გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-176-კ 25 იანვარი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნ. კლარჯეიშვილი
მოსამართლეების: მ. ვაჩაძე,
ბ. მეტრეველი
კასატორის – საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლის, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი იურისტის ლ. ჭ-ის, მოწინააღმდეგე მხარის – ს.ს. «ი-ს» (ამჟამად ს.ს. «ბ-ს») წარმომადგენლის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დ. ა-ის, მესამე პირის _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენლის, სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილის დ. გ-ის მონაწილეობით,
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლის მეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მის გარეშე განიხილა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ს.ს. «ი-ს», მესამე პირის – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით 1996 წლის 1 ნოემბერს გაცემული უცხოური ინვესტიციის ¹128 ლიცენზიის ბათილად ცნობისა და ს.ს. «ი-ისათვის» ბიუჯეტის სასარგებლოდ 163875,29 ლარის დაკისრების თაობაზე.
საკასაციო პალატამ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად დადგენილად ცნო შემდეგი:
1996 წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა ს.ს. «ი-ი», საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 2000000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, საზოგადოება დააფუძნა ორმა იურიდიულმა პირმა: 1. შპს «ი-ი» (რეზიდენტი) და 2. «ბ-ი» (არარეზიდენტი პარტნიორი ირლანდიიდან). თითოეული პარტნიორის წილი შეადგენდა საწესდებო კაპიტალის 50% - 1000000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (ს. ფ. 108-118) დამოუკიდებელი აუდიტორის 1996 წლის 4 ოქტომბრის ¹ 1-001/კ-ფ შეფასების აქტის მიხედვით, ს.ს. «ი-ს» საწესდებო კაპიტალის შევსება უცხოელი პარტნიორის მიერ უნდა მომხდარიყო არაფულადი შესატანით კერძოდ, 1920550 აშშ დოლარის ღირებულების ქონებით: 1. ჩაის დამფასოებელი აღჭურვილობა – 73500 აშშ დოლარის ღირებულების; 2. სიგარეტის შესაფუთი აღჭურვილობა – 837400 აშშ დოლარი; 3. სიგარეტის დამამზადებელი აღჭურვილობა _ 843650 აშშ დოლარი; 4. წვენებისა და კონცენტრატების დამამზადებელი აღჭურვილობა – 166000 აშშ დოლარი (ს. ფ. 11), რაზედაც დამფუძნებლებს შორის 1996 წლის 15 ოქტომბერს დაიდო საინვესტიციო ხელშეკრულება (ს. ფ. 142-145). ვინაიდან ს.ს. «ი-ის» საწესდებო კაპიტალში უცხოელი პარტნიორის წილი შეადგენდა 50%, რაც 100000 აშშ დოლარს აღემატებოდა, «უცხოური ინვესტიციების შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს უცხოური ინვესტიციების სააგენტოს მიერ 1996 წლის 1 ნოემბერს გაიცა უცხოური ინვესტიციის ლიცენზია ¹128 (ს. ფ. 8) რომლის მიხედვითაც ინვესტირების ობიექტია ს.ს. «ი-ი», ინვესტიციის სახეობა _ მანქანა-მოწყობილობები, უცხოური ინვესტიციის ღირებულება (ფულადი-არაფულადი ფასეულობები) – 1920550 აშშ დოლარი. ლიცენზია მიეცა ს.ს. «ი-ს» საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად. ამასთან ლიცენზიაში მითითებულია, რომ ინვესტიცია სარგებლობს «უცხოური ინვესტიციების შესახებ» კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით.
1998 წლის ¹194 ბრძანების საფუძველზე საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა შეამოწმეს ს.ს. «ი-ში» უცხოური ინვესტიციების განხორციელებისა და მასზე შეღავათების გავრცელების კანონიერება. 1996 წლის 26 ივლისის შემოწმების აქტის მიხედვითა (ს. ფ. 5-7) და სატვირთო-საბაჟო დეკლარაციების თანახმად, 1996 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 1997 წლის იანვარში უცხოელი ინვესტორის - «ბ-ს» მიერ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ჩასადებად, ინვესტიციის სახით საქართველოში შემოტანილია მხოლოდ 847478 აშშ დოლარის ღირებულების ფასეულობანი, ნაცვლად 1920550 აშშ დოლარისა. კერძოდ: 1996 წლის 11 ნოემბერს იმპორტირებულია 421 100 ლარის ღირებულების ტუალეტის ქაღალდის დამამზადებელი მოწყობილობა (სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ¹2478/თ, ს. ფ. 16); 2. 1996 წლის 14 დეკემბერს – 573208 ლარის ღირებულების ჩაის გადამამუშავებელი დანადგარი (სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ¹5442 - ს. ფ. 17); 3. 1997 წლის 14 იანვარს – 82468,73 ლარის ღირებულების ნედლეული (სატვირო _ საბაჟო დეკლარაცია ¹241, ს. ფ. 18). ინვესტიციის სახით შემოტანილი ქონებიდან 421 100 ლარის ღირებულების ტუალეტის ქაღალდის დამამზადებელი მოწყობილობა 1997 წლის 31 მარტის ექსპერტიზის ¹4-164 აქტის მიხედვით მწყობრიდან გამოვიდა (ს. ფ. 157) და 1997 წლის 20 მარტის ¹6-ბ ხელშეკრულებით გადაეცა ყაზახეთის შპს «კ-ს» კაპიტალური რემონტისა და 1998 წ. 31 დეკემბრამდე დროებითი სარგებლობისათვის (ს. ფ. 121-122;) დროებით გატანილი დანადგარის დაუბრუნებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის თანახმად, სს «ი-ი» დაჯარიმდა ადმინისტრაციული სახდელით – 500 ლარით, რის შემდეგაც 1999 წლის 26 აპრილს გაფორმდა საბაჟო დეკლარაციები ¹0338; ¹0339 და გატანილი ტუალეტის ქაღალდის დამამზადებელი ხაზი მოექცა ექსპორტის რეჟიმში, თანახმად საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლისა (ს. ფ. 134-135)
საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მიერ ს.ს. «ი-ს» კამერალური წესით შემოწმების შემდეგ, 1999 წლის 26 ივლისს შედგა აქტი, რომლითაც «უცხოური ინვესტიციების შესახებ» საქართველოს 1995 წლის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევისათვის (უცხოური ინვესტორის მიერ ინვესტიციის სრულად და დროულად განუხორციელობისათვის) ს.ს. «ი-ს» ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 163875,29 ლარი, მათ შორის ფინანსური სანქცია 12970,8 ლარი (ს. ფ. 5-7), რის შესახებაც ეცნობა თბილისის კრწანისის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას და დაევალა დარიცხული თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღება, რაც საგადასახადო ინსპექციამ რეაგირების გარეშე დატოვა.
ვინაიდან უცხოელმა პარტნიორმა, «ბ-მ» არ შეასრულა 1996 წლის 15 ოქტომბრის საინვეტიციო ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, პირველი წლის განმავლობაში არ მოახდინა 1000000 აშშ დოლარის ღირებულების დანადგარების ინვესტირება, 1999 წლის 2 აპრილს პარტნიორებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აქციების გამოსყიდვის უფლების გადაცემის შესახებ და ს.ს. «ი-ის» აქციების 100% მფლობელი გახდა ირლანდიური ფირმა «ბ-ი» (ს. ფ. 151-152). 2000 წლის 6 სექტემბერს ს.ს. «ი-ის» აქციონერთა საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოების სახელწოდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და საზოგადოებას ეწოდა ს.ს. «ბ-ი» (ს. ფ. 146-149), რაც «მეწარმეთა შესახებ» კანონის შესაბამისად, 2000 წლის 7 სექტემბერს დარეგისტრირდა თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ს. ფ. 158).
2000 წლის 2 ივნისს კასატორმა – საქართველოს კონტროლის პალატამ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ს.ს. «ი-ის», საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, მესამე პირის - საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ და ს.ს. «ი-ს» 1999 წლის 26 ივლისის შემოწმების აქტის საფუძველზე მოითხოვა უცხოური ინვესტიციების სააგენტოს მიერ 1996 წლის 1 ნოემბერს გაცემული უცხოური ინვესტიციის ¹128 ლიცენზიის ბათილად ცნობა და აქტით ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული 163875,29 ლარის სააქციო საზოგადოებისათვის დაკისრება, «უცხოური ინვესტიციების შესახებ» 1995 წლის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო (ს. ფ. 1-4).
მოპასუხეების - ს.ს. «ი-სა» და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელებმა უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ¹128 ლიცენზიის ძალაში დატოვება. მესამე პირმა – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენელმა კი მართლზომიერად მიიჩნია ლიცენზიის ბათილად ცნობა და ს.ს. «ი-ის» მოქმედი კანონმდებლობით დაბეგვრა (ს. ფ. 159-195).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონტროლის პალატას სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარი ეთქვა შემდეგი საფუძვლით.
1. უცხოური ინვესტიციის სადავო ¹128 ლიცენზია გაცემულია საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტროს უცხოური ინვესტიციის სააგენტოს მიერ, რომელიც მოქმედებს 1996 წლის 26 ნოემბერს დამტკიცებული დებულების საფუძველზე, დებულების 5.1. პუნქტის თანახმად, ლიცენზიაში მითითებული უნდა ყოფილიყო ინვესტიციის «განხორციელების ვადა, რადგან 5.2. პუნქტის მიხედვით, ლიცენზია ძალაში იყო ინვესტიციის განხორციელების დასრულებამდე, ხოლო უცხოური ინვესტიციების შესახებ» კანონის მე-18 მუხლით, ინვესტიციის ვადაში განუხორციელებლობა, ლიცენზიის ბათილად ცნობის ერთ-ერთი საფუძველია. «საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ 1996 წლის 12 ნოემბრის კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის მფლობელებს 5 წლის განმავლობაში უნარჩუნდებოდათ «უცხოური ინვესტიციების შესახებ» 1995 წლის კანონით გათვალისწინებული შეღავათები;
2. მართალია, საგამოძიებო ორგანოების მიერ უცხოური ინვესტიციის სააგენტოდან ამოღებულ დოკუმენტთა ოქმში მითითებული არ არის პარტნიორ-დამფუძნებლებს: შპს «ი-ს» და ირლანდიურ «ბ-ს» შორის 1996 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება (ს. ფ. 137-138), მაგრამ არც სპეციალურად ყოფილა ვინმეს მიერ გამოთხოვილი, ამიტომ საინვესტიციო ხელშეკრულება მოპასუხე საზოგადოებამ წარმოადგინა სასამართლო სხდომაზე. ხელშეკრულების 3.4 მუხლის მიხედვით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 2000 000 აშშ დოლარის შევსება უნდა მომხდარიყო რეგისტრაციიდან 5 წლის მანძილზე. რეალურად უცხოელმა პარტნიორმა 847 478 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა ჯერ ამოწურული არ არის, ამიტომ «უცხოური ინვესტიციების შესახებ» კანონის 18.3. პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის ბათილობის საფუძველი არ არსებობს. ამასთან დაცულია უცხოური ინვესტიციის სააგენტოსათვის მიმართვის, ასევე, უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის გაცემის წესი და პროცედურა, ¹128 ლიცენზია ფორმითა და შინაარსით შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და ამდენად, სარჩელი მის ბათილობაზე უსაფუძვლოა;
3. ს.ს «ი-ს» შემოწმება, სარჩელში მითითებული დარღვევების დაფიქსირება და ლიცენზიის ბათილად ცნობის საფუძვლების გამოვლენა მოხდა 1999 წლის 26 ივლისის აქტით. მოსარჩელე – კონტროლის პალატამ ¹128 ლიცენზიის ბათილად ცნობაზე სარჩელი აღძრა 2000 წლის 2 ივნისს, რითაც დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
4. ვინაიდან არ არსებობს უცხოური ინვესტიციის სადავო ლიცენზიის ბათილად ცნობის საფუძველი, აქედან გამომდინარე უსაფუძვლოა მოსარჩელის მეორე მოთხოვნა _ ს.ს. «ი-ისათვის» ბიუჯეტის სასარგებლოდ 163 875,29 ლარის დაკისრების თაობაზე და მის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე (იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთება) გაასაჩივრა მოსარჩელე საქართველოს კონტროლის პალატამ შემდეგი მოტივებით:
1. უცხოელი ინვესტორის - «ბ-ს» მიერ უცხოური ინვესტიციის სააგენტოში წარდგენილ საინვესტიციო განცხადებაში ინვესტიციის განხორციელების საბოლოო ვადა არ იყო მითითებული, რაც «უცხოური ინვესტიციის შესახებ» 1995 წლის კანონის მე-18 მუხლის დარღვევა და ლიცენზიის სასამართლო წესით ბათილად ცნობის საფუძველია;
2. უცხოური ინვესტიციების სააგენტოს არ გაურკვევია განცხადების წარდგენის მომენტისათვის ინვესტიცია იყო თუ არა განხორციელებული, დამოუკიდებელმა აუდიტორმა 1996 წლის 4 ოქტომბრის აქტით საწესდებო კაპიტალში შესატანი ინვესტიცია განხორციელებულად ჩათვალა, რაც ფაქტობრივად არ განხორციელებულა და ინვესტიციის სახით შემოტანილია მხოლოდ 847478 აშშ დოლარის ფასეულობანი. ამდენად, ინვესტიცია არ იქნა სრულად და დროულად განხორცილებული, რაც «უცხოური ინვესტიციების შესახებ» კანონის 18.3 პუნქტის თანახმად, უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის ბათილად ცნობის საფუძველია;
3. სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, კოლეგია არ მიუთითებს თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით იქნა იგი მიღებული. ერთადერთი რასაც ემყარება გადაწყვეტილება, არის დამფუძნებლებს შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც ლიცენზიის აღების დროს არ ყოფილა წარდგენილი უცხოური ინვესტიციების სააგენტოში, რაც დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ნუსხიდან. ხელშეკრულება არც კონტროლის პალატისათვის ყოფილა წარდგენილი შემოწმების დროს, არამედ იგი მიიტანეს მხოლოდ სასამართლო საქმის განხილვისას. კასატორს მიაჩნია, რომ საინვისტიციო ხელშეკრულება ყალბია, რის შესახებაც განაცხადა სასამართლო სხდომაზე.
მოწინააღმდეგე მხარის _ ს.ს. «ი-ისა» და მესამე პირის – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო, მათი აზრით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება კანონიერია და დასაბუთებული, ამიტომ ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ითხოვს თავისი შესაგებელით პროცესზე გამოუცხადებელი მეორე მოწინააღმდეგე მხარეც – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროც. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება – დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო.
1. საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიის დასკვნას სარჩელის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით შეტანის შესახებ, ვინაიდან კასატორმა – საქართველოს კონტროლის პალატამ ს.ს. «ი-ი» შეამოწმა და 1999 წლის 26 ივლისის აქტით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაარიცხა 163875,29 ლარი, «უცხოური ინვესტიციების შესახებ» 1995 წლის კანონის 18.3. პუნქტის საფუძველზე, ხოლო სარჩელი აქტით დარიცხული თანხის ს.ს. «ი-ისათვის» დაკისრებისა და უცხოური ინვესტიციის ¹128 ლიცენზიის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოში აღძრა 2000 წლის 2 ივნისს (ს.ფბ 1-7). 1999 წლის 26 ივლისიდან – აქტის შედგენიდან 2000 წლის 2 ივნისამდე – სარჩელის აღძვრამდე ვადის გაშვება კონტროლის პალატის წარმომადგენელის განმარტებით განაპირობა იმ გარემოებამ, რომ აქტის შესახებ თავდაპირველად ეცნობა თბილისის კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციას და მასვე დაევალა დარიცხული თანხის ამოღება, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია და მხოლოდ ამის შემდგომ მიმართა კონტროლის პალატამ სარჩელით სასამართლოს. კასატორის ამ არგუმენტს საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან 1999 წლის 26 ივლისის შემოწმების აქტით კონტროლის პალატამ ს.ს. «ი-ის» «უცხოური ინვესტიციების შესახებ» 1995 წლის კანონის 18.3 პუნქტის დარღვევისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაარიცხა 163 875,29 ლარი, აქედან 160798,04 ლარი დაარიცხა ინვესტიციის სახით იმპორტირებულ მატერიალურ ფასეულობათა საბაჟო და დამატებითი ღირებულების გადასახადების სახით, ხოლო დანარჩენი - 1997 წლის IV კვარტალისა და 1998 წლის I კვარტალის ქონების გადასახადის სახით ანუ დაარიცხა ის გადასახადები, რისგანაც ს.ს. «ი-ი» შემდგომში სადავო ¹128 ლიცენზიით თავისუფალი იყო «უცხოური ინვესტიციების შესახებ» კანონის 21.12-ე და 21.16-ე მუხლების შესაბამისად. ამ თანხების დარიცხვის საფუძვლად კონტროლის პალატის აქტში მითითებულია «უცხოური ინვესტიციების შესახებ» 1995 წლის კანონის 18.3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის სასამართლო წესით ბათილად ცნობის საფუძვლია ინვესტიციების განუხორციელებლობა განსაზღვრულ ვადაში ან მისი განხორციელება მიღებული ლიცენზიისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. საკასაციო პალატა კონტროლის პალატის ყურადღებას გაამახვილებს კანონის მითითებულ 18.3 პუნქტზე, რომლითაც იმპერატიულად დადგენილია, რომ ინვესტიციის ვადაში განუხორციელებლობის შემთხვევაში, უცხოური ინვესტიციის ლიცენზია ბათილად უნდა ეცნო სასამართლოს. ზოგადად ლიცენზიის ბათილად ცნობა რომ მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა ასევე დადგენილი, 1999 წლის 14 მაისის «სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ» კანონის მე-13 მუხლის II ნაწილითაც. ამიტომ კონტოლის პალატა ვალდებული იყო «უცხოური ინვესტიციების შესახებ» კანონისა და იმჟამად მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის დაცვით, სარჩელის აღძვრის უფლების წარმოშობიდან (გამოვლენილ დარღვევებზე 1999 წლის 26 ივლისის აქტის შედგენიდან) ერთი თვის ვადაში სარჩელი აღეძრა ¹ 128 ლიცენზიის ბათილობისა და დარიცხული 163875,29 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ¹ 128 ლიცენზიის დადგენილი წესით სასამართლოს მიერ ბათილად ცნობამდე, ს.ს. «ი-ი» მართლზომიერად სარგებლობს «უცხოური ინვესტიციების შესახებ» კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით და კონტროლის პალატის მიერ თანხის დარიცხვა უკანონოა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გაშვებით შემოტანაზე რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, არამედ მხოლოდ ეჭვი გამოთქვა 1996 წლის 15 ოქტომბერს პარტნიორებს შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების ნამდვილობაზე. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულება არ ყოფილა ოფიციალურად ვინმეს მიერ გამოთხოვილი, რომ მოპასუხემ – ს.ს. «ი-იმ» იგი წარმოადგინა სხდომაზე, სასამართლომ კი მტკიცბულებად მიიღო და მისცა სამართლებრივი შეფასება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რაც ემყარება სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ, ობიექტურ განხილვას და სხვა მტკიცებულებებთან შეჯერებას. საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიის სამართლებრივ შეფასებას და არ იზიარებს კასატორის დაუსაბუთებელ ეჭვს, რადგან საინვესტიციო ხელშეკრულების ნამდვილობა და მასში გამოხატული მხარეთა ნების რეალობა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით: 1) 1999 წლის 2 აპრილის ხელშეკრულება აქციების გამოსყიდვის უფლების გადაცემის შესახებ (ს. ფ. 151-152); 2) ს.ს. «ი-ს» აქციონერთა 2000 წლის 6 სექტემბრის საერთო კრების ოქმი (ს. ფ. 146-147); 3) მთაწმინდა - კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 სექტემბრის დადგენილება ს.ს. «ი-ის» რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს. ფ. 158).
საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ 1999 წლის 2 აპრილის ხელშეკრულებისა და პარტნიორებს შორის ზემოაღნიშნული შეთანხმება – ცვლილებების მართლზომიერების, ასევე თვით სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის სისწორისა და ,,მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 3.5. მუხლიდან შესაბამისობის შესახებ საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან კონტროლის პალატას ისინი სადავოდ არ გაუხდია, სასამართლო კი არაუფლებამოსილია გასცდეს სარჩელისა და საკასაციო საჩივრის ფარგლებს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 404-ე მუხლებისა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის დაუსაბუთებელ ეჭვს 1996 წლის 15 ოქტომბრის საინვესტიციო ხელშეკრულების სიყალბის შესახებ, არამედ ეთანხმება ხელშეკრულებაზე საოლქო სასამართლოს კოლეგიის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილებას, რომ ხელშეკრულების 3.4. მუხლის მიხედვით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი _ 2 000 000 აშშ დოლარი უნდა შეივსოს საზოგადოების რეგისტრაციიდან 5 წლის განმავლობაში, უცხოელმა ინვესტორმა რეალურად განახორციელა 847478 აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია, რაც კონტროლის პალატის 1999 წლის 26 ივლისის აქტშიც არის დაფიქსირებული ვინაიდან საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვესტირების ხუთწლიანი ვადა დღეისათვის გასული არ არის, ამიტომ 2001 წლის 22 ოქტომბრამდე კონტროლის პალატის სარჩელი ¹ 128 უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის ბათილად ცნობისა და 163875 ლარის დაკისრებაზე ინვესტიციის ვადაში განუხორციელებლობის მოტივით უსაფუძვლოა.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სწორად განმარტა და გამოიყენა კანონი,M შესაბამისად დავაც არსებითად სწორად გადაწყვიტა და რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, -საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლის, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი იურისტის ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება უცხოური ინვესტიციის ¹ 128 ლიცენზიის ბათილობასა და ს.ს. «ბ-ისათვის» 163 875,29 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.