Facebook Twitter

¹ 3გ/ად-155-კ-01 27 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ სადავო ნაგებობაზე მოპასუხის მიერ განხორციელებული მფლობელობის უკანონოდ ცნობა და მოპასუხისათვის ქირის დაკისრება.

შეგებებული სარჩელის საგანი: სერვიტუტის გაუქმება მიწის ნაკვეთის სადავო 20 კვ.მ. ფართობზე; მისი ამორიცხვა მიწის ნაკვეთიდან; მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში, მიწის მიღება-ჩაბარების აქტსა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 17 ივლისს ნ. პ-იამ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ო. მ-ძის მიმართ.

სარჩელის თანახმად, ნ. პ-იას 1953 წლიდან გააჩნდა ოზურგეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და 880 კვ.მ. მიწის ფართობი, რომელიც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში.

1960-იან წლებში, მოსარჩელის ოჯახს შეუთანხმდნენ ოზურგეთის ქალაქვაჭრობის წარმომადგენლები, რათა მის ეზოში აეშენებინათ საზკვების ობიექტი იმ პირობით, რომ ყოველთვიურად გადაუხდიდნენ შესაბამის ქირას.

შეთანხმების შემდეგ დაიწყო მშენებლობა და მოსარჩელის ეზოში ჩასასვლელი ჭიშკრის გასწვრივ, მარცხენა მხარეს, აშენდა კაპიტალური ნაგებობა, რომელმაც დაჩრდილა სახლის ფასადი, მაგრამ მოსარჩელესა და მისი ოჯახის წევრებს არ გამოუთქვამთ პროტესტი, რადგანაც იღებდნენ სათანადო კომპენსაციას ქირის სახით.

მოსარჩელის განმარტებით აღნიშნულ საზკვების ობიექტ «...-ში» მომუშავე პირები შეუფერხებლად და კეთილსინდისიერად იხდიდნენ ქირას მანამდე, სანამ არ დაიწყო სტრუქტურული ცვლილებები ოზურგეთის ქალაქვაჭრობის სისტემაში. «...-ში» მომუშავე მოპასუხე ო. მ-ძე ჯერ ცუდი გადამხდელი გახდა, ხოლო ოზურგეთის ქალაქვაჭრობის ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ მოსარჩელეს საერთოდ შეუწყვიტა ქირის გადახდა.

მოპასუხე მოსარჩელის პრეტენზიას უარით პასუხობდა იმ საფუძვლით, რომ «...-ე» მისი საკუთრება იყო და არ იღებდა ვალდებულებას, გაეგრძელებინა ქირის გადახდა.

მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ქალაქის მერიას და პოლიციას, რომელთა რეაგირების შემდეგ მოპასუხემ კვლავ კეთილსინდისიერად დაიწყო ქირის გადახდა მოსარჩელისათვის, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ შეწყვიტა.

მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეს საზკვების სადავო ობიექტზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია, რადგანაც ამის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ არსებობს. ტექინვენტარიზაციის ბიუროდან წარმოდგენილი ცნობით კი დასტურდება, რომ მოსარჩელე მთლიანად არის 880 კვ.მ. მიწის ფართობის მესაკუთრე, რომელზეც 1953 წლიდან იხდიდა შესაბამის გადასახადს, საზკვების აღნიშნული ობიექტი კი აშენებულია სწორედ ნ. პ-იას კუთვნილ მიწის ფართობზე.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ დამქირავებელი, ოზურგეთის ქალაქვაჭრობის ორგანიზაცია ლიკვიდირებული იყო და არ არსებობდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რაიმე ხელშეკრულება. ამდენად, არ არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის და მოპასუხე ო. მ-ძე არ იყო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ო. მ-ძე «...-ს» უსაფუძვლოდ, უკანონოდ ფლობდა, რის გამოც მოსარჩელე, როგორც მიწის მესაკუთრე, აცხადებდა პრეტენზიას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე მუხლების თანახმად. მოსარჩელემ სარჩელში პრეტენზია გამოთქვა, აგრეთვე, მოპასუხის მიერ სადავო ობიექტის სარგებლობისათვის 11 თვის ქირის გადაუხდელობის გამო.

მოსარჩელე ნ. პ-იამ სარჩელში ითხოვა მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე აგებულ სადავო ნაგებობაზე, მოპასუხე ო. მ-ძის მფლობელობის უკანონოდ ცნობა და მოპასუხისათვის 11 თვის გადაუხდელი ქირის დაკისრება.

მოცემული საქმის ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში განხილვის დროს 2000 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ. ოზურგეთში, ... მდებარე ნ. პ-იას საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ის ნაწილი (20 კვ.მ. ფართობი), რომელზეც 1971 წლიდან აგებული იყო და ფუნქციონირებდა ყოფილი ქალაქვაჭრობის საზკვების ობიექტი «...-ე» და რომელიც ამჟამად, როგორც სახელმწიფო ქონება, სამართავად გადაცემული ჰქონდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს, ჩაითვალა სერვიტუტის უფლებით დატვირთულად და ასეთივე სახით გატარდა რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში.

მოსარჩელე ნ. პ-იას უარი ეთქვა აღნიშნულ შენობაზე მოპასუხე ო. მ-ძისათვის სარგებლობის უფლების აღკვეთაზე. ამავე გადაწყვეტილებით გადაწყდა სადავო ნაგებობის უკან, ასევე მოსარჩელის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის 9 კვ.მ. ფართზე მდებარე დამხმარე სათავსის აღება, ვინაიდან იგი აღარ ფუნქციონერებდა და ნახევრად დაშლილი იყო.

სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთის სარგებლობის საზღაურად დარჩა 25 ლარი, რომლის გადახდაც მოპასუხე ო. მ-ძეს ყოველთვიურად დაეკისრა მოსარჩელე ნ. პ-იას სასარგებლოდ. მოპასუხესვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 11 თვის გადაუხდელი ქირის, 275 ლარის, გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-იას წარმომადგენელმა ჟ. თ-ძემ.

სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისას 2001 წლის 2 მაისის განჩინებით საქმეში მოპასუხე ო. მ-ძე შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოთი. მოცემულ საქმეში ო. მ-ძე ჩაება მესამე პირად.

2001 წლის 20 მაისს მესამე პირმა ო. მ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა სააპელაციო პალატაში მოპასუხეების: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოსა და ნ. პ-იას მიმართ.

შეგებებულ სარჩელში ო. მ-ძემ მიუთითა, რომ ოზურგეთის ყოფილი ქალაქვაჭრობის საზკვების ობიექტი «...-ე» აშენდა მისი ინიციატივითა და მონაწილეობით. დაარსების დღიდან ო. მ-ძე ამ ობიექტში მუშაობდა, შეინარჩუნა იგი, გადაარჩინა განადგურებისაგან და დანგრევისაგან, აგრეთვე, რამდენჯერმე ჩაატარა რემონტი, რის გამოც დახარჯა სოლიდური თანხა.

ო. მ-ძის განმარტებით, ნ. პ-იას მოთხოვნა უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო:

ვიდრე ახალი სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდებოდა, მიწის ერთადერთი მესაკუთრე იყო სახელმწიფო, ხოლო მოქალაქეებს მიწა გადაცემული ჰქონდათ მხოლოდ სარგებლობაში. მიწაზე ასეთივე უფლებით სარგებლობდა ნ. პ-იას აწ გარდაცვლილი მეუღლის ოჯახიც.

1970 წელს ოზურგეთის ქალაქვაჭრობამ, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციამ, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ნ. პ-იას ოჯახის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის 20 კვ.მ. ფართობზე ააგო პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით დამტკიცებული საზკვების ობიექტი. იგი აშენდა უვადო სარგებლობისათვის და წარმოადგენდა ოზურგეთის ქალაქვაჭრობის ანუ სახელმწიფოს საკუთრებას.

ნ. პ-იას ოჯახს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ო. მ-ძის განმარტებით სადავო ნაგებობის აშენებით ნ. პ-იას ოჯახს სახელმწიფომ 20 კვ.მ. მიწის ფართობზე შეუწყვიტა სარგებლობის უფლება.

ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებით კი ნ. პ-იას ოჯახს საკუთრების უფლებით უნდა დაკანონებოდა მიწის მხოლოდ ის ფართობი, რომლითაც იგი რეალურად სარგებლობდა იმ დროისათვის, რადგანაც ამ ფართობზე მას უკვე დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა შეწყვეტილი სარგებლობის უფლება. აღნიშნული 20 კვ.მ. მიწის ფართობი დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მესამე პირმა სარჩელში ითხოვა სერვიტუტის გაუქმება ნ. პ-იას სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის 20 კვ.მეტრზე, რომელზეც აგებული იყო «...-ე» და მიწის აღნიშნული ფართობის ამორიცხვა ნ. პ-იას საკუთრებიდან. მოსარჩელემ ითხოვა, აგრეთვე, ნ. პ-იას სახელზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში, მიწის მიღება-ჩაბარების აქტსა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ნ. პ-იას სახელზე რიცხული მიწის ფართობის 20 კვ.მ-ით შემცირებასთან დაკავშირებით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა ნ. პ-იას სარჩელი. მესამე პირის, ო. მ-ძის, სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სერვიტუტი ოზურგეთში, ... მდებარე ნ. პ-იას სახელზე რიცხული მიწის ფართობიდან 20 კვ.მეტრზე, რომელზეც აშენებულია «...-დ» წოდებული სადავო ობიექტი. მიწის აღნიშნული ფართობი ამოირიცხა ნ. პ-იას საკუთრებიდან. შესაბამისი ცვლილებები შევიდა ნ. პ-იას სახელზე 1998 წლის 18 აგვისტოს გაცემულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში, 2000 წლის 10 მაისს გაცემულ მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობასა და საჯარო რეესტრში. აღნიშნული 20 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჩაითვალა სახელმწიფო საკუთრებად და აღირიცხა როგორც სახელმწიფო საკუთრების ობიექტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-იას წარმომადგენელმა ჟ. თ-ძემ.

საკასაციო სასამართლოში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებინა. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997წ.) 1513-ე მუხლი და უნდა გამოეყენებინა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48, 1992 წლის 6 თებერვლის ¹128, 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილებები და საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის ¹66 დადგენილების მე-2 მუხლი, აგრეთვე, მიწის კოდექსის 93-ე და 94-ე მუხლები.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტი, კერძოდ, არასწორად განმარტა მიწის კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლები, რის გამოც გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით. ეს კი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმებიც, კერძოდ, საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც იმაში გამოიხატა, რომ სასამართლო სხდომებს თავმჯდომარეობდა მოსამართლე ფ. ბ.-ა, რომელიც ბოლოს წინა სხდომას არ დასწრებია. სასამართლო შემადგენლობაში ცვლილება და შევსება მოხდა სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის მოსამართლით, მაგრამ ნ. პ-იას წარმომადგენლის შუამდგომლობის მიუხედავად, სამოქალაქო პროცესი მოცემულ საქმეზე თავიდან არ დაწყებულა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტის თანახმად ზემოთ აღნიშნული დარღვევა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო საჩივარში კასატორმა ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება ნ. პ-იას სარჩელი, ხოლო ო. მ-ძის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქმება დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მესამე პირმა ო. მ-ძემ სააპელაციო სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ნ. პ-იას მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ სადავო 20 კვ.მ. მიწის ფართობი ისე ჩათვალა სახელმწიფო საკუთრებად და ისე აღრიცხა სახელმწიფო საკუთრების ობიექტად, რომ მხარეს, მოპასუხე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, არ ჰქონია სასარჩელო მოთხოვნა, რომ სადავო 20 კვ.მ. მიწის ფართობი აღრიცხულიყო სახელმწიფო საკუთრებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად სასამართლოს უფლება არ აქვს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც მას არ უთხოვია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო სამართლის ნორმის ზემოთ აღნიშნული დარღვევის გამო მოცემულ საქმეზე გამოვიდა არასწორი გადაწყვეტილება და ამიტომ აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლო შემადგენლობა, რომელმაც დაიწყო მოცემული საქმის ზეპირი განხილვა, ისე შეიცვალა, რომ ნ. პ-იას წარმომადგენლის შუამდგომლობის მიუხედავად, საქმის ზეპირი განხილვა სასამართლოს ახალ შემადგენლობას თავიდან არ დაუწყია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. პ-იას წარმომადგენელ ჟ. თ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.