გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-166-კ 13 თებერვალი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. მეტრეველი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
განიხილა მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 15.05.2000 წ. განჩინებაზე სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
12.XI.96 წ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიმართა მ. ჯ-მა, მოპასუხის ¹.....-ე სახლმმართველობის და მე-3 პირის _ თბილისის ¹..... სახელმწიფო სანოტარო კანტორის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისში, ..... ქ. ¹7-ში მდებარე სახლი 1920 წლიდან იყო მისი ბებიის _ მა. ჯ-ის საკუთრება. 1942 წელს სახლის 1/5 გირაოთი გადაეცა პ. მ-ეს, რომელმაც უკანონოდ აღრიცხა ფართი თავის სახელზე ტექინვენტარიზაციის ბიუროში. აღნიშნულ ბინაში მდგმურის უფლებით მცხოვრებმა დ. ც-ემ მოახდინა ბინის 1/5-ის პრივატიზება თავის სახელზე. მიიჩნია რა აღნიშნული უკანონოდ, მ. ჯ-მა მოითხოვა პრივატიზების გაუქმება და ფართის მის სახელზე აღრიცხვა.
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 10.12.96 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ზედამხედველობის წესით პროტესტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 12.02.98 წ. ¹24 დადგენილებით გაუქმდა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 10.12.96 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის ზემოხსენებული დადგენილების მიღებამდე ერთი დღით ადრე, 11.02.98 წ., მ. ჯ-მა სარჩელით მიმართა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა დ. ც-ის ფართიდან გამოსახლება. საქმის განხილვის პროცესში დ. ც-ემ აღძრა შეგებებული სარჩელი მ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა 25.05.95 წ. დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების აღდგენა, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სახლის 1/5 მის სახელზე აღრიცხვა, მ. ჯ-ზე მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრება. შეგებებულ სასარჩელო განცხადებაში აღინიშნა, რომ 24.03.42 წ. პ. მ-ეს და მა. ჯ-ს შორის დაიდო სახლის 1/5 ნაწილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ტექინვენტარიზაციის ბიუროში ფართის 1/5 ნაწილი აღირიცხა პ. მ-ის სახელზე. 25.12.74 წ. თბილისის ყოფილი კალინინის სახელობის რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილებით პ. მ-ის მემკვიდრეს _ ი. მ-ეს ნება დაერთო აღნიშნული ფართი გადაეცა კომუნალურ ფონდში. დ. ც-ე სადავო ფართში ცხოვრობს გაცვლის ბიუროს მიერ 11.05.75 წ. გაცემული ორდერის საფუძველზე. 25.05.95 წ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ¹..... საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და დ. ც-ეს შორის დადებული ხელწეკრულების საფუძველზე ბინა და დამხმარე სათავსოები დ. ც-ეს გადაეცა საკუთრებაში.
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 23.04.98 წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის ძირითადი სარჩელი და გაუქმდა მთაწმინდის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და დ. ც-ეს შორის 25.05.95 წ. დადებული ხელშეკრულება ბინის პრივატიზაციის შესახებ, მ. ჯ-ი ცნობილი იქნა ქ. თბილისში, ..... ქ. ¹7-ში მდებარე პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ, ძალაში დარჩა აღნიშნულ ფართზე ტექაღრიცხვის ბიუროში მ. ჯ-ზე არსებული რეგისტრაცია. მ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა დ. ც-ის ბინიდან და დამხმარე სათავსოდან გამოსახლების ნაწილში. დ. ც-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
დ. ც-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.06.98 წ. განჩინებით თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 23.04.98 წ. გადაწყვეტილება დ. ც-ის ბინიდან გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად, ხოლო დანარჩენ ნაწილში გაუქმდა და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.02.2000 წ. გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნას დ. ც-ის ბინიდან გამოსახლების და პრივატიზაციის გაუქმების შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. დაკმაყოფილდა დ. ც-ის შეგებებული სარჩელი, დ. ც-ე ცნობილი იქნა სადავო ფართის მესაკუთრედ, აღდგენილ იქნა ფართის პრივატიზაცია, მატერიალური და მორალური ზიანის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მ. ჯ-ის მიერ შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე მას არ მოუთხოვია არც ბინის პრივატიზაციის გაუქმება, არც დ. ც-ის გამოსახლება, იგი საერთოდ არ თვლიდა თავს პროცესზე მოსარჩელედ, რაც დასტურდება სხდომის ოქმით. აპელანტმა აღნიშნა, რომ მისი დასწრების მიზანს შეადგენდა სასამართლოსათვის განმარტების მიცემა იმის შესახებ, რომ 10.12.96 წ. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც იგი ცნობილი იქნა სახლის 1/5-ის მესაკუთრედ, აღსრულდა და ტექინვენტარიზაციის ბიუროში ქ. თბილისში, ...... ქ. ¹7-ში მდებარე სახლი მთლიანად აღირიცხა მის სახელზე. ამასთანავე მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს აღსრულების შებრუნების შესაძლებლობას. აპელანტის აზრით, ძირითადი სარჩელის არარსებობის პირობებში დაუშვებელი იყო შეგებებული სარჩელის განხილვა. საბოლოოდ აპელანტმა მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ვითომდა მისი სარჩელის უარყოფის და დ. ც-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 15.05.2000 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დ. ც-ის გამოსახლების საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის 23.04.98 წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც მ. ჯ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე დ. ც-ის გამოსახლების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.06.98 წ. განჩინებით გადაწყვეტილება ამ ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული. ამდენად, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 14.02.2000 წ. გადაწყვეტილებით განმეორებით გადაწყვიტა ერთხელ უკვე გადაწყვეტილი საკითხი. სასამართლომ მიიჩნია, რომ 17.02.2000 წ. სასამართლო სხდომაზე მ. ჯ-მა მოხსნა ყველა მოთხოვნა ანუ უარი თქვა სარჩელზე, პალატამ მიუთითა, რომ თანახმად სსკ 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტისა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, საქმის წარმოება წყდება. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირვანდელი სარჩელის არარსებობის პირობებში ვერ იქნება განხილული შეგებებული სარჩელი. ამდენად, სააპელაციო საჩივარში მითითებული მოტივით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა დ. ც-ის შეგებებული სარჩელი საფუძველს მოკლებულად იქნა მიჩნეული. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ 10.12.96 წ. გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მთელი სახლი მ. ჯ-ზე აღირიცხა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 12.02.98 წ. დადგენილებით, რის გამო არარსებობს სახლის 1/5-ის მ. ჯ-ზე აღრიცხვის საფუძველი. საბოლოოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს 15.05.2000 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამათლოს 17.02.2000 წ. გადაწყვეტილება მ. ჯ-ის სარჩელის გამო თბილისში, ..... ქ. ¹ 7-ში მდებარე სახლის 1/5-ის დ. ც-ის სახელზე პრივატიზების გაუქმების და ამ ბინიდან დ. ც-ის გამოსახლების უარყოფის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ტექინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის მონაცემებში.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 15.05.2000 წ. განჩინებაზე მ. ჯ-ის მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა. კასატორი აღნიშნავს, რომ 1975 წლიდან სახლის ¹17 და ¹18 ოთახებში პ. მ-ის მდგმურის უფლებით ცხოვრობდა დ. ც-ე. 1994 წელს გარდაიცვალა ივანე მ-ე (პ. მ-ის შვილი), რომელსაც პ. მ-ეზე რიცხული 1/5 წილი არ გაუფორმებია. 25.05.95 წ. დ. ც-ემ განახორციელა 1/5 წილის პრივატიზება, მაგრამ სახლის აღნიშნული ნაწილი ტექინვენტარიზაციის ბიუროში მაინც პ. მ-ეზე დარჩა რიცხული. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 10.12.96 წ. გადაწყვეტილების საფუძველზე ..... ქ. ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მთლიანად მ. ჯ-ის სახელზე აღირიცხა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 17.02.2000 წ. სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მას სასამართლოსათვის სარჩელით არ მიუმართავს, მათ უფრო მ. ც-ის გამოსახლების მოთხოვნით. სასამართლო პროცესზე გამოცხადდა იმ მიზნით, რათა განემარტა სასამართლოსათვის, რომ 1996 წლის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იყო, ხოლო ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით აღარ არის გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება, რომელსაც ითხოვს დ. ც-ე. პრივატიზაციის საკითხის ხელახალი განხილვის უფლება ჰქონდა მხოლოდ პ. მ-ის მემკვიდრეს და არა ფართში მდგმურის უფლებით მცხოვრებ დ. ც-ეს. კასატორის აზრით, სსკ 188-ე და 189-ე მუხლების დარღვევით, შეგებებული სარჩელი განხილული იქნა ისე, რომ არ ყოფილა ძირითადი სარჩელი. ძირითადი სარჩელის განხილვაზე უარის თქმის პირობებში არ იყო შესაძლებელი შეგებებული სარჩელის განხილვა, მისი განხილვა მხოლოდ ძირითად სარჩელთან ერთად იყო შესაძლებელი. უმართებულოა 189-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოშველიებით შეგებებული სარჩელის განხილვის დაშვება ძირითადი სარჩელის გარეშე. მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ც-ემ არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა საოლქო სასამართლოს 15.05.2000 წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. საქმის განხილვის პროცესში კასატორმა მოითხოვა საქმის გადაცემა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატისათვის, შუამდგომლობაზე უარის თქმის შემდეგ კასატორმა ითხოვა განსჯადობის წესების დარღვევის გამო საოლქო სასამართლოს 15.05.2000 წ. განჩინების გაუქმება და საქმის საოლქო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
საკასაციო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 15.05.2000 წ. განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას არ წარუდგენია სარჩელი არც დ. ც-ის გამოსახლებაზე და არც პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებაზე. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ 11.02.98 წ. მ. ჯ-მა მიმართა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს სასარჩელო განცხადებით, რომლითაც მოითხოვა დ. ც-ის დაკავებული ფართიდან გამოსახლება. მანამდე, 12.XI.96 წ., მ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს, რომლითაც მოითხოვდა დ. ც-ის სახელზე სახლის 1/5 ნაწილზე განხორციელებული პრივატიზაციის გაუქმებას. მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 10.12.96 წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის სარჩელი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 12.02.98 წ. დადგენილებით გაუქმებულ იქნა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს სხვა შემადგენლობას. ცხადია, რომ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 12.02.98 წ. დადგენილების შემდგომ გამოტანილი გადაწყვეტილებები წარმოადგენენ არა მხოლოდ გამოსახლების შესახებ მ. ჯ-ის 11.02.98 წ. სარჩელის და დ. ც-ის 25.03.98 წ. შეგებებული სარჩელის, არამედ აგრეთვე ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმების 12.11.96 წ. სარჩელის გამო საქმის წარმოებას, რის შედეგადაც შემდგომ ჩატარებული სასამართლო პროცესებზე სხვა სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად იხილებოდა აგრეთვე პრივატიზების მართლზომიერების საკითხი. აღნიშნულის გამო მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 23.04.98 წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის სარჩელი და გაუქმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.06.98 წ. განჩინებით მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 23.04.98 წ. განჩინება ამ ნაწილში გაუქმდა და საქმე დაბრუნდა ხელახალი განხილვისათვის. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.02.2000 წ. გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნას ბინიდან გამოსახლების და პრივატიზაციის გაუქმების შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. ამდენად საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ჯ-ი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებას, ტექინვენტარიზაციის ბიუროში ფართის მის სახელზე აღრიცხვას, დ. ც-ის სადავო ფართიდან გამოსახლებას. 10.12.96 წ. მთაწმინდის რაიონის გადაწყვეტილება სადავო ფართის მ. ჯ-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ აღსრულებულ იქნა. გადაწყდა აგრეთვე მ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა დ. ც-ის ფართიდან გამოსახლების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.06.98წ. განჩინებით მთაწმინდის რაიონის 23.04.98 წ. გადაწყვეტილება დ. ც-ის სადავო ფართიდან გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული და მაშასადამე ძალაშია შესული. რაც შეეხება ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებას, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.02.2000 წ. გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნას ბინის პრივატიზაციის გაუქმების შესახებ ეთქვა უარი, სასამართლო სხდომის ოქმში არაფერია ნათქვამი სარჩელზე უარის თქმაზე, თუმცა ოქმში მ. ჯ-ი მხოლოდ მოპასუხედაა მოხსენებული. საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ჯ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაშიც არ იცვლება დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათი, ვინაიდან მ. ჯ-ს არ უთქვამს უარი ტექინვენტარიზაციის ბიუროში სადავო ფართის მის სახელზე აღრიცხვაზე, რასაც საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული გარიგების _ მთაწმინდის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და დ. ც-ეს შორის 25.05.95 წ. დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება. ამასთანავე, პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძირითადი სარჩელის არარსებობის პირობებში არ უნდა განხილულიყო შეგებებული სარჩელი, უკანასკნელი შეტანილ იქნა დ. ც-ის მიერ მ. ჯ-ის ძირითადი სარჩელის განხილვის პერიოდში, ძირითად სარჩელზე უარის თქმა არ იწვევს ავტომატურად საქმის წარმოების შეწყვეტას შეგებებული სარჩელის მიმართ, აღნიშნულს არ ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ სსკ 272-ე მუხლი, შეგებებული სარჩელის განხილვით არ დარღვეულა სსკ 188-190-ე მუხლები.
უმართებულოა აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. ც-ეს არ გააჩნია ფართზე შედავების უფლება. პალატა თვლის, რომ მ. ც-ეს აქვს საქმეში უშუალო პროცესუალური და მატერიალური ინტერესი. დ. ც-ე 1975 წლიდან ცხოვრობს სადავო ფართში გაცვლითი ორდერის საფუძველზე, რაც სადგომში შესახლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა, ორდერის ბათილად ცნობაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაცდენილია, 25.05.95 წ. მან მოახდინა ფართის პრივატიზება, მაშასადამე დავა უშუალოდ ეხება დ. ც-ის ინტერესებს. დ. ც-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა პრივატიზაციის ხელშეკრულების აღდგენის შესახებ, რომელიც დაკმაყოფილდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ და ძალაში იქნა დატოვებული საოლქო სასამართლოს 15.05.2000 წ. განჩინებით, ასევე განაპირობებს დავის ადმინისტრაციულ ხასიათს.
პალატა აღნიშნავს, რომ კომუნალური ფონდის ბინების პრივატიზების კანონიერების შესახებ დავები ადმინისტრაციულ გარიგებათა რიგს განეკუთვნებიან. პრივატიზაციის ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, ამ უკანასკნელის დადება ან შესრულება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს, შესაბამისად, საქმე განეკუთვნებოდა არა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის, არამედ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადობას. დავის საგნის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიჩნევის გამო, კასატორი ითხოვს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნას საოლქო სასამართლოს შესაბამისი პალატისათვის. «საერთო სასამართლოების შესეხებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრება საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის ფორმირების წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. აღნიშნული წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს სამართალწარმოების განსხვავებულ პრინციპებზე აგებას, საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვის გამო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მთლიანად. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით საქმეში ჩართულ უნდა იქნეს 25.05.95 წ. დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების კონტრაჰენტი _ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენელი, მე-3 პირად საქმეში უნდა ჩაერთოს პრივატიზაციის ხელშეკრულების დამმოწმებელი, ¹..... სანოტარო კანტორის ნოტარიუსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390, 394-ე, 396-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტით, 399-ე, 404-ე, 407-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 15.05.2000 წ. განჩინება. საქმე განსჯადობით განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.