Facebook Twitter

3გ/ად-184-კ 25 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ქ. ქუთაისის მერიის 20.07.99 წ. ¹238, 27.08.99 წ. ¹289 და 22.11.99 წ. ¹423 ბრძანების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

01.02.2000წ. შპს «ტ.-მ» სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვდა «...-ის მუნიციპალიტეტისათვის მიკროავტობუსის სამარშრუტო ხაზის მომსახურების უფლების გადაცემის შესახებ» ქ. ქუთაისის მერიის 24.01.2000წ. ¹13 განკარგულების ბათილად ცნობას.

03.02.2000წ. შპს «ტ.-მ» სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის 22.11.99წ. ¹423 ბრძანების გაუქმება, რომელიც ეხებოდა საქალაქო რეგულარული საავტომობილო (მიკროსაავტობუსო) მარშრუტების მომსახურების უფლების მოსაპოვებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცებას. საოლქო სასამართლოს 18.02.2000წ. განჩინებით, შპს «ტ.-ს» მოთხოვნის საფუძველზე, სასარჩელო განცხადებები გაერთიანდა ერთ წარმოებად. ქ. ქუთაისის მერიის შუამდგომლობის საფუძველზე, 25.02.2000წ. განჩინებით, მოპასუხის მხარეზე მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე პროცესში ჩაება კონკურსში გამარჯვებული ბაზა «ს.-ო». ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმების, ახალი კონკურსის ჩატარების, მგზავრების შეღავათიანი და უფასო გადაყვანაზე გაწეული ხარჯების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების, მძღოლთა დასვენების ნაგებობების, მოსაცდელთა აღდგენის, მოძრაობის გრაფიკების აღმნიშვნელი ფირნიშებით აღჭურვის მოთხოვნით საოლქო სასამართლოს ერთობლივი სასარჩელო განცხადებით მიმართეს ტრანსპორტში დასაქმებულ კერძო მეწარმეთა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირმა და საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის რწმუნებულმა ქ.ქუთაისში. აღნიშნული ორგანიზაციების თხოვნის საფუძველზე, 29.02.2000წ. განჩინებით, ისინი ჩაბმული იქნენ საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. საოლქო სასამართლოს 04.04.2000წ. განჩინებით საქმე შპს «ტ.-ს» სარჩელის ნაწილში შეწყვეტილი იქნა, შპს «ტ.-ს» მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. საქმის წარმოება გაგრძელდა ტრანსპორტში დასაქმებული კერძო მეწარმეთა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირის და საავტომობილო ტრანსპორტის და გზის მუშაკთა პროფკავშირების სარჩელთან დაკავშირებით. საქმის განხილვისას საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოსარჩელის მხარეზე ჩაება კონკურსში დამარცხებული მძღოლები: ა. კ-შვილი, ბ. მ-ძე, დ. კ-ძე, ნ. თ-შვილი, პ. ე-შვილი, თ. შ-ია, რ. გ-შვილი. ამასთანავე, სასამართლოს ინიციატივით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კონკურსში გამარჯვებული 340 მძღოლიდან, საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე პროცესში ჩაერთნენ პ. დ-შვილი და რ. ჭ-ძე.

საქმის განხილვისას დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა და საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიონალური კავშირის რესპუბლიკური კომიტეტი ცნობილ იქნა არასათანადო მოსარჩელედ.

მოსარჩელე – ტრანსპორტში დასაქმებულ კერძო მეწარმეთა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირი ითხოვდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

ქ. ქუთაისის მერიის 20.07.99წ. ¹238 ბრძანებით 22.07.99წ. გაზეთ «...-ში» გამოცხადდა შიდა საქალაქო მარშრუტებზე გადამყვანთა შერჩევის საქალაქო კონკურსის პირობები, რომლებიც დიამეტრალურად განსხვავებულია და ეწინააღმდეგება 20.07.99წ. ძალაში შესულ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 02.07.99წ. ¹43 ბრძანებით დამტკიცებულ «მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესს». 1999 წლის აგვისტო-ოქტომბერში ჩატარებული საქალაქო კონკურსის პირობები ეწინააღმდეგება «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» კანონის და «მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესის» მოთხოვნებს, კერძოდ თუ ქვეყანაში მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის კონკურსი ტარდება 5 წელიწადში ერთხელ, მერიის მიერ კონკურსის ჩატარების პერიოდულობა განისაზღვრა ორ წელიწადში ერთხელ. საქალაქო კონკურსის პირობებით კონკურსში არ დაიშვებოდა მიკროავტობუსები 1985 წლამდე გამოშვების თარიღით, ხოლო 60 წელს გადაცილებულ მძღოლებს მოთხოვეს ცნობა სამედიცინო საკონფლიქტო კომისიიდან, რაც არ შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ წესებს. რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან აგრეთვე ქვეყანაში და ქალ.- მოქმედი გადამზიდავის შეფასების კრიტერიუმები, «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დარღვევით მძღოლებს დაევალათ უფასოდ სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების გადაყვანა ისე, რომ დამაწესებელი არ მითითებულა. საკონკურსო კომისიამ ნაცვლად იმისა, რომ საკონკურსო შენატანი თანხით დაემზადებინა გამარჯვებულთათვის ნებართვა – ხელშეკრულებები, მარშრუტის პასპორტები და ფირნიშები, კონკურსში გამარჯვებულებს, ფირნიშების დამზადების მოტივით, უკანონოდ მოსთხოვა დამატებით 25 ლარის გადახდა. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კონკურსში გამარჯვებულ მომსახურე ბაზას – შპს «ტ.-ს» უკანონოდ მოსთხოვეს საბიუჯეტო გადასახადების აკრეფა-ჩაბარება. აღნიშნულზე უარის თქმის გამო, საკონკურსო კომისიის 03.11.99წ. ¹3 ოქმის გაყალბებით კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადეს სს «ს.-ო». ამასთანავე, კონკურსის პირობების უხეში დარღვევით და ე.წ. «შინაური» შეთანხმებით მიკროსაავტობუსო მარშრუტებს ემსახურებიან სს «ს.-ო», შპს «ტ.-ი», შპს «ა.-ა», შპს «ბ.-ი», შპს «რ.-ი – 2000», შპს «მ.-ი». მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ქ. ქუთაისის მერიამ საკონკურსოდ დაუშვა სს «ს.-ს» კუთვნილი 136 ავტობუსი, რომლებსაც სახელმწიფო ავტოინსპექციაში ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლია. კონკურსის პირობების დარღვევით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაუშვეს ქალაქსა და რესპუბლიკაში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რის შედეგადაც ათობით მძღოლი დარჩა სამუშაოს გარეშე. 1996 წლიდან ქალ.- ჩატარებული ოთხი კონკურსის და ტენდერის შედეგად ქ. ქუთაისის მერიამ ხელოვნურად გაზარდა ცალკეულ მარშრუტებზე მოძრავი ეკიპაჟების რაოდენობა. თუ პირველი კონკურსის დროს არსებობდა მოთხოვნა 36 მიკროავტობუსზე, ბოლო კონკურსისათვის მათმა რაოდენობამ, მგზავრთა ნაკადის შესწავლის გარეშე, 350 ერთეული შეადგინა, რამაც გამოიწვია თითოეული ეკიპაჟის დატვირთვის კოეფიციენტის მკვეთრი შემცირება. ამასთანავე, სამუშაო დღეთა შემცირებულ ოდენობას ზეგავლენა არ მოუხდენია ფიქსირებული გადასახადების ოდენობაზე, შესაბამისად, იზრდება მგზავრის გადაყვანის თვითღირებულება, მაშინ როდესაც მგზავრობის ტარიფი უცვლელი რჩება, რაც საბოლოო ჯამში ზიანს აყენებს გადამზიდავთა კანონით დაცულ ინტერესებს. მგზავრობის ტარიფების ზრდის ოპერატიულად გადაწყვეტა შეუძლებელია უკვე ჩატარებული კონკურსის გაუქმების და კანონმდებლობის შესაბამისად ახალი კონკურსის ჩატარების გარეშე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 25.08.2000 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქუთაისის მერიის 20.07.99 წ. ¹ 238, 27.08.99 წ. ¹ 289 და 22.11.99 წ. ¹ 423 ბრძანებები. გადაწყვეტილებით, ახალი კონკურსის ჩატარებამდე, შენარჩუნებულ იქნა გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის გადამყვანთა და მომსახურე ბაზის ფაქტობრივი შრომითი ურთიერთობები. სასარჩელო განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ¹43 ბრძანებით დამტკიცებული «მარშრუტზე გადამზიდავების შერჩევის წესის» I-ლი მუხლის I-ლ პუნქტზე, მე-3 მუხლის მე-9 პუნქტზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილობრივი მმართველობის როლი განისაზღვრება კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული და ტექნიკური სამუშაოების შესრულებით და არა კონკურსის ჩატარების წესის დადგენით. «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» კანონის პრეამბულის, კანონის მე-2 და მე-4 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ტრანსპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესები სავალდებულოა შესასრულებლად ადგილობრივი მმართველობის ორგანოსათვის. სასამართლომ მიუთითა, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-5.2, 19.1, 31.2 მუხლების მიხედვით, საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელის ბრძანებაზე მეტი იურიდიული ძალის მქონეა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ 5-დან 2 წლამდე კონკურსის ჩატარების პერიოდულობის შემცირებით, მძღოლის ასაკით, ავტოტრანსპორტის გამოშვების წლით და ავტომობილის ესტეტიკური იერ-სახით კონკურსის მონაწილეთა შეზღუდვით, კონკურსის მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმების უგულვებელყოფით, კონკურსის მონაწილეთა საზიანოდ დაირღვა კონკურსის პირობები, ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 759-ე მუხლის თანახმად «დაუშვებელია საკონკურსო პირობებში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც ზიანს მოუტანს კონკურსის მონაწილეებს». რაც შეეხება სასარჩელო განცხადების იმ ნაწილს, რომელიც მოითხოვდა ქ. ქუთაისის მერიისათვის მგზავრობის შეღავათიანი და უფასო გადაყვანისათვის გაწეული ხარჯების დაფინანსების დაკისრებას, მძღოლთა დასვენებისათვის გამიზნული ნაგებობების აღდგენას, საკვანძო გაჩერებებზე მოსაცდელთა აღდგენას და ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკების აღმნიშვნელი ფირნიშებით აღჭურვას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით მხარეს არ გაუსაჩივრებია მერის გადაწყვეტილება, ამ საკითხების ირგვლივ არ მითითებულა რაიმე ადმინისტრაციული აქტი, ამასთანავე, ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-6 მუხლების თანახმად, საოლქო სასამართლოს განსჯადია სარჩელი ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 25.08.2000წ. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის ბრძანებები, ქ. ქუთაისის მერიის მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო კოდექსის 759-ე მუხლით გათვალისწინებული საკონკურსო პირობებში ცვლილებების შეტანას, რომელიც ზიანის მომტანი იყო კონკურსის მონაწილეთათვის, ქ. ქუთაისის მერიის 27.08.99წ. ¹289 ბრძანებით შეტანილი ცვლილებები შეეხებოდა მხოლოდ კონკურსის ჩატარების ვადას და დროებითი კომისიის მიერ გასატარებელ ორგანიზაციულ საკითხებს, რომელიც ვერ შექმნიდა ზიანის მიყენების პირობებს. «საქალაქო რეგულარული საავტომობილო (მიკროსაავტობუსო) მარშრუტების მომსახურების უფლების მოსაპოვებლად ჩასატარებელი კონკურსის (ტენდერის) შესახებ» ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლებამოსილებას ქ. ქუთაისის მერიას ანიჭებდა «ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის მე-13 მუხლი, რომლის თანახმადაც ტრანსპორტის ორგანიზების წესების დადგენა ქალაქის მმართველობითი რგოლის პრეროგატივაა. ამდენად, სწორედ ორგანული კანონით, რომელსაც «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 22-ე და 25-ე მუხლების თანახმად უპირატესი იურიდიული ძალა აქვს, იხელმძღვანელა ქ. ქუთაისის მერიამ სადავო აქტების მიღებისას. აღნიშნული აქტები რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, რის თაობაზეც სასამართლომ არ იქონია მსჯელობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მერია არ იყო შეზღუდული საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 02.07.99წ. ბრძანებით დამტკიცებული «მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესით», რომლის 3.10 მუხლის მიხედვით, წესებით ხელმძღვანელობა სავალდებულოა ტერიტორიული საკონკურსო კომისიისათვის და არა ადგილობრივი მმართველობითი ორგანოსათვის, რომლის უფლება-მოვალეობაც სხვა აქტებით რეგულირდება. ამდენად, კასატორის აზრით, სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სსკ-ის 224-ე მუხლის დარღვევით, სასამართლომ არ გამოიძახა და არ ჩამოართვა ახსნა-განმარტებები სატრანსპორტო კომისიის და ტექნიკური კომისიის წევრებს, რის გამო სასამართლო კოლეგიას არ შეეძლო ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. კასატორი მოითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 25.08.2000წ. გადაწყვეტილების პირველი ნაწილის გაუქმებას და მერიის ნორმატიული აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმას.

მოწინააღმდეგე მხარემ – იმერეთის მხარის გადამზიდავთა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ ტრანსპორტის მინისტრის 02.07.99წ. ¹43 და ქ. ქუთაისის მერიის 20.07.99წ. ¹238 და 27.08.99წ. ¹289 ბრძანებები ერთსა და იმავე საკითხს, კერძოდ, მარშრუტებზე გადამზიდავების შერჩევის წესს არეგულირებენ. ქ. ქუთაისის მერიამ ¹238 და ¹289 ბრძანებებით ჩაერია საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს კომპეტენციაში და ფაქტობრივად შეცვალა კონკურსის პირობები კონკურსში მონაწილეთა საზიანოდ. კერძოდ, მერიის ბრძანებით შემცირდა კონკურსის ჩატარების პერიოდულობა, რაც აუარესებს მეწარმეთა სატრანსპორტო საშუალებების კვლავწარმოების შესაძლებლობებს; კონურსის საერთო ხელმძღვანელობას არ ახორციელებდა ცენტრალური საკონკურსო კომისია, შესაბამისად არ არსებობდა მერიის ბრძანებით შექმნილი სატრანსპორტო და ტექნიკური საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებების გაუქმების მექანიზმი; არ გამოქვეყნებულა ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი – მგზავრთა ნაკადის მონაცემი დროის განსაზღვრულ მონაკვეთში; მერიის ბრძანებით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები (სატრანსპორტო საშუალებათა ესთეტიკა, კომფორტი, საიმედობა, მძღოლის მუშაობის სტაჟი; სამოქალაქო საავტობუსო სამარშრუტო ქსელში მუშაობის გამოცდილება) დიამეტრალურად განსხვავდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებისაგან (მარშრუტის მომსახურების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, საქმიანობის წარმოების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სატრანსპორტო საშუალების საერთო მახასიათებელი, საქმიანობის წარმოების უზრუნეველმყოფი ინტელექტუალური პოტენციალი). გარდა ამისა, მერიის ბრძანებით გათვალისწინებული პირობები ზღუდავენ კონკურში მონაწილეთა წრეს (კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება 60 წელს გადაცილებული ასაკის მქონე მძღოლები და 1985 წელზე ადრე გამოშვებული მანქანები). მეტიც, იგი ავალებს ბაზებს გადამზიდავთა მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვას და გადასახადების გადახდაზე კონტროლს, რაც სრულიად სხვა ორგანოთა კომპეტენციას შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის ბრძანებით შეცვლილია ტრანსპორტის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კონკურსის პირობები, რაც სამოქალაქო კოდექსის 759-ე მუხლის თანახმად არ დაიშვება. მერიის 27.08.99წ. ¹289 ბრძანებით ცვლილებები იქნა შეტანილი მერიის 20.07.99წ. ¹238 ბრძანებაში, ორივე აქტი ერთ მთლიანობას ქმნის და ერთობლიობაში უნდა იქნეს განხილული, რის გამო მიუღებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მერიის 27.08.99წ. ¹289 ბრძანება არ არის ზიანის მიმყენებელი, რადგანაც ეხება ორგანიზაციულ საკითხებს. შესაგებლის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მერიის ბრძანება მკაცრად არ განსაზღვრავს გადამზიდავის შერჩევის წესს, რის შედეგადაც კონკურსში მონაწილეობა მიიღო არა გადამზიდავებმა, არამედ მძღოლებმა. მერიის ¹238 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის პირობების თანახმად, ავტობუსზე მძღოლის მუშაობის სტაჟი იძლეოდა მომგებიან ქულებს, რის გამოც მანქანათმფლობელების, გადამზიდავების ნაცვლად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გატარდნენ მძღოლები. აღნიშნულის შედეგად, კონკურსით გამოვლენილი 301 მძღოლიდან ერთი წლის შემდგომ მარშრუტებს შემორჩა მხოლოდ 131 მძღოლი, მანქანის ნამდვილმა მფლობელმა-გადამზიდავმა, რომლის მანქანამ და დაქირავებულმა მძღოლმა გაიმარჯვა კონკურსში, მძღოლის სამუშაოდან წასვლის გამო დაკარგა მარშრუტის გადამზიდავის სტატუსი, მარშრუტებზე კი ჩართეს 91 კონკურსში დამარცხებული და 35 კონკურსგაუვლელი ეკიპაჟი. კონკურსმა 340 ნაცვლად გამოავლინა 301 გამარჯვებული, ხელშეკრულებები კი გაფორმდა 261 კონკურსში გამარჯვებულთან, ხელშეკრულებები გამოცხადებული 2 წლიანი ვადის ნაცვლად გამარჯვებულებთან გაფორმდა 6 თვით. კონკურსმა გამოიწვია უარყოფითი შედეგები პოლიტიკური თვალსაზრისითაც, მან დააზარალა გადამზიდავები – ინდივიდუალური მეწარმე და საშუალება არ მისცა ტრანსპორტში წვრილ კაპიტალისტთა ფენის ფორმირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრის განხილვის პერიოდში მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი. ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სხდომაზე განხილული იქნა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, მხარეებს მიეცათ მორიგების აქტის ტექსტის გადამუშავებისა და კანონმდებლობის მოთხოვნებისადმი მისადაგების წინადადება. მხარეებს განემარტათ საქმის მორიგების დამთავრების, წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები. მხარეებმა დაადასტურეს საქმის მორიგებით დამთავრების სურვილი და განაცხადეს მორიგების აქტის განახლებული ტექსტის წარდგენის მზადყოფნა. საკასაციო პალატამ განიხილა მორიგების აქტის წარმოდგენილი განახლებული რედაქციის ტექსტი, რომელსაც ხელს აწერენ საამისოდ უფლებამოსილი პირები: ერთი მხრივ, ქ. ქუთაისის მერის რწმუნებული მ. ს-უა (მინდობილობა ¹... 05.07.01წ., ¹..., 03.05.01წ.) და მეორე მხრივ, ქ. ქუთაისის ტრანსპორტში დასაქმებულ კერძო მეწარმეთა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირის თავმჯდომარის მ/შ თ. კ-ძე (ქ. ქუთაისის ტრანსპორტში დასაქმებულ კერძო მეწარმეთა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირის გამგეობის სხდომის ოქმი ¹5 04.09.2000წ.). აღნიშნული მორიგების აქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ქ. ქუთაისის მერიის მიერ რეგულარულ საქალაქო მარშრუტებზე გადამზიდავთა შერჩევის ახალი კონკურსის დროს, რომელიც ჩატარდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში სხვებთან ერთად გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტში დასაქმებულ კერძო მეწარმეთა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირის წარმომადგენლის მონაწილეობა. გარდა ამისა, ამავე მორიგების აქტით კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ სარჩელზე.

საქართველოს ადმნისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართაწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მორიგებით დამთავრება, აგრეთვე კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამო მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, მხარეთა მორიგება ან მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა არის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით, 49-ე მუხლის I ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 25.08.2000წ. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და საქმის წარმოება შეწყდეს კასატორის ქ. ქუთაისის მერიის მიერ საკასაციო საჩივარზე, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის _ ტრანსპორტში დასაქმებულ კერძო მეწარმეთა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირის მიერ სარჩელზე უარის თქმისა და მხარეთა მორიგების გამო.

2. მხარეთა შორის მიღწეული მორიგება დამტკიცდეს შემდეგი პირობით: ქ. ქუთაისის მერიის მიერ რეგულარულ საქალაქო მარშრუტებზე გადამზიდავთა შერჩევის ახალი კონკურსის დროს, რომელიც ჩატარდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში სხვებთან ერთად გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტში დასაქმებულ კერძო მეწარმეთა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირის წარმომადგენლის მონაწილეობა.

3. ქ. ქუთაისის მერიასა და ქ. ქუთაისი ტრანსპორტში დასაქმებულ კერძო მეწარმეთა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირს დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 15 ლარი თითოეულს.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.