Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹3გ/ად-149-კ 22 ნოემბერი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: თ. კობახიძე,

ბ. კობერიძე

განიხილა კასატორების: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «გ-ის» საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹228 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინის-ტროს კოლეგიის 1994 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით ფირმა «ს-ის» ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება «ს-ი», საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 171 713,9 აშშ დოლარით, აქციონერთა რაოდენობა _ 407-ით. სააქციო საზოგადოება რეგისტრირებული იყო დიდუბის რაიონის გამგეობაში, ამჟამად, (რეგისტრირებულია დიდუბის რაიონის სასამართლოში, რეგისტრაციის ¹ 2/5-19, 1995 წლის 21 დეკემბერი).

სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულებისა და აქციონერთა კონფერენციის 1995 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საფუძველ-ზე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 25 აპრილის დადგენილებით სს «ს-ის» შრომით კოლექტივს მიეცა საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50,23%-ის 59000 ცალი აქციის (ღირებულება _ 86 257, 31 აშშ დოლარი), საკონტროლო პაკეტის პირდაპირი შესყიდვის უფლება. აქციონერებმა 1995 წლის 25 ივლისამდე უზრუნველყვეს 12 679,82 აშშ დოლარის ღირებულების 8 673 ცალი აქციის გამოსყიდვა _ საწესდებო კაპიტალის 12,81%; 20%-იანი ფასდაკლებით _ საწესდებო კაპიტალის 3,96%; უფასოდ _ 7,91%;K სულ _ საწესდებო კაპიტალის 24,68%.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 17 ივნისის ¹84 განკარგულებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეჩერდა «ს-ის» ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების პრივატიზაცია. 1998 წლის 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ¹61 განკარგულებით «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად განახლდა სააქციო საზოგადოება «ს-ის» აქციების პრივატიზება. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის ¹1-3/389 ბრძანებით დაინიშნა სს «ს-ის» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 75%) კომერციული კონკურსის ფორმით გაყიდვა, რის შესახებაც ინფორამაცია გამოქვეყნდა გაზეთ «.......» 1998 წლის 5 ივნისის ნომერში. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 12 ივლისის ¹1-3/509 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი და გამარჯვებულად გამოცხადდა შპს «გ-ი», რომელმაც აქციათა პაკეტში საწყისი ფასის 193 500 აშშ დოლარის ნაცვლად 200 300 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ლარებში გადაიხადა.

სს «ს-ის» აქციონერთა ჯგუფმა 1998 წლის 21 დეკემბერს სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს და თანამდევი შედეგებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის ¹1-3/389 და ¹1-3/509 ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მიუთითა, რომ:

1. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 17 ივნისის ¹84 განკარგულებით მოხდა სს «ს-ის» პრივატიზაციის შეჩერება და არ მომხდარა პრივატიზაციის გაუქმება. ამიტომ, 1998 წლის 28 თებერვლიდან, საქართველოს პრეზიდენტის ¹61 განკარგულების გამოსვლის შემდეგ, ჯერ უნდა განახლებულიყო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 25 აპრილის კოლეგიის დადგენილების შესასრულებელი ნაწილის აღსრულება, ხოლო შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა მოეხდინა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციათა პაკეტის პრივატიზაცია.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სს «ს-ის» აქციონერებს არ შეატყობინა კომერციული კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი, გაზეთ «.....-ში» არასწორად მიუთითა სააქციო საზოგადოების იურიდიული მისამართი, რითაც შელახა მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 თებერთლის ¹61 განკარგულების გამოცემის პერიოდში ძალადაკარგულად იყო ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ის ბრძანებულებები (29.05.94 წ. ¹178, 31.07.94 წ. ¹241 და 10.03.95 წ. ¹63), რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილებით (25.04.95 წ. ¹19.25.247) სს «ს-ის» შრომით კოლექტივს მიეცა აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება, სამინისტრომ სა-ზოგადოების აქციათა საკონტროლო პაკეტის პრივატიზება განახორციელა, როგორც ეს მითითებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 28.02.98 წ. ¹61 განკარგულებაში _ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, პრივატიზების ფორმად განისაზღვრა კომერციული კონკურსი, დამტკიცდა საკონკურსო პირობები და აქციათა საწყისი გასაყიდი ფასი. სამინისტროდან 04.06.98 წ. ¹04/105 წერილით გაზეთ «.....-ს» გამოსაქვეყნებლად გაეგზავნა სს «ს-ის» აქციათა პაკეტის კომერციული კონკურსის წესით გაყიდვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთის 05.06.98 წ. ¹24-ში. რაც შეეხება ობიექტის იურიდიული მისამართის შეცდომით დასახელებას, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აზრით, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს მექანიკურ შეცდომად, რადგან ასეთი ორგანიზაცია ქვეყანაში ერთია და ეს არ უნდა ჩაითვალოს შრომითი კოლექტივისათვის კონკურსში მონაწილეობის მიღების დამაბრკოლებელ გარემოებად. მითუმეტეს, რომ სააქციო საზოგადოების დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და შრომითი კოლექტივის გარკვეული ნაწილისათვის ცნობილი იყო საზოგადოების აქციათა პრივატიზების პროცესის განახლების შესახებ.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 1997 წლის 18 ნოემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე დადგენილია, რომ 1995 წლის 18 ივლისს სააქციო საზოგადოებამ საწესდებო კაპიტალის 12,81% დაგროვების ფონდიდან შეიძინა, რაც ეწინააღმდეგება «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის წილის (აქციების) შესაძენად გამოიყენება მოქალაქეთა პირადი დანაზოგები, ნასესხები, საწარმოო-ეკონომიკური სტიმულირების ფონდებში დარჩენილი თანხები.

სარჩელი არ ცნო არც შპს «გ-მა» და გაიზიარა რა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრს მოსაზრებები, დამატებით მიუთითა, რომ «გ-მა» კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით შეიძინა აღნიშნული ფასიანი ქაღალდები და ამდენად, იგი სადავო ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და მესაკუთრეა.

სს «ს-ის» აქციონერთა ჯგუფის სარჩელი არაერთხელ იქნა განხილული როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, თანამდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 4 ივნისის ¹1-3/389 და 21 ივლისის ¹1-3/509 ბრძანებები, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შპს «გ-ის» სასარგებლოდ 200 900 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ლარებში გადახდა დაეკისრა, ხოლო სს «ს-ის» აქციონერთა ჯგუფს (121 აქციონერს) უფლება მიეცა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 25 აპრილის დადგენილებით გათვალისწინებული პირობებით შეიძინონ სს «ს-ის» აქციები პირდაპირი შესყიდვის წესით.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად საერთო საკუთრების ყოველ თანამესაკუთრეს საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს კი შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას. ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც აპირებს მესამე პირთან, (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 516-ე მუხლი, 517-ე მუხლი).

ამდენად, საერთო საკუთრების თანამესაკუთრეებს, აქციონერებს _ ფიზიკურ პირებს გააჩნდათ საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ ეცნობებინა მათთვის კომერციული კონკურსის ფორმით ქონების გაყიდვის პირობები და ეს ვალდებულება მან არ შეასრულა. გაზეთ «......-ში» კონკურსის პირობების გამოქვეყნება არ ჩაითვლება ვალდებული პირის მხრიდან უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირისათვის იმ ხელშეკრულების შინაარსის გაცნობად, რომლის დადებასაც ის აპირებდა მესამე პირთან.

2. საქართველოს პრეზიდენტი (რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის უფლებამონაცვლეა) უფლებამოსილია სამთავრობო დაწესებულების საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის უზრუნველსაყოფად შეაჩეროს ამა თუ იმ აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება. კანონის თანახმად, სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერებისას ჩერდება იმ ვადის მიმდინარეობაც, რაც კანონით ან სხვა სამართლებრივი აქტით დადგენილია მოქმედების შესრულებისათვის, (საქართველოს კანონი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, 43-50 მუხლები).

ამდენად, სამთავრობო დაწესებულებამ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, მოქმედება უნდა შეასრულოს შეჩერების მომენტისათვის მოქმედი კანონისა და სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. კერძოდ, სს «ს-ის» აქციათა პაკეტის პრივატიზება უნდა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ¹178 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 25/04-ის კოლეგიის მიერ მიღებული დადგენილებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

კასატორებმა _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და შპს «გ-მა» საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონი, «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონი და «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს 1997 წლის კანონი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები (173-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 516-517-ე მუხლები), რომლებიც თანამესაკუთრეს წილის უპირატესი შეს-ყიდვის უფლებას ანიჭებს სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა, რადგან «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 52-53-ე, 57.2-ე მუხლების შესაბამისად სააქციო საზოგადოების აქციონერები არ არიან დაკავშირებული საზოგადოებასთან საერთო, თანასაკუთრების უფლებით. აქციონერი არის პირი, ვისაც გააჩნია შესაბამისი საზოგადოების აქცია საკუთრებაში, ანუ, აქციონერის საკუთრების უფლების ობიექტს საზოგადოებასთან მიმართებაში წარმოადგენს მხოლოდ აქცია, როგორც ფასიანი ქაღალდი.

სააქციო საზოგადოება არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საკუთარი ქონება გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ თვით იურიდიული პირია ქონების მესაკუთრე, ხოლო აქციონერს, როგორც აქციის მესაკუთრეს უფლება აქვს მიიღოს დივინდენდები და განახორციელეს სხვა მისთვის მინიჭებული უფლებები.

საზოგადოების აქციონერთა მიერ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს არც ძველი და არც ახალი კანონი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ, აღნიშნული კანონები სპეციალური კანონებია და მოცემულ შემთხვევაში სწორედ ისინი უნდა გამოეყენებინა სასამართლოს.

2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას და თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 25 აპრილის დადგენილება ადმინისტრაციული აქტია, რომელიც მხარეთა უფლებამოსილებებს წარმოშობს. კერძოდ, დადგენილების 3.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით (1995 წლის 25 ივლისამდე 8673 ცალი აქციის გამოსყიდვა) შრომით კოლექტივს სამინისტროსადმი, როგორც კონტრაჰენტისადმი, წარმოეშვა შესაბამისი შესრულების მოთხოვნის უფლება, ხოლო საქართვე-ლოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს _ ამ დადგენილების 3.3 მუხლით ნაკისრი მოქმედებების შესრულების ვალდებულება (გამოსყიდულ აქციებზე საკუთრების მოწმობის გაცემა და გამოუსყიდავი აქციების მართვაში გადაცემა). მაგრამ დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეჩერდა სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის ¹84 განკარგულებით, რის შედეგადაც მხარეებმა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზით ვეღარ შეძლეს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი და დროული შესრულება. ამასთან, სახელმწიფო მეთაურის განკარგულებამ კი არ გააუქმა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 25 აპრილის დადგენილება, არამედ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მისი მოქმედება და მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის ¹61 განკარგულებით, რომლითაც განახლდა სს «ს-ის» აქციების პრივატიზება, თავისთავად აღდგა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 25 აპრილის დადგენილების მოქმედება. ამასთან, 1995 წელს დაწყებული სამართალურთიერთობა უნდა განახლდეს და მოწესრიგდეს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იგივე პირობებითა და წესით. ამდენად, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს ახალი 1997 წლის კანონი, რომელიც შრომითი კოლექტივისათვის აქციების პირდაპირ მიყიდვას აღარ ითვალისმწინებს, სს «ს-ის» უფლებრივად დატვირთულ აქციებზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ვერ გავრცელდება, რადგან «უფლებამოსილება უფლებაზე შესაძლებელს ხდის ამ უფლების ნაყოფის მიღებას ამ უფლებამოსილების ვადისა და მოცულობის შესაბამისად”

საკასაციო პალატის აზრით, ვერც შპს «გ-ი» ვერ იქნება ამ ნაწილში კეთილსინდისიერი შემძენი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, «კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მას უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე». შპს «გ-ს» უნდა სცოდნოდა, რომ სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის ¹84 განკარგულებით არ გაუქმებულა სს «ს-ის» შრომითი კოლექტივისათვის საზოგადოების აქციათა პაკეტის პირდაპირი მიყიდვის უფლება, არამედ მხოლოდ შეჩერდა იგი, რაც თავისთავად მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობების შეწყვეტას არ ნიშნავს.

3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის _ სს «ს-ის» აქციონერთა ჯგუფის მოსაზრებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის ¹61 განკარგულების მიღებისას სახელმწიფოს სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მხოლოდ 37%-ის შესაბამისი აქციების განკარგვის უფლება გააჩნდა, რადგან საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 25 აპრილის დადგენილება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფოლ საწარმოების (გაერთიანების) გარდაქმნის გზით შექმნილი სააქციო საზოგადოებების პრივატიზაციის პროცესში საწარმოთა მუშაკების უფლებათა გაფართოების, აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ» დებულებას ეფუძნებოდა, რომლის თანახმა-დაც «საწარმოს მუშაკებს შეუძლიათ დადგენილი წესით შეისყიდონ სააქციო სა-ზოგადოების აქციების 51 პროცენტამდე, მაგრამ არა უმეტეს...» (დებულების მე-5 პუნქტი). ამდენად, სახელმწიფოს იმ დროისათვის სააქციო საზოგადოების შრომითი კოლექტივისათვის ამ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მხოლოდ 51%-ის შესაბამისი აქციების მიყიდვა შეეძლო, რაც განახორციელა კიდეც. ამასთან, საკასაციო პალატა მოწინააღმდეგე მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მონაცემებით საზოგადოებას 1998 წლამდე არც აქციონერთა რეესტრი გააჩნდა და არც აქციები ჰქონდა გადანაწილებული (საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტი, 1997 წლის 18 ნოემბერი).

4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ვერ განიხილავს სააქციო საზოგადოება «ს-ის» შრომითი კოლექტივისაგან საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 12,81% შესაბამისი აქციების გამოსყიდვის კანონიერების საკითხს, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შეგებებული სარჩელი არ დაუყენებია და ამ ნაწილში ხელშეკრულების ბათილობა არ მოუთხოვია.

5. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 4 ივნისის ¹1-3/389 და 21 ივლისის ¹1-3/509 ბრძანებებით შეეძლო განეკარგა სს «ს-ის» საწესდებო კაპიტალის 49%-ის შესაბამისი აქციები, რადგან საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 24,68%-ის შესაბამისი აქციების მესაკუთრენი სს «ს-ის» აქციონერები იყვნენ, ხოლო _ 26,32%-ის შესაბამისი აქციები უფლებრივად იყო დატვირთული და მისი პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება სს «ს-ის» შრომით კოლექტივს გააჩნდა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «გ-ის» საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. კასატორების _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და შპს «გ-ის» საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს,

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. სააქციო საზოგადოება «ს-ის» აქციონერთა ჯგუფის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 5 ივნისის ¹1-3/389 ბრძანება სს «ს-ის» საწესდებო კაპიტალის 26,32%-ის შესაბამისი აქციების კომერციული კონკურსის წესით გაყიდვის ნაწილში.

5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 21 ივლისის ბრძანება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის დამტკიცების შესახებ სს «ს-ის» საწესდებო კაპიტალის 26,32%-ის შესაბამისი აქციების შპს «გ-ისათვის» გადაცემის ნაწილში.

6. ბათილად იქნეს ცნობილი სს «ს-ის» საწესდებო კაპიტალის 26,32%-ის შესაბამისი აქციების გაყიდვის ნაწილში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «გ-ს» შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შპს «გ-ის” სასარგებლოდ 69 435,6 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ლარებში გადახდა დაეკისროს.

7. სს «ს-ის» აქციონერთა ჯგუფს აღუდგეთ პირდაპირი შესყიდვის უფლება სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 26,32%-ის შესაბამის აქციებზე.

8. სახელმწიფო ბაჟი 20 ლარის ოდენობით შპს «გ-ის» სასარგებლოდ გადახდეს სს «ს-ის» აქციონერთა ჯგუფს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.