Facebook Twitter

3გ/ად-139-კ 26 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქარვთელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: შენობაში ტურისტული კლუბის განთავსება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისის სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ტურიზმის და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ქუთაისის ტურისტულმა კლუბმა «...-მ». მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 23.12.99წ. გადაწყვეტილებით (პუნქტი 3,4) აღდგენილ იქნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით მათი კანონიერი უფლება საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ შენობაზე, მდებარე ქ. ქუთაისი. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში მოსარჩელე – საქართველოს ტურზიმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარამენტთან ურთიერთშეთანხმებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოსარჩელის სახელზე რიცხულ შენობაში, მდებარე ... ქ. ქუთაისი, მოსარჩელე ტურისტულ კლუბ «...-ის» განთავსების საკითხი. ზემოაღნშნული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მიუხედავად, მოპასუხე აყოვნებდა მათი განთავსების საკითხის გადაწყვეტას, არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის გამო მოსარჩელეებმა მოითხოვეს შენობიდან ქუთაისის მერიის სახაზინო საწარმო სამეფო კომპლექსი «...-ის» გამოსახლება და მისი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

ქ. ქუთაისის სასამართლოს 31.03.2000წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების იმერეთის სამხარეო დეპარტამენტი და ქუთაისის ტურისტული კლუბი «...-ი» განთავსდა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ შენობაში, მდებარე ... ქ. ქუთაისში. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა აღნიშნული შენობიდან ქუთაისის მერიის სახაზინო საწარმო სამეფო კომპლექსი «...-ის» გამოსახლებას. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს და ქუთაისის მერიის სახაზინო საწარმო სამეფო კომპლექს «...-ის» მიერ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 07.07.2000წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.03.2000წ. გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამრთლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ დავა უნდა გადაწყდეს «საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის თანახმად, რომლის მიხედვით სამართლებრივ დავას იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედიან, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები, თანმხობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავა არ განეკუთვნება არც მმართველობის, არც სახელმწიფო ზედამხედველობის და არც სახელმწიფო იძულების განხორციელებისას წარმოშობილ დავას, სსსკ-ის 11-ე მუხლის 1 ნაწილის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, იგი უწყებრივად სწორედ სასამართლოს ქვემდებარეა.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რადგანაც არ გაუქმებულა ქ. ქუთაისის მერიის 02.10.98წ. ¹570, 19.11.97წ. ¹681 ბრძანებები, 01.05.98წ. ¹268 განკარგულება, რომელთა თანახმად, სადავო შენობაში სამეფო კომპლექსია განთავსებული, შეუძლებელია სხვა ორგანიზაციის იქ განთავსება. აღნიშნული აქტების გაუქმების საკითხი მხარეებს სასამართლოს მსჯელობის საგნად არ გაუხდიათ, კურორტებისა და ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ ითხოვს სამეფო კომპლექსის სადავო შენობიდან გამოსახლებას, ვინაიდან სადავო შენობის ფართი საკმაო მოცულობისაა და იქ ორთავე ორგანიზაციის განთავსებაა შესაძლებელი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სწორედ მოდავე ორგანიზაციათა თანაარსებობა და თანაგანთავსება ჰქონდა მხედველობაში საოლქო სასამართლოს, როდესაც თავისი 23.12.99წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით დაამტკიცა მოდავე ორგანიზაციათა – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და კურორტებისა და ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის შეთანხმება ტურისტულ კლუბ «...-ის» სადავო შენობაში განსათავსებლად, სასამართლოს არ დაუდგენია შენობაში უკვე განთავსებული სამეფო კომპლექსის «...-ის» შენობიდან გამოსახლების საკითხი, მაგრამ იმავდროულად დააკანონა ტურისტული კლუბ «...-ის» განთავსება სადავო შენობაში და დაავალდებულა კიდეც მხარეები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეთანხმებულიყვნენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს სამეფო კომპლექს «...-ის» და ტურისტულ კლუბ «...-ის» სადავო შენობაში ერთობლივად განთავსება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 07.07.2000წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა «აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლს, სასამართლომ უმართებულოდ მიიჩნია, რომ მუხლში ნახსენები «სამართლებრვი დავა» ეხება მხოლოდ მმართველობის სფეროში წარმოშობილ დავას და არა ქონებრივ დავას. თუ სამართლებრივი დავა მხოლოდ მმართველობით სფეროში წარმოშობილი დავაა, მაშინ გაუგებარია რა უნდა ეწოდოს ქოონებრივ, შრომით, საოჯახო დავას. ცხადია, რომ «სამართლებრივი დავა» ზოგადად ეხება როგორც მმართველობით სფეროში წარმოშობილ დავას, ისე ქონებრივ დავასაც.

კასატორი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. სახელმწიფო თვითონაა საჯარო სამართლის სუბიექტიც და იურიდიული პირიც. მისი ორგანოები – სამინისტროები, სახელმწფიო დეპარტამენტები არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს და ახორციელებენ სახელმწიფოს საქმიანობას კონკრეტულ სფეროში. ერთი ორგანოს კომპეტენცია არ შეიძლება გადაეცეს მეორეს გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. «სახელმწიფო ქონების პროვატიზაციის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოები (სამინისტრო, სამმართველო) არიან სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი ორგანოები სახელმწიფო ქონების მართვის და განკარგვის სფეროში, ამდენად, მხოლოდ ამ ორგანოების უფლებამოსილებაში შედის ნებისმიერი სახის სახელმწიფო ქონების განკარგვაზე, მათ შორის ფლობის უფლებით, გადაწყვეტილების მიღება.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ე» ქვეპუნქტი, ნაცვლად იგივე მუხლის მე-3 ნაწილისა, რომლის მიხედვით «ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის». ამ მუხლიდან გამომდინარე, მხარეებს შორის არსებულ კონკრეტულ სამართლებრივ დავას დაინტერესებულ ხელმძღვანელებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.

კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 262-ე მუხლი და მხარეთა თხოვნის გარეშე განმარტა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 23. 12.99წ. გადაწყვეტილება, ამავე დროს შეცვალა გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შინაარსი. 23.12.99წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ კანონიერი უფლების აღდგენა ნიშნავს სადავო შენობაში განთავსებას, თუმცა გადაწყვეტილებაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, კასატორის აზრით, სასამართლომ განმარტა გადაწყვეტილება მისი შინარსის შეცვლით. რაც შეეხება გადაწყვეტილების მე-4 პუნქტს, აღნიშნულით სამმართველოს დაევალა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ურთიერთშეთანხმებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვიტოს მოსარჩელის სახელზე რიცხულ შენობაში ტურისტულ კლუბ «...-ის» განთავსების საკითხი. სასამართლომ ეს შეთანხმება დაუკავშირა შენობაში უკვე განთავსებულ სამეფო კომპლექსს «...-ისა» და ტურისტულ კლუბ «...-ის» ერთად განთავსების საკითხს, მაშინ, როდესაც საკითხი ასეთი ფორმით მაშინდელ სასამართლო პროცესზე საერთოდ არ დასმულა და არ განხილულა, შესაბამისად სასამართლოც თავის გადაწყვეტილებაში ამ შინაარსს ვერ ჩადებდა, რაც ასევე გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას ადასტურებს. კასატორი თვლის, რომ 23.12.99წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით საოლქო სასამართლომ დაადასტურა მისი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა და არ გამოიყენა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.05.99წ. ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული დებულება «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ», რომელიც არეგულირებს საქართველოში საბიუჯეტო ორგანიზაციებზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმების შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი, კლუბი «...-ი» წარმოდგენილ შესაგებლებში საკასაციო საჩივარი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სასამართლომ სწორი განმარტება მისცა «საქარველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლს. ამასთანავე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დავის გადაწყვეტის წესი დაცულია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 13.04.99წ. ¹1-3/180 ბრძანებით, რომლის თანახმადაც ტურისტული კლუბის შენობა («...-ი») ამოღებულ იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხიდან მასში ტურიზმისა და კურორტების იმერეთის სამხარეო დეპარტამენტის განთავსებასთან დაკავშირებით. სადავო შენობის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს (24.08.2000წ., ¹385 ბრძანებულება). სამართლებრივი დავა მხარეების ხელმძღვანელთა შეთანხმებით დასრულდა, რასაც ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 13.04.99წ. ბრძანება და ამავე სამინისტროს მიმართვები მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოსადმი (¹05-10/3-0, 07.02.2000წ., ¹02-1132/3-0, 11.10.2000წ). ამდენად, შესრულებულია «აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნები.

უმართებულოა აგრეთვე მითითება «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესხებ» კანონის მე-3 მუხლზე, ვინაიდან დავა ეხება არა ობიექტის პრივატიზებას, არამედ ბალანსთმფლობელის უფლებით მასში განთავსებას. სასამართლომ სწორად გაიგო და განმარტა 23.12.99წ. გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები, ამდენად, არ დარღვეულა სსსკ-ის 262-ე მუხლის მოთხოვნები, სასამართლო პროცესზე სწორედ ტურისტული კლუბის შენობაში განთავსების საკითხი იყო დასმული. მოწინააღმდეგე მხარეები თავიანთ შესაგებელში ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ქუთაისის სამმართველომ 16.03.2000წ. ¹73 ბრძანებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდს გადასცა სადავო შენობა, რითაც დაარღვია «სახელმწფიო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» ს.ქ.მ. სამინისტროს 27.05.97წ. ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული დებულების I მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, კასატორი _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო მიმართავდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს 26.10.2000წ. ¹1143, 06.03.01წ. ¹263, 30.05.01წ. ¹753, 27.08.01წ. წერილებით, რომლითაც ითხოვდა საკასაციო საჩივრის განხილვის გადადებას იმ მოტივით, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება საქმის მორიგებით დამთავრების თაობაზე. ასეთივე თხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოს 18.06.01წ. ¹01-1189 წერილით მიმართა ქ. ქუთაისის მერიამ. 20.09.01წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებლად წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი დადებული ერთი მხრივ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და მეორე მხრივ ტურიზმის და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის. საკასაციო პალატის 19.10.01წ. სხდომაზე პალატას დასამტკიცებლად წარედგინა ანალოგიური შინაარსის მორიგების აქტის დადებული ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს და ქ. ქუთაისის ბაგრატოვანთა რეზიდენცია სამეფო კომპლექს «...-ს», მეორე მხრივ, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტსა და ქ. ქუთაისის ტურისტულ კლუბ «...-ს» შორის, მასზედ, რომ სამმართველო, შენობის სანაცვლოდ, დეპარტამენტს უსასყიდლოდ, უზუფრუქტიის ფორმით, გადასცემს ქ. ქუთაისში, ... მდებარე შენობის 61, 96 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს (აქტზე დართული გეგმა – ანაზომის მიხედვით, პირველ სართულზე ოთახები ¹1-10, 1-11, მეორე სართულზე ოთახები ¹15,24,23,22). აღნიშნულის თაობაზე ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. ცნობად იქნა მიღებული, რომ ქ. ქუთაისში, ... მდებარე შენობაზე (შპს «ქუთაისის ¹... პოლიკლინიკის» განთავსების ადგილი) ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამეტი არ მოითხოვს რაიმე სახის უფლების აღდგენას.

საკასაციო პალატამ განიხილა 19.10.01 წ. სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილი მორიგების აქტი დადებული ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, ქ. ქუთაისისი ბაგრატოვანთა რეზიდენცია სამეფო კომპლექს «...-ს» და, მეორეს მხრივ, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტსა და ქ. ქუთაისის ტურისტულ კლუბ «...-ს» შორის. მორიგების აქტს ხელს აწერენ საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხელმოწერები დადასტურებულია ბეჭდებით. საკასაიცო პალატის 19.10.01 წ. სხდომაზე საქართველოს ტურისზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, ქ. ქუთაისის მერიის, ტურისტული კლუბ ,,...-ის”, წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქმის მორიგებით დამთავრების სურვილი, აღნიშნეს, რომ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, მორიგების აქტის საფუძველზე, მხარეებს შორის არსებული ყველა სადავო საკითხი მოგვარებულია და სსსკ-ის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად ისინი წყვეტენ სასამართლო დავას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საქმის მორიგებით დამთავრება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით შესაძლებელია მორიგების აქტის დამტკიცება. ამასთანვე, მხარეებისათვის ცნობილია მხარეთა მორიგებით საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, მხარეთა მორიგება ან მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა არის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლითს «დ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 07.07.2000წ. განჩინება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.03.2000წ. გადაწყვეტილება, საქმის წარმოება შეწყდეს მორიგების საფუძველზე.

2. ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, ქუთაისის ბაგრატოვანთა რეზიდენციის სამეფო კომპლექს «...-ს» და, მეორე მხრივ, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს, აგრეთვე ქუთაისის ტურისტულ კლუბ «...-ს” შორის მორიგება დამტკიცდეს შემდეგი პირობით: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. ქუთაისის სამმართველო ქ. ქუთაისში, ... მდებარე «...-ის» შენობის სანაცვლოდ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით, გადასცემს ქ.Qქუთაისში, ... მდებარე შენობის 61, 96 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს (მორიგების აქტზე დართული გეგმა-ანაზომის მიხედვით, პირველ სართულზე ოთახები ¹1-10, 1-11, მეორე სართულზე ოთახები ¹15,24,23,22). აღნიშნულის თაობაზე გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება. მოსარჩელეები უარს ამბობენ სარჩელზე, ხოლო კასატორი _ საკასაციო საჩივარზე.

ცნობად იქნა მიღებული, რომ ქ. ქუთაისში ... მდებარე შენობაზე (შპს ,,ქუთაისის ¹... პოლიკლინიკის» განთავსების ადგილი) ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი არ მოითხოვს რაიმე სახის უფლების აღდგენას.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.