Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-151-კ 30 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბადრი მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი), ნანა კლარჯეიშვილი

დავის საგანი _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და შპს «ლ-ს» შორის 21.01.98 წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულება და თბილისის ...... კოლეჯის ძირითადი კორპუსის დამწვარი ნაწილისა და ეკონომიკური კორპუსის იჯარით გაცემის მიზნით ჩატარებული კომერციული კონკურსის შედეგები.

აღწერილობითი ნაწილი:

02.03.98 წ. თბილისის ...... კოლეჯმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ...... ქ. ¹70-ში მდებარეობს ..... კოლეჯი, რომლის ბალანსზეც ირიცხება შენობა-ნაგებობები. ..... კოლეჯის ფართიდან იჯარით გაიცა შენობის ნაწილი ასოციაცია «ფ.....ზე”, შემდგომში შპს «ლ-დ” წოდებული, რომელმაც კომერციულ საქმიანობასთან ერთად ფასიანი სასწავლებელიც გახსნა. 1997 წლის 12 მარტს, ...... კოლეჯსა და შპს «ლ-ს” შორის ადრე დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელთა თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1998 წლის 1 სექტემბრამდე. ხელშეკრულების თანახმად, კოლეჯი კისრულობდა ვალდებულებას იჯარით გაეცა შპს «ლ-ასათვის” 602 კვ. მ. ფართი და იტოვებდა უფლებას საჭიროებისამებრ გამოეყენებინა იჯარით გაცემული აუდიტორიები ლექციების ჩასატარებლად. შპს «ლ-ა” იღებდა ვალდებულებას გადაეხადა კოლეჯისათვის საიჯარო ქირა ხელშეკრულების მოქმდების ვადის გასვლამდე. 21.01.98 წ., კოლეჯის თანხმობის გარეშე, კოლეჯის ბალანსზე რიცხულ ფართზე, ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «ლ-ას” შორის 10 წლის ვადით დაიდო საიჯარო ხელშეკრულება. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო იმ უწყებასთან ან ორგანიზაციასთან შეთანხმებით, რომლის ბალანსზეც ირიცხება გადასაცემი ქონება. ამავე დებულების მე-7 მუხლის თანახმად, სახელწმიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემა კონკურსის ფორმით უნდა მომხდარიყო. დებულების ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევის გამო, მოსარჩელემ მოითხოვა კოლეჯსა და შპს «ლ-ას” შორის, აგრეთვე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და შპს «ლ-ას” შორის 21.01.98 წ. დადებული ხელშეკრულების გაუქმება.

ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 13.08.98 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 21.01.98 წ. საიჯარო ხელშეკრულება. შპს «ლ-ას” საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 22.09.98 წ. მიღებული განჩინებით გაუქმდა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 13.08.98 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს სხვა შემადგენლობას. გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად დაედო საქმის გარემოებათა არასრულყოფილი გამოკვლევა, სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ხელშეკრულება კოლეჯის შენობა-ნაგებობების ნაწილის იჯარით გაცემის შესახებ დადებულ იქნა კონკურსის შედეგების საფუძველზე, სასამართლოს არ უმსჯელია კონკურსის შედეგების კანონიერებაზე, რის გამოც დავა ფაქტობრივად გადაუწყვეტელი დარჩა. საქმეში არ იქნა ჩაბმული აგრეთვე საქართველოს განათლების სამინისტრო და არ გარკვეულა მისი პოზიცია.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამაართლოს 11.11.99 წ. გადაწყვეტილებით ..... კოლეჯის სარჩელი კვლავინდებურად დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «ლ-ას” შორის დადებული 21.01.98 წ. საიჯარო ხელშეკრულება და ..... კოლეჯის ძირითადი კორპუსის დამწვარი ნაწილისა და ეკონომიკური კორპუსის იჯარით გაცემის მიზნით ჩატარებული კომერციული კონკურსის შედეგები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.2000 წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს «ლ-ას” სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.11.99 წ. გადაწყვეტილება. განჩინებას საფუძვლად დაედო შემდეგი: სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ იჯარით გაცემული ქონება იმყოფება ..... კოლეჯის ბალანსზე. ფართის იჯარით გაცემაზე კონკურსის გამოცხადებისას საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბალანსთმფლობელის თანხმობა არ მიუღია. პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს 21.10.97 წ. წერილით სამინისტრომ გამოხატა თანხმობა ..... კოლეჯსა და კორპორაცია «ლ-ასთან” ადრე დადებული საიჯარო ხელშეკრულების ვადის 10 წლით გაგრძელებაზე და არა ახალი ხელშეკრულების დადებაზე. ამასთანავე, თანხმობა ქონების იჯარით გაცემაზე, 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მიხედვით, უნდა მიღებულიყო იმ უწყებასთან ან ორგანიზაციასთან შეთანხმებით, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა გადასაცემი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 59-ე, 533-ე და 534-ე მუხლების საფუძველზე, პალატამ მიუთითა, რომ შპს «ლ-ას” 21.01.98 წ. საიჯარო ხელშეკრულებით გადაეცა უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთი, რამდენადაც ...... კოლეჯს მასზე შეუძლია კანონიერი მოთხოვნების წამოყენება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ გაზეთ «მესაკუთრეში” კომერციული კონკურსი გამოცხადდა” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის «გ” და «თ” ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევით, არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია ქონების ადგილსამყოფელისა და მის მიერ დაკავებული მიწის ფართის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.2000 წ. განჩინებაზე შპს «ლ-ას” მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი ითხოვს 11.07.2000 წ. განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და აღნიშნავს, რომ არ დარღვეულა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი. დებულების ამოქმედებამდე არ არსებობდა სხვა ნორმატიული აქტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის კონკრეტული წესი. აღნიშნული სახის საიჯარო ურთიერთობებს 1997 წ. სექტემბრამდე არეგულირებდა საქართველოს პარლამენტის 20.09.94 წ. დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის” დებულება, რომელიც ითვალისწინებდა არა ბალანსთმფლობელის თანხმობას, არამედ იმ სამინისტროს ან უწყების თანხმობას, ვის გამგებლობაშიც იმყოფებოდა ქონება. აღნიშნულმა აქტმა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის შესაბამისად, ძალა დაკარგა 1997 წ. სექტემბერს, ამდენად, 1997 წ. სექტემბრიდან _ 25 ნოემბრამდე არ არსებობდა სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის ურთიერთობების მომწესრიგებელი აქტი. 1997 წ. 8 სექტემბრიდან _ 25 ნოემბრამდე პერიოდში მოქმედი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 08.09.97 წ. ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების” და მანამდე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მართებულია განათლების სამინისტროს 21.10.97 წ. თანხმობის წერილის გათვალისწინება, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 24.11.97 წ. ბრძანების გამოცემა. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 24.11.97 წ. ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საიჯარო ფართზე კომერციული კონკურსის გამოცხადება და ჩატარება, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების თანაბარი, იერარქიით იგივე ძალის მქონე ნორმატიული აქტია, თუმცა დროში დებულებაზე უფრო ადრე ამოქმედდა. ვინაიდან კანონიერია 24.11.97 წ. გამოცემული ბრძანება, კანონიერად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე მის საფუძველზე გამოცხადებული კონკურსი, საკონკურსო სხდომის ოქმი, რომლითაც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს «ლ-ა”, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 16.01.98 წ. ბრძანება კოლეჯის ძირითადი კორპუსის დამწვარი ნაწილის და ეკონომიკური კორპუსის იჯარით გაცემის მიზნით ჩატარებულ კომერციულ კონკურსში შპს «ლ-ას” გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რის საფუძვლზეც 21.01.98 წ. სამინისტროსა და შპს «ლ-ას” შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება. კასატორი აღნიშნავს, რომ ქონების იჯარით გაცემის თაობაზე ურთიერთობა დაიწყო «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქარათველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების ამოქმედებამდე. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. სამოქალაქო კოდექსს და მის შესაბამისად გამოცემულ ნორმატიულ აქტს არა აქვს უკუქცევითი ძალა, ამდენად, დებულება არ უნდა გავრცელდეს მის წარმოშობამდე დაწყებულ ურთიერთობებზე.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კოლეჯს არა აქვს სათანადო წესით რეგისტრირებული წესდება, გაურკევველია თუ რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა აქვს მას, იგი საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული იურიდიულ პირად, რის გამოც მას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე პრეტენზიები ქონების იჯარით გაცემაზე, მით უფრო, რომ მას არ შეუსრულებია «სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 16.06.95 წ. დადგენილების მოთხოვნები, არ მიუმართავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსადმი ქონების ფლობისა და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო აგრეთვე ის, რომ საიჯარო ურთიერთობები სადავო გახდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან საიჯარო ხელშეკრულების დადების შემდეგ, მანამდე საიჯარო ხელშეკრულების დადება უშუალოდ კოლეჯთან ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. კასატორის წარმომადგენლების აზრით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ რაიმე უზუსტობის დაშვების შემთხვევაშიც, შპს «ლ-ას” არაფერი დაურღვევია, თავისი მოვალეობების პირნათლად შესრულების მიუხედავად მას ადგება ზარალი.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წამომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქმეში მესამე პირად ჩართული საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სამინისტროს წერილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსადმი ეხებოდა არსებული საიჯარო ურთიერთობების გაგრძელებას და არა ახალი ხელშეკრულების სხვა მხარეებს შორის დადებას და მოითხოვა საოლქო სასამართლოს 25.07.2000 წ. განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 24.11.97 წ. ბრძანება წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების იერარქიულად თანაბარი იურიდიული ძალის მქონე აქტს. 24.11.97 წ. ბრძანება, რომლითაც გადაწყდა ...... კოლეჯის ძირითადი კორპუსის დამწვარი ნაწილისა და ეკონომიკური კორპუსის კომერციული კონკურსის ფორმით იჯარით (გამოსყიდვის უფლების გარეშე, 10 წლით) გაცემა, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული დებულება არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ნორმატიული აქტი.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსი და, შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული დებულება არ უნდა იქნეს გამოყენებული სადავო ურთიერთობების მიმართ. კოდექსის 1507-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ ურთიერთობების მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წ. 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეოებების მიმართ, ამასთანავე, ინფორმაცია კომერციული კონკურსის შესახებ, გაზეთ «......-ში” გამოქვეყნდა 1997 წ. 12 დეკემბერს, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული დებულება იმავე წლის 05 დეკემბერს. ამდენად, კომერციული კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გაზეთ «.....-ში” გამოქვეყნების დროისათვის «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულება უკვე გამოქვეყნებული იყო. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 14.11.97 წ. ¹1-3/687 ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, დებულება ძალაში შევიდა პრესაში გამოქვეყნებისთანავე. ამდენად, კონკურსი იჯარის უფლების მოსაპოვებლად უნდა გამოქვეყნებულიყო სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნათა დაცვით, მით უფრო, რომ 24.11.97 წ. ბრძანების გაცემისას ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო იმავე ორგანოს მიერ 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული დებულების ნორმების შესახებ. გარდა ამისა, კომერციული კონკურსის ჩატარების შედეგად თვით 21.01.98 წ. დადებულ საიჯარო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება დადებულია «სახელწმიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების საფუძველზე და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 16.01.98 წ. ¹1-3/28 ბრძანების გათვალისწინებით.

პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმაზე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 24.11.97 წ. ბრძანება არ შეესაბამება «ქ. თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ” 15.07.97 წ. ¹1-3/460 სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანებას, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში განლაგებული სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის საერთო-სახელმწიფო დაქვემდებარების უძრავი ქონების იჯარით (გამოსყიდვის უფლების გარეშე), ოპერატიულ მართვასა და სამეურნეო გამგებლობაში გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება დელეგირებულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის დეპარტამენტზე. სახელდობრ ამითაა განპირობებული ის გარემოება, რომ ..... კოლეჯის ბალანსზე რიცხული ფართის 65,32 კვ. მ. იჯარით გაცემაზე კონკურსის გამოცხადება მოხდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 13.04.98 წ. ¹1-4/163 ბრძანებით. ის, რომ 24.11.97 წ. ბრძანების გამოცემისას მოქმედებდა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 15.07.97 წ. ¹1-3/460 ბრძანება დასტურდება «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ” სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 16.12.97 წ. ¹1-3/765 ბრძანების მე-3 პუნქტით, რომლის თანახმადაც ქ. თბილიში განლაგებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქინების აღრიცხვისა და მართვის საკითხებს არეგულირებს სამინისტროს 15.07.97 წ. ¹1-3/460 ბრძანება.

პალატა არ იზიარებს აგრეთვე საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დებულება ეწინააღმდეგება იერარქიით ზემდგომ ნორმატიულ აქტებს. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული დებულება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი არ ეწინააღმდეგება «სახელწმიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონს და საქართელოს პრეზიდენტის 08.09.97 წ. ბრძანებით დამტკიცებულ «სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების” ნორმებს, არამედ აკონკრეტებს მათ. აღნიშნულს ადასტურებს დებულების პირველი მუხლი, რომლის მიხედვით დებულება შემუშავებულია სამოქალაქო კოდექსის, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის და საქართველოს პრეზიდენტის მიერ 08.09.97 წ. ¹487 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების” მოთხოვნათა შესაბამისად. პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ იჯარით გაცემული ქონება იმყოფება ...... კოლეჯის ბალანსზე, აღნიშნული დასტურდება აგრეთვე ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღირიცხვის სამსახურის 16.03.01. წ. ¹12325 ცნობით. ამდენად, დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქონების იჯარით გაცემისათვის საჭირო იყო კოლეჯის და არა საქართველოს განათლების სამინისტროს თანხმობა. ვინაიდან სადავო ურთიერთობების წამოშობის მომენტში დებულება ითვალისწინებდა ბალანსთმფლობელის თანახმობას, დებულებაში ცვლილებების შეტანის შედეგად ამ წესის შემდგომში შეცვლა ვერ იქონიებს გავლენას განსახილველი საქმის გადაწყვეტაზე, ვინაიდან სასამართლოს აკისრია სამართალშეფარდებითი და არა სამართალშემოქმედებითი ფუნქცია (სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 15.09.98 წ. ¹1-3/612 ბრძანებით დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, რომლის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემაზე საჭირო იყო შესაბამის სამინისტროსთან ან სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმება, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება გადასაცემი სახელმწიფო ქონება. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.05.99 წ. ბრძანება, რომლითაც გაუქმდა 14.11.97 წ. ¹1-3/687 და 15.09.98 წ. ¹1-3/612 ბრძანებები და დამტკიცდა ახალი დებულება, ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემაზე გადაწყვეტილების მიღებას შესაბამის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგნოსთან ან დაწესებულებასთან შეთანხმებით, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება გადასაცემი სახელმწიფო ქონება).

რაც შეეხება საქართველოს განათლების სამინისტროს 21.10.97 წ. წერილს, იგი ვერ იქნება მიჩნეული თანხმობად, ვინაიდან წერილი შეეხებოდა არსებული ხელშეკრულების გაგრძელებას და არა ახალი ხელშეკრულების დადებას, შესაბამისად 21.10.97 წ. წერილი ითვალისწინებდა ხელშეკრულების მონაწილეთა განსხვავებულ მხარეებს, სახელდობრ, ხელშეკრულების დადებას თბილისის ...... კოლეჯსა და შპს «ლ-ას” შორის და არა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «ლ-ას” შორის. განათლების სამინისტროს 21.10.97 წ. წერილი მით უფრო ვერ იქნება მიჩნეული თანხმობად, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ობიექტის იჯარით გაცემა ხდებოდა კონკურსის ფორმით, რომლის ჩატარებამდე შეუძლებელი იყო ხელშეკრულების მხარის დასახელება. გარდა ამისა, ობიექტი არ იმყოფება საქართველოს განათლების სამინსტროს ბალანსზე, საქართველოს პარლამეტის 20.09.94 წ., ¹555-1 დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის” დებულებამ, რომელიც ითვალისწინებდა ქონების იჯარით გაცემას დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვიტა არსებობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 08.09.97 წ. კანონქვემდებარე აქტების ძალაში შესვლის დღიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. ამავე კოდექსის 533-ე მუხლის მიხედვით გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, კოდექსის 534-ე მუხლის თანახმად გაქირავებული ნივთი უფლებრივად უნაკლოა თუ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს დამქირავებელს მოთხოვნები ამ ნივთის გამო. კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს «ლ-ას” 21.01.98 წ. საიჯარო ხელშეკრულებით გადაეცა უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთი, ვინაიდან ...... კოლეჯი უფლებამოსილია წამოაყენოს მასზე კანონიერი მოთხოვნები.

კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გამოქვეყნდა აგრეთვე საკონკურსო პირობები, გაზეთ «......-ში” გამოქვეყნებული ინფორმაცია კომერციული კონკურსის შესახებ არ შეიცავდა მონაცემებს ქონების ადგილსამყოფელის, ქონების მიერ დაკავებული მიწის ფართობის, იჯარით გასაცემი ფართობის, ბეს ოდენობის შესახებ, რითაც დაირღვა 14.11.97 წ. დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის «გ”, «ე” და «თ” ქვეპუნქტები. აღნიშნულ დარღვევათა ერთობლიობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ იჯარის უფლება არაკონკურენტულ გარემოში იქნა მოპოვებული. ხელშეკრულების არსებითი ნაწილი _ იჯარით გასაცემი ფართის ოდენობა არც გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და არც კონკურსის შედეგად 21.01.98 წ. დადებულ ხელშეკრულებაში ასახულა, მისი გათვალისწინება მხოლოდ 03.11.98 წ. ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შედეგად, სასამართლოში დავის აღძვრის შემდგომ მოხდა (ხელშეკრულების დაზუსტების მიზნით საიჯარო ხელშეკრულებაში შეტანილი დამატების შედეგად განისაზღვრა, რომ «მეიჯარე” გადასცემს, ხოლო «მოიჯარე”, იჯარით იღებს ...... კოლეჯის ძირითადი კორპუსის დამწვარი ნაწილის 2404 კვ. მ. და ეკონომიკური კორპუსის ნაწილს _ 813,4 კვ. მ).

პალატა არ ეთანხმება აგრეთვე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მინისტრთა კაბინეტის 16.06.95 წ. ¹344 დადგენილების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო კოლეჯი არ არის არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი მფლობელი, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 29.01.98 წ. ¹51 ბრძანებულების მე-9 პუნქტით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.06.95 წ. ¹344 დადგენილება ცნობილ იქნა ძალადაკარგულად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, სადავო ურთიერთობები კი სახელდობრ ამ აქტების მიღებისა და ძალაში შესვლის შემდგომ წარმოიშვა.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 30.04.98 წ. ¹281 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს განათლების სამინისტროს დებულების V თავის თანახმად (სამინისტროს სისტემა), თბილისის ...... კოლეჯი საშუალო სპეციალურ სასწავლებელთა რიცხვს განეკუთვნება. «განათლების შესახებ” 27.06.97 წ. კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო საგანმანათლებო დაწესებულება, რომელიც არ არის შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ამდენად, უმართებულოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კოლეჯი არ არის იურიდიული პირი, რომ იგი არ არის უფლებამოსილი ჰქონდეს პრეტენზია ქონების იჯარით გაცემის თანხმობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «ლ-ას” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.2000 წ. განჩინება.

2. განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.