფლის მეურნეობაში მუშაობის 37 წლის სტაჟი. სამსახურთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა საკოლმეურნეო შრომაში, თუმცა მისი აღიარებით, როგორც სპეციალისტს, კოლმეურნეობაში არ უმუშავია. სოფ. ... კოლმეურნეობაში გაპიროვნებული ჰქონდა 0,12ჰა ვენახი და 0,25ჰა საყანე მიწის ფართობი. როგორც სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, მუშა-მოსამსახურეთაგან განსხვავებით, სარგებლობდა სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით: უფასო კომუნალური მომსახურებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხის აღების უფლებით და ა.შ. პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი დასაქმებული იყო განათლების სფეროში.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სოფ. ... საკრებულოს 1996 წლის 6 ივლისის ¹123 ცნობაში, კასატორთან მიმართებაში დაშვებულია მექანიკური შეცდომა, კერძოდ, საკომლო წიგნში უნდა ჩაეწერათ სოფლის მეურნეობის სპეციალისტი და არა მოსამსახურე. მოსამსახურისაგან განსხვავებით გ. თ-ძე ფლობდა 0,25ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. რადგანაც კოლმეურნეობის წევრი არ იყო, ამიტომ ცნობაში მექანიკურად ჩაიწერა მოსამსახურე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 30 ოქტომბრის ¹583 დადგენილება, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის დადგენილება და საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილება, რის გამოც გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად კი სამართლის ნორმების დარღვევით გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სარჩელი.
საკასაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-8 პუნქტი, 1992 წლის 6 თებერვლის ¹128 დადგენილების 1-ლი პუნქტი და 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილების მე-6 პუნქტი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ზემოთ აღნიშნული დადგენილებების პუნქტების განსაზღვრის თაობაზე, სოფელში მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისა და სოფელში მუდმივად მცხოვრები სხვა დარგის მუშა-მოსამსახურეების კომლთა კატეგორიებს მიწის ნაკვეთების მიღებასთან დაკავშირებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამართლის ნორმები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ. თ-ძე პენსიაში გასვლამდე მუშაობდა ბაღდათის სასწავლო საკურსო კომბინატის გამგედ. არც ის და არც მისი ოჯახის წევრები სოფ. ... კოლმეურნეობაში დასაქმებულნი არასოდეს ყოფილან. თავად გ. თ-ძეს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 1988 წელს წყალტუბოს რაიონთაშორისო სასწავლო საკურსო კომბინატის ფერსათის ფილიალის გამგედ მუშაობის პერიოდში.
ბაღდათის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარისა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს უფროსის მიერ საკასაციო სასამართლოში შემოტანილ საკასაციო საჩივრის შესაგებელში მითითებულია, რომ წყალტუბოს სარაიონთაშორისო სასწავლო-საკურსო კომბინატის ბაღდათის ფილიალი, სადაც პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა გ. თ-ძე, არ განეკუთვნებოდა განათლების სამინისტროს სისტემას და არსებობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამდენად, შესაგებელში აღნიშნულია, რომ კასატორი გ. თ-ძე არ მიეკუთვნებოდა განათლების სფეროს მუშაკებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია, ეკუთვნოდა თუ არა წყალტუბოს სარაიონთაშორისო სასწავლო-საკურსო კომბინატის ბაღდათის ფილიალი განათლების სამინისტროს სისტემას, ხოლო გ. თ-ძე განათლების სფეროში დასაქმებულ მუშაკს, რადგანაც «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის ამოქმედების თაობაზე» საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-4 პუნქტით სოფლად მცხოვრები მედიცინის, განათლების, ...-ის სფეროს მიკუთვნებული მუშაკების კომლები გაუთანაბრდნენ სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ კომლებს და შესაძლებლობის შემთხვევაში მათ უნდა გამოყოფოდათ მიწის ნაკვეთი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირველი კატეგორიისათვის განსაზღვრული ნორმის მიხედვით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამრათლომ არ დაადგინა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც აუცილებელი იყო საქმის ყოველმხრივი განხილვისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. თ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.