Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¡¡

¹ 3გ/ად-156-კ 9 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

განიხილა ქუთაისის მერიის (წარმომადგენელი მ. ს-ძე) საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 სექტემბრის ¹ 6\232 განჩინების გაუქმების, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე. სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მოსარჩელე სააქციო კომერციული ბანკ «ა-ის» მმართველმა ბ. გ-ძემ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით და აღნიშნა, რომ 1994 წლის 2 მაისს სააქციო კომერციულ ბანკ «...სა» და საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის ქუთაისის ავტოსატრანსპორტო გაერთიანებას შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თუ მოიჯარე საკუთარი სახსრებითა და იჯარის მიმცემის ნებართვით გააუმჯობესებდა იჯარით აღებულ ქონებას, მოიჯარეს უფლება ჰქონდა, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, იჯარის გამცემისაგან აენაზღაურებინა რემონტზე გაწეული ხარჯები. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ყველა კანონიერი საიჯარო ხელშეკრულება უნდა გადაეფორომებინა ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც მეიჯარის უფლებამონაცვლე ხდებოდა. აღნიშნულმა დადგენილებამ გამოიწვია 1995 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების გაფორმება ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს (წარმოდგენელი სატრანსპორტო გაერთიანების სახით) და სააქციო კომერციულ ბანკ «ა-ს» შორის. აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებდა 1995 წ. 1 სექტემბრამდე, ხოლო 1995 წლის 18 სექტემბერს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹ 570 დადგენილებით, იჯარის ზემოთ მითითებული ობიექტი გადაეცა ქ. ქუთაისის მერიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ბ. გ-ძემ ქ. ქუთაისის მერია მიიჩნია სტრანსპორტო გაერთიანების უფლებამონაცვლედ და მოითხოვა მისგან იჯარით აღებული ქონების რეკონსტრუქციისათვის დახარჯული თანხის (40 117 ლ.) კომპენსაცია. ქუთაისის მერიამ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ იგი არ წარმოადგენდა მოპასუხეს აღნიშნულ საქმეზე, რადგან მას ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონება გადაეცა 1995 წლის 18 სექტემბერს, მაშინ, როცა იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეწყდა 1995 წლის 1 სექტემბერს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1999 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ბ. გ-ძის სარჩელი, ქუთაისის მერიის მიერ 40 117ლ. გადახდევინების შესახებ, არ დააკმაყოფილა, რასაც მოჰყვა ბ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით. 2000 წლის 31 ივლისს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ქუთაისის მერიის წარმომადგენლის მიერ რწმუნებულების წარმოუდგენლობის გამო, ბ. გ-ძის სააპელაციო საჩივარზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის მერიას ბ. გ-ძის სასარგებლოდ დააკისრა იჯარის ობიექტის რეკონსტრუქციისა და რემონტისათვის გაწეული ხარჯების (40 117ლ.) ანაზღაურება. ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ 15.08.00 წ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში შეიტანა საჩივარი 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ, რომლის თაობაზეც 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინებით აღნიშნულმა პალატამ მ. ს-ძის სასამართლო სხდომაზე რწმუნებულების გარეშე გამოცხადება მიიჩნია მხარის გამოუცხადებლობად, ხოლო მის მიერ მოყვანილი არგუმენტი _ არასაპატიო მიზეზად და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინებასთან დაკავშირებით. კასატორი ითხოვს 2000 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის საქმის დაბრუნებას განმეორებით განსახილველად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის მოტივით.

კასატორი აცხადებს, რომ მხარე (ქუთაისის მერიის წარმომადგენელი) არ იყო დაბარებული პროცესზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს შესაბამის თანამდებობის პირს, რომელიც უწყების მიღებას ადასტურებს მეორე ეგზემპლარზე ხელმოწერით. «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» კანონის მიხედვით, მერიის თანამდებობის პირს არ წარმოადგენს ქ. ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი მ. ს-ძე, რომლის სახელზეც იყო უწყება მოსული, ამის გარდა, უწყება არ უნდა ყოფილიყო მ. ს-ძის სახელზე, რადგან იგი არ წამროადგენს მხარეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი აცხადებს, რომ საოლქო სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან მხარე არ იყო დაბარებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ითხოვს 2000 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საოლქო სასამართლოში საქმის უკან დაბრუნებას მისი ხელახლა განხილვის მიზნით.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატაში საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორმა _ ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, ვინაიდან კონკრეტული საქმე ადმინისტრაციული ხასიათს ატარებს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, არ შეიძლებოდა მასზე დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა მიღება და ამ მოტივითაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა (31 ივლისი 2000 წელი) და 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილ საქმეში მხარედ არის ჩართული ქუთაისის მერია, რომელიც საქარათველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ვინაიდან მოსარჩელე ქ. ქუთაისის მერიისაგან ითხოვს რემონტზე გაწეულ ხარჯების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ადმნისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოცემული საქმე არის სასამართლოს განსჯადი ადმინსტრაციული საქმე და შესაბამისად მისი განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

აღნიშნული კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, «დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუშვებლობა» სასამართლო არაუფლებამოსილი იყო ადმინისტრაციულ დავაზე მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის განხილვისას ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (XXVI თავის) დებულებებით. ქუთაისის საოლქო სასამართლომ კი 2000 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 20 სექტემბრის განჩინების მიღებისას არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებანი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა _ ნორმები, რომლებითაც უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს. ამით სასამრათლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რაც საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული 2000 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძველია.

ზემოთ მითითებულის გამო, რადგან დავა ადმინისტრაციული ხასიათისაა, მისი განხილვა არ უნდა მომხდარიყო სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ. აღნიშნული ადმინისტრაციული დავა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმებულ იქნეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2000 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე პალატის 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინება 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და საქმე არსებითდ განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.