Facebook Twitter

3გ/ად-135-კ-01 2 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სახლთმფლობელობაზე საკუთრების უფლების აღდგენა, მიწის ფართობის დაბრუნება და შპს-ს რეგისტრაციის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

1992 წელს ხ. მ-ძემ, მ. მ-ძემ და სხვებმა სარჩელი აღძრეს ქ. ბათუმის სასამართლოში და ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობის დაბრუნება მოითხოვეს. საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითეს, რომ იგი მათ წინაპრებს: ს. მ-ძეს, დ. თ-ძეს და მ. თ-ძეს ეკუთვნოდათ. მოსარჩელეთა განცხადებით, სახლთმფლობელობა 1932 წელს უკანონოდ იქნა ჩამორთმეული, როგორც კულაკთა საკუთრება. სარჩელი ქ. ბათუმის სასამართლომ 1992 წლის 13 ივლისს მხარეთა გამოუცხადებლობის გამო განუხილველად დატოვა.

1998 წლის ივლისში მოსარჩელეებმა ხელმეორედ აღძრეს სარჩელი სახლთმფლობელობის დაბრუნების მოთხოვნით, იგივე მოტივით, ამასთან, სასარჩელო განცხადებაში მიუთითებს, რომ 1992 წლის 17 აპრილს ხელვაჩაურის რაიონის სასამართლომ მათი წინაპრები ს. მ-ძე, დ. თ-ძე, მ. თ-ძე გარდაცვლილად გამოაცხადა, რის გამოც მათ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვიათ, ვინაიდან ასეთი ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 17 თებერვლის განჩინებით ძალაში დარჩა ქ. ბათუმის სასამართლოს 2000 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა წინაპრებს კი არ ჩამოერთვათ აღნიშნული სახლთმფლობელობა, არამედ მოხდა იმ ტერიტორიის ათვისება, სადაც მათი შენობა-ნაგებობები იდგა. ... ფაბრიკის მშენებლობის საჭიროებისათვის შენობა-ნაგებობები შეფასდა და მათ მესაკუთრეებს ერთი კვირის ვადაში უნდა მიეღოთ შეფასებული ღირებულება ან გადაეტანათ თავიანთი შენობები, მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საჭიროებისათვის ათვისება სადავოდ არავის გაუხდია. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსრ კავშირში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო 1937 წელს, ხოლო სადავო შენობა ქალაქის საბჭოს აღმასკომის საკუთრებაში გადავიდა 1932 წელს. სასამართლომ მიუთითა, რომ გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, არ არის დადასტურებული მოსარჩელეების ნათესაური კავშირი მესაკუთრესთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 14 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 17 თებერვლის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნები სათანადო მოსარჩელის მოწვევის შესახებ, ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლის დროს სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმის ყველა მასალა, მათ შორის სასამართლოს 1992 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს აზრით, დასაზუსტებელი იყო თუ რომელ შენობაზე მიმდინარეობდა დავა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო ხ., მ. მ-ძეების და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლად. არ დაკმაყოფილდა, ასევე, დამატებითი სასარჩელო მოთხოვნები 420 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაბრუნებისა და შპს «ბ.-ის» სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. ხ. მ-ძემ, მ. მ-ძემ და სხვებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 25 აგვისტოს განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 2 აპრილის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება იმ საფუძვლით, რომ საქმე განსჯადობის წესების დარღვევით იქნა განხილული. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული წესების დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს განჩინებით საქმე განსახილველად აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცა, რომელმაც 2001 წლის 4 ივლისის განჩინებით ხ. მ-ძის, მ. მ-ძის და სხვათა სააპელაციო საჩივარი და დამატებითი სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დააკმაყოფილა. ამასთან, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1922 წლის 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეების წინაპრებმა: მ. თ-ძემ, ს. მ-ძემ და დ. თ-ძემ თანაბარწილად იყიდეს ქ. ბათუმში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გაურკვეველია, თუ რა სახის შენობა-ნაგებობები იყო განლაგებული მიწის ნაკვეთზე. ამასთან, ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ წარმოდგენილი ტექნიკური ბარათის მიხედვით, ქ. ბათუმში, ... ქუჩების კვეთაში 16 397 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 1931-1932 წლებში აიგო ... ფაბრიკა. ქალაქის საბჭოს მცირე პრეზიდიუმის 1931 წლის ¹2-24 სხდომის ოქმის თანახმად მოსმენილ იქნა საკითხი ... ფაბრიკის აგებასთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. გადაწყდა ნაკვეთზე განლაგებული სხვადასხვა ზომის ერთსართულიანი შენობების აღება და მათში მცხოვრებ მოქალაქეებს მიეცათ კომპენსაციის ან შენობის გადატანის წინადადება. აჭარის ცაკ-ის 1933 წლის 31 იანვრის თათბირის ოქმის და ფაბრიკის პასპორტის თანახმად, ფაბრიკის მშენებლობა დამთავრდა 1933 წელს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები არ არიან ს. მ-ძის, მ. და დ. თ-ძეების მემკვიდრეები. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ნამდვილად არიან აღნიშნული პირების ახლო ნათესავები და ითვლებიან მათ მემკვიდრეებად.

სააპელაციო პალატამ, ასევე, მიიჩნია, რომ როგორც 1923 წლის, ისე 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი სამემკვიდრეო ქონებად ცნობდა იმ ქონებას, რომელიც პირს გარდაცვალების შემდეგ დარჩა. ს. მ-ძე გარდაიცვალა პატიმრობაში 1942 წელს, დ. თ-ძე გარდაიცვალა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... 1953 წელს, ხოლო მ. თ-ძე გარდაიცვალა თურქეთის რესპუბლიკაში 1938 წელს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონება არც ზემოთხსენებულ პირთა რეალური გარდაცვალების და არც სასამართლო წესით ამ პირთა გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ მათი სამემკვიდრეო ქონება არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ, ამასთან, მიუთითა, რომ მოსარჩელეებს არასაპატიო მიზეზით გაშვებული აქვთ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ფატიურად მოსარჩელეები უკანონო მფლობელობიდან მათი წინაპრების ქონების გამოთხოვას მოითხოვდნენ, რასაც უშვებდა საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 146-ე და 147-ე მუხლები და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად ეს უფლება მათ ამ კოდექსის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინათ და მიემართათ სასამართლოსათვის, რაც არ გაუკეთებიათ. სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ეთქვათ, ასევე, უარი მოსარჩელეებს 420 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო რაც შეეხება შპს «ბ.-ის» რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან არ არსებობს სასამართლოს რეგისტრაციის გაუქმების კანონიერი საფუძველი.

ხ. მ-ძემ, მ. მ-ძემ და სხვებმა (სულ 11 კასატორმა) საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ. უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 4 ივლისის განჩინება.

კასატორებმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. კასატორები უთითებენ, რომ სადავო ობიექტზე მესაკუთრეებს საკუთრების უფლება დაკარგული არა აქვთ, რადგან ახალი სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება საკუთრების მიტოვების შესახებ და განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, კასატორების განმარტებით, მესაკუთრეებს, გარდაცვალებულად აღიარებამდე ანუ 1992 წლის 17 აპრილამდე საკუთრების უფლება არ დაუკარგავთ, ხოლო სახელმწიფოს აღნიშნულ ობიექტზე საკუთრების უფლება არ შეუძენია. ... ფაბრიკის შენობა სახელმწიფოს არ აუშენებია, მოხდა არა ახალი შენობის აშენება, არამედ რაღაც ნაწილის მიშენება და სახურავის შეკეთება.

კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი და არასწორად მიიჩნია, რომ მათი სარჩელი ხანდაზმულია. ამასთან, მათი მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 1964 წლიდან, არამედ 1992 წლიდან, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვლილად იქნენ აღიარებულნი მათი წინაპრები: ს. მ-ძე, დ. და მ. თ-ძეები, ვინაიდან «სამკვიდროს გასხნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე».

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებლობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კასატორების: ხ. მ-ძის, მ. მ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 4 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით, დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე ... საწარმოო გაერთიანების შენობა 1932-33 წლებში აშენდა და არ წარმოადგენს მოსარჩელეთა წინაპრების: ს. მ-ძის, დ. და მ. თ-ძეების მიერ 1922 წელს შეძენილ ნაგებობას, ამდენად, იგი არ შეიძლება იყოს ამ პირთა სამემკვიდრეო ქონება.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, მითუმეტეს რომ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, ასევე, რომ ს. მ-ძე გარდაიცვალა პატიმრობაში 1942 წელს, დ. თ-ძე გარდაიცვალა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... 1953 წელს, ხოლო მ. თ-ძე გარდაიცვალა თურქეთის რესპუბლიკაში 1938 წელს. სადავო ქონება არც ამ პირთა რეალური გარდაცვალების და არც ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს მიერ 1992 წელს მათი გარდაცვლილად გამოცხადების დროს არ ყოფილა ს. მ-ძის, დ. თ-ძისა და მ. თ-ძის სამემკვიდრეო ქონება, ვინაიდან როგორც ძველი, ისე ახალი სამოქალაქო სამართლის კოდექსი სამემკვიდრეო ქონებად ცნობს იმ ქონებას, რომელიც პირს გარადაცვალების შემდეგ დარჩება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მართალია აღნიშნული პირები დღეისათვის რეაბილიტირებულნი არიან სასამართლოს მიერ, მაგრამ, ჯერ ერთი, ფაქტობრივი სასამართლოების მიერ უდავოდ დადგენილი არ არის, რომ ამ პირთათვის სადავო ქონების ჩამორთმევა რეპრესიებთან დაკავშირებით, კომპენსაციის გადახდის გარეშე მოხდა და მეორეც, «მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონი პოლიტიკურ რეპრესიასთან დაკავშირებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას არ ითვალისწინებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობის იმ საფუძვლით დაბრუნების თაობაზე, რომ აღნიშნული სახლთმფლობელობა მათი წინაპრების სამემკვიდრეო ქონებაა, უსაფუძვლოა და სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული როგორც რაიონული ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი. სააპელაციო სასამართლომ, ამასთან, მიუთითა, რომ ქონება, რომელიც მოსარჩელეთა წინაპრებს ჩამოერთვა, სადავო გახდა მას შემდეგ, რაც ს. მ-ძე, დ. თ-ძე და მ. თ-ძე რეაბილიტირებულნი იქნენ, რის გამოც მოსარჩელეებს მიეცათ უფლება არა სამემკვიდრეო ქონებაზე დავისა, არამედ უკანონო მფლობელობიდან მათი წინაპრების ქონების გამოთხოვისა. ხსენებულ ქონებაზე ს. მ-ძე ვერ იდავებდა, რადგან პატიმრობაში გარდაიცვალა. მ. თ-ძე თურქეთის რესპუბლიკაში გარდაიცვალა და ვერ აღძრავდა მოთხოვნას, ხოლო დ. თ-ძეს ამ ქონებაზე დავა არ აღუძრავს, მიუხედავად იმისა, რომ 1953 წელს გარდაიცვალა სოფ. ...

რაც შეეხება მოსარჩელეებს, მათ სასამართლოში სარჩელი აღძრეს 1992 წელს, რაც იმავე წელს სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა დატოვებული და ამის შემდეგ, მხოლოდ 1998 წელს მიმართეს იგივე სარჩელით სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 146-ე და 147-ე მუხლებით მოქალაქეებს ნება დაერთოთ აღეძრათ სარჩელი სასამართლოში და უკანონო მფლობელისაგან საკუთარი ქონება გამოეთხოვათ. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელეებს 1964 წლიდან 1992 წლამდე არ მიუმართავთ სასამართლოსათვის, მათ არასაპატიოდ, გაუშვეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ამავე კოდექსის 75-ე მუხლი სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიან ვადას ადგენდა.

კასატორები თვლიან, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მათ მას შემდეგ წარმოეშვათ, რაც სასამართლომ მათი წინაპრები რეაბილიტირებულად და გარდაცვლილად გამოაცხადა, ე.ი. 1992 წელს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, «თუ სარჩელი სასამართლოს მიერ განუხილველად არის დატოვებული, მაშინ სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გრძელდება საერთო წესით». ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეებმა, 1992 წლიდან 1998 წლამდე პერიოდშიც, არასაპატიოდ გაუშვეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, როგორც სადავო სახლთმფლობელობის, ისე 420 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოთხოვნის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო, ასევე, სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც შპს «ბ.-ის» რეგისტრაციის კანონიერებას შეეხება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დაფუძნებული იქნა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ერთადერთი დამფუძნებლის, აჭარის ა/რH სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის ¹1-07\120 ბრძანების საფუძველზე და ამ ბრძანების კანონიერება მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ. დადგენილია ისიც, რომ საწარმოს რეგისტრაციისას დაცულ იქნა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები, რის გამოც რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები არ არსებობს. რაც შეეხება საწარმოს მიერ სხვა შესასვლელის მოწყობას და იურიდიულ მისამართად ... ნაცვლად, ... არჩევას, აღნიშნული გარემოება საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორების: ხ. მ-ძეს, მ. მ-ძის, ვ. მ-ძე-ბ-იონის, რ. თ-ძის, ლ. თ-ძის, მ. თ-ძის, ა. თ-ძე-ჭ-ძის, ე. თ-ძე-ქ-ძის, ნ. თ-ძე-ს-ძის, ნ. თ-ძე-კ-ძის და ე. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 4 ივლისის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.