Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-158-კ 25 დეკემბერი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

განიხილა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და თ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.07.2000წ განჩინებაზე, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 29.11.99 წ. გადაწყვეტილება, უარი ეთქვა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ქ. თბილისის ¹ ...... საავადმყოფოს სტომატოლოგიური პოლიკლინიკის და ..... ქ ¹1-ში მდებარე მექანიკური სამრეცხაოს და სტერილიზაციის საწარმოს 16.12.97 წ. და 09.12.98 წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების და მათ საფუძველზე გაცემული ¹..... და ¹...... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაუქმების თაობაზე. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 06.09.99 წ. სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 06.04.99 წ. ¹1-3/167 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ შესწავლილი იქნა ქ. თბილისის ¹..... საავადმყოფოს ექსპერიმენტალური სტომატოლოგიური პოლიკლინიკისა და ქ. თბილისში, ...... ქ. ¹1-ში მდებარე მექანიკური სამრეცხაოს და სტერილიზაციის საწარმოს პრივატიზების კანონიერება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 24.08.99 წ. ¹07/190 სამინისტროს წერილით დაევალა სასამართლოში აღიარებითი სარჩელის აღძვრა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 16.12.97 წ. და 09.12.98 წ. დადებული ყიდვაგაყიდვის ხელშეკრულებებისა და მათ საფუძველზე გაცემული ¹...... და ¹...... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაუქმების მოთხოვნით.

მოპასუხე _ შპს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტმა «ს-ო» სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სარჩელი ძირითადად ეყრდნობა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით შექმნილი კომისიის 21.05.99 წ. მოხსენებით ბარათს, რომელიც არ შეიცავს ობიექტების პრივატიზებისას დაშვებულ რაიმე არსებით დარღვევებს, რის გამო იგი ვერ გახდება თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაუქმების საფუძველი.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 29.11.99 წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მითითებული დარღვევები ჩათვალა უსაფუძვლოდ, ხოლო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები მიიჩნია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით დადებულად, მაშინ როდესაც ობიექტის ღირებულების აფასებისას საპრივატიზებო კომისიის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 14.09.92 წ. ¹926, მინისტრთა კაბინეტის 23.12.93 წ. ¹933, 16.05.95 წ. ¹263 დადგენილებები და საქართველოს პრეზიდენტის 17.11.97 წ. ¹671 ბრძანებულება, რომლებიც ითვალისწინებენ საწარმოს ძირითად საშუალებათა სრულ ინვენტარიზაციას და შედეგების შედარებას ბალანსის შესაბამისი მუხლების მონაცემებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელატნმა მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და პირვანდელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.07.2000 წ. განჩინებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმების მოთხოვნისა სააპელაციო საჩივარში მითითებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომელიც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებას ...... ქ ¹1-ში მდებარე მექანიკური სამრეცხაოს და სტერილიზაციის საწარმოს პრივატიზების გაუქმებაზე უარის თქმას. ამდენად ზემოაღნიშნულ ნაწილში აპელანტმა ვერც ფაქტობრივი და ვერც იურიდიული თვალსაზრისით ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების უკანონობა, პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. აპელანტის მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კონტროლის პალატის ცნობაში მითითებული დარღვევები. აპელანტის მიერ მოყვანილი ნორმატიული აქტების შესწავლით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არც ერთი მათგანი არ ითვალისწინებს საპრივატიზებო კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების სრული ინვენტარიზაციის ჩატარების მოვალეობას, პალატის აზრით, აღნიშნული მხოლოდ საწარმოს ხელმ-ძღვანელის მოვალეობას შეადგენდა. ვინაიდან საწარმო არ იყო რეგისტრირებული, არ იდგა საგადასახადო ორგანოს აღრიცხვაზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბალანსი არ წარმოებდა, ბალანსის არ არსებობის გამო საწარმოს დირექტორი თ. მ-ი არ ასრულებდა ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. პალატამ ასევე არ გაიზიარა საქმეში მესამე პირად ჩართული თ. მ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კონკურსი ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, დადგენილი წესის დარღვევით გამოქვეყნდა კონკურსის შესახებ ინფორმაცია. პალატის აზრით აღნიშნული ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან ყველა დაინტერესებულ პირს გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან ერთად, შეეძლო საკონკურსო პირობების ადგილზე გაცნობა და დაზუსტება, მით უფრო, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მხოლოდ ერთმა იურიდიულმა პირმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 25.07.2000 წ. განჩინებაზე შეტანილ იქნა საკასაციო საჩივრები თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და მესამე პირის _ თ. მ-ის მიერ. უკანასკნელმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ 20.10.98 წ. ¹1-3/562 ბრძანებით თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ შექმნა საპრივატიზებო კომისია მექანიკური სამრეცხაოს და სტერილიზაციის საწარმოს ასაფასებლად, რომლის დასკვნით ობიექტის ღირებულებამ შეადგინა 10.200 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 28.12.99 წ. ¹01/221 წერილის თანახმად სადავო ობიექტის ღირებულება შეადგენს 62598 ლარს, საქართველოს კონტროლის პა-ლატის ცნობის მიხედვით საპრივატიზაციო კომისიის მიერ დარღვეულია მთავრობის 14.08.92 წ. ¹926, მინისტრთა კაბინეტის 23.12.93 წ. ¹933, 16.05.95 წ. ¹263 დადგენილებები, საქართველოს პრეზიდენტის 17.11.97 წ. ¹671 ბრძანებულება. კასატორის აზრით, სასამართლომ უმართებულოდ უთხრა უარი შუამდგომლობაზე ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. კასატორი ხაზს უსვამს სასამართლოს ტენდენციუ-რობას და უთითებს, რომ პალატის ერთ-ერთმა წევრმა წინასწარ გამოთქვა აზრი აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელსაც დაეთანხმნენ დანარჩენი წევრები. კასატორმა საბოლოოდ მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს აგრეთვე თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი, სამმართველოს საკასაციო საჩივარი უთითებს საპრივატიზებო კომისიის მიერ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების დარღვევაზე, რომელთა თანახმადაც საწარმოში უნდა ჩატარდეს ძირითადი საშუალებების სრული ინვენტარიზაცია და შედეგები შედარდეს ბალანსის შესაბამისი მუხლების მონაცემებს.

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის «ს-ოს» წარმომადგენელმა ა. კ-მა არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.07.2000 წ. განჩინების ძალაში დატოვება.

საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების, აგრეთვე საქმის სასამართლო განხილვის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის ქონების მართვის სამმართველოს და თ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.07.2000 წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელით ითხოვდა ქ. თბილისის ¹...... საავადმყოფოს ექსპერიტმენტალური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის და ..... ქ. ¹1-ში მდებარე მექანიკური სამრეცხაოს და სტერილიზაციის საწარმოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით 16.12.97 წ. და 09.12.98 წ. დადებული ყიდვა-გა-ყიდვის ხელშეკრულებების და მათ საფუძველზე გაცემული ¹...... და ¹.... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაუქმებას. მიუხედავად ამისა, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოყვანილი მოსაზრებები ეხებოდა მხოლოდ ...... ქ. ¹1-ში მდებარე მექანიკური სამრეცხაოს და სტერილიზაციის საწარმოს პრივატიზების გაუქმებას. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს (ისევე როგორც მესამე პირს _ თ. მ-ს) არც სასამართლოს სხდომაზე მოუყვანია ამ მიმართებით რაიმე არგუმენტაცია. ამდენად, კასატორმა სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების უკანონობა ზემოაღნიშნულ ნაწილში, ვერ მიუთითა სსკ 393-ე ან 394-ე მუხლების დარღვევაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილში არ შეესაბამება 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 394-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებულ არცერთ პირობას, რომელიც საოლქო სასამართ-ლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მექანიკური სამრეცხაოს და სტერილიზაციის საწარმოს პრივატიზებას, კასატორების აზრით, ობიექტის ღირებულების აფასებისას საპრივატიზებო კომისიის მიერ დარღვეულია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 14.09.92 წ. ¹926, მინისტრთა კაბინეტის 23.12.93 წ. ¹933, 16.05.95 წ. ¹263 დადგენილებები და საქართველოს პრეზიდენტის 17.11.97 წ. ¹671 ბრძანებულება, რომელთა თანახმადაც საწარმოში უნდა ჩატარდეს ძირითადი საშუალებების სრული ინვენტარიზაცია და შედეგები შედარდეს ბალანსის შესაბამისი მუხლების მონაცემებს. ამასთანავე, აღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, ინვენტარიზაციის ჩატარება შეადგენდა საწარმოთა ხელმძღვანელების მოვალეობას, ძირითად საშუალებათა ინვენტარიზაციისა და გადაფასების მიზნით საწარმოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ევალებოდათ თავისი ან თავისი პირველი მოადგილეების თავმჯდომარეობით კომისიების შექმნა, კომისიის თავმჯდომარეებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა ძირითადი ფონდების ინვენტარიზაციისა და გადაფასების ხარისხზე და დროულობაზე, მათი ფაქტიური ცვეთის შესაბამისობაში მოყვანაზე ბუღალტრული ანგარიშებში რიცხული თანხების სიდიდესთან. დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ძირითადი ფონდების ინვენტარიზაციის და ინდექსირების ხარისხიანად ჩატარებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით ანალოგიური კომისიები უნდა შექმნილიყო სამინისტროებში, უწყებებში და მმართველობის სხვა ორგანოებში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საწარმოს ძირითადი ფონდებისა და კაპდაბანდებათა ინვენტარიზაციის ჩატარება წარმოადგენდა უშუალოდ საწარმოს ხელმძღვანელობის და არა საპრივატიზებო კომისიის ვალდებულებას. ამასთანავე გადაფასების საწყის მონაცემებს წარმოადგენს ძირითადი ფონდებისა და კაპიტალურ დაბანდებათა სრული საბალანსო ღირებულება. ქ. თბილისში, ....... ქ. ¹1-ში მდებარე მექანიკური სამრეცხაოსა და სტე-რილიზაციის საწარმოს პრივატიზებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ისნის რაიონის სასამართლოს მიერ რეგისტრირებული შპს «ჯ-ა» არ წარმოადგენს მექანიკური სამრეცხაოს და სტერილიზაციის საწარმოს სამართალმემკვიდრეს, შესაბამისად ამ ფირმის ბალანსს სადავო ობიექტთან არანაირი შეხება არა აქვს, ობიექტის პრივატიზების დროისათვის მექანიკური სამრეცხაოს და სტერილიზაციის საწარმო არ ყოფილა ჩამოყალიბებული «მეწარმეთა შესახებ» კანონით განსაზღვრული რაიმე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, საწარმო არ იმყოფებოდა საგადასახადო აღრიცხვაზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საწარმოს არ უწარმოებია საბუღალტრო აღრიცხვა, პრივატიზების დროს საწარმოს ბალანსი არ წარმოებდა. შენობის საწყისი საბალანსო ღირებულების მონაცემების არარსებობა აღიარებულია აგრეთვე თბილისის კონტროლის პალატის 15.04.99 წ. ცნობაში. აღნიშნულ პირობებში კომისიამ ობიექტის ღირებულების დადგენისათვის იხელმძღვანელა ობიექტის ძირითად საშუალებათა ჩამონათვალით, ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 17.09.98 წ. შედგენილი ტექნიკური პასპორტით და ყოფილი საკავშირო სახმშენის მიერ 1969-1970 წლებში დამტკიცებული «საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სახლების, საყოფაცხოვრებო-კომუნალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების ძირითად საშუალებათა გადაანგარიშებისათვის აღდგენითი ღირებულების გამსხვილებულ მაჩვენებელთა 28 კრებულით». აღნიშნული კრებულის ¹124 ცხრილი ითვალისწინებს სამრეცხაოს შენობის აფასების მაჩვენებლებს, მექანიკური სამრეცხაოს და სტერილიზაციის საწარმოს შენობის აღდგენითი ღირებულება დადგენილ იქნა 1984 წლის ინფლაციის კოეფიციენტის (1.236) გათვალისწინებით. საწარმოზე რიცხული ძირითადი საშუალებების და არასაცხოვრებელი ფართობის საწყისმა ფასმა შეადგინა 10200 აშშ დოლარი, კონკურსზე ობიექტის შესყიდვის საბოლოო თანხამ შეადგინა 10300 აშშ დოლარი. კრებულის გამოყენება ობიექტის აღდგენითი ღირებულების დადგენის საყოველთაოდ მიღებული საშუალებათაგანია, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი ფონდების რეალური აღდგენითი ღირებულების დადგენას. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროე-ბის მიერ 10.05.95 წ. დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრების შენობა-ნაგებობებში არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებისას ქონების ღირებულების აფასების მეთოდიკის» თანახმად, თუ არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელია შენობის საბალანსო ღირებულების დადგენა, შეფასებისათვის სახელმძღვანელოდ გამოყენებულ უნდა იქნეს აღნიშნული კრებული. კასატორებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ კომისიის მიერ კრებულის გამოყენების მართლზომიერებაზე. შეფასების აღნიშნული მეთოდის გამოყენებას არც კონტროლის პალატის ცნობა უარყოფს, ცნობის შემდგენელმა, სააპელაციო სასამართლო ინსტანციაში მოწმის სახით დაკითხულმა ნ. როსტობაიამ დაადასტურა შეფასებისას კრებულის გამოყენების მართლზომიერება. ამდენად, საპრივატიზებო ობიექტის შენობის ღირებულება, რომელიც შეადგენს საპრივატიზებო მასის ღირებულების ძირითად ნაწილს, შეფასებულია მართლზომიერად, მიღებული მეთოდიკის დაცვით. რაც შეეხება ობიექტის ძირითადი ფონდის აქტიურ ნაწილს, მისი გადაფასება, საპრივატიზებო საქმის თანახმად, მოხდა საქართველოს პრეზიდენტის 03.06.97 წ. ¹295 ბრძანებულების მიხედვით. საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრისას აღნიშნულ ბრძანებულების გამოყენებას ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის 17.11.97 წ. ¹671 ბრძანებულებით დამტკიცებული «საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესი». პალატა მართებულად თვლის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ «საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 17.11.97 წ. ¹671 ბრძანებულებით არ არის გათვალისწინებული ძირითადი ფონდების ინვენტარიზაცია და კაპდაბანდებათა ინდექსირება, კასატორებმა ვერ ახსნეს თუ რაში გამოიხატება აღნიშნული ბრძანების დარღვევა. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმას, რომ კასატორმა თ. მ-მა ობიექტის კონკურსზე გატანის არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში არ შეიტანა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ბეს თანხა, რის გამო არ მიუღია მონაწილეობა კონკურსში. ამასთანავე, საპრივატიზებო საქმეში (ს. ფ. 3) დაცულია საწარმოს დირექტორის _ თ. მ-ის მიერ შედგენილი საწარმოს ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის თანახმად ქონების ღირებყულება შეადგენს 3018 ლარს.

არ დასტურდება აგრეთვე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 28.12.99 წ. ¹01/221 წერილში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ პრივატიზებული ობიექტის საბალანსო ღირებულება შეადგენს 62588 ლარს. კასატორებმა და საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვერ დაადასტურეს აღნიშნული ღირებულების წარმომავლობა, პალატა არ იზიარებს კასატორის _ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 06.04.99 წ. ¹1-4/167 ბრძანებით საწარმოს ოთხი შენობა-ნაგებობა შეფასდა 62.592 ლარად, ვინაიდან სამმართველოს მიერ 29.01.99 წ. გაცემული ¹..... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ¹..... მიღება-ჩაბარების აქტის და 29.01.99 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრუ-ლების თანახმად, შპს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ «ს-ოს» პრივატიზების შედეგად საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ....... ქ. ¹1-ში მდებარე მექანიკური სამრეცხაო და სტერილიზაციის საწარმოს ძირი-თადი საშუალებების აქტიური ნაწილი და ცალკე მდგომი ერთი შენობა 293,37 კვ. მ. საერთო ფართით. რაც შეეხება სამინისტროს 06.04.99 წ. ¹1-4/167 ბრძანებას, აღნიშნული ბრძანებით შექმნილი კომისიის მოხსენებით ბარათში მითითებული თანხა არ განსაზღვრულა. კომისიის დასკვნის თანახმად, ობიექტის შეფასებაში გადახრები არ ვლინდება, ობიექტის მიმართ გამოყენებულია შეფასების მოქმედი მეთოდიკა. კომისიის მოხსენებითი ბარათის, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 29.11.99 წ. გადაწყვეტილების და საოლქო სასამართლოს 27.07.2000 წ. განჩინების მიხედვით სასტერილიზაციო საამქრო, აბანოს დაუმთავრებელი შენობა, ახალი საქვაბის შენობა_ნაგებობა და ავტოტექმომსახურების ბოქსების შენობა არ განეკუთვნება საპრივატიზებო მასას, კომისიის დასკვნით ვერ დადასტურდა ამ ობიექტის საწარმოს ბალანსზე არსებობა, შესაბამისად ისინი არც საპრივატიზებო ნუსხაში ასახულან და ვერც საპრივატიზებო ობიექტის ფასზე მოახდენდნენ გავლენას, ამ ობიექტებზე კონკურსის შედეგად არ გაცემულა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ისინი არ წარმოადგენენ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და შპს თსი «ს-ოს» შორის 09.12.98 წ. დადებული სახელშეკრულებო ვალდებულების და თანხის სრულად დაფარვის შემდეგ 29.01.99 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს, მათი ღირებულების ჩართვა საპრივატიზებო ობიექტის ღირებულებაში ხელოვნურად ზრდის მას. საპრივატიზებო კომისიამ მართებულად დაადგინა იმ შენობის ღირებულება, რომელზედაც ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის და ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 17.09.98 წ. შედგენილი იქნა ტექნიკური პასპორტი.

მესამე პირი საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს საოლქო სასამართლოს ტენდენციურობას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის წევრმა მოსამართლე მ. გ-მა წინასწარ გამოთქვა უარყოფითი აზრი მესამე პირის მიერ დასმულ შუამდგომლობაზე, რომელსაც დაეთანხმნენ კოლეგიის დანარჩენი წევრები. აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომის ოქმით, რომლის მიხედვითაც მოსამართლე დასმულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ცდილობდა მხარეების პოზიციების და არგუმენტაციის გარკვევას, რაც ვერ იქნება მიჩნეული აზრის წინასწარ გამოთქმად. პალატა არ იზიარებს რა კასატორის მოსაზრებას სასამართლოს ტენდენციურობის შესახებ, შესაბამისად, მართებულად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მიერ ამ მოტივით დაყენებული სასამართლო შემადგენლობის აცილების განცხადებაზე უარის თქმას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკურსის შესახებ გაზეთ «......-ში» 24.10.98 წ. გამოქვეყნებული ინფორმაცია იძლეოდა ობიექტის, არასაცხოვრებელი ფართის ოდენობის და საკონკურსო პირობების შესახებ ამომწურავ ძირითად ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულ ცნობაში არ არის მითითებული მონაცემები საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობის შესახებ, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ პირებს, ინფორმაციის თანახმად, სრული შესაძლებლობა ჰქონდათ დაწვრილებითი მონაცემების მოსაპოვებლად მიემართათ კონკურსის გამომცხადებლისათვის. საინფორმაციო ცნობის აღნიშნულ ხარვეზს არ შეეძლო გავლენა მოეხდინა კონკურსის შედეგზე, შესაბამისად იგი ვერ გახდება მისი გაუქმების საფუძველი.

საპრივატიზებო საქმეში დაცულია შპს თსი «ს-ოს» წარმომადგენ-ლის ი. გ-ის განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რომლითაც განმცხადებელმა იკისრა კონკურსით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულება და ობიექტის საწყისი ფასის 10.200 აშშ დოლარის ნაცვლად 10.300 აშშ დო-ლარის გადახდა. განაცხადი წარდგენილ იქნა დახურული ბარათით. ამდენად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება მესამე პირის თ. მ-ის საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას კონკურსის ჩატარებისას საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.09.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მესამე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევის თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების საფუძველი გახლდათ საპრივატიზებო კომისიის მიერ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 14.09.92 წ. ¹926, მინისტრთა კაბინეტის 23.12.93 წ. ¹933, 16.05.95 წ. ¹263 დადგენილებების და საქართველოს პრეზიდენტის 17.11.97 წ. ¹671 ბრძანებულების მოთხოვნათა დარღვევა. ამასთანავე, ობიექტის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის მართლზომიერების საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს, აღნიშნულზე არ უმსჯელია არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს, საქმის მასალებში არ მოიპოვება მუნიციპალური კაბინეტის დადგენილება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია. სსკ 404-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამდენად, პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას ობიექტის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანასთან დაკავშირებით, ამ საფუძვლით კასატორს კანონით დადგენილი წესით აქვს სასამართლოში ახალი სარჩელის შეტანის უფლება.

პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოები, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 პუნქტის «ს» ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.4 მუხლის თანახმად, განხილულ იქნა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მიუხედავად, რის გამო მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორების _ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.07.2000 წ. განჩინება.

2. კასატორს თ. მ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 20 ლარის ოდენობით.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.