გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-157-კ 16 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,
ბ. მეტრეველი
მოწინააღმდეგე მხარის _ მ. ა-ის წარმომადგენლის თ. ც-ის მონაწილეობით, განიხილა კასატორ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა. რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე. საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2000 წლის 11 აპრილს მოსარჩელე მ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ა. ს-სა და გ. ხ-ს შორის, ასევე, გ. ხ-სა და ნ. ხ-ს შორის დადებული ავტომანქანა მერსედეს-1320, სახელმწიფო ნომერი .....-ის გასხვისების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოპასუხეებად საქმეში ჩაბმული იქნენ გ. ხ-ი, ა. ს-ი და ნ. ხ-ი.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე ამყარებდა:
1. 1998 წელს მის მიერ გერმანიიდან ჩამოყვანილი იქნა ავტომანქანა მერსედეს-1320 სახელმწიფო ნომერი-...... , რომელიც საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე აჭარის ა.რ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველოს ტრანსპორტის რეგისტრაციის ქვეგანყოფილების მიერ 1998 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა მასზე, მ. ა-ეზე.
2. აჭარის ა.რ შს სამინისტროს თანამშრომლების გ. ხ-ისა და ა. ბ-ის უკანონო მოქმედებისა და ზეწოლის შედეგად მის მიერ სადავო ავტომანქანა გენერალური მინდობილობით გადაეცა ჯერ მ. ნ-ეს, ხოლო შემდეგ თურქეთის მოქალაქე ა. ს-ს, რომელმაც 1999 წლის 2 მარტს იგი ფორმალურად გ. ხ-ს გადაუფორმა.
3. 1999 წლის შემოდგომაზე გ. ხ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მ. ნ-ისაგან ავტომანქანის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა. ავტომანქანა გაჩერებული იქნა ფასიან სადგომზე და რადგან ყადაღის დადება დროულად არ განხორციელდა, 2000 წლის 29 თებერვალს გ. ხ-ის მიერ მ. ნ-ის ზემოქმედებით სადავო ავტომანქანა ნ. ხ-ზე გადაფორმდა.
მოსარჩელის განმარტებით, ავტომანქანა მერსედეს _ 1320 სახელმწიფო ნომერი _ ......-ის გასხვისების ხელშეკრულებები უკანონოა, ბათილად უნდა ჩაითვალოს და ავტომანქანა მას უნდა დაუბრუნდეს.
მოპასუხე გ. ხ-მა სასამართლოს ორი შესაგებელი წარუდგინა:
ერთ-ერთი შესაგებლით მან სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ავტომანქანა მერსედეს -A1320, სახელმწიფო ნომერი _ ..... მ. ა-ის საკუთრებას არასოდეს არ წარმოადგენდა, იგი ა. ს-ის ფულითა და დავალებით იქნა ჩამოყვანილი გერმანიიდან და კანონიერად გადაფორმდა მასზე, გ. ხ-ზე. მან კი, როგორც კეთილსინდისიერმა გამყიდველმა მიყიდა იგი კეთილსინდისიერ მყიდველს, ნ. ხ-ს. მეორე შესაგებლით მოპასუხე გ. ხ-მა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ სადავო ავტომანქანა არასოდეს არ ყოფილა მი-სი საკუთრება, იგი ა. ს-მა იმიტომ გადააფორმა მასზე, რომ მ. ნ-ეს არ გაესხვისებინა იგი. გ. ხ-მა, ასევე, მიუთითა, რომ ავტომანქანა ნ. ხ-ზე მ. ნ-ის დაჟინებული თხოვნით არ გაასხვისა და მასზე არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. საბოლოოდ გ. ხ-მა ყველა სასამართლო ინსტანციაში სარჩელი ცნო და მეორე შესაგებელს დაეთანხმა.
მოპასუხე ა. ს-ის წარმომადგენელმა ვ. გ-ემ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ მართალია სადავო ავტომანქანა მერსედეს -A1320, სა-ხელმწიფო ნომერი-..... მისი მარწმუნებლის კუთვნილი ფულით იქნა ჩამოყვანილი გერმანიიდან მოსარჩელე მ. ა-ის მიერ, მაგრამ დღეისათვის ეკუთვნის მოსარჩელეს, ვინაიდან ამ ავტომანქანის ანგარიშში მას გადასახდელი აქვს 22 ათასი მარკა, რომლითაც იგი გზაზე დააჯარიმეს. ა. ს-ის წარმომადგენელმა, ასევე, განმარტა, რომ მისმა მარწმუნებელმა მანქანის დაცვის მიზნით ფორმალურად გადაუფორმა სადავო ავტომანქანა გ. ხ-ს, რომელმაც მისი თანხმობის გარეშე ნ. ხ-ზე გაასხვისა იგი.
მოპასუხე ნ. ხ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ კანონიერად იქნა შეძენილდი 5000 აშშ დოლარად სადავო ავტომანქანა მერსედეს-1320 გ. ხ-ისაგან. მან არ იცოდა, რომ ავტომანქანა სადავო იყო და ეჭვიც არ შეპარვია, რადგან იგი პოლიციის თანამშრომლისაგან შეიძინა და ენდობოდა მას. ამასთან, ავტომანქანაზე ყადაღა დადებული არ იყო და შს სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველოს ტრანსპორტის რეგისტრაციის განყოფილებამ მას ავტომანქანა დაუბრკოლებლად გადაუფორმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოპასუხე ნ. ხ-ის შესაგებელი არ გაიზიარა და 2000 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დააკმაყოფილა, გააუქმა აჭარის შსს საგზაო პოლიციის სამმართველოს ტრანსპორ-ტის რეგისტრაციის ქვეგანყოფილებაში 1999 წლის 2 მარტს ა. ს-ის მი-ერ გ. ხ-ის სახელზე და 2000 წლის 29 თებერვალს გ. ხ-ის მიერ ნ. ხ-ის სახელზე შესრულებული ავტომანქანა მერსედეს-1320 სახელმწი-ფო ნომერი-......-ის გადაფორმებები და სარეგისტრაციო მოწმობები. ამასთან, სადავო ავტომანქანაზე ამავე სასამართლოს 2000 წლის 7 აპრილის განჩინებით დადებული ყადაღის მოქმედება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გააგრძელა.
მოპასუხე ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დავა ადმინისტრაციულ დავად მიიჩნია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად განიხილა, ამასთან თავის განჩინებაში შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მხარედ არ იქნა ჩაბმული აჭარის შსს საგზაო პოლიციის სამმართველოს ტრანსპორტის რეგისტრაციის ქვეგანყოფილება. აღნიშნული აუცილებელი იყო, რამდენადაც მოსარჩელე ამ ქვეგანყოფილების მიერ შესრულებული გადაფორმებების ბათილად ცნობას მოითხოვდა. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ აჭარის ა.რ შსს საგზაო პოლიცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად (მოპასუხის უფლებით) ჩააბა.
2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა და მიიჩნია, რომ ნ. ხ-მა სადავო ავტომაანქანა კანონით დადგენილი წესის დარ-ღვევით შეიძინა, კერძოდ, მიუთითა, რომ ავტომანქანა მ. ა-ისა და ა. ს-ის თანხებით შეისყიდა მ. ა-ემ, ჩამოიყვანა აჭარის ა.რ-ში, სადაც იგი ყოველგვარი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების გარეშე გადადიოდა აჭარის ა.რ შსს საგზაო პოლიციის ტრანსპორტის რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაკეთებული გადაფორ-მებების მეშვეობით სხვა და სხვა პირებზე. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ა. ს-სა და გ. ხ-ს შორის სადავო ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა არ შემდგარა და ქონება გ. ხ-ის საკუთრება არ გამხდარა, ამიტომ გ. ხ-ს არ ჰქონდა სადავო ქონების გაყიდვის უფლება, რის გამოც მის მიერ ავტომანქანის ნ. ხ-ზე გადაფორმება ბათილად უნდა ჩაითვალოს.
3. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად ნ. ხ-ი კეთილსინდისიერ მყიდველად არ მიიჩნია და მიუთითა, რომ ნ. ხ-მა სადავო ავტომანქანის შეძენის ფაქტი ვერ დაადასტურა, რადგან ვერ წარმოადგინა რაიმე დოკუმენტი, რომელიც მის მიერ ავტომანქანის სანაცვლოდ გ. ხ-ზე ღირებულების გადახდის ფაქტს დაამტკიცებდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ ნ. ხ-ის მოსაზრება და მიიჩნია, რომ მან მოძრავი ნივთი _ ავტომანქანა უსასყიდლოდ მიიღო.
ნ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასა-მართლოს და აჭარის ა.რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო სასამართლომ, კასატორის მოსაზრებით, არასწორად განმარ-ტა კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლი და აშკარად უკანონოდ არ მიიჩნია იგი სადავო ავტომანქანის კეთილსიდისიერ შემძენად, მაშინ, როცა 2000 წლის 29 თებერვალს გ. ხ-ისაგან მის მიერ ავტომანქანა კანონის სრული დაცვით იქნა შეძენილი. მან 5000 აშშ დოლარი სადავო ავტომანქანის მაშინდელ მესაკუთრეს გ. ხ-ს გადაუხადა და სანაცვლოდ ავტომანქანა მიიღო, რაც ოფიციალურად აჭარის ა.რ საგზაო პოლიციის ტრანსპორტის სარეგისტრაციო განყოფილებაში გააფორმა. მას არ შეიძლება სცოდნოდა, რომ ავტომანქანა სადავო იყო, რადგან გ. ხ-ი და მისი თანმხლები პირები დაინტერესებული იყვნენ ავტომანქანის გაყიდვით და მას დავის შესახებ არაფერს ეტყოდნენ. მეორეც, ავტომანქანის გამყიდველი გ. ხ-ი პოლიციის თანამშრომელი იყო, სადავო ავტომანქანაზე ყადაღა არ იყო დადებული და ამდენად, მას ეჭვი არ შეიძლება შეეტანა გამყიდველის კეთილსინდისიერებაში.
2. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო აშკარად უკანონო გადაწყვეტილება, როცა მიიჩნია, რომ ნ. ხ-მა უსასყიდლოდ მიიღო სადავო ავტომანქანა გ. ხ-ისაგან, თუმცა ავტომანქანის ჩუქების არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არის და არც ერთი მოწმე ამას არ მიუთითებს. კასატორ ნ. ხ-ის აზრით, აღნიშნული ავტომანქანა ხელოვნურად გახადეს სადავო დაინტერესებულმა ბოროტმოქმედმა პირებმა მისი კუთვნილი ავტომანქანისა და ფულის დაუფლების მიზნით.
3. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა გ. ხ-ის 1999 წლის 3 ივნისის ახსნა-განმარტებას და ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2000 წლის 21 აპრილს მის მიერ წარდგენილ განცხადებას, სადაც გ. ხ-ი მიუთითებს, რომ სადავო ავტომანქანა კანონიერად ეკუთვნოდა მას და მის მიერ კანონის სრული დაცვით იქნა გასხვისებული ნ. ხ-ზე, რომ იგი არის კეთილსინდისიერი გამყიდველი და ნ. ხ-ი კი კეთილსინდისიერი მყიდველი.
4. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ განზრახ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-156-ე, 159-ე, 160-ე, 186-ე და 187-ე მუხლები და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგო-რიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყო-ფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა.რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს აჭარის ა/რ. უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ; საქმეზე გამოტანილი განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე და 187-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ ადმინისტრა-ციული სამართალწარმოების წესით განიხილა დავა, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობდა და აღნიშნული დავის საგანს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება არ წარმოადგენდა.
მოსარჩელე მ. ა-ე სასარჩელო განცხადებით სადავო ავტომანქანა მერსედეს-1320, სახელმწიფო ნომერი-......-ის გასხვისების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას მოითხოვდა, რაც სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი სახელშეკრულებო დავაა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად ამ კოდექსის შესაბამისად უნდა იქნეს განხილული.
3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ავტომანქანა ყოველგვარი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გარეშე, საგზაო პოლიციის ტრანსპორტის რეგისტრაციის ქვეგანყოფილების გადაფორმების საფუძველზე გადავიდა ჯერ გ. ხ-ზე, შემდეგ ნ. ხ-ზე და მათ ავტომანქანაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობიათ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ავტომანქანა მოძრავ ნივთს წარმოადგენს და საქართვე-ლოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად «მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი». ა. ს-ს მ. ა-ისაგან კანონით დადგენილი წესით მინდობილობის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდა სადავო ავტომანქანის გასხვისების უფლება, რაც განახორციელა კიდეც და შემძენს _ გ. ხ-ს მესამე პირის მ. ნ-ისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლება მიანიჭა, რაც მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველია (186-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
4. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ გადასცა გ. ხ-მა უსასყიდლოდ სადავო ავტომანქანა ნ. ხ-ს, როცა საქმეში არა გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ კასატორს ნ. ხ-ს სადავო ავტომანქანაში მის მიერ დასახელებული თანხა 5000 აშშ დოლარი არ გადაუხდია. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ნ. ხ-ს სასამართლოსათვის გ. ხ-ზე თანხის გადაცემის დოკუმენტი უნდა წარედგინა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს იყო არა სესხის ხელშეკრულება, არამედ მოძრავი ნივთის გასხვისების შესახებ გარიშება, რის შემდეგ შემძენს _ ნ. ხ-ს სადავო ავტომანქანა გადაეცა. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ნ. ხ-ისა და მოწმე გ. კ-ის ჩვენებები, ასევე გ. ხ-ის მიერ თავდაპირველად მიცემული ახსნა-განმარტება, რომ ნ. ხ-მა 5000 აშშ დოლარად შეიძინა სადავო ავტომანქანა.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ვერ დაასაბუთა, რომ ნ. ხ-ისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ავტომანქანა მერსედეს - 1320, სახელმწიფო ნომერი - ...... სადავო იყო, მითუმეტეს, რომ ავტომანქანაზე ყადაღა არ იყო დადებული და მან იგი პოლიციის თანამშრომლისაგან იყიდა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ იყო ნ. ხ-ი კეთილსინდისიერი შემძენი და რატომ ვერ აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერი შემძენისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
5. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მიხეილ ა-ე სასარჩელო განცხადებით ა. ს-სა და გ. ხ-ს, ასევე გ. ხ-სა და ნ. ხ-ს შორის გასხვისების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას მოითხოვდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასხვისების სადავო ხელშეკრულებები, მხოლოდ გააუქმა შსს საგზაო პოლიციის ტრანსპორტის რეგისტრაციის ქვეგანყოფილების გადაფორმებები და საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები, რაც თავისთავად მოძრავი ნივთის _ სადავო ავტომანქანის გასხვისების ხელშეკრულებების ბათილობას არ იწვევს, რადგან გარიგება ავტომანქანის გასხვისების შესახებ წინ უსწრებს მის გადაფორმებას. საკასაციო სასამართლოს აზრით, სწორედ აღნიშნული გარიგებების ბათილობა წარმოადგენდა დავის საგანს, რაც არცერთ სასამართლოს არ გადაუწყვეტია და არც ბათილობის შედეგები დაუდგენია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ალი ს-ის წარმომადგენელს ვ. გ-ეს მარწმუნებლისაგან არ ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური რწმუნება სარჩელის ცნობაზე, რაზეც სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა, რითაც აღნიშნული მუხლის მოთხოვნა დაარღვია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს აჭარის ა.რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს განჩინება და საქმე განსჯადობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 399-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.