Facebook Twitter

3გ/ად-137-კ-01 16 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ლიცენზიის გაცემა და საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 8 თებერვალს შპს «ე.-მ» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ შპს «ე.-სა» და სს «ა.-ს» შორის 1999 წლის 9 თებერვალს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს სს «ა.-ისათვის» უნდა მიეწოდებინა ნედლეული, მათ შორის _ ბუნებრივი აირი, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის წარმოებისათვის იყო საჭირო. ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო მისი რუსეთის ფედერაციიდან შემოტანის გზით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო ექსპორტისათვის.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ეძლეოდა საშუალება განებაჟებინა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შეტანილი საქონელი, მათ შორის _ ბუნებრივი აირი საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების რეჟიმში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2000 წლის 30 მარტს შპს «ე.-მ» განცხადებით მიმართა მოპასუხეს და ითხოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შეტანილი ბუნებრივი აირის შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევა და ლიცენზიის გაცემა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ «საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ» საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 26 ოქტომბრის ¹209 ბრძანების თანახმად, გადამუშავების რომელიმე რეჟიმში საქონლის მოქცევისა და შესაბამისი ლიცენზიის მიღების შესახებ პირის განცხადება საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა განეხილა 10 დღის ვადაში. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ორი თვის (2000 წლის 30 მაისი) შემდეგ მიმართა წერილით მოსარჩელეს, რომლითაც ითხოვდა სათანადო დოკუმენტების წარდგენას, კერძოდ, გამოსავლიანობის ტექნოლოგიურ ნორმას, საწარმოს ბალანსს, დაზღვევის პოლისს და სხვა. იმავე წერილით მოპასუხე არწმუნებდა მოსარჩელეს, რომ ამ უკანასკნელის მიერ დოკუმენტების წარდგენისთანავე ოპერატიულად უზრუნველყოფდა სადავო საკითხის გადაწყვეტას.

სარჩელის თანახმად, 2000 წლის 13 ივნისს შპს «ე.-მ» ხელმეორედ მიმართა მოპასუხეს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ბუნებრივი აირის შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევის შესახებ, რომელშიც მითითებული იყო შემოსატანი ბუნებრივი აირის სავარაუდო მოცულობა და თან ერთვოდა ხელშეკრულება ბუნებრივი აირის საქართველოში შემოტანის შესახებ, მოსარჩელის საბუღალტრო ბალანსი, საბაჟო ტერიტორიაზე გადასამუშავებლად შემოტანილი საქონლის გამოსავლიანობის ნორმა და საწარმოს დაზღვევის პოლისი.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ, 2000 წლის 6 სექტემბერს მოსარჩელეს უპასუხა წერილით, რომელიც იგივე შინაარსის იყო, რაც 2000 წლის 30 მაისის წერილი.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დავალებოდა შპს «ე.-ის» სახელზე საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევის შესახებ ლიცენზიის გაცემა, ხოლო 2000 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ბუნებრივი აირი მოსარჩელეს უნდა ჩათვლოდა საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეულად.

მოსარჩელე შპს «ე.-ის» წარმომადგენელმა სასამართლო კოლეგიაში საქმის განხილვისას მთავარ სხდომაზე დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დავალებოდა შპს «ე.-ის» სახელზე ლიცენზიის გაცემა 2001 წელს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ ბუნებრივ აირზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევის შესახებ. აგრეთვე, 2000 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი 128 412 127 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოსარჩელეს ჩათვლოდა საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეულად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «ე.-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შპს «ე.-ის» სახელზე 2001 წელს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ ბუნებრივ აირზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევის შესახებ ლიცენზიის გაცემა. აგრეთვე, 2000 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი 87 143 267 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოსარჩელეს ჩაეთვალა საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეულად.

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში არ მიიღო საბაჟო დეპარტამენტის 1999 წლის 26 ოქტომბრის ¹209 ბრძანებით დადგენილი ნორმები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებას ორი ხელშეკრულების ასლის გარდა არ ჰქონდა დართული არც ერთი დოკუმენტი, რომლის წარდგენაც აუცილებელი იყო ზემოთ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ხოლო მოსარჩელის მიერ 2000 წლის 13 ივნისის განცხადება, აგრეთვე, არ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო წარდგენილი საწარმოს დაზღვევის პოლისი, საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ დამტკიცებული საბუღალტრო ბალანსი, გამოსავლიანობის ტექნოლოგიური ნორმა, საიდენტიფიკაციო კოდი და ა.შ. აგრეთვე, არ იყო წარდგენილი საბანკო გარანტია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მიღების უპირობო გარანტიას, იმპორტიორის მიერ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში.

კასატორის განმარტებით, საბაჟო დეპარტამენტის 1999 წლის 26 ოქტომბრის ¹209 ბრძანებით დამტკიცებული «საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესის, თანახმად, ლიცენზიის მიღების მსურველი პირის განცხადების განხილვის ვადა აითვლება აღნიშნული წესით დადგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარდგენის დღიდან. კასატორი მიუთითებს, რომ ეს ვადა მოცემულ შემთხვევაში ჯერ არ დამდგარა და არასწორია სასამართლო კოლეგიის მტკიცება, რომ მოპასუხემ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით გასცა პასუხი განმცხადებელს.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიამ გვერდი აუარა იმ გარემოებებს, რომ ლიცენზიის გასაცემად აუცილებელია საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი პირობების შესრულება, კერძოდ, შესაძლებელი უნდა იყოს გადამუშავების პროდუქტის იდენტიფიკაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განისაზღვრებიან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია ბუნებრივი აირისა და მისი გადამუშავების პროდუქტის (გვარჯილის) იდენტიფიკაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევა არამართლზომიერია.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ჰქონდა რამდენიმე მილიონი ლარის დავალიანება საბაჟო დეპარტამენტისა და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, რაც გამოკვლეულია მოსარჩელის მხრიდან საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობით.

კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა საბაჟო დეპარტამენტის 1999 წლის 26 ოქტომბრის ¹209 ბრძანება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველიცაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და არ იზიარებს კასტორის განმარტებას, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 26 ოქტომბრის ¹209 ბრძანებით დამტკიცებული «საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესი».

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების მოტივაციას, რომ მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, შპს «ე.-სა» და სს «ა.-ს» შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება და მისი ¹8 დანართი, საგადასახადო ორგანოს შესაბამისი სამსახურის მიერ დამტკიცებული იურიდიული პირის საქმიანობის ამსახველი ბუღალტრული ბალანსი, საბაჟო ტერიტორიაზე გადასამუშავებლად შემოტანილი საქონლის გამოსავლიანობის ნორმა, საწარმოს დაზღვევის პოლისი, აგრეთვე, საბანკო გარანტიის ნაცვლად მოსარჩელის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხების არსებობის შესახებ საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის საბაჟო «...-ის» მიერ გაცემული ცნობა აკმაყოფილებდა საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 26 ოქტომბრის ¹209 ბრძანებით დამტკიცებული დროებითი წესის მოთხოვნებს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის მთავარ სხდომაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მთავარ სხდომაზეც საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ ცნობას შეიძლებოდა შეეცვალა საბანკო გარანტია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასცა პასუხი მოსარჩელეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად განმარტა კანონი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად, ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ პირობით, თუ შესაძლებელია შემოტანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტების იდენტიფიკაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს აღნიშნულ ნორმაზე და განმარტავს, რომ სასამართლო კოლეგია არ დაეთანხმა მის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია ბუნებრივი აირისა და მისი გადამუშავების პროდუქტის (გვარჯილის) იდენტიფიკაცია და ამის გამო არამართლზომიერია აღნიშნული საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევა, მითუმეტეს, რომ ეს შემთხვევა არ არის განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა მიუთითა, რომ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზია შპს «ე.-ს» ადრეც ჰქონდა მიღებული და სარგებლობდა იმავე ლიცენზიით დადგენილ ვადაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მოცემული საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევა არამართლზომიერია.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლო კოლეგიას არ უნდა გამოეტანა ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტს დაევალებოდა ლიცენზიის გაცემა შპს «ე.-ზე», რადგანაც შპს «ე.-ს» საბაჟო დეპარტამენტისა და შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის გამო ჰქონდა დავალიანება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თუ შპს «ე.-ს» საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის გამო დავალიანება ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, საბაჟო დეპარტამენტს უფლება ჰქონდა გამოეყენებინა საქართველოს საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები, მაგრამ საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის მოტივით ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმა, საკასაციო სასამართლოს არასწორად მიაჩნია, ვინაიდან საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 26 ოქტომბრის ¹209 ბრძანებით დამტკიცებული «საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესი» არ ითვალისწინებს საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის საფუძვლით ზემოთ აღნიშნული ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ 2001 წლის 2 ივლისს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.