გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-135 24 იანვარი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
განიხილა ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.07.2000 წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის 03.12.98 წ. ¹386 ორივე სახის დადგე-ნილების შესაბამისი პუნქტები ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹4-ში მდებარე სასაწყობო მეურნეობის ათვისების ზოლში შეტანისა და მისი ლიკვიდაციის შესახებ; «ა-ის» გამგეობის 09.07.99 წ. დადგენილება; ქ. ბათუმის მერიას დაევალა ....... ქ. ¹4-ში მდებარე სასაწყობო მეურნეობაზე ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივისათვის შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, რათა შემდგომში ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივმა უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მ. თ-ეზე გადაფორმება. სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქ. ბათუმის აღმასკომის 22.04.87 წ. ¹389 გადაწყვეტილებით, სსრკ მინისტრთა საბჭოს 05.02.87 წ. ¹162 დადგენილების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...... (იმჟამად ......) ქუჩის ¹4-ში მდებარე ბათუმის თევზჭერის ფლოტის სამმართველოს კუთვნილი ტერიტორია თავისი სასაწყობო ნაგებობებით იჯარით გადაეცა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივთან (იმჟამად მეთევზეთა კოოპერატივთან) შექმნილი კოოპერატივის «ზ-ის» წარმოების მოსაწყობად. მიუხედავად იმისა, რომ საიჯარო ხელშეკრულება არ დადებულა, სადავო ტერიტორიაზე კოოპერატივის «ზ-ის» მოწყობის მიზნით ბათუმის მეთევზეთა კოოპერატივმა ჩაატარა სამუშაოები, აღადგინა ნაგებობები, რაშიდაც დააბანდა 276 ათას მანეთზე მეტი თანხა, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას. 1989 წლის მარტში სამომხმარებლო კოოპერატივის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მიმართა ქალაქის საბჭოს აღმასკომს, რათა თევზჭერის ფლოტის მიერ ბალანსიდან ჩამოწერილი და მიტოვებული, ხო-ლო სამომხმარებლო კოოპერატივის მიერ აღდგენილი ტერიტორია და შენობა-ნაგებობები სამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე აყვანილიყო, რაც დაკმაყოფილებულ იქნა 29.03.89 წ., ქონების მესაკუთრეთ ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა სამომხმარებლო კოოპერატივი. აღნიშნულის შემდეგ შენობა-ნაგებობით და მიმდინარე ტერიტორიით წლების განმავლობაში სარგებლობდა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი და იგი წარმოადგენდა მის მესაკუთრეს.
1997 წლისათვის სამომხმარებლო კოოპერატივში საქონელბრუნვის შემცირების და ორგანიზაციის გაღარიბების გამო, «ცეკავშირის სისტემაში ზედმეტი და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ» ცეკავშირის გამგეობის 28.06.96 წ. დადგენილე-ბის თანახმად, დაისვა სადავო ობიექტის გაყიდვის საკითხი. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის რეფორმების, რესტრუქტურიზაციის ჩატარებისა და ქონების მართვის კომისიამ 05.06.98 წ. გადაწყვიტა ..... ქ. ¹ 4-ში მდებარე ნაყინის საამქროს და ¹11 მაღაზიის შენობა და დანადგარ-მოწყობილობები მიეყიდა იმავე ობიექტის სანაყინე საამქროს ოსტატ მ. თ-ისათვის. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება განიხილა და 08.06.98 წ. დადგენილებით დაამტკიცა სამომხმარებ-ლო კოოპერატივის გამგეობამ, ობიექტის ღირებულების სახით მყიდველს განესაზღვრა 10026 ამერიკული დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა. მ. თ-ეზე აღნიშნული ობიექტის მიყიდვის საკითხი განხილულ და მოწონებულ იქნა «ა-ის» ქონების მართვის კომისიის 03.07.98 წლის სხდომაზე, რის შემდეგ მ. თ-ემ თანდათანობით, რამდენიმე თვის დაგვიანებით, 1998 წლის დეკემბრის ბოლომდე, მთლიანად გადაიხადა სადავო ობიექტის ღირებულება და მიმართა გამყიდველს _ ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივს შესყიდული ობიექტის მის სახელზე გაფორმების შესახებ. უკანასკნელმა მიმართა ბათუმის მერიას თხოვნით, რათა ზემოაღნიშნული ობიექტის მ. თ-ეზე გასაფორმებლად გაცემულიყო ცნობა-დახასიათება და სარეგისტრაციო მოწმობა, რაზედაც ქ. ბათუმის მერიამ უარი განაცხადა. ამასთანავე, ქ. ბათუმის მერიის 03.12.98წ. ¹386 გადაწყვეტილებით «ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 18.04.95 წ. ¹ 188 გადაწყვეტილებაში «ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საბორნე მიმოსვლის კომპლექსის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ» ცვლილებების შეტანის შესახებ» ..... ¹ 4-ში მდებარე კოოპკავშირის სასაწყობო მეურნეობა შეტანილ იქნა ათვისების ზოლში. მ. თ-ეს მიეცა წინადადება გადახდილი თანხის ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივიდან გატანაზე, რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა და 29.06.99 წ. ქ. ბათუმის მერიის და ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის მიმართ შეიტანა სარჩელი ქ. ბათუმის სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მერიის 03.12.98 წ. ¹386 დადგენილების მე-7 პუნქტის გაუქმება და სამომხმარებლო კოოპერატივისაგან შესყიდული ობიექტის მის სახელზე გაფორმება. 05.08.99 წ. მ. თ-ემ სასამართლოს მიმართა დამატებითი სასარჩელო განცხადებით და მოითხოვა «ა-ის» გამგეობის 09.07.99 წ. და მის შესაბამისად მიღებული ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის 19.07.99 წ. დადგენილებების გაუქმება, რომლებითაც გაუქმდა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის და «ა-ის» ქონების მართვის კომისიის დადგენილებები ობიექტის გაყიდვაზე. გარდა ამისა, ვინაიდან აღმოჩენილ იქნა მერიის 03.12.98 წ. ¹386 დადგენილების ორი ვარიანტი, რომელთა მე-7 და მე-9 პუნქტებში მითითებულია სადავო ობიექტის ლიკვიდაციის შესახებ, მოსარჩელემ მოითხოვა ორივე დადგენილების შესაბამისი პუნქტების გაუქმება.
საქმის სასამართლო განხილვის პროცესში მოპასუხემ _ ბათუმის მერიამ შემოიტანა შეგებებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა მ. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სადავო ქონების უპატრონოდ ცნობა, ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის სადავო ნაგებობიდან გამოსახლება, ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1989 წლის ჩანაწერის ბათილად ცნობა, ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მერიისათვის ჩაბარება. შეგებებული სასარჩელო განცხა-დება შემოიტანა აგრეთვე მოპასუხე _ «ა-ის» გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა მ. თ-ის დამატებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის 08.06.98 წ., 25.09.98 წ. და 20.10.98 წ. დადგენილებების გაუქმება.
ქ. ბათუმის სასამართლომ 27.10.99 წ. გადაწყვეტილებით მ. თ-ის ძირითადი და დამატებითი სასარჩელო განცხადებები არ დაკმაყოფილდა, მთლიანად დაკმაყოფილდა ბათუმის მერიის და «ა-ის» შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ საარქივო ბარათში შეტანილი ჩანაწერი, სადავო ნაგებობა ცნობილ იქნა უპატრონოდ, ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი გამოსახლებულ იქნა ....... ქ. ¹4-ში მდებარე ფართიდან, ნაგებობა მიწის ფართთან ერთად გადაეცა ქ. ბათუმის მერიას, გაუქმდა აგრეთვე ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის 03.07.98 წ. და მისგან გამომდინარე 25.09.98 წ. და 20.09.98 წ. დადგენილებები. სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ _ ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივმა, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ...... ქ. ¹4-ში მდებარე სადავო ობიექტზე მისი უფლებების აღდგენა. ქ. ბათუმის სასამართლოს 27.10.99 წ. გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით ძირითადი და დამატებითი სააპელაციო საჩივრები შეტანილ იქნა აგრეთვე მ. თ-ის მიერ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელა-ციო პალატის 22.07.2000 წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნე-ბი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. ბათუმის სასამართლოს 27.10.99 წ. გადაწყვეტილება, გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის 03.12.98 წ. ორივე სახის დადგენილების ის პუნქტები, სადაც მითითებულია ...... ¹4-ში მდებარე სასაწყობო მეურნეობის და მიწის ნაკვეთის ათვისების ზოლში შეტანისა და მისი ლიკვიდაციის შესახებ, გაუქმებულ იქნა აგრეთვე «ა-ის» გამგეობის 09.07.99 წ. დადგენილება, ქ. ბათუმის მერიას დაევალა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივისათვის ..... ¹4-ში მდებარე სასაწყობო მეურნეობაზე შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, რათა კოოპერატივმა უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მ. თ-ეზე გადაფორმება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ობიექტი არის უპატრონო ქონება. მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 22.04.87 წ. ¹389 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საიჯარო ხელშეკრულება არ დადებულა, სასამართლომ დადგენი-ლად მიიჩნია, რომ ქონება ნამდვილად გადავიდა სამომხმარებლო კოოპერატივის გამგებლობაში, რომელმაც აღადგინა შენობა-ნაგებობანი. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ქონებაზე ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრება დასტურდება ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1989 წლის ჩანაწერით, ტექნიკური პასპორტით,M ტექნიკური აღრიცხვის ბარათით, «ა-ის» 03.06.91 წ. ¹53 განკარგულებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი არ გაერთიანებულა «ა-ის» სისტემაში, არ მომხდარა უფლებათა დელეგირება, რის გამო ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის მიერ 08.06.98 წ. დამტკიცებული ქონების მართვის კომისიის 05.06.98 წ. სხდომის გადაწყვეტილება არ საჭიროებდა «ა-ის» ქონების მართვის კომისიის და შემდგომ გამგეობის დამტკიცებას.
პალატამ მიუთითა, რომ მერიის 03.12.99 წ. ¹386 დადგენილებით გათვალისწინებული საზღვაო ნავსადგურის საბორნე მიმოსვლის კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ტერიტორიის ათვისება არაფრით არაა დაკავშირებული სადავო ობიექტთან და მისგან დიდი მანძილითაა დაშორებული, შესაბამისად არ დარღვეულა მერიის რაიმე უფლება, ხოლო ქონების ყოფილ მესაკუთრეს _ აჭარის თევზჭერის ფლოტის სამმართველოს, რაიმე პრეტენზია ქონებაზე არ განუცხადებია. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არსებობს 03.12.99 წ. ¹386 ორი განსხვავებული დადგენილება, რომლებშიც დებულება სადავო ქონების ათვისების ზოლში შეტანის შესახებ სხვადასხვა პუნქტებშია მოთავსებული.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია აგრეთვე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა განსჯადობის წესები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქმე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს შესაბამისი კოლეგიის მიერ უნდა განხილულიყო. ვინაიდან განსჯადობის საკითხი მხარეებს არ დაუყენებიათ, სსკ 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 22.06.2000 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მერიის მიერ. კასატორი ითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას, ქ. ბათუმის სასამართლოს 27.10.99 წ. გადაწყვეტილების ძალაში უცვლელად დატოვებას და აღნიშნავს, რომ ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი პროცესში მონაწილეობდა მხოლოდ მოპასუხის სახით, თავის სააპელაციო საჩივარში კოოპერატივი მოითხოვდა ქ. ბათუმის სასამართლოს 27.10.99 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და სადავო ობიექტზე კანონიერი უფლების აღდგენას. ამგვარი მოთხოვნა დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში უკეთუ სამომხმარებლო კოოპერატივი შეიტანდა სასარჩელო განცხადებას სათანადო მოთხოვნით ქალაქის სასამართლოში პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ სამომხმარებლო კოოპერატივს საჩივარი შემოტანილი ჰქონდა როგორც მოპასუხეს, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია ის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ერთდროულად დაკმაყოფილდა როგორც მოსარჩელის ისე მოპასუხის მოთხოვნები, რითაც დაირღვა სსკ 177-179, 183-185, 188-190 მუხლები.
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არის არაობიექტური, ვინაიდან არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აზრს სადავო ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ. სახელმწიფო ქონების კოოპერატიულ საზოგადოებაზე გადაცემის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მეთევზეთა კოოპერატივის ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე არ დაიშვებო-და. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ საკითხი იმის თაობაზე თუ რისთვის სჭირდებოდა მერიას სადავო ტერიტორია, რამდენადაა იგი დაშორებული საბორნე მიმოსვლის კომპლექსის მშენებლობასთან არ შეადგენს სააპელაციო პალატის კომპეტენციას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სააპელაციო საჩივრის მთლიანად დაკმაყოფილების გამო მ. თ-ეს დაუკანონდება ნაგებობაც და მიწის ფართიც. იმის გათვალისწინებით, რომ მ. თ-ეზე მიწის ნაკვეთის მიყიდვა არავის დაუდგენია (მათ შორის არც ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივს) და არც არავის მიუცია ასეთზე თანხმობა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებით დაირღვევა კანონი, ვინაიდან მიწის განაწილება არ განეკუთვნება სასამართლოს კომპეტენციას, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» 28.10.98 წ. კანონის შესაბამისად, მიწის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელი არის მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით.
საქმის საკასაციო განხილვის პროცესში მ. თ-ემ და ბათუმის სამომხმარებლო კოოპერაციის წარმომადნგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, ხოლო «ა-ის» წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ამასთანავე აღნიშნა, რომ ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი არ შედის «ა-ის» სისტემაში, მათ შორის არ დადებულა ხელშეკრულება სამეურნეო-სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. თ-ე სასარჩელო განცხადებით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ითხოვდა ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის 19.07.99 წ. დადგენილების გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა ობიექტის შესყიდვაზე. ამასთანავე, ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის რწმუნებულთა კრების 10.03.2000 წ. დადგენილებით გაუქმდა კოოპერატივის გამგეობის 19.07.99 წ. დადგენილება, ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი აღიარებდა მ. თ-ის მოთხოვნას ობიექტის მის სახელზე გაფორმების შესახებ. ამდენად, მ. თ-ის და ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის პოზიციები ფაქტობრივად ემთხვეოდა ერთმანეთს. ამასთანავე, გარდა მ. თ-ის სარჩელისა, ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი წარმოადგენდა მოპასუხეს მერიის და «ა-ის» შეგებებული სასარჩელო მოთხოვნათა მიმართ. უკანასკნელი შეგებებული სარჩელით მოითხოვდა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის 08.06.98 წ., 25.09.98 წ. და 20.10.98 წ. დადგენილებების გაუქმებას, რომლითაც დადგინდა სადავო ობიექტის მ. თ-ეზე მიყიდვა და განისაზღვრა ძირითადი საშუალებების გამოსყიდვის გადადების ვადები. მერიის შეგებებული სარჩელი ითხოვდა იმის ცნობას, რომ მოპასუხეს _ ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივს არ გააჩნია სადავო ობიექტზე არც საკუთრების და არც სარგებლობის კანონიერი უფლება, მოსარჩელე მოითხოვდა აგრეთვე ..... ¹4-ში მდებარე 214 კვ.მ. ფართის ნაგებობის უპატრონოდ ცნობას, ნაგებობიდან კოოპერატივის გამოსახლებას, ნაგებობის და მიწის ფართის მერიისათვის ჩაბარებას, ტექინვენტარიზაციის ბიუროში სადავო ობიექტის მეთევზეთა კოოპერატივის (იგივე ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის) საკუთრებად რეგისტრაციის გაუქმებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება სამომხმა-რებლო კოოპერატივს აძლევდა უფლებას გაესაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა მას შეტანილი შეგებებული სარჩელი, ვინაიდან უდავოა, რომ მას საქმის გადაწყვეტის შედეგისადმი ჰქონდა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ინტერესი. ამდენად, კოოპერატივის სააპელაციო საჩივრის განხილვით, მოსარჩელის და მოპასუხის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებით არ დარღვეულა სსკ 177-179, 183-185, 188-190 მუხლები.
სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრება სადავო ობიექტზე საბუთდება ტექნიკური აღრიცხვის ბარათით; ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 26.11.97 წ. გაცემული ტექნიკური პასპორტით; «ა-ის» 03.06.96 წ. ¹53 განკარგულებით. პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან, უძრავი ნივთის გამსხვისებლის მესაკუთრედ მიჩნევისათვის საკმარისია მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. უკეთუ გამსხვისებელი მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, შემძენს ყოველგვარი სხვა საფუძვლის გარეშე შეუძლია გამსხვისებელი მესაკუთრედ მიიჩნიოს, ვინაიდან რეესტრის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია. თევზჭერის სამმართველოს ბალანსზე სადავო ობიექტის ყოფნას არ ადასტურებს ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 28.04.93 წ. ¹224 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ბათუმის მომხმარებელთა საზოგადოებასთან არსებული კოოპერატივ «ზ-ის» თხოვნა და ნება დაერთო ...... ქ. ¹4-ში ყოფილი ბარაკული ტიპის შენობის ადგილზე ოფისის აშენება. აჭარის თევზჭერის და თევზის გადამუშავების საწარმოო გაერთიანების 10.95 წ. ¹01/213 წერილის თა-ნახმად ობიექტი არ იმყოფება ორგანიზაციის ბალანსზე. ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელთა კრების 10.09.97 წ. გადაწყვეტილების საფუძველ-ზე დადგინდა გასაყიდი ობიექტების ნუსხაში სადავო ობიექტის შეტანა, მერიას სადავოდ არ გაუხდია კრების გადაწყვეტილება და 26.11.97 წ. მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული იქნა ობიექტის ტექნიკური პასპორტი. ობიექტის გაყიდვა მოიწონეს აგრეთვე ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის რეფორმების, რესტრუქტურიზაციის ჩატარებისა და ქონების მართვის კომისიამ და ს/კოოპერატივის გამგეობამ. უკანასკნელის 08.06.98 წ. დადგენილება 25.06.98 წ. დაამტკიცა კოოპერატივის მართვის უმაღლესმა ორგანომ - მეპაიეთა საერთო კრებამ. ამასთანავე, «ა-ის» წარმომადგენელმა პროცესზე დაადასტურა, რომ ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი არ წარმოადგენს «ა-ის» სისტემის სტრუქტურულ ერთეულს, მასში გაერთიანება, «სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ» კანონის თანახმად, ხდება ნებაყოფლობითობის საწყისებზე, ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დღემდე არ დადებულა. შესაბამისად, ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის კომისიის და გამგეობის გადაწყვეტილებები მ. თურმანი-ძისათვის ობიექტის მიყიდვის შესახებ არ საჭიროებდნენ «ა-ის» მი-ერ დამტკიცებას, თუმცა იგი დამტკიცებულ იქნა «ა-ის» ქონების მართვის კომისიის მიერ. ამდენად, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა გაუქმებული «ა-ის» გამგეობის 09.07.99 წ. დადგენილე-ბა. ქონება საჯარო რეესტრში გამსხვისებლის - სამომხმარებლო კოოპერატივის სახელზე 1989 წელს აღირიცხა მერიის (იმჟამად ქალაქის აღმასკომის) სამსახურის _ ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ, ობიექტი მისი ნებით გავიდა საკუთრებიდან, ამასთანავე, შემძენმა ობიექტი შეიძინა სასყიდლიანად, სათანადო ღირებულების გადახდით, ამდენად მ. თ-ე არის სადავო ობიექტს კეთილსინდისიერი შემძენი. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის მიხედვით შემძენის მხრიდან არაკეთილსინდისიერების არ არსებობის შემთხვევაში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ობიექტი წარმოადგენდა უპატრონო ქონებას. პირველი და სა-აპელაციო სასამართლო ინსტანციების მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ობიექტის პირვანდელმა მფლობელმა ობიექტი 1987 წლიდან მიატოვა, ობიექტი ჩამოწერილ იქნა აჭარის თევზჭერის სამმართველოს ბალანსიდან, მას რაიმე პრეტენზია სადავო ქონების მიმართ არ გამოუთქვამს. ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 22.04.87 წ. ¹389 გადაწყვეტილებით განისაზღვრა ობიექტის იჯარით გაცემა, მეთევზეთა კოოპერატივს (რომლის სამართალმემკვირეა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი) დაევალა აუცილებელი საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ საიჯარო ხელშეკრულება არ დადებულა, რადგანაც ქონებას არ გააჩნდა რაიმე ღირებულება, დადგენილია, რომ ქონება ნამდვილად გადავიდა სამომხმარებლო კოოპერატივის გამგებლობაში, სამომხმარებლო კოოპერატივმა აღადგინა შენობა-ნაგებობანი, რაზედაც გახარჯა 276 ათას მანეთზე მეტი თანხა, ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა არა ქონების გადაცემას, არამედ მის შექმნას. 1989 წელს სადავო ქონება ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ აღირიცხა სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებად. ამ დროიდან მოყოლებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ს/კოოპერატივი იმავდროულად წარმოადგენს საკუთრადმფლობელს, ე.ი. სახეზეა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და პირის დამოკიდებულება ნივთისადმი, როგორც საკუთრებისადმი, რის შესახებაც რაიმე პრეტენზია არ გამოთქმულა. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კასატორი _ ქ. ბათუმის მერია ითხოვს არა სახელმწიფო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, რომლის მიმართაც 1964 წ. სამოქალაქო კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად არ ვრცელდებოდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, არამედ მის უპატრონოდ ცნობას, უკანასკნელზე ვრცელდებოდა ხანდაზმულობის საერთო სამწლიანი ვადა, რომელიც მოსარჩელეს გაცდენილი აქვს.
პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მერიის სადავო აქტის მიღებისას, საჯარო რეესტრის მონაცემის მიხედვით, ობიექტი წარმოადგენდა სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებას. «სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ» კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებ-ლობით, დაუშვებელია სახელმწიფო და სხვა ორგანოების მიერ სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების სახსრებით აშენებული ნაგებობების და სხვა ქონების ჩამორთმევა. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამომხმარებლო კოოპერატივი ობიექტს არამართლზომიერად დაეუფლა აძლევდა მას სასამართლოში სარჩელის აღძვრის და არა ადმინისტრაციული აქტით ქონების ჩამორთმევის უფლებას, მით უფრო, რომ ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი არ ყოფილა ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში, აქტის შესახებ მან გაიგო აქტის მიღებიდან 1 თვის შემდეგ, ობიექტი წარმოადგენს არა «ა-ის», როგორც ეს მითითებულია გადაწყვეტილების სადავო პუნქტში, არამედ ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის მეურნეობას, არსებობს მერიის 03.12.98 წ. დადგენილების ორი განსხვავებული რაოდენობის მქონე პუნქტებისაგან შემდგარი ვარიანტი, ორივე მათგანს მიცემული აქვს რეგისტრაციის ერთიდაიგივე ნომერი, ორივე დამოწმებულია ბეჭდით და ხელმოწერილია, რის გამო შეუძლებელი იქმნება აქტის ავტენტური ტექსტის დადგენა. ამასთანავე, პალატა აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მერიის 03.12. 99 წ. ¹ 386 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, ამდენად, არ დარღვეულა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «გ» ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმის განსჯადობა.
სააპელაციო პალატამ კრიტიკული შეფასება მისცა ობიექტის ათვისების ზოლში შეტანას, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ობიექტი, რომელიც 03.12.98 წ. ¹389 გადაწყვეტილებით შეტანილ იქნა ათვისების ზოლში, დიდი მანძილით არის დაშორებული საბორნე მიმოსვლის კომპლექსის მშენებლობისაგან და მაშასადამე არ აქვს მასთან კავშირი, ობიექტის გაყიდვამდე მერიას რაიმე ინ-ტერესი მის მიმართ არ გამოუვლენია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, განსახილველ დავაში ადმინისტრაციული ორგა-ნოს სამართლებრივი, უფლებადამცავი ინტერესი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტის საფუძვლიანობა. ამდენად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული მსჯელობით სასამართლო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე, სსკ 407-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის შეძენისათვის გადასახადის გა-დახდით და მიწის ნაკვეთის გენგეგმის გაცემით არ დასრულებულა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» და «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონით განსაზღვრული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, მიწის მართვის სახელმწიფო ორგანოს არ მიუღია გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე. სათანადო ორგანოს მიერ ნაკ-ვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა შესაძლე-ბელი იქნება ს/კოოპერატივის მიერ ქონების მ. თ-ეზე გაფორმების შემდეგ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების განახლების შედეგად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ძალაში დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.06.2000 წ. გადაწყვეტილება.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.