გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ\ად-164-კ 18 დეკემბერი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
განიხილა შპს «ს-ის» ფილიალის _ «თ-ის» დირექტორის ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2000 წლის 5 იანვარს შპს «ს-ის» ფილიალმა _ «თ-მა» სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა:
1995 წლის 6 დეკემბერს შპს «ს-ის» ფილიალ «თ-სა» და ქ. თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მეფე «დავით აღმაშენებლის» ძეგლის დადგმის შესახებ, რომლის საორიენტაციო თანხა 1 მილიონი აშშ დო-ლარით განისაზღვრა. 1996 წლის 1 სექტემბერს, გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მხარეებს შორის დაიდო ხელახალი ხელშეკრულება, რომლითაც დადგინდა ძეგლის ჩაბარების ვადა _ 1997 წლის 20 მაისი და სამუშაოების ს-ორიენტაციო ღირებულება საბოლოოდ 1989 838 აშშ დოლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულება 4 ეტაპად იყო გათვალისწინებული. ყოველი ეტაპის შესრულება კი დამკვეთის მიერ მიღება-ჩატარების აქტის ხელმოწერის საფუძველზე ჩაითვლებოდა. I, II და III ეტაპები ხელშეკრულების შესაბამისად იქნა შესრულებული, ხოლო რაც შეეხება IV ეტაპს, მიუხედავად იმისა, რომ IV ეტაპის სამუშაოები შესრულდა და მეფე «დავით აღმაშენებლის» ძეგლი 1997 წლის 20 მაისს დამონტაჟებული იქნა რესპუბლიკის მოედანზე, დამკვეთმა _ ქ. თბილისის მერიამ უარი განაცხადა ძეგლის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერაზე და 1997 წლის 9 ივნისის ¹54 განკარგულებით ცალმხრივად უარი თქვა დარჩენილი თანხის ანაზღაურებაზე.
შპს «ს-ის» ფილიალმა სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ქალაქ თბილისის მერიისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 932 846 აშშ დოლარის გადახდევინება მოითხოვა. რაიონული სასამართლოს 1998 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიას აღნიშნული თანხის გადახდა დაეკისრა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 17 სექტემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. საბოლოოდ ქალაქ თბილისის მერიას საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 2000 წლის II კვარტლის ბოლომდე განუწილვადდა.
ამ პერიოდში, თბილისის საგადასახადო ინსპექციამ 1999 წლის 4 ნოემბრის ¹01-04/475 ბრძანებით შეამოწმა შპს «ს-ის» ფილიალის _ «თ-ის» მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების სისწორე და 1999 წლის 18 ნოემბრის აქტის საფუძველზე კომბინატს 475516,4 ლარის გადახდა დააკისრა, აქედან დღგ – 472008,3 ლარი, მათ შორის ძირითადი _ 157525,7 ლარი, ჯარიმა _ 78756,4 ლარი და საურავი _ 235726,2 ლარი. საგზაო ფონდის გადასახადი _ 23508,1 ლარი, მ.შ. ძირითადი _ 7875 ლარი, ჯარიმა _ 3135,6 ლარი, საურავი _ 12497,5 ლარი.
შპს «ს-ის» ფილიალმა _ «თ-მა» ქ. თბილისის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მიერ უკანონოდ დარიცხული ფინანსური სანქციების _ 330 116 ლარის ბათილობა და მათ ანგარიშზე დადებული საინკასო დავალების მოხსნა მოითხოვა. ამასთან განმარტა, რომ IV ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებამდე, უფრო სწორად სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე «თ-ი» ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას ვერ განახორციელებდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანისთანავე, კომბინატმა IV ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებისათვის ასანაზღაურებელი ძირითადი თანხა საბუღალტრო ანგარიშებში ასახა და კანონით დადგენილი წესით გადაიხადა.
ქ. თბილისის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადახდევინების იძულებითი მეთოდებისა და საინკასო დავალების საფუძველზე ამოიღოს დადგენილ ვადაში გადაუხდელი, ფინანსური სანქციის სახით დაკისრებული ჯარიმა და საურავი, ვინაიდან შპს «ს-ის» ფილიალის მიერ 10 დღის განმავლობაში არ მოხდა დარიცხული ფინანსური სანქციების გადახდა, საგადასახადო ინსპექციამ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაადო საინკასო დავალება «თ-ის» ანგარიშსწორების ანგარიშს და მოსარჩელის მიერ მისი გაუქმების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ქ. თბილისის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ არ გაიზიარა შპს «ს-ის» ფილიალის «თ-ის» მოსაზრება, რომ მას არ შეეძლო შესრულებულ სამუშაოებში ეჩვენებინა საავტორო დამუშავებისა და ტექნიკური ზედამხედველობის თანხები, რადგან აღნიშნული ხელშეკ-რულების IV ეტაპით იყო გათვალისწინებული და იგი არ შესრულებულა, რადგან დამკვეთმა მიღება-ჩაბარების აქტს ხელი არ მოაწერა და უარი თქვა ანაზღაურებაზე. ამასთან, საგადასახადო ინსპექციამ მიუთითა, რომ «თ-ს» საავტორო დამუშავებისა და ტექნიკური ზედამხედველობის თანხები უნდა ეჩვენებინა არა მარტო IV ეტაპის, არამედ I, II და III ეტაპის სამუშაოებში და დროულად უნდა გადაეხადა იგი, ხოლო რაც შეეხება IV ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას, აღნიშნული კომბინატმა სრულყოფილად შეასრულა, თუნდაც იმ გარემოების გამო, რომ 1997 წლის 26 მაისს მეფე «დავით აღმაშენებლის» ძეგლი ოფიციალურად გაიხსნა. ამდენად, ქ. თბილისის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის აზრით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ჩაითვლება სამუშაოს შესრულების დროიდან (1997 წლის 26 მაისიდან) 90 დღე.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს «ს-ის» ფილიალის «თ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ ხელშეკრულების IV ეტაპით შესრულებული სამუშაოების დასაბეგრი ოპერაციის დროდ მიიჩნია 1999 წლის 17 სექტემბერი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დღე და მიუთითა, რომ «თ-ს» IV ეტაპით შესრულებულ სამუშაოებზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ნაწარმოები აქვს კანონის შესაბამისად, დღგ-ს სახით 1999 წლის 30 ნოემბერს (90 დღის ვადაში) გადარიცხული აქვს 144980 ლარი. სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ ჯარიმებისა და საურავების სადავო თანხების ამოღება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილებით და არა საინკასო დავალებით.
ქ. თბილისის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციამ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი გაასაჩივრა, რომლითაც შპს «ს-ის» ფილიალი «თ-ი» უკანონოდ და უსაფუძვლოდ დარიცხული ფინანსური სანქციების გადახდისაგან განთავისუფლდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ «თ-ს» სადავო თანხის _ ფინანსური სანქციების გადახდა ქ. თბილისის საგადასახადო სახელმწიფო სამსახურის 1999 წლის 18 ნოემბრის აქტის საფუძველზე დაეკისრა. აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა კომბინატს რაიონულ სასამართლოში არ დაუყენებია. მან მართალია სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდა და სადავო აქტის ბათილობა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ უარი უთხრა დავის საგნის გაზრდასა და სარჩელის დაზუსტებაზე და განუმარტა, რომ ამ მოთხოვნით შეეძლო ახალი სარჩელით მიემართა რაიონული სასამართლოსათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ს-ის» ფილიალს «თ-ს» კანონიერად დაეკისრა ფინანსური სანქციები, რადგან მონუმენტურ-სკულპტურული ძეგლის «მეფე დავით აღმაშენებლის» საშემსრულებლო სამუშაოები მიღებულად ჩათვალა 1997 წლის 26 მაისიდან.
შპს «ს-ის» ფილიალის «თ-ის» კომბინატის დირექტორმა ნ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
კასატორმა შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი პუნქტი _ დასაბეგრი ოპერაციის დრო და ადგილი, ასევე, «დამატებითი ღირებულების გადახდის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ» ინსტრუქციის მე-10 მუხლის მეორე პუნქტი და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც მიუთითებს, რომ «სამუშაოს შესრულების, მომსახურების გაწევის ადგილის დამადასტურებელ დოკუმენტად ითვლება კონტრაქ-ტები პირებს შორის სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევაზე, გამყიდველსა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აქტები, ცნობები და სხვა დოკუმენტები».
2. «დამატებითი ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ» ინსტრუქციის მე-10 მუხლის თანახმად «თ-ისათვის» დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება დამკვეთის მიერ ცალკეული ეტაპების სამშენებლო სამუშაოების მიღების დღიდან 90 დღე. ამდენად, I, II და III ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოები დამკვეთმა _ ქალაქ თბილისის მერიამ მიიღო და დასაბეგრი ოპერაციები კომბინატმა დროულად განახორციელა, ხოლო IV ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მიღებაზე რადგან დამკვეთმა უარი განაცხადა და 1997 წლის 8 ივნისის ¹54 განკარგულებით ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება «ძეგლის აგების შესახებ», «თ-ი» ამ ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების დასაბეგრ ოპერაციებს ვერ შეასრულებდა.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლი განსაზღვრავს მენარდისა და შემკვეთთის უფლებამოსილებებსდა სამართლებრივ შედეგს შემკვეთის მიერ სამუშაოს მიუღებლობის შემთხვევაში, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობა განსაზღვრავს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს. კომბინატისათვის დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო კონკრეტულ შემთხვევაში არის დავის გამო გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 1999 წლის 17 სექტემბერს მიღებული განჩინების გამოტანის დღე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილა საქმე, სადაც დავის საგანს ფაქტობრივად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა წარმოადგენდა (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტი). ამასთან, მოსარჩელეს «თ-ს» რაიონულ სასამართლოში სარჩელი დაზუსტებული არ ჰქონია და მხოლოდ ქ. თბილისის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის 1999 წლის 18 ნოემბრის აქტით უკანონოდ დაკისრებული ფინანსური სანქციების (ჯარიმა, საურავი) ბათილად ცნობას მოითხოვდა (სადავო აქტის ბათილობის მოთხოვნის გარეშე). სააპელაციო სასამართლომ, ნაცვლად იმისა, რომ საშუალება მიეცა მხარისათვის დაეზუსტებინა სარჩელი, უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და განუმარტა, რომ სადავო აქტის ბათილობის შესახებ ახალი სარჩელით შეეძლო მიემართა განსჯადი სასამართლოსათვის. პარალელურად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ცალკე განიხილა ამ სადავო აქტით დაკისრებული ფინანსური სანქციების კანონიერების საკითხი, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება და თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მისცეს მხარეს საშუალება დააზუსტოს სარჩელი და სადავო აქტით დაკისრებული ფინანსური სანქციების კანონიერება ამ სადავო აქტის კანონიერებასთან ერთად განიხილოს, ვინაიდან ერთი მეორიდან გამომდინარეობს და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მათი ცალ-ცალკე განხილვა შეუძლებელია.
2. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილე-ბის გამოტანისას მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, «დამატებითი ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ» 1999 წლის ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველსა და მეორე პუნქტებზე, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტზე, მაგრამ არ დაასაბუთა, თუ რატომ არ გამოიყენა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი: «დამკვეთისათვის სამშენებლო სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარების შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების დრო განისაზღვრება პირველი პუნქტის «ა» და «გ» ქვეპუნქტების მოთხოვნათა გათვალის-წინებით დამკვეთის მიერ ცალკეული ეტაპების სამშენებლო სამუშაოების მიღების დღიდან».
ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით შპს «ს-ის» ფილიალის «თ-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყო-ფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 399-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ს-ის» ფილიალის «თ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადაასახადო საქმეთა პალატას.
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.