Facebook Twitter

3გ/ად-133-კ-01 27 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ვანის რაიონის სოფელ ...-ის თემის საკრებულოს 2000 წლის 2 თებერვლის პირველი სხდომის გადაწყვეტილებები და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების შედეგები.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 10 თებერვალს მოწინააღმდეგე მხარე ლ. ს-ძემ სარჩელი აღძრა კასატორების ნ. ჯ-იასა და დ. ნ-ძის მიმართ, ვანის რაიონის სასამართლოში და მოითხოვა 2000 წლის 2 თებერვალს ჩატარებული ვანის რაიონის სოფ. ...-ის თემის საკრებულოს პირველი სხდომისა და დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილებების, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების შედეგების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და საკრებულოს ტიპური დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით, დროებითმა სამანდატო კომისიამ და ...-ის თემის საკრებულომ, უკანონოდ ცნეს საკრებულოს წევრის დ. ა-ძის უფლებამოსილება, რამაც გავლენა იქონია ...-ის თემის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების შედეგებზე.

1998 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნებით ვანის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოში არჩეულ იქნა 13 წევრი. იმავე წლის 16 დეკემბერს ჩატარდა საკრებულოს პირველი სხდომა, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩია ლ. ს-ძე და ცნო საკრებულოს 12 წევრის უფლებამოსილება, ხოლო დ. ა-ძის უფლებამოსილების ცნობა გადადო მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამატებით გამოკვლევამდე, რაც გასაჩივრდა დ. ა-ძისა და საკრებულოს 6 წევრის მიერ. ბაღდათის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და პროცედურული წესების დარღვევის გამო გაუქმდა ...-ის თემის საკრებულოს 1998 წლის 16 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების შესახებ, რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიისა და საკასაციო პალატის 1999 წლის 13 მაისისა და 9 ნოემბრის განჩინებებით.

2000 წლის 2 თებერვალს განმეორებით მოიწვიეს ვანის რაიონის ...-ის თემის საკრებულოს პირველი სხდომა, რომელმაც დროებითი სამანდატო კომისიის წევრი ლ. ს-ძის წინააღმდეგობის მიუხედავად, პერსონალური კენჭისყრით სხვა წევრებთან ერთად ცნო საკრებულოს წევრის დ. ა-ძის უფლებამოსილება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ ერთი ხმის უპირატესობით, არჩეულ იქნა ლ. მ-ია – 7 ხმა, ლ. ს-ძე _ 6 ხმა.

ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სოფ. ...-ის თემის საკრებულოსა და დროებითი სამანდატო კომისიის პირველი სხდომის შედეგები, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხეების _ დროებითი სამანდატო კომისიის წევრების ნ. ჯ-იასა და დ. ნ-ძის მიერ.

საქმე ორგზის იქნა განხილული ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ, ბოლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ვანის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 9 ოქტომბრის განჩინების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის მოტივით უარი უთხრა აპელანტებს საქმის წარმოების შეწყვეტაზე.

2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სპეციალისტ მ. უ-იას დასკვნა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობითა და ვანის შს რაიგანყოფილების 2000 წლის 1 თებერვლის ¹10/137 ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის I პუნქტის დარღვევით დ. ა-ძის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ფაქტი, ვინაიდან დ. ა-ძე, მართალია, ცხოვრობდა ...-ის თემის საკრებულოს ტერიტორიააზე, მაგრამ საკრებულოს არჩევნების დღისათვის არ იყო საკრებულოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული დადგენილი წესით;

3. სააპელაციო პალატის აზრით, ვანის რაიონის სოფ. ...-ის თემის საკრებულოს 2000 წლის 2 თებერვალს სხდომაზე იგივე პროცედურული შეცდომები იქნა დაშვებული, რაც 1998 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე, კერძოდ საკრებულოს სხდომის ¹1 და ¹5 გადაწყვეტილებები ურთიერთწინააღმდეგობრივია და «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის I ნაწილის დარღვევით, დროებითმა სამანდატო კომისიამ მიიღო დადგენილება საკრებულოს 13 წევრისათვის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, რაც მხოლოდ საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება.

ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, კვლავ ასაჩივრებენ ნ. ჯ-ია და დ. ნ-ძე, რომლებიც შემდეგი საფუძვლით ითხოვენ ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას:

1. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის განჩინებას დ. ა-ძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის არაკანონიერების ნაწილში და მიუთითებენ, რომ დ. ა-ძე ათწლეულების მანძილზე მუშაობდა პოლიციაში, იგი არასდროს ამოწერილა სოფლიდან და სხვაგან არ უცხოვრია, მართალია, არჩევნების დროისათვის მას ვადაგასული პირადობის მოწმობა ჰქონდა, მაგრამ ამ გარემოებას მისთვის ხელი არ შეუშლია, იგი კანდიდატად რეგისტრირებულ იქნა საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების მიერ და მას მხარი დაუჭირა სოფლის მოსახლეობის უმრავლესობამ;

2. უსაფუძვლოა სასამართლოთა მითითება დროებითი სამანდატო კომისიის მიერ პროცედურული დარღვევით ...-ის თემის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე, ვინაიდან საკრებულოს ¹1 და ¹5 გადაწყვეტილებები არ არის ურთიერთწინააღმდეგობრივი ¹1 გადაწყვეტილებით დაფიქსირებულია ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა, ხოლო ¹5 გადაწყვეტილებით მიღებულია საკრებულოს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობა. ამასთან, კასატორთა აზრით, საკრებულოს თითოეული წევრისათვის პერსონალური კენჭისყრით შესაძლოა დაირღვა საკრებულოს დებულების რომელიმე ნორმა, მაგრამ საკრებულოს გადაწყვეტილებაზე ის ვერ იმოქმედებს, რადგან საკრებულოს დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვიტოს სხდომის რეგლამენტი და კენჭისყრის წესები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა დროებითი სამანდატო კომისიის წევრების ნ. ჯ-იასა და დ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი და საქმის მასალების შესწავლის, ასევე ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძველობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორთა მოთხოვნას ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საკასაციო პალატა ვერ დააკმაყოფილებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის I ნაწილისა და 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოსა (II ინსტანცია) და საოლქო სასამართლოს კოლეგიების (I ინსტანცია) გადაწყვეტილებები, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება პროცესუალურად არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს და მის კანონიერებაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს;

2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას დ. ა-ძის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინების არაკანონიერების შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ვანის შს რაიგანყოფილების 2000 წლის 1 თებერვლის ¹10/137 ცნობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოქალაქე დ. ა-ძემ 1994 წლის 18 თებერვალს აიღო საქართველოს მოქალაქის დროებითი პირადობის მოწმობა, რომლითაც ვანის რაიონის სოფ. ...-ში რეგისტრირებული იყო 1994 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 1999 წლის 23 ივნისს დ. ა-ძემ აღნიშნულ მისამართზე გაიარა რეგისტრაცია და აიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. ამდენად, ცნობის მიხედვით, 1994 წლის 31 დეკემბრიდან 1999 წლის 23 ივნისამდე, ე.ი. საკრებულოს არჩევნების მომენტისათვის, დ. ა-ძე ვანის რაიონის სოფ. ...-ის თემის საკრებულოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული არ ყოფილა, რასაც კასატორებიც არ უარყოფენ. «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად, საკრებულოს არჩევნები საყოველთაოა, საკრებულოს წევრად «არჩეული შეიძლება იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის 21 წელი შეუსრულდა, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე და საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა 5 წელი მაინც». ამდენად, საკრებულოს წევრად საქართველოს მოქალაქის არჩევისათვის, აღნიშნული კანონი იმპერატიულად ითხოვს არჩევნების დღისთვის შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე საკრებულო წევრობის კანდიდატის დადგენილი წესით რეგისტრაციის სავალდებულობას, რაც ამავე კანონის მე-4 მუხლით გამტკიცებული თანასწორი საარჩევნო უფლებიდან გამომდინარე, საკრებულოს წევრობის ყველა კანდიდატისათვის იყო სავალდებულო და მათ შორის დ. ა-ძისთვისაც. ვინაიდან საკრებულოს არჩევნების დღისათვის, 1998 წლის 15 ნოემბრისათვის, დ. ა-ძე დადგენილი წესის შესაბამისად, არ იყო რეგისტრირებული ვანის რაიონის სოფ. ...-ის თემის საკრებულოს ტერიტორიაზე, საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს განჩინებას დ. ა-ძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის არაკანონიერების თაობაზე.

საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა საქმეზე მოწვეული სპეციალისტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის მ. უ-იას დასკვნა დ. ა-ძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის კანონიერების შესახებ. სპეციალისტის აზრით, მართალია საკრებულოს არჩევნების დღისათვის დ. ა-ძე არ იყო რეგისტრირებული ვანის რაიონის სოფ. ...-ის თემის საკრებულოს ტერიტორიაზე, მაგრამ 2000 წლის 2 თებერვალს, საკრებულოს პირველი სხდომის მიერ მისთვის უფლებამოსილების ცნობის მომენტისათვის მას უკვე გავლილი ჰქონდა რეგისტრაცია დადგენილი წესით, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მცდარობის გამო, ვინაიდან «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის I ნაწილი საგანგებოდ მიუთითებს არჩევნების დღისათვის საკრებულოს წევრობის კანდიდატის შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით რეგისტრაციის აუცილებლობაზეK

3. საკასაციო პალატამ კიდევაც რომ გაიზიაროს კასატორთა მოსაზრება ვანის რაიონის სოფ. ...-ის თემის საკრებულოს მიერ «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის I ნაწილის «თ» პუნქტის დაცვით, საკრებულოს დანარჩენ წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით მაინც ვერ დააკმაყოფილებს კასატორთა მოთხოვნას ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება ვანის რაიონის ...-ის თემის საკრებულოსა და დროებითი სამანდატო კომისიის 2000 წლის 2 თებერვლის სხდომის ოქმების შედეგების (გადაწყვეტილებათა) გაუქმების შესახებ, ვინაიდან ...-ის თემის საკრებულოში არჩეულ იქნა 13 წევრი, ამათგან დ. ა-ძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, საკასაციო პალატის აზრით, ეწინააღმდეგება «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის I პუნქტს, ამიტომ უნდა გაუქმდეს და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს დ. ა-ძის მონაწილოებით საკრებულოს პირველი სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების შესახებ გადაწყვეტილებაც, რადგან «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის I ნაწილის თანახმად: «საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით». კონკრეტულ შემთხვევაში ვანის რაიონის სოფ. ...-ის თემის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში ლ. მ-იამ ერთი ხმის უპირატესობით, 7 ხმა ექვსი ხმის წინააღმდეგ, გაიმარჯვა და გახდა საკრებულოს თავმჯდომარე. ზემოაღნიშნული ორგანული კანონის მე-15 მუხლის I პუნქტის და საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ლ. ს-ძის მოსაზრებას, რომ დ. ა-ძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების უკანონოდ ცნობამ უდავოდ გავლენა მოახდინა ...-ის თემის საკრებულოს 2000 წლის 2 თებერვლის პირველი სხდომის გადაწყვეტილებებზე და მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების შედეგებზეც.

ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს და მიიჩნევს, რომ უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 თებერვლის განჩინება, ვინაიდან სააპელაციო პალატის განჩინება არის კანონიერი, პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მისცა იურიდიულად სწორი შეფასება და არ არსებობს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვანის რაიონის სოფ. ...-ის თემის საკრებულოს სამანდატო კომისიის წევრების ნ. ჯ-იასა და დ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 თებერვლის განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.