გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-172-კ 18 იანვარი, 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. მეტრეველი
მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი,
ნ. სხირტლაძე
განიხილა სამტრედიის რაიონის საგადასახადო ინპექციისა და შპს «მ-ის” საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «მ-ის” სასარჩელო მოთხოვნა; სამტრედიის რაიონის საგადასახადო ინსპექციას მოსარჩელის სასარგებ-ლოდ დაეკისრა 326563,58 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა. ასევე დაეკისრა მოპასუხეს სამტრედიის საგადასახადო ისნპექციას მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები _ 9796,9 აშშ დოლარი, გამოხატული ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისათვის.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
კასატორმა შპს «მ-მა” ქუთაისის საოლქო სასამართლოში აღძრა სარჩელი სამტრედიის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიმართ 619 828,15§ ექვივალენტი ლარებში გადახდევინების თაობაზე, რასაც იგი შემდეგი გარემოებებით ასაბუთებდა: შპს «მ-მა” 1997 წლის 17 ივლისს გააფორმა კონტრაქტი გაეროს ლტოლვილთა კომისარიატთან 5000 კუბ.მ. ხე-ტყის მასალის მიწოდების თაობაზე. ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში (ხელშეკრულება ძალაში იყო 1997 წლის 25 ნოემბრამდე), საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც დიპლომატიური ორგანიზაციები და მათთან გათანაბრებულ პირები გათავისუფლდნენ დღგ-ს გადახდისაგან. აღნიშნულ საკანონმდებლო აქტს მიენიჭა უკუქცევითი ძალა და იგი ამოქმედდა 1997 წ. 1 სექტემბრიდან. ამის შედეგად შეიქმნა შემდეგი სურათი: შპს «მ-ს” სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადახდილი ჰქონდა დღგ, ხოლო გადახდისაგან გათავისუფლების გამო გაეროს ლტოლვილთა კომისარიატმა შპს «მ-ს” დღგ არ გადაუხადა. ამის შესაბამიასდ, დაფიქსირდა შპს «მ-ის” მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა დღგ-ს სახით, რომელმაც ჯამში შეადგინა 108,668,40 ლარი. ამ ზედმეტობის არსებობას ადასტურებს სამ-ტრედიის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 1998 წლის 4 მარტის დოკუმენტური რევიზიის აქტი. ამას გარდა, დღგ-ს ბიუჯეტში ზედმეტად გადახდის ფაქტს ეთანხმება საქმეში არსებული ფინანსთა სამინისტროს, კონტროლის პალატისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წერილებიც. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა და შპს «მ-ის” არაერთგზის მოთხოვნისა, მას ეს თანხა დღემდე არ მიუღია.
შპს «მ-ს” სსკბ «ა-იდან” აღებული ჰქონდა 155000 აშშ დო-ლარის ოდენობის კრედიტი (კონტრაქტის პირობების შესასრულებლად), რომლის დაბრუნებასაც შპს «მ-ი” ვარაუდობდა ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი თანხის ხარჯზე. რადგან აღნიშნული თანხის დაბრუნება ბიუჯეტიდან არ მოხდა, შპს «მ-მა” მიუთითა საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლსა და ბიუჯეტიდან დასაბრუნებელ თანხაზე, მოითხოვა საურავის დამატება 0,2%-ის ოდენობით ყო-ველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნაში მითითე-ბულია, რომ შპს «მ-ის” დირექტორს ბანკიდან აღებული კრედიტის დასაფარავად მოუწია საკუთარი ბინის ბანკში დაგირავება. კრედიტის თანხის გადახდის გარდა გადასახდელი ჰქონდათ ყოველწლიური 48%. ბანკისათვის გადასახდელმა თანხამ მთლიანობაში მიაღწია 39800§-ს. აქედან 17800 ფაქტობრივად გადახდილი იყო, მას 0,2% ერიცხებოდა ყოველდღიურად და დაანგარიშების შედეგად ერთად აღე-ბული დავალიანება 61572§-ს შეადგენდა (დაანგარიშება მოცემულია სასარჩელო განცხადებაში). აღნიშნული თანხის გადახდაც ბიუჯეტის დავალიანებად მიიჩნია მოსარჩელემ.
შპს «მ-მა” 1998 წლის 15 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება იტა-ლიურ კომპანია «ს-თან”, რომლის მიხედვითაც «მ-ს” უნდა მიეწოდებინა 1000 კუბური მეტრი ხე-ტყე. კონტრაქტის ღირებულება შეა-დგენდა 140000 აშშ დოლარს. მოსარჩელე შპს «მ-ი” აღნიშნავს, რომ აღ-ნიშნული ხელშეკრულების გაფორმება მოხდა სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წერილების მიღების შემდგომ, რითაც შპს «მ-მა” მიღო სიტყვიერი და წერი-ლობითი დასტური იმის თაობაზე, რომ მას ეკუთვნოდა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ბიუჯეტიდან და იგი უახლეს დროში მას მიიღებდა. შპს «მ-ი” აღნიშნავს, რომ თანხის ბიუჯეტიდან მიუღებლობის გამო, მან ვერ მიიღო მოგება _ 121914§. ამასთანავე, სახელმწიფოს უნდა დაერიცხოს საურავი 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 210911§-ს.
ამასთანავე, მოსარჩელე შპს «მ-ი” აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამო, მას მიადგა მორალური ზიანიც; მან დაკარგა პარტნიორები და შეელახა საქმიანი რეპუტაცია; აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს ბიუჯეტიდან მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხას 100000§-ის ოდენობით.
ამას გარდა, მოსარჩელე ითხოვს ბიუჯეტიდან სასამართლო წარმოების ხარჯებსაც: ადვოკატის ჰონორარის თანხა, სახელმწიფოს ბაჟი, სახელმწიფო სააღმსრულებლო ხარჯები. ე.ი შპს «მ-მა”’ მოითხოვა სამტრედიის საგადასახადო ინსპექციისათვის სულ 623931,96 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხემ, სამტრედიის საგადასახადო ინსპექციამ, სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ რადგანაც დღგ პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება, მისი უკან დაბრუნება მას უნდა მოეთხოვოს. ამასთან, მოპასუხის აზრით, შპს «მ-ის” მიერ დღგ-ს დაგვიანებით დაბრუნების გამო საჯარიმო სანქციის გამოყენება უსაფუძვლოა, რადგან სამტრედიის საგადასახადო ინსპექციის ბრალით არ მომხდარა დღგ-ს თანხის ზედმეტად გადახდევინება. მისი თქმით, აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში არსებული სხვადასხვა უწყების მიერ გამოგზავნილი წერილები. ამასთანავე, სამტრედიის საგადასახადო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ვინაიდან შპს «მ-ს” სხვადასხვა გადასახადის სახით ბიუჯეტში ჩასარიცხად დაერიცხა 4576,31 ლარი, ამიტომ მას უნდა დაუბრუნდეს არა მათ მიერ მოთხოვნილი 1086668,71ლ, არამედ 104090,40ლ. მოპასუხე არ ეთანხმება მის მიმართ 252-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ იგი შეცდომით არის მითითებული და მასზე აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ნორმა უნდა გავრცელდეს.
მოპასუხე თავის შესაგებელში ეჭვქვეშ აყენებს ასევე შპს «მ-ის” რეგისტრაციის საკითხს და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ინსპექციაში გადახდილი გადასახადის სიმცირის გამო, მის რეგისტრაციის მიზანს თავიდანვე შეადგენდა არა სამეწარმეო საქმიანობა, არამედ მხოლოდ სესხების აღება.
«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის შესაბამისად, მოპასუხე ითხოვს, უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნაზე და მას არ დაეკისროს ბაჟის გადახდა.
საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმულმა საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მთლიანად დაუჭირა მხარი მოპასუხის მოთხოვნას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განიხილა საქმე, 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. სამტრედიის საგადასახადო ინსპექციას დააკისრა 326563,58 აშშ დოლარისა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების 9796,8 აშშ დოლარის ექვივალენტური ლარის გადახდა გა-დახდის დღისათვის არსებული კურსით. აღნიშნული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის _ სამტრედიის საგადასახდო ინსპექციისა და საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხვონით ჩაბმული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1998 წლის 21 მაისს ძალაში შე-სულ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად, თითქოს დღგ-ს გადასახადისაგან გათავისუფლდა იმ სამუშაოსა და მომსახურების მიწოდება და გაწევა, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისათვის ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების პირადი სარგებლობისათვისაა განკუთვნილი. ეს ყოველივე კი არ შეიძლება გაიგივე-ბულ იქნეს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა საქმიანობასთან, რაც გამოიხატა შპს «მ-ისაგან” მიღებული მასალის ლტოლვილთათვის გადაცემაში. სასამართ-ლომ მიუთითა, რომ «სარგებლობა” არის მესაკუთრის ერთ-ერთი ძირითადი უფლება, რაც გამოიხატება ნივთის დანიშნულებისამებრ მიმართებაში, ხოლო «ოფიციალური” ნიშნავს თანამდებობრივს, რაც სასამართლოს აზრით, სავსებით შეესაბამება ზემოთ აღნიშნული ნორმის შინაარსს. აღნიშნა, რომ საქმეში მოიპოვება სხვადასხვა უწ-ყებებისა და მათ შორის, საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული წერილები და აქტები, რომლებშიც დაფიქსირებულია, რომ შპს «მ-ის” მიერ ზედმეტად არის გადახდილი 104092, 40 ლარი და ექვემდებარება ჩათვლას. არ გაიზიარა მოპასუხის და მესამე პირის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დღგ-ს გადასახადი ირიცხება რა ცენტრალურ ბიუჯეტში ვალი უნდა გადაიხადოს ფინანსთა სამინისტრომ და სამტრედიის რაიონის საგადასახადო ინსპექცია არ წარმოადგენს მოპასუხეს. ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დღგ-ს დაგვიანებით დაბრუნების გამო საჯარიმო სანქციების გამოყენება ასაფუძვლოა, რადგან საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს მიეცა რა უკუქცევითი ძალა, მასში არ არის აღნიშნული ვადა თუ როდის უნდა დაბრუნდეს გადახდილი თანხები და, შესაბამისად, არც საჯარიმო სანქციებზეა რაიმე ნათქვამი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი თანხის ვადაგადაცილების პერიოდზე უნდა მოხდეს პროცენტების დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და არა მე-2 ნაწილის მიხედვით. 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და არა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, 45-ე მუხლის მიხედვით კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები მათი შინაარსის გათვალისწინებით ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
დადგენილად მიიჩნია, რომ სამტრედიის საგადასახადო ინსპექციას შ.პ.ს. «მ-ის» სასარგებლოდ უნდა გადაეხადა ზედმეტად გადახდილი 108.668,71 ლარი, საიდანაც 4576,31 ლარი მოსარჩელეს თვითონ აღმოაჩნდა მოპასუხის დავალიანების სახით და მიიჩნია, რომ გადასახდელი დარჩა 104092, 40 ლარი. აღნიშნული თანხა გადაიყვანა აშშ დოლარებში იმ დროისათვის არსებული კურსით, რამაც შეადგინა 77225,61 აშშ დოლარი, დაერიცხა 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც სასამართლოს გამოანგარიშებით, შეადგინა 81086,89 აშშ დოლარი.
ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა ს.ს კომერციულ ბანკ «ა-თან» დადებული ხელშეკრულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის 61572 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და მოპასუხეს დააკისრა 32000 აშშ დოლარი ყოველგვარი საურავის გარეშე, რაც შეადგენს შპს «მ-ის” დირექტორის დ. ა-ის მიერ ვალის დაფარვის მიზნით აღებული სესხის ჯარიმას და დარიცხულ პროცენტს. არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა იტალიური კომპანია «ს-თან” დადებული კონტრაქტის დარღვევის გამო მოპასუხისათვის 210911 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ. ჩათვალა, რომ მოსარჩელემ იტალიური კომპანიისაგან ვერ მიიღო მოგება 121914 აშშ დოლარის ოდენობით, იმის გამო, რომ მოპასუხისაგან ვერ მიიღო დასაბრუნებელი დღგ-ს ღირებულება, ვერ შეასრულა დადებული ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს დააკისრა მიუღებელი მოგება ზემოაღნიშნულ თანხის ოდენობით და სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ასევე დააკისრა ზარალის ანაზღაურება, მხოლოდ არა 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ოდენობით, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვდა, არამედ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით განსაზღვრუ-ლი ზღვრული ოდენობით, რაც სასამართლოს დასკვნით ყოველდღიურად შეადგენს 0,03% და სარჩელის აღძვრის დღისათვის უტოლდება 14337,08 აშშ დოლარს. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა დააკმა-ყოფილა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 326562,58 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე დააკისრა ადვოკატის ხარჯები 9796,90 აშშ დოლარის ოდენობით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 28 ივლისის ზემოაღნიშნული გა-დაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოპასუხემ სამტრედიის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ, ასევე მოსარჩელე შპს «მ-მა”. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაუქმების მოთხოვნით თავისი მოსაზრებები შეიტანა საქართვე-ლოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა.
სამტრედიის საგადასახადო ინსპექციას საკასაციო საჩივრით მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და არაობიექტურია შემდეგ გარემოებათა გამო: მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ საგადასახადო კოდექსში 1998 წლის 1 მაისის ცვლილების, კერძოდ 101-ე მუხლის «ძ» ქვეპუნქტის განმარტებას შპს «მ-ის» სასარგებლოდ არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს. ასევე არასწორად მიაჩნია სასამართლოს მიერ სხვადსხვა ინსტანციების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაცემული პასუხების გაზიარება. თვლის, რომ აღნიშნული პასუხები და წერილები არ შეიძლება საქმეზე მიჩნეულ იქნას მტკიცებულებებად, რადგან, კასატორის აზრით, არც ერთი პასუხი არ არის არგუმენტირებული ორგანულ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით, აგებულია კითხვაპასუხის დონეზე. მიუთითებს, რომ საქმეში მოპასუხედ არასწორად იქნა ჩაბმული სამტრედიის საგადასახადო ინსპექცია და საერთოდ საგადასახადო ორგანოები, რადგან შპს «მ-ის” მიერ დღგ-ს გადახდა მოხდა იმ პერიოდისათვის, როდესაც კანონით დადგენილი წესით, იგი ვალდებული იყო გადაეხადა აღნიშნული გადასახადი, შესაბამისად საგადასახადო ორგანოების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
არასწორად მიაჩნია კონკრეტულ დავაში საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება. მიუთითებს, რომ სასამართლოს შეიძლება გამოეყენებინა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც სხვა წესია დადგენილი.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ იტალიურ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი მოგების 121914 აშშ დოლარისა და სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თა-ნახმად 0,03%, რამაც 14337 აშშ დოლარი შეადგინა, მათზე დაკისრებას. მიუ-თითებს, რომ სახელმწიფომ გაავრცელა შეღავათები და თუნდაც დადასტურებული იყოს, რომ შპს «მ-ს” ეკუთვნის ძირითადი გადახდილი დღგ, სახელმწიფომ ამისათვის საჯარიმო სანქციები არ შეიძლება გადაიხადოს. ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია სხვა ხარჯების გადახდის დაკისრება საგადასახადო ორგანოებზე ბიუჯეტიდან შპს «მ-ის” სასარგებლოდ.
მიაჩნია, რომ შპს «მ-ს” ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხა, თუ ნამდვილად დადასტურდება, რომ მან ეს თანხა კანონით დადგენილი წესით გადაიხადა. მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ არის დადგენილი, ნამდვილად აქვს თუ არა გადახდილი სადავო დღგ-ს თანხა მოსარჩელეს. აღნიშნავს, რომ სატრედიის საგადასახადო ინსპექციაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს დღგ-ს თანხა 405 ლარის ოდენობით. კასატორი _ სამტრედიის საგადასახადო ინსპექცია ასევე მიუთითებს, რომ შპს «მ-ის” რეგისტრაცია მოხდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით და იგი არ ჯდება «მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნებში. აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს საგადასახადო დეპარ-ტამენტი საქმეში ჩაბმულია, როგორც მესამე პირი, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. მიაჩნია, რომ აღნიშნულით მოხდა უფლებების შეზღუდვა. დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე, 203-ე და 207 მუხლები.
ითხოვს, შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი ჩართულ იქნეს საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით: გაუქმებულ იქნას გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შპს «მ-ის” სასარჩელო მოთხოვნას უსაფუძვლობის გამო ეთქვას უარი. სამტრედიის საგადასახადო ინსპექციამ საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა ქუთაისის საოლქო სასამართლოში დაბრუნება.
კასატორი შპს «მ-ი” საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართ-ლომ სწორად განსაზღვრა გადახდილ დღგ-ზე უკან დაბრუნების ვალდებულების წარმოშობის დრო, მაგრამ არასწორად განსაზღვრა ვადაგადაცილებული დღეები და შპს «მ-ზე” მიყენებული ზარალის გამო საურავების დარიცხვის შეწყვეტის საფუძვლად სარჩელის შეტანის თარიღი. ასევე, უსაფუძვლოდ მიაჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით _ 100000 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
მოითხოვს ვადაგადაცილებულ დღეებზე საურავის 0,2% და ზარალის 0,03% დაკისრებას მოპასუხისათვის, გადახდის მომენტამდე და არა სარჩელის შეტანამდე. ასევე მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურების 100000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ლარებში დაკისრებას მოპასუხისათვის გადახდისათვის არსებული კურსით.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი არასწორად მიიჩნევს მის საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩართვას. მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დარ-ღვეულია სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 52-ე, 203-ე და 207-ე მუხლები. მი-უთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლში შეტანილი 1997 წლის 18 სექტემბრის ცვლილებების გავრცელება შპს «მ-ის” მიერ გაეროს ლტოლვილ-თა კომისარიატზე მიწოდებული ხე-ტყის მასალაზე, დაუშვებელია. ასევე მიაჩნია, რომ 1998 წლის 1 მაისის კანონით საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის «ძ” პუნქტით შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რაც ითვალისწინებს «საქონლის სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის”, არ არის განთავისუფლებული გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი დღგ-ს გადახდისაგან იმ საქმიანობისათვის, რაც დაკავშირებულია მის მიერ შპს «მ-იდან” შესყიდულ ხე-ტყის მიმართებაში. საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გაეროს ლტოლვილთა კომისარიატს უნ-და გადაეხადა დღგ, რადგან მის მიერ შესყიდული ხე-ტყის მასალა განკუთვნილი არ იყო მისი ოფიციალური სარგებლობისათვის. ასევე მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საგადასახადო კანონმდებლობის აქტებს უკუქცევითი ძალა არ აქვთ, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეღავათების გავრცელე-ბა ადრე განხორციელებულ ქმედებებზე დაუშვებლად მიიჩნია, არასწორად მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალოგიით გამოყენება, რადგან ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია გადამხდელისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების დროს პროცენტის ოდენობა. ასევე მიუღებლად მიაჩნია შპს «მ-ის” მიერ იტალიურ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის მიყენებული ზიანის მოპასუხისათვის დაკისრება, რადგან თვლის, რომ არ არსებობს არავითარი საფუძველი მიზეზობრივი კავშირისა.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები. შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მოისმინა მხარეთა ახნსა-განმარტებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის _ სამტრედიის საგადასახადო ინსპექციისა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტა-მენტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ საქმეში არასწორად არის ჩართული საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. საკასაციო სასამართლოს აზრით, კონკრეტულ საქმეში მოპასუხეა საქართველოს სახელმწიფო, ხოლო მას წარმოადგენენ მისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. საგადასახა-დო ურთიერთობებში, საქართველოს კანონის «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” და სამინისტროს დებულების შე-საბამისად, სახელმწიფოს წარმოადგენს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო და მისი საგადასახადო დეპარტამენტი. სამტრედიის საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს. საგადასახა-დო შემოსავლების სამინისტრო, საგადასახადო დეპარტამენტი და მით უმეტეს მისი სტრუქტურული ერთეულები არ არიან იურიდიული პირები. ისინი მოქმედებენ ერთი იურიდიული პირის სახელმწიფოს სახელით, კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სა-სამართლოს მიერ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დე-პარტამენტის და მისი სტრუქტურული ერთეულის სამტრედიის საგადასახადო ინსპექციის საქმეში სხვადასხვა სტატუსით ჩართვა დაუშვებელია. საგადასახადო დეპარტამენტი და სამტრედიის საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენენ ერთ იუ-რიდიულ პირს სახელმწიფოს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. ამიტომ საქმეში ორივე ჩაბმული უნდა ყოფილიყო მოპასუხედ, მათი პროცესუალური უფლებამოსილება განისაზღვრება კანონმდებლობით მათთვის სახელწმიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებებით.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის _ სამტრედიის სა-გადასახადო ინსპექციისა და საგადასახადო დეპარტამენტის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ არასწორად იქნა გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულება გადაიხადოს ვადაზე გადაუხდელი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ე. ი. აქ საუბარია გადასახადის გადამხდელის და არა სახელმწიფოს ვალდებულებაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით გადასახადის ზედმეტად გადახდევინების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ანალოგიით გამოიყენა აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი, იმ დროს, როდესაც კონკრეტულ დავას ამავე მუხლის მე-2 ნაწილი უფრო მიესადაგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის აღნიშნული ნორმები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის _ სამტრედიის საგადასახდო ინსპექციისა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არის შპს «მ-სა” და გაეროს ლტოლვილთა კომი-სარიატის მიერ განხორციელებული ანგარიშსწორების პირდაპირი მტკიცებულებები. შესაბამისად, არ მოიპოვება გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მიერ შპს «მ-ისათვის” დღგ-ს არგადახდის პირდაპირი მტკიცებულება და მათი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს აზრით, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის პოზიციას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, მით უმეტეს, საგადასახადო დეპარტამენტმა საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას დააფიქსირა თავისი მოსაზრება, რომ სადავო ოპერაციაზე გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი არ უნდა იქნეს გათავისუფლებული დღგ-ს გადახდისაგან. შესაბამისად, თუ სასამართლო გაიზიარებს საგადასახადო დეპარტამენტის აღნიშნულ მოსაზრებას, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი აღმოჩნდება იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თობაზე სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იქნება შესაძლებელი. საკასაციო სასამართლოს აზრით, პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის მიზანშეწონილობაზე.
აღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასრულადაა გამოკვლეული, არასწორადაა განსაზღვრული საქმეში მონაწილე მხარეთა წრე და მათი პროცესუალური სტატუსი, რაც შეუძლებელს ხდის საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას, საქმის ხელახალი განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მითითებები და მათი გათვალისწინებით მოახდინოს საქმის განხილვა.
საკასაციო საამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს სამტრედიის რაიონის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს «მ-ის” საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმებულ იქნეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 28 ივლისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.