Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-179-კ 26 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და შპს თბილისის სამედიცინო კოლეჯი «თანადგომას» შორის 18.01.99 წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ¹ ... საღამოს საშუალო სკოლამ 02.09.99 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე, სამგორის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის ბალანსზე რიცხული შენობა წლების მანძილზე, არასაცხოვრებელი ფართობის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული ქ. თბილისის ¹ ... საღამოს საშუალო სკოლას. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ შენობის მე-3 სართული, 487,52 კვ.მ. ბალანსთმფლობელის თანხმობის გარეშე, კანონმდებლობის დარღვევით, იჯარით, კონკურსის ფორმით, 10 წლის ვადით გადასცა სრულიად საქართველოს მრავალშვილიან, მარტოხელა დედათა და მარტოხელა ინვალიდთა საქველმოქმედო ასოციაცია «თანადგომას» სამედიცინო კოლეჯს და 18.01.99 წ. გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. მოსარჩელემ მოითხოვა ს.ქ.მ. სამმართველოს და სამედიცინო კოლეჯს შორის 18.01.99 წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 16.12.99 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 18.01.99 წ. საიჯარო ხელშეკრულება. თბილისის საოლქო სასამართლოს 27.09.2000 წ. გადაწყვეტილებით ს.ქ.მ. სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 16.12.99 წ. გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემა არ ყოფილა შეთანხმებული შენობის ბალანსთმფლობელთან, რითაც დაირღვა კონკურსის ჩატარების დროს მოქმედი ს.ქ.მ. მინისტრის 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების მოთხოვნები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.09.2000 წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის ს.ქ.მ. სამმართველოს და სრულიად საქართველოს მრავალშვილიან მარტოხელა დედათა და მარტოხელა ინვალიდთა საქველმოქმედო ასოციაცია «თანადგომას» სამედიცინო კოლეჯის მიერ. ს.ქ.მ. სამმართველო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ს.ქ.მ. სამმართველოსა და სამედიცინო კოლეჯს შორის 18.01.99 წ. საიჯარო ხელშეკრულება დადებულია 08.08.98 წ. კონკურსის ოქმისა და ს.ქ.მ. სამმართველოს 21.08.98 წ. ¹ 1-4/532 ბრძანების საფუძველზე. გაუგებარია, თუ რის საფუძველზე იქნა საიჯარო ხელშეკრულება ბათილად ცნობილი, სასამართლომ ისე გააუქმა ს.ქ.მ. სამმართველოს და შპს თბილისის სამედიცინო კოლეჯს შორის 18.01.98 წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულება, რომ არ უმსჯელია კონკურსის კანონიერებაზე, არ შეხებია კონკურსის ჩატარების საფუძველს – ადმინისტრაციულ აქტს, კონკურსის ოქმს, ბრძანებას კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ. სააპელაციო პალატის 27.09.2000 წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილი იწყება მხარეთა მოთხოვნების აღწერით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარეების პოზიციის გამო. მესამე პირად საქმეში მონაწილეობა მიიღო სამგორის რაიონის საბინაო ტრესტმა, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 21.01.98 წ. ¹ 01.02.02 დადგენილების შესაბამისად, რეორგანიზებულია და მის ნაცვლად შექმნილია შპს მოსახლეობის სერვისული მომსახურეობის ცენტრი. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ძირითად საფუძვლად მითითებულია სადავო ფართის სამგორის რაიონის საბინაო ტრესტის ბალანსზე აღრიცხვა და ბალანსთმფლობელთან მისი იჯარით გაცემის შეუთანხმებლობა, მაშინ როდესაც ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ფართი გადაცემული იყო ს.ქ.მ. სამმართველოს სამგორის რაიონულ განყოფილებაზე, რომელზედაც დელეგირებული იყო ამავე და სხვა არასაცხოვრებელი ფართების მართვა. საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ არ გაითვალისწინა ის, რომ ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პრალატამ 21.03.2000 წ. ადგილზე თათბირით დაადგინა და განმარტა, რომ კოლეჯი საქმეში უნდა მონაწილეობდეს არა მესამე პირად, არამედ მოპასუხედ. 27.09.2000 წ. განჩინება ბუნდოვანი და იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამო შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების დადგენა. ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა 27.09.2000 წ. განჩინების გაუქმება და საქმის მასალების თბილისის საოლქო სასამართლოს შესაბამისი პალატისათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 27.09.2000 წ. განჩინება, იგივე მოტივებით და იგივე მოთხოვნით, საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე სამედიცინო კოლეჯის მიერ. საკასაციო საჩივარში დამატებით მითითებულია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია იმის შესახებ, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი მოსარჩელე ბალანსთმფლობელის სახელით ედავა უფლების დარღვევაზე. ვინაიდან საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტი სარჩელის აღძვრის მომენტისათვის არ არსებობდა, სარჩელი აღიძრა ¹ 2 საღამოს საშუალო სკოლის მიერ, რომელიც წარმოადგენდა არაჯეროვან მოსარჩელეს, სასამართლოს უნდა შეეცვალა იგი სათანადო მოსარჩელით ან უარი ეთქვა სარჩელზე.

მოწინააღმდეგე მხარის, ქ. თბილისის ¹ ... საღამოს საშუალო სკოლის და მესამე პირის, შპს «... გაერთიანების» წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, განმარტეს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის სრული შესაბამისობით იქნა დადგენილი და ითხოვეს მისი ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, აგრეთვე მხარეთა და მესამე პირთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო იმ უწყებასთან ან ორგანიზაციასთან შეთანხმებით, რომლის ბალანსზეც ირიცხება გადასაცემი ქონება. ფართის იჯარით გაცემაზე კონკურსის გამოცხადებისას თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ბალანსთმფლობელის თანხმობა არ მიუღია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული, აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. ამავე კოდექსის 533-ე მუხლის მიხედვით, გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, კოდექსის 534-ე მუხლის თანახმად გაქირავებული ნივთი უფლებრივად უნაკლოა თუ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს დამქირავებელს მოთხოვნები ამ ნივთის გამო, კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები. ამდენად, სრულიად საქართველოს მრავალშვილიან, მარტოხელა დედათა და მარტოხელა ინვალიდთა საქველმოქმედო ასოციაცია «თ-ს» სამედიცინო კოლეჯს 18.01.99 წ. საიჯარო ხელშეკრულებით გადაეცა უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთი, ვინაიდან ¹ ... საღამოს საშუალო სკოლა უფლებამოსილია წამოაყენოს მასზე კანონიერი მოთხოვნები.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის, სამედიცინო კოლეჯის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის ¹ ... საღამოს საშუალო სკოლა არ წარმოადგენდა სათანადო მოსარჩელეს, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი ჰქონოდა პრეტენზია ქონების იჯარით გაცემის თანხმობაზე. საბინაო საექსპლოატაციო უბანსა და ¹ ... საღამოს საშუალო სკოლას შორის 01.01.97 წ. დადებული არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულების ვადა 1999 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების და ბალანსთმფლობელის თანხმობის არ არსებობის მიუხედავად, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ შენობის მე-3 სართული იჯარით, კონკურსის ფორმით, 10 წლის ვადით გადასცა სამედიცინო კოლეჯს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ს.ქ.მ. სამმართველოსა და სამედიცინო კოლეჯს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებით შეიზღუდა ¹ 2 საღამოს საშუალო სკოლის სადავო ფართით სარგებლობის უფლება, რის გამოც, უკანასკნელს ჰქონდა საქმისადმი უშუალო მატერიალური და პროცესუალური ინტერესი. საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას თავად კასატორის, ს.ქ.მ. სამმართველოს წარმომადგენელმა აღიარა, რომ სკოლას, როგორც კონკურსში შესაძლო მონაწილეს, ჰქონდა სარჩელის აღძვრის უფლება. ამდენად, პალატა არ იზიარებს სამედიცინო კოლეჯის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ¹ 2 საღამოს საშუალო სკოლა არაჯეროვან მოსარჩელეს წარმოადგენდა და სასამართლოს იგი უნდა შეეცვალა სათანადო მოსარჩელით ან სარჩელზე უარი ეთქვა.

პალატა, კასატორების ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ განსახილველი დავა ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა წარმოადგენდა არაგანსჯად სასამართლოს, ამდენად ადგილზე თათბირით სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინებას იმის შესახებ, რომ მესამე პირი – სამედიცინო კოლეჯი საქმეში მოპასუხედ უნდა ჩართულიყო, – არ ატარებდა სავალდებულო ხასიათს. ამასთანავე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, მესამე პირი სარგებლობს მხარის (მოსარჩელე-მოპასუხის) ყველა უფლებით, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებით. სამედიცინო კოლეჯის დირექტორის ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამდენად, არ შელახულა სამედიცინო კოლეჯის, როგორც პროცესის მონაწილის, პროცესუალური უფლებები.

კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ფართი გადაეცა ქონების მართვის სამმართველოს სამგორის რაიონულ განყოფილებას, რომელზეც დელეგირებული იქნა ამავე და სხვა არასაცხოვრებელი ფართის მართვა, არ გამორიცხავს და არ უარყოფს «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით მისთვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმით – უზუფრუქტი (სასყიდლიანი და უსასყიდლო), ქირავნობა, იჯარა, თხოვება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო იმ უწყებასთან ან ორგანიზაციასთან შეთანხმებით, რომლის ბალანსზეც ირიცხება გადასაცემი ქონება». სწორედ აღნიშნულით და ხელშეკრულების დადების ვადის დარღვევით გაფორმების გამო იყო განპირობებული ის, რომ საკითხის შესწავლის შედეგად სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 26.03.99 წ. ¹ 05-8/29 წერილით დადასტურდა, რომ იჯარით სადავო ფართის გაცემა დებულების მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა.

ბალანსთმფლობელის თანხმობის საჭიროებას არ გამორიცხავდა აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 21.01.98 წ. ¹ 01.02.02 დადგენილებით განსაზღვრული ქალაქის ადგილობრივი ორგანოების საბინაო-საექსპლუატაციო სამსახურების ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის ღონისძიებები, დადგენილების მე-8 პუნქტით განისაზღვრა, რომ რაიონების საბინაო მეურნეობის სამსახურების რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული შენობა-ნაგებობები, საწარმოო საშუალებები და ფინანსური სახსრები რჩება შესაბამის რაიონულ გამგეობათა გამგებლობაში. მიუხედავად ამისა, სადავო ფართის იჯარით გაცემისას არ იქნა გამოთხოვილი არც გამგეობის, არც მერიის და არც ¹ ... საღამოს საშუალო სკოლის თანხმობა. რაც შეეხება მესამე პირად საქმეში სამგორის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მონაწილეობას, საქმის განხილვისას გაირკვა, რომ რეორგანიზაციის შედეგად ტრესტის ბაზაზე გამგეობის მიერ დაფუძნდა შპს «... გაერთიანება», რომელსაც საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოადგენდა მისი დირექტორი ა. შ-შვილი. ამასთანვე, კასატორების მოსაზრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 21.01.98 წ. ¹ 01.02.02 დადგენილებით საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის რეორგანიზაციის შესახებ უსაფუძვლოდ ხდის კონკურსის პირობების შესახებ გაზეთ «თ-ში” 18.07.98 წ. გამოქვეყნებულ ს.ქ.მ. სამმართველოს ინფორმაციაში მითითებას იმის შესახებ, რომ იჯარით გაიცემოდა თბილისის სამგორის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის ბალანსზე რიცხული 487,52 კვ.მ. ფართი. ასეთივე მონაცემებს შეიცავდა კასატორის – ქ. თბილისის ს.ქ.მ. სამმართველოს 21.08.98 წ. ¹ 1-4/532 ბრძანება «სამგორის რაიონის სს ტრესტის ბალანსზე რიცხული ფართის 487,52 კვ.მ. იჯარით გაცემისათვის ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ».

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა თავისთავად მოიცავდა და გულისხმობდა კონკურსის შედეგების გაუქმებას, ვინაიდან კონკურსში გამარჯვებულთან საიჯარო ხელშეკრულების დადებას აქვს საკონკურსო სამართალურთიერთობების შემწყვეტი მნიშვნელობა, 14.11.97 წ. დებულების მე-4 მუხლის 31-ე პუნქტით განსაზღვრულია კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმების ვადა. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ იქონია მსჯელობა კონკურსის თაობაზე. საოლქო სასამართლოს განჩინებაში დადგენილად არის ცნობილი, რომ ინფორმაცია ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე, ქ. თბილისის სამგორის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის ბალანსზე რიცხული 487,52 კვ.მ. ფართის იჯარით გაცემის შესახებ გამოქვეყნდა 18.07.98 წ. გაზეთ «თ-ში». კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრა 08.08.98 წ., კონკურსის შედეგები დამტკიცდა ქ. თბილისის ს.ქ.მ. სამმართველოს 21.08.98 წ. ბრძანებით. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ დაირღვა კონკურსის ჩატარების დროს მოქმედი ს.ქ.მ. მინისტრის 14.11.97 წ. ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, სადავო ფართი იჯარით გაიცა ბალანსთმფლობელის თანხმობის გარეშე. ამასთანავე, საიჯარო ხელშეკრულება დაიდო არა დებულების მე-4 მუხლის 31-ე პუნქტით განსაზღვრულ 15 კალენდარული დღის ვადაში, არამედ რამდენიმე თვის შემდეგ.

ქ. თბილისის ს.ქ.მ. სამმართველოს კონკურსის მაორგანიზებელი აქტები კონკურსის გამოცხადების, მისი შედეგების დამტკიცების შესახებ მიზნად ისახავდა განსაზღრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას – საიჯარო ხელშეკრულების დადებას. ვინაიდან კონკურსი თავისი ბუნებით ცალმხრივ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულთან საიჯარო ხელშეკრულების დადებას აქვს საკონკურსო სამართალურთიერთობების შემწყვეტი მნიშვნელობა, ძირითადი, პრიორიტეტული სამართლებრივი მნიშვნელობა სასამართლომ მართებულად მიანიჭა საიჯარო ხელშეკრულებას და არა მისი დადების უზრუნველსაყოფად გამოცემულ აქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებული კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის უნდა განსაზღვრულიყო ადმინისტრაციული აქტებისათვის და არა ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები, რაც მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელს გახდიდა საიჯარო ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აქტების გასაჩივრების ვადის გასვლის გამო (საქმის მასალებიდან გამომდინარე, დავა ფართის იჯარით გაცემის თაობაზე 1998 წლიდან მომდინარეობს), მით უფრო, რომ აქტების გამოცემის და სარჩელის აღძვრის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება ერთთვიან ვადაში დაიშვებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს 27.09.2000წ. განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და შპს თბილისის სამედიცინო კოლეჯის «თ-ს» საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.09.2000 წ. განჩინება.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.