გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-170-კ 30 ნოემბერი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეების: მ. ვაჩაძე,
ბ. მეტრეველი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქალაქ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 22 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე. საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მოწინააღმდეგე მხარე, თ. გ-ი თავის ოჯახთან ერთად 1990 წლამდე ცხოვრობდა ქალაქ ბათუმში, ..... (ყოფილი ..... ) ქუჩის ¹159-ში მდებარე კომუნალურ ბინაში.
ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 6 ივლისის ¹456 გადაწყვეტილებით, ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლი მოხვდა ათვისებაში, ხოლო რ. გ-ზე გაიცა საგარანტიო წერილი, რომლითაც საქალაქო საბჭოს აღმასკომმა იკისრა ვალდებულება ქალაქ ბათუმში, ..... ქ. ¹157-159-ში ასაშენებელ, 104 ბინიან, 9 სართულიან საცხოვრებელ სახლში მისთვის გამოეყო 4 ოთახიანი ¹35 ბინა, მე-2 სადარბაზოს მე-4 სართულზე, 55 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით.
საგარანტიო წერილის მიღების შემდეგ, რ. გ-მა გაანთავისუფლა მის მიერ დაკავებული ფართი და ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა ნაქირავებ ბინაში, მოქალაქე შ. მ-ის პირადი საკუთრების სახლში, მდებარე ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹60, სადაც დღემდე უკავია ორი ოთახი ხუთსულიან ოჯახთან ერთად და ყოველთვიურად იხდის ბინის ქირას 50 აშშ დოლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო საბჭომ (ამჟამად მერიამ) საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ვერ ააშენა.
1999 წლის 18 ოქტომბერს რ. გ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ქალაქ ბათუმის მერიისაგან საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მისი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა ან შესაბამისი ღირებულების – 55127 ლარის გადახდა მოითხოვა. მოსარჩელემ, ასევე, 10 წლის ბინის ქირის – 6 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და ყოველთვიური ბინის ქირის – 50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ქალაქ მერიაზე დაკისრება მოითხოვა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას რ. გ-მა ღიად დატოვა სარჩელი ბინის ღირებულების – 55 127 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქალაქ ბათუმის მერიას დაევალა რ. გ-ის ოჯახის უზრუნველყოფა. 4 ოთახიანი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინით, 1990 წლის 6 ივნისის საგარანტიო წერილით განსაზღვრული პირობებითა და ფართით. ამასთან, ქალაქ ბათუმის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ ბოლო სამი წლის ბინის ქირის – 1800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და ყოველთვიური ბინის ქირის – 50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა. რ. გ-ს უარი ეთქვა სარჩელზე ხანდაზმულობის გამო 7 წლის ბინის ქირის 4000 აშშ დოლარის ქ. ბათუმის მერიისათვის დაკისრების ნაწილში.
ქ. ბათუმის მერიისა და რ. გ-ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე საქმე განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ და 2000 წლის 22 აგვისტოს განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადა-წყვეტილება.
ქალაქ ბათუმის მერიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 22 აგვისტოს განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგო-რიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ იმ დროს მოქმედი საქართველოს სსრ 1983 წლის საბინაო კოდექსის 50-ე, 51-ე, 103-ე, 106-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის აღებისას, ამ სახლიდან (საცხოვრებელი სადგომიდან) გამოსახლებულ მოქალაქეებს სხვა კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სადგომს აძლევდა სახელმწიფო. ამასთან, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ასაღები საცხოვრებელი სადგომის ფართი და მოცემული დასახლებული პუნქტი. ამდენად, მოქალაქისათვის კეთილმოწყობილი ბინის მიცემის ვალდებულება სახელმწიფოს სახლის აღებისთანავე წარმოეშობოდა.
ბათუმის საქალაქო საბჭომ, 1990 წელს აიღო რა რ. გ-ის კომუნალური საცხოვრებელი სახლი, ვერ უზრუნველყო იგი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსით გათვალისწინებული კეთილმოწყობილი ბინით და ამიტომ, გასცა რა საგარანტიო წერილი, იკისრა ვალდებულება გარკვეული დროის (სახლის აშენების) შემდეგ უზრუნველეყო იგი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინით.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ვინაიდან ბათუმის საქალაქო საბჭომ (ამჟამად, ქალაქ ბათუმის მერიამ) დროულად ვერ შეასრულა რ. გ-ის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, ამ უკანასკნელს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ქ. ბათუმის მერიისადმი არა მარტო კეთილმოწყობილი ბინის გამოყოფაზე, არამედ ბინის ქირის გადახდაზეც.
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, მითუმეტეს, რომ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ დადგენილად ცნო, რომ რ. გ-სა და შ. მ-ს შორის 1990 წლის 10 ივნისს წერილობით გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც მართალია სანოტარო წესით არ იყო დამოწმებული, მაგრამ ქირავნობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებას არც ძველი და არც ახალი სამოქალაქო კოდექსი სავალდებულოდ არ მიიჩნევს.
3. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ დარღვეულია რ. გ-ის უფლებები და თავისუფლებები, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენციის მე-8 მუხლით; «ყოველ ადამიანს უფლება აქვს პატივი სცენ მის პირად და საოჯახო ცხოვრებას, საცხოვრებელს .... სახელმწიფო ორგანოების მხრივ, არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შეეშალოს ამ უფლების განხორციელებას».
ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, ქალაქ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22 აგვისტოს განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.