გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-171-კ 2 აპრილი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი – სახლმფლობელობის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ხ. მ-ძემ, მ. მ-ძემ და სხვებმა 1992 წელს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. ბათუმის სასამართლოს, რომლითაც მოითხოვდნენ ქ. ბათუმში, ... არსებული სახლფლობელობის დაბრუნებას, როგორც სამემკვიდრეო ქონებას, იმ მოტივით, რომ იგი ეკუთვნოდა მათ წინაპრებს ს. მ-ძეს, დ. თ-ძეს და მ. თ-ძეს. მოსარჩელეთა განცხადებით სახლმფლობელობა 1932 წელს ჩამორთმეული იყო უკანონოდ, როგორც კულაკთა საკუთრება. სარჩელი ქ. ბათუმის სასამართლომ დატოვა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
1998 წლის ივლისში მოსარჩელეებმა ხელმეორედ აღძრეს სარჩელი სახლმფლობელობის დაბრუნების მოთხოვნით, იგივე მოტივით, ამასთანავე, სასარჩელო განცხადებაში მიუთითეს, რომ 17.04.92 წ. ხელვაჩაურის სასამართლომ მათი წინაპრები ს. მ-ძე, დ. თ-ძე, მ. თ-ძე გამოაცხადა გარდაცვლილად, რის გამოც მათ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ გაუცდენიათ, ვინაიდან ასეთი ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 17.02.2000 წ. განჩინებით ძალაში დარჩა ქ. ბათუმის სასამართლოს 06.01.2000 წ. გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა წინაპრებს კი არ ჩამოერთვათ აღნიშნული სახლმფლობელობა, არამედ მოხდა იმ ტერიტორიის ათვისება, სადაც მათი შენობა-ნაგებობები იდგა. სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობის საჭიროებისათვის შენობა-ნაგებობები შეფასდა და მათ მესაკუთრეებს ერთი კვირის ვადაში უნდა მიეღოთ შეფასებული ღირებულება ან გადაეტანათ თავიანთი შენობები, მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საჭიროებისათვის ათვისება სადავოდ არავის გაუხდია. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსრ კავშირში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო 1937 წელს, ხოლო სადავო შენობა ქალაქის საბჭოს აღმასკომის საკუთრებაში გადავიდა 1932 წელს. სასამართლომ მიუთითა, რომ გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, არ იქნა დადასტურებული მოსარჩელეების ნათესაური კავშირი მესაკუთრესთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.06.2000 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 17.02.2000 წ. გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ არ იქნა დაცული სსკ-ის 84-ე მუხლის მოთხოვნები, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლის დროს სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებია საქმის ყველა მასალა, მათ შორის სასამართლოს 17.04.92 წ. გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს აზრით, დასაზუსტებელი იყო თუ რომელ შენობაზე მიმდინარეობდა დავა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 25.08.2000 წ. განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.01.2000 წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო ხ., მ. მ-ძეების და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაუკმაყოფილებელი, არ დაკმაყოფილდა აგრეთვე დამატებითი სასარჩელო მოთხოვნები. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 22.08.22 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეების წინაპრებმა მ. თ-ძემ, ს. მ-ძემ და დ. თ-ძემ თანაბარწილად იყიდეს ქ. ბათუმში, ... მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გაურკვეველი რჩება თუ რა სახის შენობა-ნაგებობები იყო განლაგებული მიწის ნაკვეთზე. ამასთანავე, ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ წარმოდგენილი ტექნიკური ბარათის მიხედვით, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში 16.397 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 1931-32 წლებში აიგო სამკერვალო ფაბრიკა. ქალაქის საბჭოს მცირე პრეზიდიუმის 31 წლის ¹ 2-24 სხდომის ოქმის თანახმად მოსმენილ იქნა საკითხი სამკერვალო ფაბრიკის აგებასთან დაკავშირებით მიწის ნაკვეეთის გამოყოფის შესახებ, გადაწყდა ნაკვეთზე განლაგებული სხვადასხვა ზომის ერთსართულიანი შენობების აღება, მათში მცხოვრებ მოქალაქეებს მიეცათ კომპენსაციის ან შენობის გადატანის წინადადება. აჭარის ცაკ-ის 31.01.33 წ. თათბირის ოქმის და ფაბრიკის პასპორტის თანახმად, ფაბრიკის მშენებლობა დამთავრდა 1933 წელს. სასამართლომ არ გაიზიარა ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები არ არიან ს. მ-ძის, მ. და დ. თ-ძეების მემკვიდრეები, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ნამდვილად არიან აღნიშნული პირების ახლო ნათესავები და ითვლებიან მათ მემკვიდრეებად. ამასთანავე, პალატამ აღნიშნა, რომ არ დასტურდება სადავო ქონების ჩამორთმევა რეპრესიებთან დაკავშირებით, ხოლო «მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-8 მუხლი – პოლიტიკური რეპრესიასთან დაკავშირებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას არ ითვალისწინებს. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებს არასაპატიო მიზეზით გაცდენილი აქვთ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, მოსარჩელეებისათვის 1957 წელს ცნობილი იყო ს. მ-ძის რეაბილიტაციის შესახებ და მათ ამ დროიდან უნდა მიემართათ სასამართლოსათვის სადავო ქონების დაბრუნების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ დ. თ-ძეს, რომელიც იყო სადავო ქონების ერთ-ერთი მესაკუთრე, ცხოვრობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... და გარდაიცვალა 1953 წელს, სადაოდ არ გაუხდია აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება. მოსარჩელეებმა 1992 წელს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს და მოითხოვეს სახლმფლობელობის დაბრუნება. სარჩელი მხარეების გამოუცხადებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. სარჩელი ხელმეორედ 1998 წელს აღიძრა, რის გამო მოსარჩელეების მიერ დარღვეულია მემკვიდრეობის მიღების ექვსთვიანი ვადა. მოსარჩელეებს არასაპატიო მიზეზით გაშვებული აქვთ აგრეთვე საკუთრების გამოთხოვის საერთო ხანდაზმულობის ვადა, რის გამო ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. 05.10.99 წ. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ შენობის წარმოდგენილ პროექტს არ გააჩნია მისი მიღების დამამტკიცებელი საბუთი, პროექტში ნაჩვენები შენობის ზომები (13, 8 X 56 მ.) არ ემთხვევა 1933 წელს აშენებული სამკერვალო ფაბრიკის ზომებს (20,6 X 105,35 მ.).
რაც შეეხება დამატებით სასარჩელო მოთხოვნას სახლმფლობელობასთან ერთად მიწის ფართობის დაბრუნების და ქ. ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის სამეწარმეო რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, პალატამ მიიჩნია, რომ რეგისტრაცია განხორციელდა «მეწარმეთა შესახებ» კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამდენად მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ მინისტრთა კაბინეტის 18.01.92 წ. ¹ 48 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა მფლობელობასა და საკუთრებაში მიეცემათ საერთო საფუძველზე.
ხ. მ-ძემ, მ. მ-ძემ, ვ. მ-ძე-ბ-იონმა და სხვებმა (სულ 11 კასატორმა) საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 25.08.2000 წ. განჩინება. კასატორებმა მოითხოვეს განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა. კასატორები უთითებენ, რომ სადავო ობიექტზე მესაკუთრეებს უფლება დაკარგული არ აქვთ, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება საკუთრების მიტოვების შესახებ და განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, მესაკუთრეებს გარდაცვალებულად აღიარებამდე ანუ 1992 წ. 17 აპრილამდე საკუთრების უფლება არ დაუკარგავთ, ხოლო სახელმწიფოს ობიექტზე საკუთრების უფლება არ შეუძენია. მცირე პრეზიდიუმის სხდომის ოქმში 1967 მანეთად შეფასებულია დ. მ-ძის «ბეღელი», რომლის კომპენსაცია მას არ მიუღია. სამკერვალო ფაბრიკის შენობა სახელმწიფოს არ აუშენებია, მოხდა არა შენობის, არამედ რაღაც ნაწილის აგება და სახურავის შეკეთება. კასატორები არ თვლიან გაცდენილად ხანდაზმულობის ვადას და აღნიშნავენ, რომ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მესაკუთრეებს არ დაუკარგავთ გარდაცვალებამდე, ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს მიერ 17.04.92წ. დადგინდა გარდაცვალების იურიდიული ფაქტი, რომლის შემდეგ 27.04.92 წ. სარჩელი იქნა შეტანილი ქ. ბათუმის სასამართლოში. კანონის თანახმად რეპრესიების პერიოდი მოიცავს 1921-90 წ.წ. რეპრესირებულად ითვლება მემკვიდრეც, არსებობს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების და დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ, რის გამო არ არსებობს ხანდაზმულობის საკითხის დასმის იურიდიული და მორალური საფუძველი.
საკასაციო საჩივრის ავტორები უმართებულოდ თვლიან სამკერვალო ფაბრიკის შპს-დ რეგისტრაციას, ვინაიდან მათ ხელთ აქვთ ნასყიდობის და მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთი. სახლმფლობელობის მოთხოვნა გულისხმობდა მიწის ნაკვეთის დაბრუნებასაც. ვინაიდან მიწის ნაკვეთის გასხვისება არ იყო შესაძლებელი საბჭოთა პერიოდში, უმართებულოა სასამართლოს მითითება ქონების ათვისებაზე. კასატორები საჭიროდ თვლიან უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის საიდუმლო საცავში დაცული კონფისკაციის მასალების მოძიებას. ქ. ბათუმის მერიის და შპს «.. ..-ს» წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 25.08.2000 წ. განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაიციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო ურთიერთობები საჯარო, ადმინისტრაციულ ურთიერთობათა რიგს განეკუთვნებიან, შესაბამისად, საქმე აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის ნაცვლად უნდა განეხილა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, მით უფრო, რომ თავდაპირველად საქმე სწორედ უკანასკნელი პალატის მიერ იქნა განხილული. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის აკრძალვა, რომელსაც საქმის განხილვის დროისათვის ითვალისწინებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი (25.10.2000 წ. კანონით მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამდე) არ ცვლიდა სადავო ურთიერთობების ბუნებას, არ განაპირობებდა დავის სამოქალაქო-სამართლებრივ ხასიათს, შესაბამისად, არ იძლეოდა განსჯადობის წესების დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ საქმის განხილვის შესაძლებლობას. «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 30-ე და მე-20 მუხლებით განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის ფორმირების, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს მოსამართლის სხვა კოლეგიაში ან პალატაში მონაწილეობის წესი. აღნიშნული წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატის მიერ არაგანსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს სამართალწარმოების სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე აგებას, რაც პროცესუალური კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. საქმის განხილვისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მატერიალური ნორმების რეალიზაციის შესაბამისი პროცესუალური, კერძოდ კი ადმინისტრაციულ-პროცესუალური ნორმებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო ნორმებით. საქმის მხოლოდ დისპოზიციურ საწყისებზე განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლო 25.08.2000 წ. განჩინებაში უთითებს, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 და 103 მუხლების თანახმად, თითოეულ მხარეს უნდა დაემტკიცებინა გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების თანახმად, არ არის შეზღუდული მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით და საქმის გარემოებებს იკვლევს თავისი ინიციატივით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა პარალელურად სასამართლო უფლებამოსილია დამოუკიდებლად შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებანი.
სასამართლო არასწორად იყენებს აგრეთვე სამართლის მატერიალურ ნორმებს. ვინაიდან სადავო ურთიერთობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე წარმოიშვა, უმართებულოა მის მუხლებზე მითითება. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა. ამდენად, საქმის განხილვისას დაირღვა სამართლის ნორმები, პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 393-ე, 394-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. მ-ძის, მ. მ-ძის, ვ. მ-აძე-ბ-იონის და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 25.08.2000წ. განჩინება.
2. საქმე განხილვისათვის განსჯადობისამებრ გაეგზავნოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.