Facebook Twitter

3გ/ად-143-კ-01 27 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: აქციების ღირებულების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 7 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ყოფილი სს «თ.-ის» 26 აქციონერის: ა. ა-ელის, ე. ქ-ძის და სხვათა წარმომადგენელმა ა. გ-იამ მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 8 აგვისტოს ¹08.09.122 დადგენილებით სახელმწიფო კონცერნ «ს.-ის» თბილისის კომერციულ-საშუამავლო საწარმოს ბაზაზე შეიქმნა სს «თ.-ი», რომელიც დადგენილი წესით სახელმწიფო რეგისტრაციაში გაატარა თბილისის სამგორის რაიონის გამგეობამ 1994 წლის 5 სექტემბრის ¹452 განკარგულებით.

1996 წლის 19 თებერვალს აღნიშნული საწარმო რეგისტრირებულ იქნა სამეწარმეო რეესტრში სამგორის რაიონულ სასამართლოში.

სარჩელში მითითებული იყო, რომ მოსარჩელეებმა _ სააქციო საზოგადოების აქციონერებმა სახელმწიფოსაგან უფასოდ მიიღეს 2783 აქცია, ხოლო 1391 აქცია 20% შეღავათით. მათ აუქციონზე შეიძინეს 114752 აქცია. პირდაპირი შესყიდვის წესით კი _73587 აქცია.

მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით 1996 წლის 15 აგვისტოს, 11 მარტსა და 28 მარტს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე მოსარჩელე ა. ა-ელმა შეიტანა 20000 აშშ დოლარი, მაგრამ ამ ღირებულების აქციები არ მიუღია.

საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სარჩელის საფუძველზე საქართველოს უზენაესმა საარბიტრაჟო სასამარლომ 1996 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 8 აგვისტოს ¹08.09.122 დადგენილება სახელმწიფო კონცერნ «ს.-ის» თბილისის კომერციულ-საშუამავლო საწარმოს სააქციო საზოგადოება «თ.-ის» დაფუძნების შესახებ და ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹452 განკარგულება სს «თ.-ის» სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, იმ დროისათვის სს «თ.-ის» აქციონერები ფლობდნენ სააქციო საზოგადოების აქციათა 64,7%, დანარჩენი აქციების მფლობელი კი იყო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.

სარჩელში მითითებული იყო, რომ საქართველოს უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ 1996 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა სს «თ.-ის» აქციონერებისათვის მათი კუთვნილი აქციების ღირებულების ანაზღაურებაზე.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1997 წლის მარტში სს «თ.-ის» ბაზაზე ჩამოაყალიბა ახალი სს «თ.-ი» 100% სახელმწიფო წილით ისე, რომ არც მას უმსჯელია მოსარჩელეთა კუთვნილი აქციების ღირებულების ანაზღაურებაზე.

მოსარჩელეებმა სარჩელში ითხოვეს მათი კუთვნილი აქციების რაოდენობის შესაბამისად, აქციების ნომინალური ღირებულების 263580,08 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და მორალური ზიანის 26000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხეზე დაკისრება მოსარჩელეთა სასარგებლოდ. მოსარჩელე ა. ა-ელმა თავის მხრივ ითხოვა მოპასუხისაგან მიუღებელი აქციების ღირებულების 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

2001 წლის 3 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა მორალური ზიანის ანაზღაურებისა და წლიური მოგების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარი თქვეს და ითხოვეს ყოფილი სს «თ.-ის» გაუქმებული აქციების ღირებულების 307423 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ა. ა-ელის მიერ მიუღებელი აქციების ღირებულების 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, აგრეთვე, ითხოვეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ყოფილი სს «თ.-ის» აქციონერების დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სულ დაეკისრა 283600,08 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გაარკვია თუ რამდენად იყო დადასტურებული მოსარჩელეების _ თითოეული ფიზიკური პირის მიერ აქციების ღირებულების გადახდის ფაქტი, თანხის ოდენობა და ის სავალუტო კურსი, რომლითაც იხელმძღვანელეს მოსარჩელეებმა მოპასუხისათვის დაკისრებული მთლიანი თანხის დასაანგარიშებლად. აგრეთვე, არ არის გამოკვეთილი საგადასახადო დავალიანებების თანმიმდევრობა, რაც დაასაბუთებდა შემდგომში მოსარჩელეების მიერ გადახდილი თანხის ზუსტ ოდენობას.

კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება იმავე სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელეებმა უშუალოდ გადაიხადეს თუ არა აქციების ღირებულება, რადგანაც საგადასახადო დავალებებში გადამხდელად მითითებულია სს «თ.-ი» და არა თითოეული აქციონერი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს თითოეულმა მოსარჩელემ გადაიხადა აქციების ღირებულება თუ სს «თ.-ის» კუთვნილი თანხითვე მოხდა აქციების ღირებულების დაფარვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სახელმწიფო ბაჟის მხარისათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.