Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-142 13 ნოემბერი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

განიხილა ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.07.2000 წ. გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ვანის რაიონის სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ბ-მა, რომლითაც მოითხოვდა ს. ბ-ის ანდერძით გათვალისწინებული ქონების მასზე, როგორც ანდერძით მემკვიდრეზე მიკუთვნებას და ა. ფ-ის კომლის წევრობის გაუქმებას. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ვანის რაიონის სოფ. .....-ში ცხოვრობდა მისი ბიძა _ ს. ბ-ი და ბიცოლა მ. დ-ი, ს. ბ-ი გარდაიცვალა 21.06.98 წ., ხოლო მ. დ-ი 14.02.99 წ. ს. ბ-მა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ანდერძით მას დაუტოვა. სამკვიდრო ქონებაზე ს. ბ-თან ერთად პრეტენზიას აცხადებდნენ აგრეთვე აწ გარდაცვლილი რ. ფ-ის მეუღლე ს. ს-ი და შვილი _ ა. ფ-ე. რ. ფ-ის 1982 წ. გარდაცვალების შემდეგ მის ცოლშვილს კომლში არ უცხოვრიათ, ა. ბ-ის განმარტებით, მათ არ გამოუჩენიათ მზრუნველობა ს. ბ-ის და მ. დ-ის მიმართ.

ვანის რაიონის სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ს. ს-მა და მისმა შვილმა ა. ფ-ემ. ს. ს-ი აღნიშნავდა, რომ ის რ. ფ-ესთან დაქორწინების შემდეგ ცხოვრობდა ს. ბ-ის კომლში, ეწეოდნენ ერთ მეურნეობას. კომლში ცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი. მისი მეუღლის რ. ფ-ის სიცოცხლეში მათ მიერ თავიანთი სახსრებით ს. ბ-ის საცხოვრებელ სახლზე მიშენებულ იქნა 3 ოთახი. ს. ს-მა მოითხოვა აღნიშნული ოთახების მის საკუთრებაში გადაცემა.

ა. ფ-ე შეგებებულ სარჩელში აღნიშნავდა, რომ დაბადებისთანავე იყო ს. ბ-ის კომლის წევრი. 03.06.96 წ. ს. ბ-ის სურვილით ჩაეწერა კომლში. ს. ბ-ის და მ. დ-ის გარდაცვალების შემდეგ დარჩა კომლის ერთადერთ წევრად. ა. ფ-ემ, როგორც კომლის უკანასკნელმა წევრმა, მოითხოვა ანდერძის გაუქმება და ს. ბ-ის ქონების მისთვის მიკუთვნება.

ვანის რაიონული სასამართლოს 13.07.99წ. გადაწყვეტილებით ა. ბიბილეი-შვილის მოთხოვნა ა. ფ-ის კომლის წევრობის გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდა, გაუქმებულ იქნა ა. ფ-ის კომლის წევრობა. ს. ბ-ის მიერ ა. ბ-ზე 21.05.98 წ. გაცემული ანდერძი დარჩა ძალაში პირადი ქონების ნაწილში, ვინაიდან ანდერძის გაცემის დროისათვის ცოცხალი იყო კომლის წევრი მ. დ-ი. დაკმაყოფილდა მესამე პირის ს. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა, სამკვიდრო ქონებიდან გამოიყო მისი მეუღლის სიცოცხლეში მიშენებული ოთახები და გადაეცა მას საკუთრებაში.

ვანის რაიონული სასამართლოს 13.07.99 წ. გადაწყვეტილებაზე ა. ფ-ემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვდა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და მისი კომლის წევრობის აღდგენას. აპელანტი აღნიშნავდა, რომ 1982 წელს ა. ფ-ე დედასთან ს. ს-თან და ძმასთან ერთად ამოეწერა ს. ბ-ის კომლიდან, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. 1996 წელს ს. ბ-მა ჩაწერა კომლში, არ შეეფერება სინამდვილეს, რომ მ. დ-ი არ იყო თანახმა მის კომლში ჩაწერაზე, ყალბია აგრეთვე ს. ბ-ის 18.06.98 წ. და მ. დ-ის 03.08.98 წ. განცხადებები მისი ამოწერის შესახებ.

ვანის რაიონული სასამართლოს 13.07.99 წ. გადაწყვეტილებაზე ა. ბიბილეიშვილის მიერ შეტანილ იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვდა ს. ს-ისათვის 3 ოთახის მიკუთვნების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ მოტივით, რომ არ არსებობს რაიმე დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ოთახები ს. ს-ის და რ. ფ-ის მიერ არის აშენებული. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სასამართლო კოლეგიის 11.10.99 წ. განჩინებით ა. ფ-ის და ა. ბ-ის სააპელაციო საიჩვრები არ დაკმაყოფილდა, ვანის რაიონული სასამართლოს 13.07.99 წ. გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ა. ფ-ის რწმუნებით ს. ს-ის მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა საოლქო სასამართლოს 11.10.99 წ. განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელმეორედ განსახილველად იმ ნაწილში დაბრუნებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ვანის რაიონული სასამართლოს 13.07.99 წ. გადაწყვეტილება ა. ფ-ის კომლის წევრობის გაუქმების ნაწილში. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი განჩინებაზე არ შეუტანია, თუმცა წარდგენილი შესაგებლით მოითხოვდა ს. ს-ისათვის გამოყოფილი 3 ოთახის მისთვის გადაცემას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტ-რების საქმეთა პალატამ 08.03.2000 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, საოლქო სასამართლოს 11.10.99 წ. განჩინება ა. ფ-ის კომლის წევრად ჩაწერის საკითხში გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში განსახილველად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ .....-ის საკრებულოს გამგეობის 14.04.99 წ. ცნობის მიხედვით, ს. ბ-ის კომლი განეკუთვნება კოლმეურნე კატეგორიას. პალატამ დავის გადაწყვეტისათვის საჭიროდ მიიჩნია იმის გარკვევა, თუ რომელ წლებში ფუნქციონირებდა კოლმეურნეობა, როდის გადაკეთდა იგი საბჭოთა მეურნეობად ან როდის მიიღო სხვა ორგანიზაციული ფორმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 04.07.2000 წ. გადაწყვეტილებით ა. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ვანის რაიონული სასამართლოს 13.07.99 წ. გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება, ა. ბ-ის სარჩელს ვანის რაიონის სოფ. ......-ში აწ გარდაცვლილი ს. ბ-ის კომლში ა. ფ-ის კომლის წევრობის შესახებ 03.06.96 წ. ჩანაწერის გაუქმებაზე ეთქვა უარი უსაფუძველობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, პროცესში მესამე პირად ჩააბა ვანის რაიონის სოფ. .....-ის საკრებულო, რომელმაც განახორციელა ა. ფ-ის ჩაწერა კომლში. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ს. ბ-ის კომლი 1993 წლამდე იყო საკოლმეურნეო კომლი, რომლის წევრი ა. ფ-ე დაბადები-დანვე იყო. ა. ფ-ეს, როგორც კომლის წევრს, დაბა .....-ში საცხოვრებელად გადასვლის შემდეგ, კომლის ქონებიდან წილი არ გაუტანია, მას არ გაუწყვეტია კავშირი კომლთან. ს. ბ-ი მზრუნველობას იჩენდა რ. ფ-ის ცოლ-შვილის მიმართ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სასოფლო-სამეურნო დანიშნულების «მიწების საკუთრების შესახებ“ 22.03.96 წ. კანონის მიხედვით ს. ბ-ის კომლი სასოფლო-სამეურნეო კომლია. ა. ფ-ის სამხედრო სამსახურში ყოფნის დრო და ავადმყოფობა, 26.12.64 წ. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით, კომლის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების ხელშემშლელ გარემოებად იქნა მიჩნეული. კანონიერად იქნა მიჩნეული აგრეთვე ა. ფ-ის კომლში ჩაწერა, ვინაიდან ს. ბ-ის კომლში ჩაწერა ა. ფ-ისათვის იყო ჩაწერის თაობაზე პირველადი აქტი (მანამდე იგი როგორც არასრულწლოვანი დედასთან ცხოვრობდა), სავალდებულო არ იყო რეგისტრაციაში გატარებისა თუ რეგისტრაციიდან მოხსნისათვის ყველა საბუთის წარდგენა. ა. ფ-ის ჩაწერის დროს პასპორტი არ გააჩნდა, სხვა საბუთები კი მან წარადგინა კომლში რეგისტრაციის დროს. ა. ფ-ის კომლში ჩაწერა კანონიერად მიიჩნია აგრეთვე ......-ის საკრებულოს წარმომადგენელმაც. კოლეგიის აზრით, ს. ბ-ის მიერ გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე შედგენილი განცხადება ა. ფ-ის კომლიდან ამოწერის შესახებ, აგრეთვე მ. დ-ის განცხადება დაინტერესებული პირის შეგონებით იქნა შედგენილი, რასაც ადასტურებს მ. დ-ის განცხადების ტექსტი, რომლის თანახმდაც იგი ასრულებს ს. ბ-ის ნებას და არ გამოხატავდა თავის სურვილს.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ა. ბ-ის მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი ითხოვს 04.07.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, ა. ფ-ისათვის ს. ბ-ის კომლში ჩაწერის გაუქმებას ან საქმის არსებითი განხილვისათვის ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის დაბრუნებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ს. ს-მა ორ შვილთან ერთად კომლიდან წასვლის შემდეგ ფაქტობრივად შეწყვიტა ურთიერთობა კომლთან, ს. ბ-ს და მ. დ-ს გარდაცვალებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში უვლიდნენ ა. ბ-ი და მისი დავალებით მეზობლები. ს. ბ-ის და მ. დ-ის დაკრძალვის ხარჯები ა. ბ-მა გაიღო. კომლში ჩაწერის შემდეგ ა. ფ-ე არ ღებულობდა მონაწილეობას მის საქმიანობაში, უყურადღებობას იჩენდა მოხუცების მიმართ, რასაც ადასტურებს ს. ბ-ის და მ. დ-ის განცხადებები გამგეობისადმი ა. ფ-ის კომლიდან ამოწერის შესახებ. კომლში ფიქტიური ჩაწერის დასტურად კასატორი უთითებს ქ. ვანის გამგეობის და სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემულ ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი ცხოვრობდა ქ. ვანში. კომლის წევრობის შემთხვევაში ორი შრომისუუნარო წევრზე კმაყოფაზე ყოფნის გამო იგი განთავისუფლდებოდა სამხედრო სამსახურისაგან. სამეხდრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ ა. ფ-ემ რეგისტრაცია გაიარა ქ. ვანში.

საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ კომლში გაწევრიანებამდე ა. ფ-ეს, როგორც სრულწლოვანს ესაჭიროებოდა რეგისტრაცია და პირადობის მოწმობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სოფ. .....-ში 1993 წელს კოლმეურნეობის ნაცვლად შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო საწარმო. კასატორი თვლის რომ კომლში გაწევრიანებისათვის საჭირო იყო კომლის ყველა წევრის თანხმობა. კომლიდან გარიცხვის შესახებ განცხადების სხვა პირის შეგონებით შედგენას, გარდაცვალების წინ ბავშვების მონატრებას, მ. დ-ის განცხადებაში მეუღლის და არა თავისი ნების გამოხატვას კასატორი მიიჩნევს სასამართლოს ტენდენციური ინტერპრეტაციის შედეგს.

კასატორი უმართებულოდ თვლის ს. ს-ისათვის სამი ოთახის მიკუთვნებას, რამდენადაც ის იყო საკომლო საკუთრება, კასატორის აზრით, ს. ს-ი არის არასათანადო მოსარჩელე.

მოწინააღმდეგე მხარის ა. ფ-ის წარმომადგენლებმა _ ს. ს-მა და ნ. ა-ემ არ ცნეს საკასაციო საჩივარი და აღნიშნეს, რომ ა. ფ-ე იყო კომლის წევრი დაბადებიდანვე. მას, როგორც კომლის წევრს, დაბა ვანში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კომლის ქონებიდან წილი არ გა-უტანია, მას არ გაუწყვეტია კავშირი კომლთან. 1996 წელს ა. ფ-ის ჩა-წერა კომლში კანონიერია, 1964 წ. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით სხვაგან მყოფ კომლის წევრებს უნარჩუნდებათ კომლის ქონებაზე წილის უფლება, თუ სამ წელზე მეტი დროით არ გაწყვეტილა კომლთან კავშირი. კომლის უფროსს არ სჭირდებოდა კომლის დანარჩენ წევრთა თანხმობა კომლის საქმიანობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, რომ მ. დ-ი წინააღმდეგი იყო ა. ფ-ის კომლის წევრობისა. ა. ფ-ის ამოწერა-ჩაწერის რეგისტრაცია საპასპორტო მაგიდის გვერდის ავლით ა. ფ-ის ბრალით არ მომხდარა. ჩაწერის უკანონობას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ მისი გაწვევა სამხედრო კომისარიატის მიერ მოხდა ქ. ვანის მისამართიდან, ვინაიდან ქ. ვანი და სოფ. ..... ორიოდე კილომეტრით არის დაცილებული და მათ ერთიდაიგივე კომისარიატი ემსახურება, მისამართის შეცვლის შემთხვევაში „სამხედრო ვალდებულების შესახებ“ 29.12.92 წ. კანონის თანახმად ინფორმაცია კომისარიატისათვის უნდა მიეწოდებინა ადგილობრივი ორგანოების მიერ. საკომლო წიგნში გაყალბებულ იქნა ჩანაწერი,წიგნში მოგვიანებით განსხვავებული ხელით ჩაწერილ იქნა, რომ იგი ჩაეწერა მეურვედ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, აღნიშნული არ დასტურდება ს. ბ-ის და ა. ფ-ის განცხადებების ტექსტებიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წიგნის დათვალიერებისას ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა, გამგეობის კრების აქტი ითვალისწინებს ა. ფ-ის ჩაწერას კომლის წევრად და არა მეურვედ.

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის,რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მიშენებული სამი ოთახის ს. ს-ისათვის საკუთრებაში გადაცემის გადასინჯვის ნაწილში. ვანის რაიონული სა-სამართლოს 13.07.99 წ. გადაწყვეტილებით მიშენებული სამი ოთახი გამოიყო სამკვიდრო ქონებიდან და გადაეცა ს. ს-ს საკუთრებაში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 11. 10.99 წ განჩინებით ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად. საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ა. ფ-ის რწმუნებით გასაჩივრდა ს. ს-ის მიერ მხოლოდ ა. ფ-ის კომლის წევრობის გაუქმების ნაწილში. ა. ბ-ს საჩივარი 11. 10. 99 წ. განჩინებაზე ან მის ნაწილზე არ შეუტანია, ასეთად ვერ ჩაითვლება ა. ბ-ის შესაგებელი, რომელიც შეიცავდა ამგვარ მოთხოვნას. შესაბამისად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა მხოლოდ ს. ს-ის საკასაციო საჩივარი, უზენაესი სასამართლოს 08.03.2000 წ განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამარლოს 11.10.99 წ. განჩინება გაუქმდა ა. ფ-ის კომლის წევრად ჩაწერის ნაწილში, სააპელციო სასამართლოს საქმე განსახილველად გა-დაეგზავნა ამ ნაწილში. ამდენად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 11.10.99 წ. განჩინება მიშენებული ოთახების სამემკვიდრეო ქონებიდან გამოყოფისა და საკუთრებაში გადაცემის ნაწილში ძალაშია შესული, რის გამო უმართებულოა ა. ბ-ის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლზე, აღნიშნული მუხლი ითვალისწი-ნებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას მიუხედავად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისა საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში, ხოლო საქმის განხილვა დავის ამ ნაწილში დასრულებულია, განჩინება ამ ნაწილში ძალაშია შესული. ამდენად, საოლქო სასასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა ა. ბ-ის პრეტენზიას ამ ნაწილში ვერ განიხილავდა. სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ა. ფ-ის კომლის წევრობის შესახებ ჩანაწერის მართლზომიერება, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროს განეკუთვნება.

პალატა აღნიშნავს, რომ კომლი წარმოადგენს პირთა საოჯახო-შრომით გაერთიანებას, რომლის წევრები ჩვეულებისამებრ ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ, რაც თავისთავად არ გამორიცხავს კომლის წევრის ცხოვრებას ახლომდებარე დასახლებულ პუნქტში. დადგენილია, რომ ორ დასახლებულ პუნქტს _ ......-ს და ქ. ვანს შორის დაშორება არ გამორიცხავდა ა. ფ-ისათვის კომლის მეურნეობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, კომლის ბუნებიდან გამომდინარე, კომლის წევრობის შენარჩუნება არ არის გამორიცხული აგრეთვე მაშინაც, როდესაც მოშორებით მდებარე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები კომლის ყოფილ წევრს, სისტემატური და მნიშვნელოვანი შენატანი შეაქვს კომლის მეურნეობაში, რაც ზრდის კომლის კეთილდღეობას. ამდენად, უმართებულოა კომლის წევრობის დაკავშირება მოსახლეობის რეგისტრაციის, კერძოდ კომლში გაწევრიანების დროისათვის (03.06.96 წ.) ჯერ კიდევ მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 10.06.93 წ. ¹451 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ დებულების, აგრეთვე სამხედრო აღრიცხვის წესების დაცვასთან, აღნიშნულს კომლის წევრობისათვის არ აქვს უფლებამიმნიჭებელი მნიშვნელობა. ა. ფ-ის კომლში გაწევრიანების (03.06.96 წ.) შემდეგ რამოდენიმე დღეში მიღებულ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართვე-ლოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ 27.06.96 წ. კანონის თანახმად, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა მინისტრთა კაბინეტის 10.06.93 წ. ¹451 დადგენილება, რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, კანონი არ გამორიცხავს აგრეთვე პირისათვის რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის და ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის შესაძლებლობას. ამდენად, სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ა. ფ-ის მიერ ქ. ვანში რეგისტრაციაში გატარება არ ადასტურებს მის მიერ კომლის წევრობის დაკარგვას.

არსებითი მნიშვნელობა განსახილველ დავაში აქვს არა მოსახლეობის რეგისტრაციის წესების დაცვას, არამედ კომლის მეურნეობაში შრომით მონაწილეო-ბას, მეურნეობის იმ ტიპის დადგენას, რომელშიც მიმდინარეობს დავა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.03.2000წ. განჩინების თანახმად, სააპელაციო სასამართ-ლომ დაადგინა, რომ ს. ბ-ის კომლი 1993 წლამდე წარმოადგენდა სა-კოლმეურნეო კომლს, რომლის წევრი ა. ფ-ე დაბადებისთანავე იყო. ა. ფ-ეს, როგორც კომლის წევრს, კომლის წევრობიდან გასვლისას წილი არ გაუტანია. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ“ 22.03.96. წ. კანონის მიხედვით, ს. ბ-ის კომლი სასოფლო-სამეურნეო კომლია, მას ეწერა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ს. ბ-ის ოჯახი არსებობდა საკარმიდამო მიწიდან მიღებული შემოსავლით და პენსიით. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ გარდაცვალებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ის იჩენდა მზრუნველობას, ვინაიდან დადგენილია, რომ ა. ფ-ე კომლის თავკაცის, ს. ბ-ის განცხადების საფუვძელზე იქ-ნა ჩაწერილი კომლში მის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა. ფ-ეს არ გაუწყვეტია კავშირი კომლთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტები სავალდებულოა სასამართლოსათვის. ს. ბ-ს, როგორც მეურნეობის თავკაცს, ჰქონდა უფლება გამოსულიყო კომლის სახელით მესამე პირებთან, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობებში. განცხადება კომლში გაწევრიანებაზე წარდგენილი ჰქონდა აგრეთვე ა. ფ-ეს, მის მიერ წარმოდგენილ იქნა აგრეთვე ქ. ვანიდან ამოწერის შესახებ ცნობა. პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ კომლის წევრმა მ. დ-მა მიიღო ა. ფ-ე კომლის წევრად, მას იმ პერიოდში არ გამოუთქვია რაიმე პრეტენზია ა. ფ-ის კომლში გაწევრიანებისათვის, ხოლო მისი 03.08. 98 წ. განცხადება ა. ფ-ის კომლიდან ამოწერის შესახებ, განცხადების ტექსტის მიხედვით, ავლენს არა მ. დ-ის, არამედ იმჟამად გარდაცვლილი ს. ბ-ის ნება-სურვილს. რაც შეეხება გარდაცვალე-ბამდე რამდენიმე დღის წინ შედგენილ ს. ბ-ის განცხადებას, დადგენილია, რომ განცხადება მმართველობის ადგილობრივ ორგანოში შეტანილ იქნა მისი გარდაცვალების შემდეგ, იგი არ ყოფილა განხილული, განცხადებას არ ახლავს რეგისტრაციის ნომერი, მასში არ არის მითითებული ამოწერის მიზეზი. ა. ფ-ის კომლში გაწევრიანების პერიოდში მოქმედი 26.12.64 წ. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი განსაზღვრავდა კომლის წევრის კომლის ქონებაზე უფლების და შესაბამისად კომლის წევრობის შენარჩუნების პირობებს და ვადებს. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავს კომლის ქონებაზე წილის და კომლის წევრობის უფლებას, უკეთუ კომლის წევრი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ იღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურ-ნეობის წარმოებაში. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომლის წევრი არ მონაწილეობდა მეურნეობის წარმოებაში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლებელში სწავლების ან ავადმყოფობის გამო. კომლის ბუნება თავისთავად აწესებს კომლის წევრებისათვის სავალდებულო მოქმედების რეგლა-მენტს, რომლის შეუსრულებლობა იწვევს უარყოფით შედეგს (ქონების მოთხოვნის უფლების დაკარგვა 3 წელზე მეტი ვადით შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში მონაწილეობის მიუღებლობისათვის). ა. ფ-ე ჩაწერილ იქნა კომლის წევრად და არა მეურვედ, მას უმიზეზოდ, განზრახ თავი არ აურიდებია კომლის მეურნეობაში შრომით მონაწილეობაზე, არ უცხოვრია კომლის დანარჩენი წევრების ხარჯზე, არასაპატიო მიზეზით არ შეუწყვეტია დადგენილ დროზე მეტი ხნით კავშირი კომლთან, ამდენად, არ არსებობდა მისი კომლიდან იძულებითი გარიცხვის საფუძველი. დადგენილია, რომ ა. ფ-ე კომლში გაწევრიანების შემდეგ ვადიანი სამხედრო სამსახურში გაწვევამდე მუდმივად ცხოვრობდა და საქმიანობდა ს. ბ-ის კომლში, სამხედრო ვალდებულების მოხდის პერიოდში იგი დაავადდა. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენენ კომლის წევრობის შენარჩუნების საფუძველს, ამდენად სარჩელის შეტანის დროისათვის ა. ფ-ეს არ ჰქონდა დაკარგული კომლის წევრობა, შესაბამისად არ არსებობს ა. ფ-ის კომლში ჩაწერის შესახებ ......-ის საკრებულოს 03.06.96 წ. დადგენილების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფლდეს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე,399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორის ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ძალაში დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.07.2000 წ. გადაწყვეტილება.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.