Facebook Twitter

3გ/ად-147-კ-01 20 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ორდერის გაუქმება, ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ს. ა-იანის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ¹... სამხედრო ნაწილის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ... ბინა ქ. ბათუმში.

მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ბინა უკანონოდ ჰქონდა დაკავებული ს. ა-იანს, რომელიც გააფრთხილა მოსარჩელემ ბინის გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ იგი ნებაყოფლობით არ აპირებდა სადავო ბინის დაცლას. მან წარუდგინა მოსარჩელეს სსრკ სასაზღვრო სამსახურის ბათუმის სასაზღვრო რაზმის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1988 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებითა და ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით 1989 წლის 21 მარტს ს. ა-იანის სიძის, ი. ჟ-ინის სახელზე გაცემული ორდერი, რომლის საფუძველზეც სამხედრო მოსამსახურე ი. ჟ-ინს გამოეყო სადავო ბინა. მოსარჩელის განმარტებით, ი. ჟ-ინს არასოდეს უმსახურია საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. იგი ყოველთვის იყო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარებთან ერთად დატოვა საქართველოს ტერიტორია და საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში.

ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბინაში ი. ჟ-ინის ცოლისდის, ს. ა-იანის, ცხოვრებას არავითარი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ი. ჟ-ინის სახელზე გაცემული ორდერის გაუქმება, სადავო ბინაზე ი. ჟ-ინის უფლებადაკარგულად ცნობა და ს. ა-იანის აღნიშნული ბინიდან გამოსახლება.

საქმე რამდენჯერმე განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა.

შემდგომში მოსარჩელემ სარჩელში ს. ა-იანთან ერთად მოპასუხეებად მიუთითა ი. ჟ-ინსა და ქ. ბათუმის მერიაზე, ხოლო სარჩელში ითხოვა ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 27 აპრილის ¹389 გადაწყვეტილების საფუძველზე ი. ჟ-ინის სახელზე 1989 წლის 21 მარტს გაცემული ორდერის გაუქმება და ს. ა-იანის სადავო ბინიდან გამოსახლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი, კერძოდ, გაუქმდება ი. ჟ-ინის სახელზე 1989 წლის 21 მარტს გაცემული ორდერი და ს. ა-იანი გამოსახლდება სადავო ბინიდან.

საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ სადავო ბინა არ იყო სამსახურებრივი დანიშნულების. აღნიშნული ბინა რომ სამსახურებრივი დანიშნულების იყო, დასტურდება შემდეგი გარემოებებით: სამხედრო მოსამსახურის ბინაში შესახლებისათვის საჭირო იყო სამხედრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის გადაწყვეტილება; რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გადაცემული ბინათა რეესტრით, რომელშიც მითითებულია სადავო ბინა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ი. ჟ-ინს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან არანაირი სამსახურებრივი ურთიერთობა არ გააჩნია; იგი დღემდე მსახურობს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურში და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გასულია საქართველოს ფარგლებს გარეთ.

რაც შეეხება ი. ჟ-ინის ცოლისდას, ს. ა-იანს, მის ცხოვრებას სადავო ბინაში არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია, რადგანაც ბინა არის სამსახურებრივი დანიშნულების, ხოლო ს. ა-იანი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან არავითარ სამსახურებრივ ურთიერთობაში არ არის, ხოლო ის ფაქტი, რომ იგი 1991 წელს ჩაეწერა სადავო ბინაში, არ წარმოადგენს მის გამოსახლებაზე უარის თქმის საფუძველს.

კასატორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო პალატის მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ი. ჟ-ინის სახელზე გაცემული ორდერის გაუქმების ხანდაზმულობის ვადა გასულია, რადგანაც სამსახურებრივი ბინების ნუსხა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს გადასცა 1999 წელს და სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის 1996 წლის 11 იანვრის ¹5 ბრძანების პირველი პუნქტით საქართველოში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილი მთლიანი საბინაო ფონდი ჩაითვალა სამსახურებრივ თანრიგში.

აღნიშნული ბრძანების თანდართული დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც შედიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში, წარმოადგენენ სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე ოროთახიანი ბინა აღნიშნული იყო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საბინაო ფონდში არსებული ბინების სიაში, რომელსაც ხელს აწერდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ¹... სამხედრო ნაწილის უფროსი, პოდპოლკოვნიკი ვ. ფ-ოვი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ბინა წარმოადგენს სამსახურებრივ ბინას.

1999 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციის ფედერალურმა სასაზღვრო სამსახურმა, საქართველოს ტერიტორიიდან გასვლასთან დაკავშირებით, მთელი უძრავ-მოძრავი ქონება სამართალმემკვიდრეობის წესით გადასცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს. აჭარის ა/რ-ში არსებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ¹... სამხედრო ნაწილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინები გადაეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს.

ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის 1996 წლის 11 იანვრის ¹5 ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ადგილის შეცვლასთან ერთად, სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული სამსახურებრივი საცხოვრებელი ბინა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-20 პუნქტით საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრკ სამხედრო უწყებების დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს უნარჩუნდებათ დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე ცხოვრების უფლება (დამქირავებლად).

ვინაიდან ი. ჟ-ინი არის საქართველოს ტერიტორიიდან უკვე გასული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც არავითარი სამსახურებრივი მოვალეობა არ აკავშირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან, ამიტომ არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ უნდა შეუნარჩუნდეთ მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე ცხოვრების უფლება (დამქირავებლად).

რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, რადგანაც რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურმა მის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის სადავო ბინაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს გადასცა 1999 წელს, ამიტომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა დაიწყოს 1999 წლიდან.

ამდენად, არც ი. ჟ-ინსა და არც მის ცოლისდა ს. ა-იანს, რომელსაც, აგრეთვე, არავითარი სამსახურებრივი კავშირი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან არ აქვს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სახელზე რიცხულ, ქ. ბათუმში, ... მდებარე სამსახურებრივ ბინაში ცხოვრების არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნიათ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ივლისის განჩინება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

დაკმაყოფილდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი.

ი. ჟ-ინის სახელზე 1989 წლის 21 მარტს გაცემული ორდერი ჩაითვალოს ძალადაკარგულად.

ს. ა-იანი გამოსახლდეს ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინიდან.

ი. ჟ-ინსა და ს. ა-იანს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი _ 30 ლარი.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.