Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-163 29 მარტი 2001 წ., ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯომარე ბადრი მეტრეველი

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე,

ნანა კლარჯეიშვილი

დავის საგანი _ ქ. ბათუმში ...... ქ. ¹49-ში მდებარე საცხოვრებელი ფართიდან რეალური წილის გამოყოფა; 12.12.57 წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში შესწორების შეტანა; ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 03.10.90 წ., ¹856 გადაწყვეტილების ¹1 დანართის მე-17 პუნქტიდან ი. ლ-ის ამორიცხვა; ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო-სარემონტო საწარმოო გაერთიანებისა და ი. ლ-ეს შორის 13.11.90 წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ¹5, 6, 7 ოთახებზე მ. ა-ას საკუთრების აღიარება; ქ. ბათუმის ¹3 სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მ.მახარაძის მიერ 13.11.90 წ, შესრულებული ¹12763 სანოტარო მოქმედების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ბათუმში, ....... ქ ¹49 (ყოფილი ...... ქ. ¹59) მთლიანი სახლმფლობელობა ეკუთვნოდა ს. ს-ანს, რომელსაც სახლმფლობელობა მუნიციპალიზაციის წესით რამოდენიმეჯერ ჩამოართვეს, ხოლო შემდეგ დაუბრუნეს. 1940 წლის მაისში ნაგებობა აყვანილ იქნა აღრიცხვაზე, ნაგებობის 4/5 ნაწილი დარჩა ბათუმის აღმასკომს, ხოლო 1/5 ს. ს-ანს, რომლის გარდაცვალების შემდეგ ფართი ანდერძის თანახმად გადავიდა მისი მემკვიდრეების – მ. ჩ-ის და ს. პ-ის საკუთრებაში. საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სადავო სახლის ორივე სართულის საერთო ფართი შეადგენს 640 კვ. მ, მათ შორის 14 საცხოვრებელი ოთახი 161 კვ. მ, დამხმარე ფართი – 120 კვ. მ შეადგენს. 1957 წ. მ. ჩ-მა და ს. პ-მა სადავო სახლის 1/5 ნაწილი, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს, მიჰყიდეს მ. ა-ას, რაზედაც 12.12.57 წ. გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რის შემდეგადაც აღნიშნული ქონება გადავიდა მ. ა-ას გამგებლობაში. 1961 წ. მ. ა-ამ საცხოვრებელი ფართის 1/15 ნაწილი გაასხვისა მ. ჩ-ზე, 1/60 ნაწილი მიყიდა ბ. გ-ს, 1957 წ 1/30 ნაწილი ა. ზ-ეს. საცხოვრებელი ოთახების გახვისება მოხდა ქალაქის საბჭოს აღმასკომის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ მიცემული საბუთების საფუძველზე და დამოწმდა სანოტარო წესით.

...... ქ. ¹49-ში არსებულ სახლმფლობელობაში მცხოვრებ ი. ლ-ეს და ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო განყოფილებას შორის 13.11.90 წ დადებული ხელშეკრულებით ი. ლ-ემ შეისყიდა საცხოვრებელი სახლის ¹5, 6, 7 ოთახები, სულ 35,98 კვ. მ ფართი, აქედან სასარგებლო ფართი შეადგენს 22,87 კვ. მ, ხოლო დამხმარე ფართი 13.11 კვ. მ. შეიტყო რა აღნიშნულის შესახებ, მ. ა-ამ, ხელშეკრულების გაუქმების მიზნით, თავდაპირველად მოითხოვა მის მიერ შესყიდული იდეალური 1/5 წილის რეალური გამოყოფა, შემდგომში მ. ა-ამ დამატებით მოითხოვა ი. ლ-ესა და ქალაქის საბჭოს აღმასკომს შორის დადებული ხელშეკრულების და სანოტარო მოქმედების გაუქმება, ასევე ქალაქის საბჭოს აღმასკომის 03.10.90 წ. გადაწყვეტილების დანართიდან ი. ლ-ის გვარის ამორიცხვა. სასარჩელო მოთხოვნებს საფუძვლად ედო ის, რომ ი. ლ-ის მიერ შესყიდული ¹5, 6, 7 ოთახები წარმოადგენდა მის და არა ქალაქის საბჭოს აღმასკომის კომუნალური ფართის საკუთრებას, სადავო ოთახები განეკუთვნებიან მის მიერ 1957 წელს ს. პ-ისა და მ. ჩ-ანისაგან შესყიდული საერთო ფართის წილს.

განსახილველი საქმე სხვადასხვა დროს რამოდენიმეჯერმე იქნა განხილული სასამართლოების მიერ. უკანასკნელად, აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.08.2000 წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ა-ას სააპელაციო საჩივარი, შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.06.2000 წ. გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო სასამართლოს 17.08.2000 წ. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შემდეგი: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ ს. ს-ანს ქ. ბათუმის საბჭოს პრეზიდიუმის 14.08.37 წ. დადგენილებით დაუბრუნდა ადრე ჩამორთმეული არა ორი ოთახი, არამედ საერთო სახლმფლობელობის 1/5. ვინაიდან მ. ა-ა რეალურად ფლობდა, სარგებლოდა და განკარგავდა შეძენილ საცხოვრებელ შენობას, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს პრეტენზიის 33 წლის მანძილზე განუცხადებლობის გამო, გაცდენილი აქვს ხანდაზმულობის ვადა. მ. ა-ამ სხვადასხვა დროს, ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, გაასხვისა საცხოვრებელი ოთახები. 1977 წ. ტექპასპორტის მიხედვით სადავო ოთახები მ. ა-ას საკუთრებას შეადგენს. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ფართი, 1990წ საბინაო საექსპლოატაციო კანტორის ყოფილი უფროსის არასწორი ინფორმაციის შედეგად ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში, რომელიც შემდგომ მიეყიდა მასში მდგმურის უფლებით მცხოვრებ ი. ლ-ეს. საცხოვრებელი ფართის ოდენობა, რომელსაც ფლობს მ. ა-ა არის ერთ მეხუთედ ნაწილზე მეტი იმის გამო, რომ საანდერძო მოწმობაში გადასწორებულია მონაცემები. შეცდომა დაშვებულია აგრთვე ი. ლ-ის მიერ დადებულ ხელშეკრულებაში სადავო ფართის შესყიდვის თაობაზე, რომელშიც შეცდომითაა მითითებული, რომ ი. ლ-ემ იყიდა მთელი საცხოვრებელი სახლის 1/5 ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ არამართლზომიერად მიიჩნია საქალაქო საბჭოს აღმასკომის 03.10.90 წ. ¹856 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ¹1 დანართში ი. ლ-ის გათვალისწინება. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული საკითხი არ განუხილავს, სასამართლომ სსკ 377-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ ამ მოთხოვნის განხილვა სააპელაციო პალატის მიერ არ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან განსჯადობის საკითხი სასამართლო სხდომაზე არ დასმულა.

აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.08.2000 წ. გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიის მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით. კასატორი უთითებს, რომ 1922წ აჭარისტანის სახალხო კომისარიატის ¹2 დეკრეტით ს. ს-ანს ჩამოერთვა სახლმფლობელობა, რის შემდეგაც მას დარჩა სახლის მეორე სართულზე განლაგებული ¹2 და ¹3 ოთახები და ¹1 სამზარეულო. 1922 წლიდან 1937 წლამდე პერიოდში მას სახლმფობელობა არ დაბრუნებია. 16.02.37 წ. ქალაქ ბათუმის საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით ს. ს-ანს ჩამოერთვა და კომუნალურ ფონდში ჩაირიცხა დანარჩენი სახლმფლობელობაც, რომელიც მასვე დაუბრუნდა 14.08.37 წ. დადგენილებით. სავაჭრო, სამრეწველო დაწესებულებების სადგომები, დარბაზები, სარდაფები და 1922 წელს ჩამორთმეული ¹5, 7, 8, 10, 12 ოთახები დამხმარე ფართით დარჩა კომუნალურ ფონდში. შენობა აღრიცხვაზე იქნა აყვანილი 20.05.40 წ. შენობის 1/5 აღირიცხა ს. ს-ანის საკუთრებად, ხოლო 4/5 აღმასკომის სახელზე. კასატორის აზრით, ს. ს-ანს დაუბრუნდა არა მთლიანი ფართის, არამედ მხოლოდ საცხოვრებელი ფართის (171 კვ. მ) მეხუთედი (34.2 კვ. მ). ამდენად ქ. ბათუმის მერიამ მოქ. ი. ლ-ეს მიჰყიდა კომუნალური ფართი. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო-ტექნიკური ექსპერტიზით 13.03.57 წ. სამემკვიდრეო მოწმობის სიყალბე ვერ იქნა დადგენილი. ს. ს-ანისათვის სახლმფლობელობის მთელი საცხოვრებელი ნაწილის დაბრუნების შემთხვევაშიც მ. ა-ას მიერ 1961 წ., 1967 წ. და 1975 წ. გაყიდული ფართის ოდენობის გათვალისწინებით, იგი უნდა ფლობდეს 95 კვ. მ. ფართს, ფაქტობრივად კი უფრო მეტს ფლობს. მთელი სახლმფლობელობის 1/5 ნაწილი შეადგენს 128 კვ. მ., ამ ფართიდან გასხვისებული ოთახების ჯამის – 74 კვ. მ. გამოკლებით, მ. ა-ას სახლმფლობელობის დარჩენილი წილი ესადაგება ტექინვენტარიზაციის ბიუროს ამჟამინდელ მონაცემებს, რომლის მიხედვით მ. ა-ას ერიცხება 1/12 ნაწილი. მერიას მართებულად მიაჩნია საქალაქო სასამართლოს 12.06.2000 წ. გადაწყვეტილებით საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მ. ა-ასათვის ოთახების მინიშნებით 53.5 კვ. მ. საცხოვრებელი ფართის მიკუთვნება. სსკ 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რის გამო კასატორი ითხოვს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 17.08.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.06.2000 წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

მოწინააღმდეგე მხარე მ. ა-ას რწმუნებული ნ. მ-ი საკასაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და აღნიშნავს, რომ საქალაქო საბჭოს ¹113/60, 14.08.37 წ. დადგენილებით ს. ს-ანს დაუბრუნდა მთელი საცხოვრებელი შენობა, გარდა სავაჭრო და სხვა ნაგებობისა, საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, რომ ს. ს-ანს დაუბრუნდა ის ნაწილი, რომელიც ჩამოერთვა 16.02.37 წ. დადგენილებით. 1940 წ. ჩატარდა პირველი ინვენტარიზაცია, აღრიცხვაზე აყვანილ იქნა მთლიანი სახლმფლობელობა, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ შენობას, სავაჭრო და სადაწესებულებო ნაგებობებს. 1937 წ. აგვისტოში ს. ს-ანს დაუბრუნდა საცხოვრებელი ფართი, სავაჭრო და სადაწესებულებო ნაგებობები დარჩა ქალაქის საბჭოს საკუთრებაში. ამის შემდეგ ქალაქის საბჭოს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრში ვერ დადასტურდა სამემკვიდრეო მოწმობაში 1/5-ის ნაცვლად 1/3-ის ჩანაწერის არსებობა, მაგრამ გადასწორების ფაქტი არ იქნა უარყოფილი. წილობრივი მაჩვენებლები გადასწორებულია აგრეთვე ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემულ ცნობაშიც.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლისა და ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.08.2000 წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო პალატის 17.08.2000 წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად გამომდინარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.06.2000 წ. გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ აბზაცში აღნიშნულია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.06.2000 წ. გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარეზოლუციო ნაწილის ბოლოსწინა აბზაცში სასამართლო უთითებს, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.06.2000 წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს ძალაში. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი წინააღმდეგობრივია, გადაწყვეტილების პირველი და ბოლოსწინა აბზაცი შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს.

2. სააპელაციო პალატა 17.08.2000 წ. გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ მ. ა-ა სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.06.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კერძოდ, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 03.10.90 წ. ¹856 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის ¹ 1 დანართში ცვლილებების შეტანას; სადავო ¹5, 6, 7 ოთახების ყიდვა-გაყიდვის შესახებ 13.11.90 წ. სანოტარო ხელშეკრულების (12763) გაუქმებას; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.06.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას. სააპელაციო პალატამ 17.08.2000 წ. გადაწყვეტილებით აპელანტს საკუთრების უფლებით გადასცა ი. ლ-ის სარგებლობაში მყოფი სახლმფლობელობის ლიტ. ა2 ¹5, 6, 7 ოთახები 35,98 კვ. მ. ფართით. აღნიშნულთან დაკავშირებით, შეტანილ იქნა შესწორება საქალაქო საბჭოს აღმასკომის 03.10.90 წ. ¹856 გადაწყვეტილებაში, კერძოდ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ¹1-ლი დანართიდან ამოღებულ იქნა სიით ¹17 ჩანაწერი ი. ლ-ეზე კომუნალური ფართის მიყიდვის შესახებ. გაუქმდა აგრეთვე ქ. ბათუმის ¹3 სახელმწიფო სანოტარო კანტორის 13.11.90 წ. ¹12763 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება აღმასკომის საბინაო განყოფილებასა და მოქ. ი. ლ-ეს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ი. ლ-ეს საქმის შედეგისადმი ჰქონდა უშუალო მატერიალური და პროცესუალური ინტერესი, მით უფრო, რომ დავის საგანი ადამიანის ერთ-ერთი საჭირბოროტო – საბინაო მოთხოვნილების დაკმაყოფილების ინტერესს ეხებოდა. გამოდიოდა რა თავისი სახელით და თავისი ინტერესების დასაცავად ი. ლ-ეს მხარის ყველა უფლებით უნდა ესარგებლა. მიუხედავად აღნიშნულისა ი. ლ-ეს მიენიჭა «დაინტერესებული პირის» გაურკვეველი პროცესუალური სტატუსი, რითაც შეეზღუდა პროცესუალური უფლებები, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

3. პროცესუალური კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხილულ იქნა აგრეთვე ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 03.10.90 წ. ¹856 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის ¹1 დანართიდან ი. ლ-ის გვარის ამორიცხვის მოთხოვნა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია, სააპელაციო პალატამ ამ საკითხის განხილვა დასაშვებად მიიჩნია, ვინაიდან «მოპასუხეებს განსჯადობის საკითხი სასამართლოს სხდომაზე არ დაუყენებიათ». ამასთანავე, გადაწყვეტილების მიხედვით, ერთადერთ მოპასუხედ საქმეში გამოდიოდა ქ. ბათუმის მერია, ვინაიდან მოპასუხედ საქმეში ჩართული არ ყოფილა ი. ლ-ე, ამდენად მას არ შეეძლო აღნიშნულის ირგვლივ პრეტენზიის წამოყენება. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ტექსტის თანახმად, აღნიშნული მოთხოვნა აპელანტმა სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე დააყენა. ამასთანავე, სასამართლო სხდომის ოქმში არ არის ნახსენები დავის საგნის გაზრდის თაობაზე მოპასუხის თანხმობაზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის საგნის გაზრდის მიზანშეწონილად ცნობის მოტივებზე, აღნიშნულიდან გამომდინარე არ იქნა დაცული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოთხოვნები. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 03.10.90 წ. ¹856 გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნის განხილვისას სასამართლოს არ უმსჯელია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე, მისი დინების ათვლის დაწყების მომენტზე.

4. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ვინაიდან სადაო ურთიერთობები კოდექსის ძალაში შესვლამდეა წარმოშობილი, უმართებულოა სააპელაციო პალატის 17.08.2000 წ. გადაწყვეტილებაში სადავო ოთახების მ. ა-ას საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნის დასაბუთება სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე მითითებით.

5. მიუხედავად მოპასუხის მოთხოვნისა, სასამართლომ არ იქონია მსჯელობა და არ შეაფასა აჭარის ტანის ს.ს. ა.რ. სახალახო კომისარიატის 1922 წლის თებერვლის ¹2 დეკრეტით ს. ს-ანის კუთვნილი ოთახების კომუნალურ ფონდში ჩარიცხვის ფაქტი. ამასთანავე, საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე 12.12.57 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მ. ა-ამ შეიძინა ...... ქ. ¹59-ში მდებარე სახლმფლობელობის 1/5. 1977 წ. სახლმფლობელობის ტექნიკური პასპორტის მონაცემებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს აგრეთვე, რომ მ. ა-ას საკუთრებაში რჩებოდა მთლიანი სახლმფლობელობის 1/5 ნაწილი, მაშინ როდესაც მ. ა-ას მიერ 61-75წ.წ. გასხვისებული იქნა 4 ოთახი, კერძოდ 1961 წ. გასხვისდა სახლმფლობელობის 1/15 ნაწილი, 1967 წ. 1/60, 1975 წ. 1/30 ნაწილი. სასამართლო ამყარებს რა თავის პოზიციას 1977 წ. სახლმფლობელობის ტექნიკური პასპორტის მონაცემებზე იმის თაობაზე, რომ მ. ა-ას საკუთრებაში იმყოფებოდა მთლიანი სახლმფლობელობის 1/5 ნაწილი, არ ეხება იმ გარემოებას, თუ რატომ ირიცხება ტექინვენტარიზაციის ბიუროს ბოლო მონაცემებით მ. ა-ას სახელზე სახლმფლობელობის 1/12 ნაწილი.

12.12.57 წ. ხელშეკრულებით მ. ა-ას მიერ ს. ს-ანის მემკვიდრეებისაგან შეძენილი სახლმფლობელობის 1/5 ნაწილი შეადგენს 128 კვ. მ., რაც 14 ოთახის საერთო ფართობზე (161 კვ. მ.) ნაკლებია. უმართებულოა სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მ.ა-ა უფლებმოსილია ფლობდეს საცხოვრებელი ფართის ერთ მეხუთედ ნაწილზე მეტს, რადგანაც საანდერძო მოწმობის გადასწორებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 1/3 ან 1/4¼ გადასწორებულია 1/5-ზე. სასამართლოს ეს მოსაზრება უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება ჩატარებული განმეორებითი სასამართლო-ტექნიკური ექსპერტიზის მონაცემებს, რომლის თანახმად გამოსაკვლევად წარდგენილ დოკუმენტში ნარჩენი შტრიხების ნაწილები თავისი მოხაზულობით არ ქმნიან გარკვეულ ასოთა ან ციფრის კონფიგურაციას. ამასთანავე, 128 კვ. მ. ფართიდან იმ ფართის ჯამის გამოკლების შემთხვევაში, რომელიც ადრეულ პერიოდში გასხვისებულ იქნა მ. ა-ას მიერ (74.5 კვ. მ.), დარჩენილი ფართის ოდენობა – 53.5 კვ. მ. უდრის ტექინვენტარიზაციის ბიუროში ამჟამად მ. ა-ას სახელზე რიცხული იდეალური ფართის მაჩვენებელს – სახლმფლობელობის 1/12 ნაწილს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ 17.08.2000 წ. გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, იგი არ ემყარება პროცესუალური და მატერიალური კანონმდებლობის მოთხოვნებს და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.08.2000 წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.