გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-177კ 1 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. მეტრეველი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი _ შპს «გ-ს” რეგისტრაციის გაუქმება და აუქციონისა და პრივატიზაციის შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ქუთაისის სასამართლოს სარჩელით მიმართეს ი. ბ-ემ, ც. გ-ემ, ნ. გ-ემ და მოითხოვეს შპს «გ-ს” სასამართლო რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე ნ. ჯ-მა ისინი შეცდომაში შეიყვანა, თვითონ მოახდინა მაღაზიის პრივატიზაცია და შექმნა შპს «გ-ა”. საპრივატიზაციო და შპს «გ-ს” სადამფუძნებლო დოკუმენტებზე ისე მოაწერინა ხელი, რომ არ იცოდნენ, რაზე მოაწერეს ხელი და როცა დაინტერესდნენ, შეიტყვეს, რომ მოპასუხეს მიკუთვნებული ჰქონდა შპს «გ-ს” წილის 97%, ხოლო მათ, მოსარჩელეებს, თითოეულ მათგანს თითო პროცენტი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 30 ნოემბრის დადგენილება შპს «გ-ს” რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 3 სექტემბრის განჩინებით. ქ. ქუთაისის სასამართლომ 1998 წლის 6 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა მოსარჩელის განცხადება 1998 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ და განმარტა, რომ გადაწყვეტილებით გაუქმებულია როგორც 1996 წლის 1 ნოემბრის აუქციონის, ისე საერთოდ ¹..... მაღაზიის პრივატიზაციის შედეგებიც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 9 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტი ქუთაისის სასამართლოს 1998 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებისა და 1998 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მოთხოვნა შპს «გ-ს” შექმნისა და მისი რეგისტრაციის გაუქმების, აუქციონისა და მაღაზიის აქტიური ნაწილის პრივატიზაციის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო შპს «გ-ს” რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად დაენიშნა სამთვიანი ვადა. ქუთაისის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. მოითხოვეს მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ განიხილა საქმე, 2000 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტებები იმის თაობაზე, რომ ამხანაგობის სადამფუძნებლო ოქმი და ხელშეკრულება მხარეთა ნების საწინააღმდეგოდ იყო დადებული, რომ გარიგება არ შემდგარა და მოსარჩელეებმა ისე მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომ არ წაუკითხავთ და არ იცოდნენ, რა დოკუმენტი გაფორმდა. შესაბამისად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები. სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ და გასაზიარებლად მიიჩნია ნოტარიუს ე. გ-ის განმარტება, რომ აპელანტებისათვის დოკუმენტებზე ხელის მოწერის მომენტში ცნობილი იყო სადამფუძნებლო საერთო კრების ოქმისა და ხელშეკრულების შინაარსი და სამართლებრივი შედეგიც. დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტი, რომ მოსარჩელეებმა გაუშვეს სანოტარო მოქმედების შესრულების დროისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილი სანოტარო მოქმედებების გასაჩივრების 10-დღიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. ჯ-ს არ გააჩნდა ამხანაგობის წევრთა მხრიდან კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული მინდობილობა აუქციონზე მონაწილეობისათვის. იგი აუქციონში მონაწილე ერთადერთი ფიზიკური პირი იყო და მან გამოისყიდა კიდეც ქონება. ჩათვალა, რომ აუქციონის ოქმში ნ. ჯ-თან ერთად ამხანაგობის დაფიქსირება შეცდომაა, რაც ვერ გახდება აუქციონისა და საერთო მაღაზიის აქტიური ნაწილის პრივატიზების გაუქმების საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად და დადგენილად მიიჩნია, რომ 1996 წლის 1 ნოემბერს ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ «სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვით მოახდინა სახელმწიფო ქონების გაყიდვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია იმ ნაწილში, რომ დადასტურებულად მიიჩნია რა სარეგისტრაციო დოკუმენტების არასრულყოფილება და არასისრულე, «მეწარმეთა შესახებ” კანონის 5,8 მუხლის შესაბამისად, დაუნიშნა 3-თვიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად.
მოსარჩელეებმა ი. ბ-ემ, ც. გ-ემ და ნ. გ-ემ ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მათი სასარჩელო მოთხოვნის (სასამართლო რეგისტრაციის გაუქმებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ) დაკმაყოფილების თაობაზე, შემდეგი საფუძვლით:
კასატორებს არასწორად მიაჩნიათ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ ნოტარიუსმა გ-მა მათ განუმარტა სადამფუძნებლო საერთო კრების ოქმისა და ხელშეკრულების შინაარსი და სამართლებრივი შედეგი. მიიჩნევა, რომ ეს არის სინამდვილის გაყალბება, ვინაიდან ისინი ცალ-ცალკე და სხვადასხვა დროს მიიყვანეს ნოტარიუსში.
არასწორად მიაჩნია, ასევე იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის გამოყენება, რომლის შესაბამისად დაინტერესებულ პირს, რომელსაც უმართებულოდ მიაჩნია შესრულებული სანოტარო მოქმედება, უფლება ჰქონდა საჩივარი შეეტანა სასამართლოში ათი დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ. მიუთითებენ, რომ ამხანაგობის სადამფუძნებლო კრების ოქმი და ხელშეკრულება მათ წაუკითხეს და გაარკვიეს მის შესახებ მხოლოდ სასამართლოში, როცა ისინი ქონების მართვის სამმართველომ წარმოადგინა და შესაბამისად მათ 286-ე მუხლით დადგენილი 10-დღიანი ვადა არ დაურღვევიათ. კასატორის აზრით, აღნიშნული იძლევა საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე” პუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძვლის არსებობისა. ამის დადასტურებად მიაჩნია კასატორს ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლო კოლეგიამ დადასტურებად მიიჩნია 1996 წლის 3 ნოემბრის საერთო კრების ოქმში მხარეთა მიერ წარდგენილი ნების გამოხატვის ფაქტი. მიუთითებს, რომ ამით სასამართლომ გააყალბა დოკუმენტი, რომელზეც მხოლოდ კრების თავმჯდომარის ხელმოწერაა და როგორ დასტურდება დანარჩენი ორი მონაწილის ნება, როცა ოქმზე არც ერთ მათგანს ხელი მოწერილი არ აქვს, გაუგებარია.
ასევე, არასწორად მიაჩნია გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ ნ. ჯ-ს არ გააჩნდა ამხანაგობის წევრთა მხრიდან კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული მინდობილობა აუქციონზე მონაწილეობისათვის. მიუთითებს, რომ 1996 წელს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 329-ე, 407-ე მუხლებით, მინდობილობა წარმოდგენილია როგორც ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს მეორე მხარის სახელით შეასრულოს ესა თუ ის იურიდიული ქმედება. რაიმე საგანგებო ფორმა ასეთი ხელშეკრულებისა მითითებულ ნორმებში არ არის. კასატორების აზრით, 1996 წლის 9 ოქტომბრის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის საერთო კრების ოქმი ¹1 წარმოადგენს აღნიშნული კანონის შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც ამხანაგობის ერთპიროვნულ უფლებამოსილ პირად დაინიშნა ნათელა ჯ-ი. მასვე მიეცა უფლებამოსილება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასა და საკუთრების მოწმობის თავის სახელზე გაფორმებისა და 1996 წლის 1 ნოემბერის აუქციონზე მონაწილეობის მიღებისათვის. დადგენილებას მხარი დაუჭირა ყველა მონაწილემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს არასწორად მიაჩნიათ სასამართლოს დასკვნა, რომ ნ. ჯ-ს არ ჰქონდა სათანადო წესით გაცემული მინდობილობა და რომ იგი მოქმედებდა თავისი სახელით.
ასევე, არასწორად მიიჩნევენ კასატორები სასამართლოს მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტების არასრულყოფილებისა და არასისრულის გამო «მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად, 3-თვიანი ვადის დანიშვნას ხარვეზების გამოსწორებისათვის. მიუთითებენ, რომ სასამართლოს მიერ ხარვეზებად მიჩნეული დარღვევები წარმოადგენს რეგისტრაციის უდავო ბათილობის საფუძველს.
მოწინააღმდეგე მხარე ნ. ჯ-მა და ქუთაისის ქონების მართვის სამმართველომ საკასაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 14 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფიდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის ძალაში დატოვების ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეებს აუქციონისა და მაღაზიის პრივატიზაციის შედეგების ბათილად ცნობაზე, ხოლო შპს «გ-ს” შექმნისა და რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დატოვების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამხანაგობის საერთო კრების ოქმზე და ხელშეკრულებაზე, რომლებიც დამოწმებულია სანოტარო წესით, მათ ისე მოაწერეს ხელი, რომ არ იცოდნენ აღნიშნული დოკუმენტების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. საკასაციო სასამართლოს აზრით, დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმების ძირითადი არსი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ამით უტყუარად დასტურდება მხარეთა მიერ გამოხატული ნების ნამდვილობა. მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ თავიანთი ხელნაწერების ნამდვილობა სადავო დოკუმენტებზე. ყველა ქმედუნარიანი პირისათვის ცნობილია, რომ სანოტარო მოქმედების შესრულება იწვევს გარკვეულ იურიდიულ შედეგებს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სანოტარო მოქმედების გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების განმარტებას იმის თაობაზე, რომ სადამფუძნებლო კრების ოქმი და ხელშეკრულება მათ წაიკითხეს სასამართლოში, როცა ქონების მართვის სამმართველომ წარმოადგინა. კასატორების განმარტებით, ისინი თვითონ მივიდნენ სანოტარო ბიუროში სადავო დოკუმენტებზე ხელმოწერისას. ამდენად, სანოტარო მოქმედებების შესრულების შესახებ მათთვის ცნობილი იყო ამ მოქმედების შესრულებისთანავე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ნ. ჯ-ს არ გააჩნდა ამხანაგობის წევრთა მხრიდან კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული მინდობილობა აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად და მან მონაწილეობა მიიღო აუქციონში როგორც ერთადერთმა ფიზიკურმა პირმა, რომ აუქციონის ოქმში ნ. ჯ-თან ერთად ამხანაგობის მითითება შეცდომაა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ ამხანაგობის წევრებმა 1996 წლის 1 ნოემბრის ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების, რომელიც დამოწმებულია ნოტარიალური წესით, 4.2 პუნქტის თანახმად, მისცეს ნ. ჯ-ს რწმუნება ერთპიროვნულად წარმოედგინა ამხანაგობა ქონების მართვის სამმართველოში აუქციონზე ქონების პრივატიზაციისას და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისას. ამდენად, სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოების დასკვნები, რომ ნ. ჯ-ი სადავო აუქციონზე და 1996 წლის 7 ნოემბრის საიჯარო ხელშეკრულების დადებისას მოქმედებდა თავისი სახელით, უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ჯ-მა მაღაზიის ქონების აქტიური ნაწილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ¹339 გააფორმა მაღაზია ¹..... შრომითი კოლექტივის ამხანაგობის სახელით, როგორც ეს მითითებულია თვით ამ ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზე იმავე წლის 25 ნოემბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹..... . ასევე, ამხანაგობის სახელით გააფორმა 1996 წლის 7 ნოემბრის საიჯარო ხელშეკრულება მაღაზია ¹....-ის, 59,74 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ქონების პრივატიზაცია და საიჯარო ხელშერკულების გაფორმება მოხდა სწორად და არ არსებობს აუქციონისა და პრივატიზაციის ბათილად ცნობის სამმართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში გაკეთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია იმ ნაწილში, რომ დადასტურებულად მიიჩნია რა შპს «გ-ს” სარეგისტრაციო დოკუმენტების არასრულყოფილება და არასისრულე, «მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად დაუნიშნა მხარეს 3-თვიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, ხოლო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას შპს «გ-ს” რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, უთხრა უარი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ საქმის განმხილველმა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საწარმოს სარეგისტრაციო დოკუმენტების არასრულყოფილება და «მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად, დაუნიშნა 3-თვიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ” პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო ამ ნაწილში საქმის წარმოება შეეჩერებინა, მხარის მიერ რეგისტრაციის დროს დაშვებული ხარვეზის გამოსწორების საქმის მარეგისტრირებელ სასამართლოში გადაწყვეტამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 14 სექტემბრის განჩინება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების იმ ნაწილის ძალაში დატოვების შესახებ, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეებს აუქციონისა და მაღაზიის პრივატიზაციის შედეგების ბათილად ცნობაზე, დატოვებულ იქნეს უცვლელად, ხოლო გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილი, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «გ-ს” რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში დატოცვებულ იქნა უცვლელად, გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.