გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-169-კ 5 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბადრი მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი – ა. გოგიტიძის ბინით დაკმაყოფილება, ქ.ბათუმის მერიისათვის სამი წლის ბინის ქირის – 1800 ლარის და ბინით დაკმაყოფილებამდე ყოველთვიურად 50 ლარის გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანება «თ-ის» გაერთიანების მუდმივმოქმედ სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელს «ს-სა» და მოქ. ა. გ-ძეს შორის 07.06.87 წ. დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ა. გ-ძე სამი წლის ვადით გაიგზავნა სამუშაოდ ტიუმენის ოლქში. ხელშეკრულების თანახმად, ტიუმენის ოლქში 3 წლიანი კეთილსინდისიერი შრომის შემდეგ, ა. გ-ძე უზრუნველყოფილი იქნებოდა ქ. ბათუმში 55 კვ.მ. ფართის ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინით. მიუხედავად აღნიშნულისა, ა. გ-ძე ქ. ბათუმში დაბრუნების შემდეგ საცხოვრებელი ფართით არ იქნა დაკმაყოფილებული საამშენებლო სამუშაოების დაუმთავრებლობის გამო. ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 21.08.92 წ. ¹ 690 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საგარანტიო წერილი, რომლითაც დაფიქსირდა, რომ ა. გ-ძის ხუთსულიანი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნებოდა 54,62 კვ.მ. ფართის 4 ოთახიანი საცხოვრებელი ბინით ქ. ბათუმში, ... მშენებარე სახლში, მეორე სადარბაზოს მეექვსე სართულზე. მიუხედავად აღნიშნულისა, სამშენებლო სამუშაოების დაუმთავრებლობის გამო, ა. გ-ძე დღემდე ვერ იქნა დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, რის გამო ა. გ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბინით დაკმაყოფილება ან ბინის ასაშენებლად ჩამორიცხული თანხის გადახდა, ბოლო სამი წლის ბინის ქირის – 1800 ლარის და ბინით დაკმაყოფილებამდე ყოველთვიური ბინის ქირის – 50 ლარის გადახდა. სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ მოხსნა ბინის შესაძენი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, ეს მოთხოვნა სამომავლოდ იქნა დატოვებული, იმ შემთხვევაში თუ ქ. ბათუმის მერია კვლავ არ დააკმაყოფილებს მას ბინით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.05.2000 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
ქ. ბათუმის მერიის მიერ 25.05.2000 წ. გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.08.2000 წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. ბათუმის სასამართლოს 25.05.2000 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ტიუმენის ოლქში სამუშაოდ წასვლის ძირითადი მიზანი იყო ქ. ბათუმში ბინის მიღება. აღნიშნულზე თანახმა იყო იმდროინდელი «თ-ის» ხელმძღვანელობა, რომელმაც შრომითი ხელშეკრულებით იკისრა ა. გ-ძის ქ. ბათუმში 55 კვ.მ. ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება და დააყენა საკითხი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს წინაშე, რათა დაევალებინა ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოსათვის ტიუმენის ოლქში გაგზავნილი მუშებისათვის გამოეყო ბინები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერია არ იხსნის ვალდებულებას ამ ტიპის მთხოვნელთა ბინით უზრუნველყოფაზე, მერიის 23.05.2000 წ. ¹ 117 განკარგულებით შექმნილმა კომისიამ უნდა დააკმაყოფილოს მთხოვნელები 2001 წლის ბოლომდე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-ძე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად ქირავნობის ხელშეკრულება არ საჭიროებს წერილობით და სანოტარო ფორმას.
ქ. ბათუმის მერიამ საკასაციო საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 22.08.2000 წ. განჩინებაზე, რომლითაც მოითხოვს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ა. გ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი თვლის, რომ 31.08.92 წ. დამტკიცებული საგარანტიო წერილი ქ. ბათუმის მერიას არ აკისრებს ა. გ-ძის ოჯახის ბინით დაკმაყოფილების ვალდებულებას, ვინაიდან ათვისებაში მოხვედრილ ოჯახებზე საგარანტიო წერილის გაცემა ხდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, ხოლო ბინათმშენებლობა ხორციელდებოდა ცენტრალიზებული კაპიტალური დაბანდების მეშვეობით – დამკვეთათ გამოდიოდა აჭარის ა/რ კაპიტალური მშენებლობის სამმართველო. ბინათმშენებლობა არ ყოფილა გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებით და არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზეზით მომხდარა მშენებლობის შეჩერება.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი საკასაციო საჩივარს არ ცნობს და მოითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 22.08.2000 წ. განჩინების უცვლელად დატოვებას.
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მუდმივმოქმედი სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის «ს-ის» და ა. გ-ძეს შორის 07.06.87 წ. დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად ტიუმენის ოლქში 3 წლიანი კეთილსინდისიერი შრომითი საქმიანობის შემდეგ ა. გ-ძე უნდა უზრუნველლყოფილიყო 55 კვ.მ. 4 ოთახიანი ბინით ქ. ბათუმში. ხელშეკრულება შეთანხმებული იყო საამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანება «თ-ის» ხელმძღვანელობასთან. ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო «1986-90 წლებში ქ. ტიუმენში საცხოვრებელი სახლებისა და სოციალური და კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 25.12.85 წ. ¹ 836 დადგენილებით, რომლის მე-12 პუნქტის თანახმად მშენებლობის სამინისტროს დაევალა ტიუმენის ოლქში მშენებლობაზე გასაგზავნ მუშათა და ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკთა სტიმულირების მიზნით უზრუნველყოს ისინი საცხოვრებელი ფართობით მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სამი წლის მუშაობის შემდეგ. რესპუბლიკის სამინისტროებსა და უწყებებს, სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებს დაეკისრათ «თ-ისათვის» ქმედითი დახმარების გაწევა მუშათა ორგანიზებულად შეგროვებასა და ტიუმენის ოლქში სამუშაოდ გაგზავნაში. საქალაქო და რაიონული საბჭოების აღმასკომებს დაეკისრათ აგრეთვე ტიუმენის ოლქში მშენებლობაზე გაგზავნილი მუშაკებისათვის საცხოვრებელი ფართობის დაჯავშნა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, მიუხედავად მისი უწყებრივი დაქვემდებარებისა, აგრეთვე მათი საცხოვრებელი ფართობის მიღების რიგის შენარჩუნება მშენებლობაზე მუშაობის მთელი პერიოდისათვის.
დადგენილია, რომ ტიუმენის ოლქიდან ჩამოსვლის შემდეგ ა. გ-ძეს ბინა არ გამოუყვეს, მის მიმართ არ შესრულდა 4 ოთახიანი ბინის მიცემის ვალდებულება. გასცა რა საგარანტიო წერილი, მერიამ (იმჟამად აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტმა) იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ა. გ-ძის ოჯახი ქ. ბათუმში, ... მე-2 სადარბაზოში, მე-6 სართულზე 54,62 კვ.მ. ფართის ოთხოთახიანი ბინით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან 31.08.92 წ. დამტკიცებული საგარანტიო წერილის ტექსტში არ არის მითითებული კეთილმოწყობილი ბინის მიცემის ვადა, მერიას საგარანტიო წერილით ეკისრება ა. გ-ძის ოჯახის ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება გარანტიაში მითითებული სახლის აშენების შემდგომ, საცხოვრებელი სადგომის განაწილებისას, რაც შეეხება სამოქალაქო – სამართლებრივ ვალდებულებაზე დაფუძნებულ მოთხოვნას ხელშეკრულების პირობების დაუცველობის გამო ბოლო სამი წლის განმავლობაში გადახდილი ბინის ქირის 1800 ლარისა და ბინით დაკმაყოფილებაფმდე ყოველთვიურად 50 ლარის ბინის ქირის გადახდის დაკისრების შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქის ადგილობრივი ორგანო არ გამოდიოდა 07.06.87 წ. ხელშეკრულების მხარედ, 07.06.87 წ. ხელშეკრულებიდან და მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან არ მომდინარეობს მერიის აღნიშნული ვალდებულება. ამასთანავე, საქმეზე არ დადგენილა ა. გ-ძის ბინის მშენებლობის უზრუნველსაყოფად თანხის გადარიცხვის ფაქტი, გადარიცხული თანხის ოდენობა, თანხის მიმღები და ამთვისებელი ორგანო, მშენებლობის შეჩერების მიზეზი. საქმეში დაცული დოკუმენტის მიხედვით, გაერთიანება «თ-მა» მინისტრთა საბჭოს 25.12.85 წ. ¹ 836 დადგენილების თანახმად, აჭარის ა/რ კაპიტალური მშენებლობის ტერიტორიულ სამმართველოს 28.10.91 წ. გადაურიცხა 45 ათასი მანეთი. სასამართლოს არ გაურკვევია მოხდა თუ არა ბინათმშენებლობის შეჩერება ქ. ბათუმის მერიის ბრალით, საქმეში არ მოიპოვება ქ. ბათუმის მერიის 23.05.2000 წ. ¹ 117 განკარგულების ტექსტი, რომლის საფუძველზე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მერია არ იხსნის ვალდებულებას ამ ტიპის მთხოვნელთა ბინით უზრუნველყოფაზე. გაურკვეველია აგრეთვე შესრულებული აქვს თუ არა ა. გ-ძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის მიღებისათვის საჭირო პირობები, კერძოდ ტიუმენის ოლქში მისი შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობა (ხელშეკრულება ბინით დაკმაყოფილების პირობის სახით ითვალისწინებდა ტიუმენტის ოლქში 3 წლიან კეთილსინდისმიერ შრომას).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს შეადგენს. ვინაიდან განსახილველი საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლო ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით გაერკვია საქმის ზემოაღნიშნული გარემოებანი, საქმეში ჩაება გაერთიანება «თ-ი» ან მისი უფლებამონაცვლე, აჭარის კაპიტალური მშენებლობის ტერიტორიული სამმართველო. საქმის მითითებულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება 21.08.92 წ. დამტკიცებული საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებების ზუსტი განსაზღვრა, შესაბამისად ა. გ-ძის ოჯახის ბინით დაკმაყოფილების, ქირის გადახდის ვალდებულების განსაზღვრა, საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 393-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 22.08.2000 წ. განჩინება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.