Facebook Twitter

3გ/ად-149-კ-01 16 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მიწის ფართის გამოყოფის კანონიერება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 3 იანვარს მოსარჩელეებმა ხ. ბ-ძემ, ა. ნ-ძემ და გ. მ-ძემ სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს და აღნიშნეს, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიამ და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ არასწორად გამოუყო მოპასუხე რ. კ-ძეს საკუთრებაში 0,25 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც იმ დროისათვის მოსარჩელეებს იჯარის სახით ჰქონდათ აღებული.

საქმის განხილვის დროს საქმეში ჩაბმულ იქნენ სოფ. ... საკრებულოს მიწის რეფორმის კომისია და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველო.

ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 2001 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი სოფ. ... საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ რ. კ-ძეზე გაცემული 0,25 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მოპასუხე რ. კ-ძეს 1999 წლის 20 მარტს გამოეყო მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი.

ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-ძემ. Aაპელანტმა მიუთითა, რომ მას კანონიერად ჰქონდა გამოყოფილი სადავო მიწის ნაკვეთი სოფ. ... კოოპერაციული მეურნეობის 1996 წლის 25 ივლისის რწმუნებულთა კრების დადგენილებით, რადგან 1992 წელს სოფ. ... კოლმეურნეობა გადაკეთებულ იქნა კოოპერაციულ მეურნეობად და მას ჰქონდა მიწის გამოყოფის უფლება. რ. კ-ძის მოსაზრებით, სადავო მიწის ნაკვეთის არასწორად გამოყოფის შემთხვევაში თვით მიწის რეფორმის კომისიას უნდა ემსჯელა მისი კანონიერების თაობაზე და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 11 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან სადავო მიწის ნაკვეთი გაცემული იყო მოსარჩელეებზე იჯარის უფლებით, 1996 წლის 25 ივლისის სოფ. ... კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა საერთო კრების დადგენილება რ. კ-ძეზე სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე არ შეესაბამებოდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის დადგენილებას, რომლითაც განსაზღვრულია მოქალაქეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესი და პირობები, რომლებიც, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რ. კ-ძეზე მიწის გადაცემისას არ ყოფილა დაცული. Aამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს გამოეყო ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებით მოსარჩელეთა სარგებლობაში იმყოფებოდა. სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფის დროისათვის იგი ჯერ კიდევ არ ირიცხებოდა იმ სარეზერვო ფონდში, საიდანაც უნდა მომხდარიყო მიწის ნაკვეთის ფაქტიური გამოყოფა. საქმის განხილვისას ზემოთმითითებულ კანონდარღვევებს მიწის გამოყოფის შესახებ დადგენილების მიმღები ორგანოც დაეთანხმა და გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება მოითხოვა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-ძემ. კასატორის მოსაზრებით საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ცალმხრივად განიხილა წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ გაითვალისწინა შემდეგი გარემოებანი:

საიჯარო ხელშეკრულება მოსარჩელეებთან გაფორმებული იყო 1989 წელს, 1992 წლის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტის შესაბამისად, რეორგანიზაცია განიცადეს კოლმეურნეობებმა, აღნიშნულის საფუძველზე კალინინის კოლმეურნეობაც გადაკეთდა ... კოოპერაციულ მეურნეობად, რომელთანაც, კასატორის აზრით, ახალი საიჯარო ხელშეკრულება უნდა ყოფილიყო გაფორმებული მოსარჩელეთა მიერ.

კასატორი საკასაციო საჩივარში, ასევე, აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებმა გაუშვეს ძველი «სამოქალაქო სამართლის კოდექსის» 75-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 1 წლიანი ვადა და კასატორზე მიწის გამოყოფის ფაქტი მხოლოდ 6 წლის შემდეგ გახადეს სადავოდ, რაც, რ. კ-ძის აზრით, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

რ. კ-ძე საკასაციო საჩივარში «ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის» ნორმებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ თუ აქტი ეწინააღმდეგება კანონს ან დარღვეულია მისი მომზადების წესი, ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ადმინსტრაციულ სამართლებრივ აქტს ბათილად აცხადებს მისი გამომცემი ორგანო.Aაქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტის კანონიერების საკითხზე მის გამომცემ ორგანოს, კერძოდ, სოფ. ... მიწის მართვის სამმართველოს უნდა ემსჯელა.

ამდენად, კასატორი რ. კ-ძე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას ითხოვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო;

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სოფ. ... კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა საერთო კრების 1996 წლის 25 ივლისის დადგენილებით რ. კ-ძეზე სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფა ეწინააღმდეგება საქრთველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მოთხოვნებს მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესისა და პირობების თაობაზე; ამასთან, კასატორს ფაქტიურად გამოეყო ის მიწის ნაკვეთი, რომელიც, საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეთა სარგებლობაში იყო.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთს მოსარჩელეები საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე 1989 წლიდან ფლობდნენ და საიჯარო ხელშეკრულება მხარეთა მიერ არ შეწყვეტილა.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა საერთო კრების მიერ მიწის გამოყოფის საკითხის განხილვის დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ არ ირიცხებოდა იმ სარეზერვო ფონდში, საიდანაც მიწის ფაქტობრივი გამოყოფა უნდა მომხდარიყო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის 1999 წლის 20 მარტის მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც, თავისთავად, სადავო მიწის ნაკვეთზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპასუხესთან დადებული ადმინისტრაციული გარიგებაა და იგი საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად უნდა მოწესრიგდეს. Aამ კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კი, უძრავ ნივთებთან (მიწასთან) დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ვადა ექვსი წელია.A

საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სოფ. ... საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიისა და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 1999 წლის 20 მარტის ¹21/3-4 სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც რ. კ-ძეს სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო.

საკასაციო სასამართლომ გასათვალისწინებელ გარემოებად მიიჩნია, ასევე, ადმინისტრაციული გარიგების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამ გარიგების, როგორც კანონშეუსაბამოს, გაუქმების მოთხოვნა და თვლის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ რ. კ-ძის საკასიციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 11 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.